Saturday, June 11, 2011

101 წელი ისე დავკეცე, როგორც ლამაზი საკაბე

101 წლის ელენა ქურდაძე-ლომიძისა ხარაგაულის რაიონის ერთ-ერთ სოფელში, ხუნევში ცხოვრობს შვილთან და შვილიშვილებთან ერთად. მეც ახლა მასთან მივდივარ სტუმრად.

მივუყვები ნაწვიმარ აღმართს, ხუნევში ამ უბანს ანკარიელებისას ეძახიან. არავინ იცის რატომ. ახლა კი მთების კალთებზე გაბნეულ სოფელში ეს ყველაზე გამორჩეული უბანია ელენე ბებიას გამო. ბავშვობის დროიდან მახსენდება კოხტა და პეწიანი, თავზე წაკრული ლამაზ-ლამაზი თავსაფრებით, კაფანდარა და წელში გამართული ხანდაზმული ქალი, ბავშვებს სათითაოდ რომ მოგვიკითხავდა ხოლმე. სამიოდე წლის წინ ვნახე ბოლოს. მაშინ საუკუნეს მიახლოებულს კი არა, 80 წლისასაც არ ჰგავდა. გზად მეზობელი მხვდება, მოვიკითხეთ ერთმანეთი. გაუკვირდა, ამ უბანში რა გინდაო? ელენა ბებიასთან მივდივარ-მეთქი. ჰო, ელენა მაგარი ქალია, მთელი დღე თოხნის და ღიღინებს, მაგრამ ეს ორი დღე არ დამინახია, ალბათ წვიმების გამო არ გამოსულა გარეთ. ასეთ ჯანზეა? გაოცებული ვკითხულობ. ჯანზე რომელია, შეშა მოაქვს ტყიდან, თოხნის და ბარავს, მეტს კი არაფერს ვაკეთებთ კაცებიო, ღიმილით ამბობს კაკო და ელენა ბებიასთან მოკითხვას მაბარებს.

ზემო იმერეთისთვის მახასიათებელ, დაკიდებული ეზოს ფერდობს ჩავუყევი, უხუცესის შვილიშვილი ღიმილით მხვდება და შინ მეპატიჟება. ელენა ბებიასთვის ბოლო ხანს მოხშირებულ წვიმას მოუსწრია ყანაში ყოფნის დროს, დასველებულა და თავი შეუძლოდ უგრძნია, სტუმრის ხმის გაგონებაზე ბებოს თვალები უბრწყინდება და საწოლიდან დგება, თან იმორცხვებს, ფორმაში არ ვარო. შენ ვინ ხარ? მეკითხება და გულდასმით მათვალიერებს, თურმე სათვალეს არ ხმარობს. ვახსენებ გარდაცვლილ ჩემს ბებია-ბაბუას და მამაჩემს. მგონია, რომ ვერ გაიხსენებს, არადა მაოცებს, მეფერება და ამბობს, რა ნაადრევად დაგტოვათ მამაშენმა და დედაშენიც ჩემსავით უდროოდ დაქვრივდაო. მერე ბებიაჩემს იხსენებს და ძველს დროს ნატრულობს, როდესაც მისი ხნის მეზობლები ცოცხლები იყვნენ. ნუთუ ეს ყველაფერი გახსოვთ? გაოცებული ვეკითხები, - მახსოვს რომელია, მთელი ცხოვრება ერთ დღესავით არის. თითქოს გუშინ იყო ყველაფერი. რა არ გადამიტანია, წისქვილის ქვას არ გადაურიხინებია ჩემს თავზე, შვილო, თორემ გაჭირვება გაჭირვებაზე მეწეოდა და მაინც ვერ დემეწია, გავტეხე წელში. ჯერ ხუთი შვილი დავზარდე ობლობაში, მერე ჩემი ნაადრევად დაქვრივებული ქალიშვილის სამი ობოლი და ღმერთს კიდევ ვთხოვ, რომ ჯერ არ წამიყვანოს, მინდა მეტით გავიხარო.

