Sunday, June 26, 2011

დამასვენე მიშა


შვილო მიშა, შენც მიწისა ხარ, ჩემი არ იყოს, და ამიტომაც მოგმართავ ასე. აქტიური, ენერგიული, იდეებით სავსე ახალგაზრდა ხარ, რაც ძალიან მომწონს, მაგრამ ნაკლიც გაქვს - მოსმენა არ იცი. სწორედ შენმა დაუფიქრებელმა ნაბიჯებმა გადამაწყვეტინა, ჩემი ვარამი გამეზიარებინა შენთვის. რაღა დაგიმალო, დიდი იმედი არა მაქვს, რომ მომისმენ ან გაიზიარებ ჩემს ვარამს, მაგრამ ცდა ბედის მონახევრეა და ვინ იცის...


ზოგიერთ თბილისელს ჰგონია, რომ XX საუკუნეში გავჩნდი. XX საუკუნეში მხოლოდ მომნათლეს ასე, გმირთა მოედნად, მაგრამ ამ სახელის არსს ვერა და ვერ ჩავწვდი. რატომღაც ქვეყნის ვერც ერთმა თავკაცმა ვერ მომიძებნა ფორმა. ეს რომ შეძლო, გმირობის არსი უნდა გესმოდეს. ისე, ზოგჯერ მაშინებ, მიშა, კომუნისტებს ემსგავსები. აბა, რა მონუმენტობია აგიტყდა? სტალინს სჭირდა ეგ სენი. წინა საუკუნის 30-იანი წლების ბოლოს დაიწყო და სანამ არ მოკვდა, სტალინური სტილის მონუმენტური არქიტექტურა ფრიად მოდური იყო მთელ საბჭოთა კავშირში და, რაღა თქმა უნდა, თბილისშიც.

მიშა, შენ სტალინის დაბადების დღეს ხარ დაბადებული, მაგრამ ცუდში კი არ უნდა დაემსგავსო, შემოქმედებითად უნდა მიუდგე საქმეს, თუ თვითონ არ გყოფნის ფანტაზია, სხვას, უფრო გამოცდილსა და ჭკვიანს უნდა ჰკითხო აზრი. რას ეცი ამ ესპანელ თუ იტალიელ არქიტექტორებს და დაარჭობინე სოლი ჩემს გულზე? რა იცის ევროპელმა ქართული გმირობის არსი? დავიჯერო, აქ კაცი ვერ ნახე შენი მონუმენტური სულისკვეთების ხორცშესასხმელად? უმუშევარი ქართველები იტალიასა და ესპანეთში გარბიან ლუკმაპურის საშოვნელად, შენ კი უმუშევარ იტალიელებსა და ესპანელებს აქ ასაქმებ? ისე, მეც დაწყევლილი ვარ, ამ უცხოელებს ვერ ავცდი. ჯერ იყო და, 1935 წელს რუსმა ინჟინრებმა ზავროვმა და სლავინსკიმ არქიტექტორ სევეროვთან ერთად მომცეს მოედნის სახე, 1939 წელს კი არქიტექტორმა კალაშნიკოვმა "დამახალა" 100-ბინიანი საცხოვრებელი სახლი თერთმეტსართულიანი კოშკური ნაწილით. მაგ ბინის მცხოვრებთ თავიდან კი უხაროდათ, მაგარი სახლი გვერგოო, მაგრამ მერე თანდათან შეწუხდნენ, ავტომობილების მომრავლების გამო ყურთასმენა რომ დაეხშოთ.

შენ ახლა უნდა ნახო, რა დღეში არიან, ამ ახალი ესტაკადის გამო, მესამე სართულზე მყოფთ პირველ სართულზე ჰგონიათ თავი. რა გაეწყობა, ურბანიზაცია მსხვერპლს მოითხოვს და ეს ხალხსაც ესმის, მაგრამ როცა რაღაცას კარგად იწყებ, ხომ შეიძლება, კარგადაც დაასრულო? ერთი ანეკდოტი გამახსენდა: ჭიჭიკია ეკითხება ბიჭიკიას, აგი ბაღანა შენთვის თუ გინდოდა, უკეთესი ვერ გააკეთეო? მიშა, მეც იმავეს გეკითხები, თუ შენს სასიკეთოდ აკეთებ საქმეს (ბაღნები კი გამოგდის კარგი), უკეთესად რატომ არ აკეთებ?
დუქანი  "ნე უეზჟაი, გალუბჩიკ მოი"


ხშირად ვნატრობ იმ დროს, როდესაც უფრო დიდი ფართობიც მქონდა და ჩემს მკერდზე ჯერ კიდევ არ დარიხინებდნენ ავტომობილები. აქ ერთი დუქანი იდგა, რომანტიკული სახელი ერქვა, "ნე უეზჟაი, გალუბჩიკ მოი". ისე, შენ რომ გენახა, მისი ხშირი სტუმარი იქნებოდი, როგორც ხშირად სტუმრობდი ასევე რუსული დასახელების თანამედროვე დუქანს ცირკის ქვედა მხარეს. ხომ იცი, რომელზეც გეუბნები? ახალგაპრეზიდენტებულს ძალიან გიყვარდა მანდ სადილ-ვახშმობა. ვეჭვობ, ერთ დღესაც მაგ დუქნიდან უგუნებოდ გამოსულმა შემომხედე ცუდ თვალზე და იმის მერე ხან ვის მიუგდე საჯიჯგნად ჩემი თავი და ხან ვის. იმათაც ხან ბოსტანს დამამსგავსეს, ხანაც დიდი შადრევნის "ოყნა" დამადგეს, ახლა კიდევ ეს ამხელა სოლი დამასვეს გულზე. რას მერჩი, მიშა? არ დამიწყო ახლა, შადრევანს რას უწუნებდიო?

