Showing posts with label აკლდამები. Show all posts
Showing posts with label აკლდამები. Show all posts

Wednesday, October 5, 2011

“უკაცურ ეზოში ღმერთი იდგა და კოშკებში არ უშვებდა უცხოს”



შატილში ლამაზი დილა თენდება. ჯალაბაურების კოშკში კიდევ ერთი ღამე გავატარე. სარკმლებად გადაკეთებული სათოფურებიდან მზის სხივები იჭრებიან. ცა ლურჯი, კამკამა და თვალისმომჭრელია. ოთახში ხის სასიამოვნო სუნი დგას. აქ ყველაფერი ქვის ან ხისაა. ჭერი მორებით გაუმართავთ, იატაკიც ხის არის. მეორე და მესამე სართულების იატაკზე დაახლოებით 50 სმ-ის დიამეტრის ნახვრეტია დატოვებული შუაცეცხლის დასანთებად. აქ ყველაფერი კოშკის პატრონის ხელით არის გაკეთებული. მოგვიანებით, დავით ჯალაბაური მაჩვენებს სახელოსნოს, სადაც მთიდან ჩამოტანილ ხესა და ქვას ამუშავებს და კოშკს პირვანდელ და ამასთან, კომფორტულ სახეს აძლევს. ტურისტისთვის აქ ყველა პირობაა შექმნილი. ერთადერთი, რაც ვერ ესადაგება ძველებურ სტილს, კაფელიანი აბაზანა და ტუალეტია, მაგრამ ისეა შენიღბული, ტურისტს ეგზოტიკურობის განცდას ვერ უნელებს. სასტუმროდ გადაკეთებული კოშკები, ძირითადად, ერთნაირადაა მოწყობილი, მაგრამ თითოეულს მაინც თავისი პატრონის ხელწერა ეტყობა. დასანანია, რომ უსახსრობის გამო ზოგიერთი ჯერაც მოუწყობელია და მასპინძლის ნაცვლად იქ ჭინჭარი გეგებება. ჭინჭრის სიმრავლეზე ხუმრობენ ჭინჭარაულები, ეგ ჩვენი საგვარეულო მცენარეა და ხელშეუხებელიაო.

მინდა მცირეოდენი ინფორმაცია შევაგროვო იმ დიდ საგანძურზე, რითაც ასე მდიდარი და მიმზიდველია პირიქითა ხევსურეთი. რადგან უმეტესად ფეხით სიარული გვიწევს, მოკლე მარშრუტს ვადგენთ. ძირითადი დანიშნულების პუნქტებია ანატორის აკლდამები და მუცოს ციხესიმაგრეები.

პირველად ანატორისკენ ვიღებთ გეზს. შატილიდან სამ კილომეტრში უზარმაზარი კლდეები ისეა დაღარული, თითქოს ვეფხვს დაუტორია. აქედან იწყება მიღმა ხევის ხეობა. ხევსურეთში ლეგენდას ვეღარ იხსენებენ, მაგრამ ამბობენ, რომ სწორედ ვეფხვსა და მის ტორთან დაკავშირებული ამბის გამო დაერქვა ამ ადგილს ანატორი. ზოგის თქმით, წარმართულ ომის ღმერთს რქმევია ანატორი, მისი სამფლობელო ყოფილა ეს ადგილები.

უწინ აქ სიცოცხლე დუღდა. ახლა აკლდამები ჰყვებიან გარდასულ ამბებს. ოდესღაც უზარმაზარ სოფელში თურმე მხოლოდ სისაურები ცხოვრობდნენ. ძლიერი გვარი ყოფილა, მაგრამ ყოველთა მძლეს, სიკვდილს, ქოლერით კინაღამ გაუწყვეტია სისაურები.