- სიცოცხლე ტკბილია, ბებო?
- ძალიან ტკბილია. რაც უნდა გიჭირდეს, სიკვდილი არ ინატრო. ცხოვრებაში ყველაფერი მდინარესავით არის, ჭირიც და ლხინიც მოვარდება, ჩაგივლის და წავა. სულ არაფერი გაგიჩერდება გვერდით ამ წუთისოფელში. იყო დრო, როცა ისე მიჭირდა, რომ კინაღამ ნაცარი მოვუზილე ობოლ ბავშვებს მშიერი კუჭების მოსატყუებლად. ახლა კი ღმერთის წყალობით ყოლიფერი გვაქვს.

ელენე ქურდაძე-ლომიძისა (ბებო კატეგორიულად მთხოვს ასე მოვიხსენიო), 1908 წლის მაისში დაბადებულა. ზუსტად არ იცის რომელ რიცხვში, მაგრამ დედისგან გადმოცემით ახსოვს, რომ აღდგომის დღესასწაულზე მოევლინა ქვეყნიერებას.

ბებო 18 წლისა გაუთხოვებიათ 55 წლის ქვრივ ალექსანდრე ლომიძეზე. ქმარს კი სიყვარულით იხსენებს, მაგრამ დედაზე სწყდება გული.

"გვიჭირდა ნამეტნავად. დედას სამი ობოლი ვყავდით, მამაჩემი რომ დაიღუპა, სასწრაფოდ მეორედ გათხოვდა ვერტყვიჭალაში, მერე ის ქმარიც მალე მოუკვდა და დარჩა ასე სამი შვილით სხვის კარს შეფარებული. ჩვენს მოვლას რომ ვერ ახერხებდა, დედამ 15 ფუთი სიმინდის საფსურად მისცა ჩემი თავი მამისტოლა კაცს. მერე, უკვე ხუთი შვილის დედა რომ ვიყავი და ჩემი ქმარიც გვარიანად მოხუცდა, ერთხელაც სტუმრად მოსულმა სიდედრმა სიძე დაიწუნა, ეს კაცი ძაან ხნიერიაო. ძალიან გავბრაზდი, რადგან ქმარი მიყვარდა და დედაჩემის საქციელმა ძველი ტკივილი გამახსენა, ამიტომაც მივახალე, ახლაა ხნიერი, ეტყობა სიმინდი გაგითავდა-მეთქი.

როცა გავთხოვდი, ჩემს ქმარს უკვე ჰყავდა ორი შვილი პირველი ცოლისგან. გვიან დაქორწინებულიყო და ბავშვები ჯერ კიდევ დასაზრდელები იყვნენ. გოგო გავზარდეთ, გავათხოვეთ. ბიჭითაც გავიხარებდით, რომ არა ის წყეული ნემცების ომი. წევიდა და წევიდა. ამ პაწია უბანში 5 ვაჟკაცი აღარ დაბრუნებულა ომიდან. ჰოდა, კი წევიდა უბნის საქმეც ავად. დარჩნენ ქვრივები და ობლები მარტო და ბევრმა დღემდე ვერ მოითქვა სული. ღატაკად ცხოვრობენ. რათ უნდათ ნეტაი ომი ამ კაცებს. სკოლაში ვიღაც უნდა ასწავლიდეს პაწიებს, დედა შვილებს იმიზა ხომ არ ზრდის, რომ მერე მოუკლან. ხალხს სიყვარული აკლია ბებია, კაცი კაციზა მგლად ქცეულა და ნადირივით ხოცავენ ერთმანეთს. მტკივა ეს ნამეტნავად. შარშან, ზაფხულში დიდი სიკვდილი გავათავე ცხინვალში რომ დაგვიხოცეს შვილები. ნეტავ რისთვის, მიწისთვის? რად მინდა მიწა, თუ ადამიანი არ იქნება გახარებული ამ მიწაზე. ხარაგოულიდან რომ იყვნენ მოსული მთავრობის ხალხი, იმათ მკითხეს, პენსია გყოფნისო? 80 ლარი მაქვს. რომ არა ჩემი შრომა და ჯაფა, 80 ლარი რა ფულია, მარა, მაგაზეც უარს ვიტყვი, ოღონდ კი მშვიდობა იყოს. სულ ომი მელანდება, ვერაფერმა შემაშინა ცხოვრებაში მაგის მეტმა. ჩემი ერთ-ერთი შვილიშვილი ჯარშია წასული, იმიზა ვნერვიულობ ბევრს, ის დაბრუნდება, მერე სხვა წავა, მერე იმაზე უნდა ვინერვიულო. ვინც დავკარგე ჯარში, ის მამყოფინოს ღმერთმა".

