Monday, March 7, 2011

ომი


ბოლო აფეთქების შემდეგ ალბათ ერთი საათი გავიდა.სიჩუმე ისე გამეფდა, თითქოს საშინელი არაფერი ხდებოდა. ტკივილმა მიმატა. გულაღმა ვიწექი ვაზის ძირში. ფოთლების მიღმა ვხედავდი მზეს, რომელიც სიცოცხლის და გადარჩენის იმედს მაძლევდა. წამოვიწიე. კაბა სულ სველი მქონდა, ეტყობა სირბილში წყლები ისე დავღვარე, რომ შიშისგან არაფერი გამიგია. ჯერ მუხლებზე დავდექი, მერე ხელისგულებითაც დავებჯინე მიწას და ასე ოთხზე დამდგარმა პირით დავიწყე ღრმად სუნთქვა.  ტკივილი უარესდებოდა. მინდოდა როგორმე მარნამდე მივსულიყავი. კიდევ ერთხელ გავხედე ნასახლარს, გუშინდელი აალებულისგან თითქმის არაფერი დარჩენილიყო. სახლიდან ორასიოდე მეტრში ხელუხლებლად იდგა მარანი.მის კარამდე  ვენახიდან რაღაც ასიოდე ნაბიჯი მაშორებდა. წარმოვიდგინე, რომ იქ, გრილ, ბეტონის იატაკზე დავწვებოდი და სიცხე ჩაქვრებოდა სხეულში. წამოდგომა არ შემეძლო. ხელები ამიკანკალდა და გვერდზე გადავვარდი. მოვიკუნტე როგროც შემეძლო. ემბრიონის ფორმა მივიღე და დედაჩემი გამახსენდა, სამი დღე გაჩენდი, ტკივილებისგან კედლებს ვკაწრავდიო. ახლა რომ მხედავდეს, ალბათ სახეს დაიკაწრავდა. რამდენი ხანი ველოდი ამ დღეს და ახლა, როგორ უნდა გავაჩინო და გადავარჩინო არც ვიცი.თავს იმით ვიიმედებ, რომ პირველყოფილ ქალებსაც არ ჰყავდათ ბებიაქალები და გინეკოლოგები, მაგრამ აჩენდნენ. მაშინ მეც უნდა შევძლო, მაგრამ რომ გაჩნდება მერე რა ვქნა? თითქოს მენჯის სახსრებში გაიხსნა და ხერხემალში მალები ერთმანეთს დაშორდა, საშინელმა ტკივილმა დამიარა სხეულში და ვიგრძენი როგორ მომაწვა ბავშვი საშოს ყელში. ჩემი პატარა დაბადებას და ჩემს გათავისუფლებას ცდილობდა. ოდნავ შევძელი წამოწევა, ვაზის ჭიგოს მოვეჭიდე და ფოთლების მოკრეფა ვცადე. ექვსიოდე ფოთოლს მივწვდი, მერე ვაზს ზურგით მივეყრდენი, ფეხები გავწიე და საჯდომის ქვეშ დავილაგე. ხელები გავშალე, გვერდით მდგომ ვაზებს ჩავეჭიდე და გავიჭინთე. ისე დაიბადა, ვერ მივეხმარე. ტკივილმა ოდნავ მიკლო, პაწია, ვარდისფერი სხეული ხმას არ იღებდა, კანკალით დავხედე, უნდა გადარჩე დედი, უნდა გადარჩე, ამოვთქვი და ნანატრ შვილს დავწვდი. უცებ ძალიან ახლოს გაისმა აფეთქების ხმა, ბავშვი თითქოს ამ საშინელ ხმას ელოდა, ატირდა. გულზე მივიკარი ჩემი ბიჭი. ღმერთო მიშველე-მეთქი, ამოვილუღლუღე და უცებ ისევ დამიარა ხერხემალში ტკივილმა, ისევ მომაწვა რაღაც საშოს ყელში. ეს ალბათ პლაცენტა თუ მომყოლია, გავიფიქრე და გამიკვირდა, ასე რატომ მეტკინა. ვიცოდი, რომ მშობიარობის შემდეგ აუტანელი ტკივილები მალევე ცხრება. მე ისევ ვმშობიარობდი და ვერ დამეჯერებინა. ორი თვის წინ ექსოკოპიაზე ექიმმა დამარცვლით გამიმეორა, რომ მამრობითი სქესის მხოლოდ ერთ ნაყოფს ვატარებდი მუცლით. ცალი ხელით ბიჭუნა მკერდზე მაგრად მივიკარი. მეორეთი ისევ გვერდით მდგომ ვაზს ჩავეჭიდე. კიდევ კარგი, რომ ვაზები ასე ახლოს იყო ერთმანეთთან. ზურგითაც ვაზს და ჭიგოს მივაწექი და ისევ გავიჭინთე...