მეგზურ გელა დაიაურთან ერთად უზარმაზარი ხევის პირზე, აკლდამებთან ჩავდივარ. სამი ქვის პირქუში შენობა ერთმანეთის გვერდით დგას. არც ერთ მათგანს არ აქვს კარი, მხოლოდ ცხაურიანი სარკმლიდან შეგიძლიათ თვალი შეავლოთ აკლდამების შიგთავსს. ყველგან ძვლებია, იატაკზეც და უზარმაზარ თაროებზეც, ადამიანთა ძვლები... მეგზური გულისმომკვლელ ამბავს მიყვება:




- სოფელს ჭირი რომ მოსდებია, ერთბაშად ბევრი ხალხი დაუხოცავს. შეშინებული მოსახლეობა თურმე გამოსავალს ეძებდა. მოუძებნიათ კიდეც, - როგორც კი დაავადების სიმპტომები გამოაჩნდებოდათ, უსიტყვოდ მიდიოდნენ აკლდამაში (განურჩევლად სქესისა და ასაკისა), კარს ქოლავდნენ, თაროზე წვებოდნენ და ასე ელოდნენ სიკვდილს. ამ აკლდამების, როგორც დაწყევლილი ადგილის ახლოს გავლას დიდი ხნის განმავლობაში ერიდებოდა ხალხი. მხოლოდ მეოცე საუკუნეში გაუბედავთ შიგ შესვლა გადამთიელ მძარცველებს. ისინი იმ სამკაულებსა და იარაღს ეძებდნენ, სიკვდილთან მებრძოლებს რომ ჰქონდათ თან. მერე ხევსურებსაც შეუხედავთ აკლდამების საფარველჩამოხსნილ სარკმლებში, “ქოლერის სამეფოში”. ერთ-ერთ აკლდამაში აკვანი და ზედ დაკიდებული ხელის ჩონჩხი უნახავთ. გადმოცემის თანახმად, საღ-სალამათი დედა ქოლერიანი ჩვილის აკვნიანად ჩაკეტილა აკლდამაში და დალოდებია ყოველთა მსახვრალს. ჩვენამდე ვეღარც მთელმა აკვანმა მოაღწია და ვერც ზედ დამკვდარი დედის ჩონჩხმა. მტვრად და ძვლების გროვად აქცია ყველაფერი ცხაურებიდან აკლდამებში მოთარეშე ქარმა.

ერთი ჩონჩხი სარკმელთან ყოფილა მიყუდებული, მისი ხელის მტევანი კარგა ხანს ყოფილა ცხაურზე შემოჭდობილი, ვინ იცის, როგორ ენანებოდა საწუთროსთან გამოთხოვება...
     
გულისმომკვლელია მეომრების ამბავიც. ერთ დღეს 60 ფარ-აბჯარასხმული მეომარი გასულა სოფლიდან. არა მომხდურთან შესახვედრად, არამედ სიკვდილთან ნებით ქედის მოსადრეკად. თურმე სიკვდილს ევედრებოდნენ, - ჩვენ გვიკმარე და ქალ-ბავშვს შეეშვიო. თურმე სოფლის გოდება ცას სწვდებოდა, როდესაც 60 დასნებოვნებულ ვაჟკაცს აკლდამაში ცოცხლად მარხავდნენ. სწორედ ეს აკლდამებია უტყვი მოწმე იმისა, რომ ხევსურს სიკვდილის არ ეშინია. ჩვენი წინაპრები შვილებს ასწავლიდნენ: ის კი არ არის მთავარი, რამდენ ხანს იცოცხლებ და როდის მოკვდები, არამედ იმაზე უნდა იფიქრო, როგორ მოკვდები, შენი სიკვდილიც კი სასარგებლო უნდა იყოს სხვებისთვისო. ალბათ, ამ შეგონებამ გააბედვინა ანატორელებსაც სიკვდილისთვის უშიშრად ჩაეხედათ თვალებში.

ახლა აღარც სისაურები ცხოვრობენ აქ და აღარც სოფელი არსებობს. ქოლერას გადარჩენილებს მიუტოვებიათ აქაურობა. სხვა კი აბა ვინ დასახლდებოდა იქ, სადაც მხოლოდ სიკვდილი ბატონობდა. არადა, ეს იყო სოფელი, რომელიც პირველ დარტყმას იღებდა ხეობაში შემოსული ჩეჩნებისგან. სისაურები მამაცი მებრძოლები ყოფილან. მტერს მუდამ ვაჟკაცურად ხვდებოდნენ და ხშირად დამხმარე ძალის მოშველიებამდე უკუაგდებდნენ ხოლმე.