ბებოს ცრემლები ერევა, მაგრამ ბოლოს ისევ თვითონ სძლევს ცრემლებს და ღიმილით აქეთ მამხნევებს, ნუ გეშინია, ცუდი აღარაფერი იქნებაო. მეც ვცდილობ სხვა თემაზე გადავიტანო საუბარი და ვეკითხები, როგორ შეეგუა 18 წლის გოგო 55 წლის კაცს, ან ქორწილი თუ ახსოვს.

- რა ქორწილი ბებია, ხალხს საჭმელი ენატრებოდა, ძალიან ცუდი დრო იყო. ხალხი შიმშილისგან კვდებოდა და ვისაც პაწია დოვლათი ჰქონდა, ქორწილში რავა გაანიავებდა. ჩემი ქმარი მშრომელი და კეთილი კაცი იყო, არ იყო ჩემთვის ურიგო. სულ მეფერებოდა და ამბობდა, ეჰ, ელენა, ქვრივად რომ დამრჩები ასეთი ახალგაზრდა და ბევრი განსაცდელის გადატანა მოგიწევს, ეგ ამბავი მაწუხებს ნამეტნავადო. რავა გავუტეხავდი გულს, ვამშვიდებდი, ყოლიფერი კარგად იქნება-მეთქი. მალე გამომეცალა ხელიდან და დღემდე ის მტკივა, რომ ავი ბრიგადირისა და კოლმეურნეობის თავმჯდომარის გამო, როცა მოკვდა, მის გვერდით არ ვიყავი. ეჰ, რავა მახსოვს ის დღე, ბებია. დილით ძლივს სუნთქავდა. არ დამტოვოო, მთხოვა, მარა, რომ დასჭექა ბრიგადირმა ფანჯარასთან ელენაო, გავედი, ვთხოვე, ქმარი მიკვდება და ექიმს მოვუყვან-მეთქი. შენ სამუშაოდ წადი და ექიმს მე მოვუყვანო, მითხრა იმ ძაღლისშვილმა. როგორ, მეუღლე მე ვარ და შენ რატომ უნდა წახვიდე ექიმთან-მეთქი. ვინ გისმინა, შემაგდეს მანქანის "კუზაოზე" და მიკრეს ყანაში თავი, რამდენიმე საათში ქსენია, ჩემი ქმრის ნათლული მოვიდა და მითხრა, ნათლია აღარ არისო. მომწყდა გული და გავქვავდი და იმის მერე სულ ვცდილობდი ჩემი ქმრის შიში არ გამართლებულიყო და შვილები შიმშილისგან არ დამჩაგვროდა. ბრიგადირმა იცოდა, როგორ მიჭირდა, მაგრამ ჭყინტ ტაროსაც კი არ მომატეხინებდა ჩემი შვილებიზა. ავი კაცი იყო, ავი და ბოროტი. კოლექტივში კი მონებივით გვექცეოდნენ, ვირებივით გვამუშავებდნენ და ჩვენ მაინც არაფერი გვებადა. აღარ მინდა გევიხსენო ის დრო, ბებია. წეიღოს წყალმა. ნეტავ სიბერის გატანებაც შეიძლებოდეს წყლისთვის.

- ეს ნაოჭები და სიბერე გულს გტკენთ?
- აბა, კარგი ქალი ვიყავი, მაგრამ ახლა დავგლახავდი.