მარანში ყველაფერი ხელუხლებელი იყო. ეტყობა აქ არავინ შემოსულა. მამაჩემის ძველი, სანადირო ქურთუკი ჩამოვიღე საკიდიდან, საწნახელში ჩავაფინე, მერე ძველი კარადის უჯრიდან სუფთა, სუფრის ტილოები ამოვიღე, დედა ამ ტილოებს სახელდახელოდ გადააფენდა ხოლმე ბუხართან მდგომ ტაბლაზე, როდესაც მამა და მისი ორი ძმა ყურძნის დაწურვას მორჩებოდნენ. გაიშლებოდა სუფრა, აუვიდოდა ბროწეულის საწებლიან, კეცზე შემწვარ წიწილს ოხშივარი და... ტილოებში გახვეული, დანაყრებული ჩემი ქალ-ვაჟი საწნახელში ჩავაწვინე. კიდევ კარგი, რომ შიშით რძე არ გამიშრა. ტკივილი აღარ მაწუხებდა, მაგრამ საშინელ დაღლილობას და შიმშილს ვგრძნობდი. ძველი კარადის თაროებზე საზამთროდ გამზადებული მწნილის, მურაბების და კონსერვის ქილები იყო ჩამწკრივებული. ხელები ჯერ კიდევ მკვახე, დასრესილი ისრიმის წვენით გავიწმინდე და პირდაპირ ქილიდან დავიწყე ჭამა. ცოტა ხანში ფეხის სმა მომესმა, მარნის კარი ფრთხილად გაიღო. ჯერ იარაღი გამოჩნდა, მერე ვიღაც, სამხედრო ფორმიანი გადამთიელი. ძარღვებში სისხლი გამეყინა. კაცი ჩემი ქმრის ასაკის იქნებოდა. დიდი ლურჯი თვალები ქონდა. ალბათ დედის ინსტიქტით ვიგრძენი, რომ სისხლისმსმელს არ გავდა. მარტო ხარ? მკითხა რუსულად. თავი დავუქნიე. მომიახლოვდა, საწნახელში ჩაიხედა და გაეღიმა. ახლა დაიბადნენ, ვუთხარი ჩუმად. ზურგიდან ჩანთა მოიხსნა, პატარა, ლურჯი პარკი ამოიღო, გახსნა, პურის სამი თხელი ნაჭერი ამოძვრინა და მომცა, ჭამე, ეს აუცილებელიაო. რატომ გვხოცავთ? ვკითხე და ვიგრძენი, რომ რაღაც მომაწვა ყელში, იმიტომ, რომ ჩემი შვილები დახოცილები წარმოვიდგინე იმ დროს. ძირს დაჯდა. საწნახელს ზურგით მიეყრდნო. ჯერ თავი ჩაკიდა, მერე კი უზარმაზარი, ლურჯი თვალებით შემომხედა და მითხრა, _ ჩვენ თქვენ არ გკლავთ, თავს ვიკლავთ. საზიზღრობაა ომი. სამი შვილი მყავს. ყველაზე პატარა ამათზე 5 თვით უფროსია. მე დავიღალე. ჩვენ ვაგებთ, ეშმაკთან ომს ვაგებთ, მაგრამ ახლა ამაზე ფიქრის დრო არ არის. აქედან უნდა გაგიყვანოთ. ჩვენს უკან სხვები მოდიან, ყველაფერს ”წმენდენ” და ვერ დაგტოვებ.
საკიდიდან მამაჩემის ძველი, სანადირო ჩანთები და თოკები ჩამოიღო, სახელდახელო ”კენგურუები” შეკრა. ერთი მე გამიკეთა, მეორე თვითონ ჩამოიკიდა კისერზე. ბიჭი თვითონ ჩაიწვინა ”ჩანთაში”, გოგონა მე მომახუტა მკერდზე და მშვიდად მითხრა: უკვე მზად ვართ, რომ წავიდეთ.
_ სად წამიყვან?
_ სამშვიდობოს.
_ სად არის ეგ სამშვიდობო?
_ შენი ქმარი სად არის, იბრძვის? (პასუხი ბანზე ამიგდო.)
_  ჩემი ქმარი სხვა ქვეყანაშია. ისე მოულოდნელად დაგვიწყეთ ომი, რომ ვერ ჩამოგვისწრო. ფრენა არ არის.
_ აქ მარტო იყავი?
_ ჰო, მეგონა მშობლებს მოვუსწრებდი. ქალაქიდან გამოვიქეცი. ტყვედ წაუყვანიათ. სახლი გაძარცვული და ცეცხლწაკიდებული დამხვდა. მანქანა თქვენმა ჯალათებმა წამართვეს. გამოვიქეცი, აქამდე რამდენიმე კილომეტრი ფეხით გამოვიარე.
მობრუნდა და სველი, ლურჯი თვალებით შემომხედა. ასე იდგა ერთხანს. როგორ არ გავდა მტერს. მერე თვალები აერია სისველით და ჩუმად მითხრა, მაპატიე და ილოცე ჩემთვისო...
საზღვრის მიღმა ჩემი ქმარი იდგა. წინ შეიარაღებული ჩვენი მეომრები ამოსდგომოდნენ. ლურჯთვალებიანს ბავშვები გამოვართვი. თავი დახარა და კიდევ ერთხელ ჩუმად მითხრა ის, რასაც სამდღიანი ურთიერთობის დროს ძალიან ხშირად მიმეორებდა. მე მტერი არ ვარ. მაპატიეთ და ილოცეთ ჩემთვისო.



No comments:

Post a Comment

My photo
Tbilisi, Georgia
მითხარი ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი ვინა ხარ შენ :)

თემები

მკითხველები