ტურისტებს აინტერესებთ ანატორის ამბები, ამიტომაც ამ ადგილებში მრავლად ნახავთ მათ. კარგი იქნებოდა, ტრაფარეტი დაედგათ აკლდამებთან, რომელზეც მოკლედ იქნებოდა მოთხრობილი ანატორელების ტრაგედია. უცხოელები გაკვირვებული ათვალიერებენ აკლდამებს და კითხვით სავსე თვალებით ხმის გამცემს ეძებენ, მაგრამ...

სხვათა შორის, ხევსურეთში ასეთი აკლდამები გიორგწმინდასთანაც არის, საგინას ციხის ზედა მხარეს. ასეთივე ნაგებობები გვხვდება არდოტსა და მუცოშიც...

მუცოსკენ მივდივართ. გზად თორღვას ციხე გვხვდება, მუცოს ციხესიმაგრეთა შემადგენელი ნაწილი. კლდის ქარაფზე დგას ცისკენ ამაყად აღმართული. ასე გგონია, ღრუბლებს დაჰყურებს ზემოდან. მუცოც გამოჩნდა, დაუმარცხებელი ციხესიმაგრე. კონსტანტინე გამსახურდიას უთქვამს, თუ შეიძლებოდა სინამდვილეში ეარსება ქაჯეთის ციხეს, იგი აუცილებლად მუცო იქნებოდაო. საუკუნეთა განმავლობაში დაუმარცხებელი ციხესიმაგრე ახლა მხოლოდ შორიდან მოჩანს ზვიადი და ულამაზესი. ახლოდან შესაბრალისი სანახავია სახურავგადახდილი და კედლებმორღვეული 30-ამდე კოშკი. მხოლოდ ერთი ციხეა შედარებით უკეთ შემონახული. ჩემი მეგზური მიხსნის, რომ ეს დაიაურების საგვარეულო კოშკია. უკეთ არის შემონახული თორღვას ციხეც. ფაქტობრივად, მხოლოდ გადახურვა სჭირდება. სხვა კოშკები კი საფუძვლიანად შესაკეთებელია.

“ოთხი წლის წინ “TBC ბანკისა” და სამშენებლო კომპანია “არსის” ინიციატივით კოშკები დაათვალიერეს და გაზომეს კიდეც. გვეგონა, დაიწყებოდა რესტავრაციაც, მაგრამ მუცო ისევ მიავიწყდა ყველას. არადა, ყოველ წელს ინგრევა და ქრება ის, რითაც ნებისმიერი ერი იამაყებდა”, - დანანებით ამბობს გელა დაიაური.

კიდევ უფრო გულდამძიმებულები ვეშვებით დაბლა, მუცოს ჭალაში. როგორც გელა მიხსნის, ეს ადგილები ახლა შატილიონების საკუთრებაა, აქ საქონელს აძოვებენ. მუცოელები სიშორის გამო ვერ სარგებლობდნენ თურმე ჭალით და ოდესღაც ერთ საქალამნე ტყავში გაუცვლიათ მეზობლებისთვის უზარმაზარი ტერიტორია. აქ მიწების გაცვლა-გამოცვლა მხოლოდ ერთმანეთში მოდის. სხვას, თუნდაც ქართველს, მიწას არავინ მისცემს. აღარაფერს ვამბობთ კოშკებზე.

გელა ხუმრობის ხასიათზე დგება: “ჩემს შატილიონ ძმადნაფიც დავით ჯალაბაურს კარგა ხანია ვეხვეწები, ხუთ საქალამნე ტყავს მოგცემ, ოღონდ მიწა დამიბრუნე-მეთქი. ორი ვაჩუქე კიდეც, მაგრამ რად გინდა, ჭალას არ თმობს”. გვეცინება. ასე ვცდილობთ ავი ფიქრების გაფანტვას.

ახლომახლო სოფლებში თითქმის აღარავინ ცხოვრობს. სოფელ ხანიის ძირშიღა შემორჩენილა სამი ოჯახი.