რა ვქნა, ამ სიბერის გამო კი ჩამივარდა კოვზი ნაცარში, მარა ასეთი ყოფილა წუთისოფლის წესი. მაინც არ ვაჭმეინებ თავს დარდს, ვმასხრობ ყოლიფერზე. უკვირთ ახალგაზრდებს, რა ხალისიანი ხარო. ეგ ხალისია აქამდე რომ მომიყვანა, თვარა, ჯავრს რომ დავნებებოდი, მომიღებდა ბოლოს. ფიქრს არ უნდა მიეცე, თორემ დაგაგლახავებს. იშრომე, იმღერე და წლებს ისე დაკეცავ, როგორც ლამაზ საკაბეს. მარა, ცხოვრებამ გაუმაძღარი არ უნდა გაგხადოს. ახლა რომ ვუკვირდები, ზოგიერთს რაც უფრო მეტი მიეცემა, მით უფრო მეტი უნდა, არადა, ცას ვერ გამოვეკერებით ვერავინ და აქ ნაჯაფარი ერთ დღესაც ოხრად დაგრჩება.
მიყვარს ეს ფოტო

- რატომ ოხრად, განა ყველაფერი შვილებს არ რჩებათ?
- შვილსა და შვილიშვილს კი უტოვებ ნაამაგარს, მაგრამ ბევრი არ უნდა დაუტოვო, თვითონ უნდა ასწავლო საქმის კეთება, რომ შენც დაგაფასოს და თვითონაც არ გავირდეს უსაქმურობისგან. მზამზარეულმა კაცის გარყვნა იცის, ბებია. შრომას გადააჩვევს. დიდი ხანია ბარისკენ არ ჩავსულვარ, კაკომ (მეზობელმა) რომ სახლი აიშენა, მისი ნახვა მინდოდა. მეზობელია და მინდა, რომ იმის სიკეთე დევინახო და გევიხარო. ნამეტნავად მიხარია წელგამართული კაცის ნახვა. გაჭირვება მძულს ბებია, მძულს და მინდა, რომ ყველა კარგად იყოს. შვილიშვილმა მითხრა - ქალაქში მშიერ ბავშვებს ქუჩაში სძინავთ და პურიზა მათხოვრობენო. ცივია ალბათ ქალაქი, თუ არა, პაწიას საშიმშილოდ რავა გეიმეტებს კაცი.

- პოლიტიკაზე რას იტყვით, ბებო, როგორი პოლიტიკოსები გვყავს?
- რა ვიცი შვილო, მთავრობას და პოლიტიკოსებს კი არა, მეზობელს ვერაფერს გაუგებ კაცი. გარეგნულად "ვიდიანი" კაცები არიან აქეთაც და იქითაც, მთავრობაშიც და ოპოზიციაშიც, მარა რომ ჩოუკვირდები ორივეს, ერთიმეორეს სიყვარული აკლიათ. ამდენი ღრიანცელის შემხედვარე ბუნებაც გადაგვერია. რაც თავი მახსოვს, სეტყვა, გვალვა და მეორედ მოსვლა სულ იმ დროს იყო, როცა ხალხი არ იყო მშვიდად. ხალხი მშვიდდებოდა თუ არა, ბუნებაც დგებოდა კალაპოტში. ღმერთს ვაბეზრებთ თავს ხმაურით. არ არის ეს კაი ამბავი.

- ბებო, როგორ დალოცავთ "კვირის პალიტრას"?
- ჩემი ხნის მოიყარეთ, ჩემსავით მხნედ, დედა ღვთისმშობელის კალთა გადაგეფაროთ და ხალხის გულის გასახარად წერეთ ბევრი. მე კითხვა არ ვიცი, სამი თვე ვიარე სკოლაში ხუთი შვილის დედამ, რომ ჩემი სახელის და გვარის დაწერა მესწავლა ხელის მოსაწერად. მარა, მე თუ არ წევიკითხავ თქვენ გაზეთს, სხვა ხომ წეიკითხავს, გაახარეთ ხალხის გული და მეც გამიხარდება იმათი სიხარული

22-06-2009
101 წელი ისე დავკეცე, როგორც ლამაზი საკაბე
"გაჭირვება გაჭირვებაზე მეწეოდა და მაინც ვერ დემეწია, გავტეხე წელში"

"მთავრობაშიც და ოპოზიციაშიც "ვიდიანი" კაცები არიან, მარა რომ ჩოუკვირდები ორივეს, ერთიმეორის სიყვარული აკლიათ"

1 comment:

My photo
Tbilisi, Georgia
მითხარი ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი ვინა ხარ შენ :)

თემები

მკითხველები