Sunday, June 12, 2011

დართლოს აკლდამების საიდუმლო



თუშეთში, ულამაზეს სოფელ დართლოსთან ძველისძველი სასაფლაოა. დროთა განმავლობაში საფლავის ქვებს ხავსი მოჰკიდებია, მაგრამ მაინც ვერაფერს წაუშლია ამოტვიფრული წარწერა "უფალო შემიწყალე!" თუმცაღა ლოდები დროდადრო მიწაში კიდევ უფრო ეფლობა.
იქვე, დასასვენებლად ჩამომჯდარი თუში მწყემსი დავინახე, მიყურებდა და ეღიმებოდა. მერე თითქოს თავისთვის დაიწყო ლაპარაკი: "ძველად ჩვენი ხალხი ცდილობდა საფლავის ქვაზე ისეთი რამ დაეწერათ, რაც განსასვენებლის პატრონსაც წაადგებოდა და წამკითხველსაც. ამიტომაც კაწრავდნენ უფლის სავედრებლებს ქვებზე. ახლა, როცა ამ წარწერებს კითხულობ, შეწყალებას შესთხოვ ღმერთს, როგორც აქ განსვენებულთა, ასევე შენი სახელით. ძველებისგან მსმენია, თუ საფლავის ქვასაც მიწა დაფარავს, სააქაოდან ხმას ვეღარ მოგაწვდენთ და ეს ძალიან ცუდის ნიშანი იქნებაო. ეგრეც არის. საფლავნი კი არა, სახლ-კარნი მიატოვეს თუშებმა. ნაციხარ ადგილებთან ერთად ნასახლარებიც მომრავლდა და ფარავს საფლავის ქვებს მიწა. ასე მგონია, როცა ამ ლოდებზე ამოკაწრულ ლოცვას ვეღარ ვკითხულობთ, იმიერის მკვიდრი თუშები სიბნელესა და სამარისებურ სიჩუმეში სხედან. სხედან და აქედან ხმის გაგონებასა და სანთლის დანთებას ისე ელიან, როგორც მარადიულ წყვდიადში მზის ამოსვლას". თუშს ცრემლი მოერია, ყელში მოწოლილმა ტკივილმა ხმა შეუცვალა. მეც ვერ შევიკავე ცრემლი. აქაურობაზე უფრო მეტი გეცოდინება-მეთქი, ვუთხარი და იქვე, სასაფლაოზე მდგომი ორი უცნაური ნაგებობისკენ მივახედე.

- ამათ ზოგი აკლდამებს ეძახის, ზოგიც საყდრებს. შიგნით ორიოდე კაცი ძლივს დაეტევა, ისიც წელში მოხრილი, - მწყემსმა ლეგენდების გუდას მოხსნა თავი: "თუშები დიდხანს გარდაცვლილის ნეშტს უწმინდურად თვლიდნენ. მიაჩნდათ, რომ სხეული კი არ იყო მთავარი, არამედ ის, რაც სხეულს ტოვებდა. სულგაცლილ სხეულს მალევე მარხავდნენ, სულისთვის კი ყველა დროში სხვადასხვანაირად ირჯებოდნენ. ერთხელაც ამ სოფლის მკვიდრი ულამაზესი და-ძმა მდინარის პირას დაუხოცავთ ლეკებს. მწუხარებისგან შეშლილა დედა და თურმე შვილების დამარხვის უფლებას არ იძლეოდა. ოჯახის უფროსს სასწრაფოდ აუგია ეს ორი აკლდამა და-ძმის დასასვენებლად. ამბობენ, ცხედრები აკლდამებში რომ დაასვენეს, იმ დღეს დაუწყია თოვა და დიდხანს აღარ შეწყვეტილაო. მწუხარე დედა სახლიდან აკლდამებამდე ცხელი ცრემლებით ალღობდა თოვლს და მისი კვალი გაყინვას ვერ ასწრებდაო. ზამთარს დიდხანს შეუნახავს დედისთვის შვილები. მერე ისიც გარდაცვლილა და ერთად დაუმარხავთ ამ სასაფლაოზე".

თუში გაჩუმდა, მე კი გული გამალებით მიცემდა...
ომალოში თუშეთის დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტმა ნუგზარ იდოიძემ როგორც მითხრა, მწყემსის ლეგენდა სინამდვილესთან ახლოს უნდა იყოს: "დართლოში სასაფლაოს ნაგებობებს მე აკლდამა-საყდარს ვუწოდებ. გასული საუკუნის 60-იან წლებში ისტორიკოსი მერაბ ბარდაველიძეც წერდა, რომ ნაგებობები ისეთ ელემენტებს შეიცავს, რომელიც ქრისტიანულ არქიტექტურას ეკუთვნის, - საყდრის მსგავსად საკურთხეველი და სარკმელი აქვს, მაგრამ ერთობლიობაში ნაგებობების სტილი წარმართულ-ქრისტიანული არქიტექტურის ნიმუში არისო. წარმართულიდან ჯვარ-ხატთა ფორმას იმეორებს. მცირე მოცულობის არის, შიგ მხოლოდ ხელოსნები და შულტების (თუში სასულიერო პირები) თანაშემწენი შედიოდნენ. ყველა ასეთი ნაგებობა სასაფლაოებზე დგას. ვფიქრობ, ამ ნაგებობების შემოტანით დამკვიდრდა თუშეთში მიცვალებულის გაპატიოსნების ტრადიცია. ძველი თუშების აზრით, სახლში სიკვდილის შესვლა არ შეიძლებოდა, აუცილებლად გარეთ გამოჰყავდათ მომაკვდავი. ქრისტეს აღდგომამ და ქადაგებამ მეორედ მოსვლის შესახებ სხვა თვალით დაანახვა ძველ ხალხს ცხედარი და დაიწყეს მისი პატივისცემა, გაპატიოსნება. როგორც ჩანს, დაკრძალვამდე აკლდამა-საყდარში ასვენებდნენ, სადაც წესს აუგებდნენ და მიწისთვის მისაბარებლად მოამზადებდნენ".

P.S. დართლოდან წამოსვლის წინ რამდენიმე საფლავის ქვის ლოდს მიწა შემოვაცალეთ, რომ უკეთ გამოჩენილიყო განსასვენებელთა პატრონების უკანასკნელი სათხოვარი, - უფალო, შემიწყალე. და კიდევ ერთი, როდესაც ამ სტატიას ვწერდი, სულ მახსოვდა თუში მწყემსის სათხოვარი, დართლოში რომ ჩამოხვალთ, გვერდს ნუ აუვლით გორაზე შეფენილ სასაფლაოს და აკლდამებს. იმიერში მყოფი თუშები მზის ამოსვლასავით ელოდებიან იმათ გამოჩენას, ვინც კიდევ ერთხელ გაახმოვანებს გარდაცვლილთა უკანასკნელ სათხოვარსო. მიეფერეთ ხავსმოდებულ ლოდებს, თითი გააყოლეთ წარწერებს და ღმერთს შეწყალება სთხოვეთ.

No comments:

Post a Comment

My photo
Tbilisi, Georgia
მითხარი ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი ვინა ხარ შენ :)

თემები

მკითხველები