გზას ენარში მივუყვებით, მესაზღვრეებისკენ. ისე, გზა მხოლოდ ჭალამდე ეთქმის. სასაზღვრო პოსტზე საცალფეხო ბილიკით უნდა ახვიდე მთის ციცაბო ფლატეზე. აქედან კიდევ უფრო შთამბეჭდავი ჩანს მუცო. მის გვერდით კი გასაცოდავებულად გამოიყურება მესაზღვრეების კარვები (ამ დროში ნუთუ კიდევ კარვები უნდა იდგეს სასაზღვრო პოსტებზე? - ავტ.). მესაზღვრეები მანუგეშებენ, მალე კაპიტალურ შენობას აგვიშენებენ და აუცილებლად გვეწვიეთო. აქაურების იუმორი მხიბლავს. სხვათა შორის, ყველა მესაზღვრე აქაურია. ზოგიერთს ცოლ-შვილი კი ჰყავს ბარში, მაგრამ თვითონ ვერ შელევია აქაურობას და ამიტომაც დაუწყია სასაზღვრო სამსახურში მუშაობა. ამბობენ, ეგ ხომ ჩვენი მემკვიდრეობითი პროფესიაა, განა სულ მესაზღვრეები არ ვიყავითო. ბევრი მათგანი ლექსებსაც წერს. გასაკვირი არც არის. ასეთი წალკოტის მცველი რომ იქნები, მუზა როგორ მოგასვენებს. ვატყობ, ხევსური მესაზღვრეები კაფიებით შეყოლიებას მიპირებენ და ცდილობენ, პრობლემებზე არაფერი ვკითხო, არადა, ერთი სული მაქვს, გავიგო, რითი თბებიან ზამთარში. საუბარში მესაზღვრეების უფროსს ზურა ზვიადაურს “ვითრევ”:

- ეს საქართველო-რუსეთის საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთია. მას მეექვსე რეგიონული სამმართველოს პირველი სექტორი აკონტროლებს. სულ 15-კაციანი შემადგენლობა გვყავს, 12-კილომეტრიან მონაკვეთს ვაკონტროლებთ.

ზამთარში კარავში ღუმელი მუდმივად გვინთია, ღამის გუშაგი ზრუნავს ამაზე. მალე კაპიტალური შენობა გვექნება. ვერ გეტყვით, რომ ძალიან გაწვალებული ვართ საყოფაცხოვრებო პრობლემებით. წყალი გვაქვს, შეშაც, ისე კი, საყოფაცხოვრებო პრობლემებზე ფიქრი რა მესაზღვრისა და თანაც, ხევსურის საქმეა.

რაც მთავარია, ხშირად გვყავს ხოლმე კარგი სტუმრები, მათ შორის, თქვენი მეგზური გელა დაიაური. აი, ჩვენი მესაზღვრე ტრისტან არაბულიც მასავით კარგ ლექსებს წერს. პოეზიის საღამოებს ვმართავთ ხშირად (ეღიმება. მოგვიანებით ვიგებ, რომ ზვიადაური თავადაც წერს ლექსებს. - ავტ.).

- კარგია, რომ საყოფაცხოვრებო პირობებს არ უჩივით, მაგრამ იქნებ სხვა სატკივარი გაქვთ?

- სატკივარი ოცნებად გვექცა. გვინდა ამ კუთხეს მოხედონ. შეიძლება ხვალ-ზეგ აქ მხოლოდ ჯარი დარჩეს. წელიწადი ისე არ გავა, რომ ოთხი-ხუთი ოჯახი არ გადასახლდეს ბარში. ოქტომბერი დადგება თუ არა, კაციშვილი აღარ ჩანს ხეობაში. არადა, რა ქნას ხალხმაც.

ბართან ერთადერთი კავშირის საშუალებად ზამთარში ჩვენ ვრჩებით. ავად რომ გახდეს ვინმე, მისმა პატრონმა ჩვენამდე უნდა მოაღწიოს როგორმე, რომ რაციით ვუხმოთ მაშველს. აქამდე მოსვლა არ გინდა? ხალხს ზაფხულში უჭირს ამოსვლა და ზამთარში რა იქნება...