შადრევანი იმისთვის არის, რომ ზაფხულში კაცი ჩამოუჯდეს და გაგრილდეს. ამ შუაგულ მოედანზე ავტომობილების მდინარეს ვინ გადმოლახავდა გასაგრილებლად? იმიტომაც შეარქვეს იმ მშვენიერ წყლის ჭავლს "ბენდუქიძის ოყნა". კიდევ კარგი, ესტაკადის მშენებლობა წამოიწყე და გამამაგრეს, თორემ ჩავიშლებოდი. ჰო, ახლა ამ მონუმენტს რას ვერჩი? დალოცვილო, ედუარდმა ხომ გააკეთა ერთი მონუმენტი, სადაც ჯარისკაცებიც დგანან საპატიო ყარაულში და გმირების სახელ-გვარებიც არის ამოტვიფრული. შენ შენი ომის დროს დახოცილებისთვის აღმართე ეს სოლი? როდესაც ჩემი რეკონსტრუქცია გადაწყვიტე, ალალად მითხარი, ამ "შტიკის" აქ დადგმა ხომ არ გქონდა განზრახული? თუ რამე ეფექტურის გაკეთება გინდოდა, მართლა ეფექტურად გაგეკეთებინა! რას აღარ უწოდებენ ამ აყუდებულ, ფილების უსახურ გროვას! გაბრაზდა ხალხი, შვილო! თუ მაინცდამაინც წაგრძელებული ფორმის მონუმენტი უნდოდა, ხმალი და ფარი ან სხვა რამ ასეთი გაეკეთებინა იმის ნიშნად, რომ არასდროს დავნებდებით მტერსო.

გამარჯვებასთან უნდა ასოცირდებოდეს მონუმენტი, ეს კიდევ რა არის, დაუმთავრებელს ჰგავსო... გითქვამს, კიდევ გვეყოლება ახალი გმირები და იმათ გვარებს მივამატებთო. აფერუმ, შენს ფანტაზიას, მიშა!.. დაზაფრული დაიარებიან დედები, მიშა ისევ ომს აპირებსო.(!)
იმ დღეს ერთი ამბობდა, მითხრეს, ღამით უფრო კარგია ეს მონუმენტიო, გამოვედი და რას ვხედავ, ნაძვის ხესავით ლივლივა და ჭრელია, ამის მეტი ვერაფერი დაიმსახურეს საქართველოსთვის თავდადებულმა გმირებმაო? მართალია მიშა, არ უხდება ეს დისკოთეკის ფერები და "ცვეტამუზიკა" გმირების ხსოვნას. ვიმედოვნებ, "ბენდუქიძის ოყნისა" არ იყოს,”ამ "შტიკსაც" მალე მომაცილებ და რაღაც ხეირიანს დამადგამ გულზე. ერთი გამახარე, შვილო, შენი გააზრებული, კარგად დაწყებული და კარგადვე დამთავრებული საქმით.

რას იგდებ ხალხის ყბაში თავს?! აბა, წარმოიდგინე, მართლა თვალისმომჭრელი და გემოვნებიანი მონუმენტი რომ დაგედგა და მიგეძღვნა თუნდაც მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირებისთვისაც, ამით რამდენს მოაკეტვინებდი, ქუთაისის მემორიალის აფეთქების გამო რომ სამართლიანად გაქილიკებენ. პირველ რიგში იმ ოხერ პუტინს ჩამოუვარდებოდა ყბა. ასჯერ გაზომე, მიშა, სანამ გაჭრი, რომ მერე გული არ დაგწყდეს, შენს გაკეთებულზე თუ იტყვიან, პროვინციალიზმისა და სნობიზმის აპოგეააო. ამდენი ფული, რაც ამ ოხერ მონუმენტს დაახარჯე, გმირების ოჯახებისთვის დაგეხარჯა, არ ჯობდა? შვილდაღუპულ დედას თვიურ დახმარებად 55 ლარს ამადლის შენი მთავრობა, ორი რატომ არ მოგიკვდა, ერთის გამო ვერ დაგეხმარებითო. გადაგერევა, შვილო, ხალხი. მერე არ გაგიკვირდეს, ამ მოედანზე კი არა, საერთოდ მიწაზეც ფეხი თუ აღარ დაგადგმევინეს და დაგისტვინეს, "უეზჟაი გალუბჩიკ, უეზჟაიო"... დამასვენე, მიშა!

პატივისცემითა და უკეთესი
მომავლის იმედით,
"გმირთა მოედანი"

No comments:

Post a Comment

My photo
Tbilisi, Georgia
მითხარი ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი ვინა ხარ შენ :)

თემები

მკითხველები