საუბარში სოსო ზვიადაური ერთვება: - სოფლები დაიცლება და მიწებსაც დავკარგავთ. ფიჭვნისში ხალხი რომ ყოფილიყო, რუსი საზღვარს ვერ გადმოსწევდა. ახლა სასაზღვრო სოფელი არჭილოც დაიცალა. ჩვენღა ვაკითხავთ ხოლმე დაცარიელებულ სახლებს. ვშიშობთ, ვაითუ მტერი ჩამოვიდეს და ჩაგვისახლდეს. გასათენებელი არ დახვდება თუ სახლი ექნება ასაშენებელი. ააგიზგიზებს ცეცხლს კერაზე და უმტკიცე მერე, რომ აქ არ უცხოვრია.

P.S.. მესაზღვრეებიდან შატილისკენ გამოვეშურეთ. იქნებ პოეტ მცველებთან სტუმრობის ბრალი იყო, რომ ლექსად ამეკვიატა ტკივილიანი ფიქრი: “ბარში ზეობდა ლამაზი ჯიში, / მარტოს მოეწყინა მთაში მუცოს, / უკაცურ ეზოში ღმერთი იდგა / და კოშკებში არ უშვებდა უცხოს”...

Sunday, June 12, 2011

დართლოს აკლდამების საიდუმლო



თუშეთში, ულამაზეს სოფელ დართლოსთან ძველისძველი სასაფლაოა. დროთა განმავლობაში საფლავის ქვებს ხავსი მოჰკიდებია, მაგრამ მაინც ვერაფერს წაუშლია ამოტვიფრული წარწერა "უფალო შემიწყალე!" თუმცაღა ლოდები დროდადრო მიწაში კიდევ უფრო ეფლობა.
იქვე, დასასვენებლად ჩამომჯდარი თუში მწყემსი დავინახე, მიყურებდა და ეღიმებოდა. მერე თითქოს თავისთვის დაიწყო ლაპარაკი: "ძველად ჩვენი ხალხი ცდილობდა საფლავის ქვაზე ისეთი რამ დაეწერათ, რაც განსასვენებლის პატრონსაც წაადგებოდა და წამკითხველსაც. ამიტომაც კაწრავდნენ უფლის სავედრებლებს ქვებზე. ახლა, როცა ამ წარწერებს კითხულობ, შეწყალებას შესთხოვ ღმერთს, როგორც აქ განსვენებულთა, ასევე შენი სახელით. ძველებისგან მსმენია, თუ საფლავის ქვასაც მიწა დაფარავს, სააქაოდან ხმას ვეღარ მოგაწვდენთ და ეს ძალიან ცუდის ნიშანი იქნებაო. ეგრეც არის. საფლავნი კი არა, სახლ-კარნი მიატოვეს თუშებმა. ნაციხარ ადგილებთან ერთად ნასახლარებიც მომრავლდა და ფარავს საფლავის ქვებს მიწა. ასე მგონია, როცა ამ ლოდებზე ამოკაწრულ ლოცვას ვეღარ ვკითხულობთ, იმიერის მკვიდრი თუშები სიბნელესა და სამარისებურ სიჩუმეში სხედან. სხედან და აქედან ხმის გაგონებასა და სანთლის დანთებას ისე ელიან, როგორც მარადიულ წყვდიადში მზის ამოსვლას". თუშს ცრემლი მოერია, ყელში მოწოლილმა ტკივილმა ხმა შეუცვალა. მეც ვერ შევიკავე ცრემლი. აქაურობაზე უფრო მეტი გეცოდინება-მეთქი, ვუთხარი და იქვე, სასაფლაოზე მდგომი ორი უცნაური ნაგებობისკენ მივახედე.

- ამათ ზოგი აკლდამებს ეძახის, ზოგიც საყდრებს. შიგნით ორიოდე კაცი ძლივს დაეტევა, ისიც წელში მოხრილი, - მწყემსმა ლეგენდების გუდას მოხსნა თავი: "თუშები დიდხანს გარდაცვლილის ნეშტს უწმინდურად თვლიდნენ. მიაჩნდათ, რომ სხეული კი არ იყო მთავარი, არამედ ის, რაც სხეულს ტოვებდა. სულგაცლილ სხეულს მალევე მარხავდნენ, სულისთვის კი ყველა დროში სხვადასხვანაირად ირჯებოდნენ. ერთხელაც ამ სოფლის მკვიდრი ულამაზესი და-ძმა მდინარის პირას დაუხოცავთ ლეკებს. მწუხარებისგან შეშლილა დედა და თურმე შვილების დამარხვის უფლებას არ იძლეოდა. ოჯახის უფროსს სასწრაფოდ აუგია ეს ორი აკლდამა და-ძმის დასასვენებლად. ამბობენ, ცხედრები აკლდამებში რომ დაასვენეს, იმ დღეს დაუწყია თოვა და დიდხანს აღარ შეწყვეტილაო. მწუხარე დედა სახლიდან აკლდამებამდე ცხელი ცრემლებით ალღობდა თოვლს და მისი კვალი გაყინვას ვერ ასწრებდაო. ზამთარს დიდხანს შეუნახავს დედისთვის შვილები. მერე ისიც გარდაცვლილა და ერთად დაუმარხავთ ამ სასაფლაოზე".

თუში გაჩუმდა, მე კი გული გამალებით მიცემდა...
ომალოში თუშეთის დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტმა ნუგზარ იდოიძემ როგორც მითხრა, მწყემსის ლეგენდა სინამდვილესთან ახლოს უნდა იყოს: "დართლოში სასაფლაოს ნაგებობებს მე აკლდამა-საყდარს ვუწოდებ. გასული საუკუნის 60-იან წლებში ისტორიკოსი მერაბ ბარდაველიძეც წერდა, რომ ნაგებობები ისეთ ელემენტებს შეიცავს, რომელიც ქრისტიანულ არქიტექტურას ეკუთვნის, - საყდრის მსგავსად საკურთხეველი და სარკმელი აქვს, მაგრამ ერთობლიობაში ნაგებობების სტილი წარმართულ-ქრისტიანული არქიტექტურის ნიმუში არისო. წარმართულიდან ჯვარ-ხატთა ფორმას იმეორებს. მცირე მოცულობის არის, შიგ მხოლოდ ხელოსნები და შულტების (თუში სასულიერო პირები) თანაშემწენი შედიოდნენ. ყველა ასეთი ნაგებობა სასაფლაოებზე დგას. ვფიქრობ, ამ ნაგებობების შემოტანით დამკვიდრდა თუშეთში მიცვალებულის გაპატიოსნების ტრადიცია. ძველი თუშების აზრით, სახლში სიკვდილის შესვლა არ შეიძლებოდა, აუცილებლად გარეთ გამოჰყავდათ მომაკვდავი. ქრისტეს აღდგომამ და ქადაგებამ მეორედ მოსვლის შესახებ სხვა თვალით დაანახვა ძველ ხალხს ცხედარი და დაიწყეს მისი პატივისცემა, გაპატიოსნება. როგორც ჩანს, დაკრძალვამდე აკლდამა-საყდარში ასვენებდნენ, სადაც წესს აუგებდნენ და მიწისთვის მისაბარებლად მოამზადებდნენ".

P.S. დართლოდან წამოსვლის წინ რამდენიმე საფლავის ქვის ლოდს მიწა შემოვაცალეთ, რომ უკეთ გამოჩენილიყო განსასვენებელთა პატრონების უკანასკნელი სათხოვარი, - უფალო, შემიწყალე. და კიდევ ერთი, როდესაც ამ სტატიას ვწერდი, სულ მახსოვდა თუში მწყემსის სათხოვარი, დართლოში რომ ჩამოხვალთ, გვერდს ნუ აუვლით გორაზე შეფენილ სასაფლაოს და აკლდამებს. იმიერში მყოფი თუშები მზის ამოსვლასავით ელოდებიან იმათ გამოჩენას, ვინც კიდევ ერთხელ გაახმოვანებს გარდაცვლილთა უკანასკნელ სათხოვარსო. მიეფერეთ ხავსმოდებულ ლოდებს, თითი გააყოლეთ წარწერებს და ღმერთს შეწყალება სთხოვეთ.
My photo
Tbilisi, Georgia
მითხარი ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი ვინა ხარ შენ :)

თემები

მკითხველები