Saturday, December 24, 2011

ბაგრატა პაპა - კაცი სასწაული

http://www.youtube.com/watch?v=YmYUru7Dzh0&feature=related


ბაგრატა პაპა ომში ყოფნის დროს
ბაგრატა პაპას «თამარის ვაზი»...

როგორ ეხმარებოდნენ საბჭოთა მესაზღვრეები «ჩორნი გრუზინს» ქართული ვაზის გადარჩენაში

რეზო ჩხეიძე: ჩემი გმირი სწორედ იმ დროს ვიპოვე, როცა ვენახში იდგა და აკანკალებული დასტიროდა ბოროტი კაცისგან აჩეხილ ვაზს


გასული საუკუნის 80-იანი წლები იდგა, საბჭოთა კავშირი-თურქეთის საზღვარზე სამხრეთ საქართველოს მხრიდან, მესაზღვრეები ამაოდ ცდილობდნენ, თავიდან მოეშორებინათ უცნაური მოხუცი. 80 წლის კაცი მესაზღვრეებს სთხოვდა, საზღვრის გადაკვეთის უფლება მიეცათ, - ტაოდან ვაზის ნერგს მოვიპარავ და მყისვე უკან დავბრუნდებიო. ცხადია, არავინ დაუჯერა. რომც დაეჯერებინათ და გაეშვათ, საზღვრის დამრღვევს თურქი მესაზღვრეები დააკავებდნენ. ამას კი დიდი სკანდალი მოჰყვებოდა. არადა, მოხუცი თავისას არ იშლიდა. ფაშისტებს მანამ ვებრძოდი, სანამ არ დამნებდნენ, აქ, ჩემს მიწაზე რა შემაშინებს, საზღვარზე გადამიშვითო. ბოლოს სასაზღვრო ნაწილის უფროსს სთხოვა, წამოდი, ერთად გადავიდეთ. ვაზს შენ თვალწინ მოვთხრი და მაშინვე უკან დავბრუნდეთო.

მოხდა სასწაული და დაითანხმა, საზღვარი ქართველ ბიჭებთან ერთად გადაკვეთა, ვაზიც მოთხარა და... ახლა ზემო ვარძიაში, სოფელ აფნიაში, ბაგრატ დევნოსაძის შთამომავლები პატრონობენ უნიკალურ ვაზს, რომლის მსგავსი საქართველოში დიდი ხანია აღარ ხარობს. «თამარის ვაზი» ბაგრატ დევნოსაძემ ძირძველი ქართული მიწიდან კი არ მოიპარა, არამედ სიკვდილს გადაარჩინა. ბაგრატა პაპას ვაზის სახელი არ სცოდნია, ვერც მეცნიერებს უთქვამთ და მაშინ თვითონვე შეურჩევია - «თამარის ვაზი» დაურქმევია.

Add caption


მ ამბიდან მალე მოხუცი ფილმში «მშობლიურო ჩემო მიწავ» («რაიკომის მდივანი») გადაიღეს და ბაგრატ დევნოსაძე სრულიად საქართველოს პაპა გახდა, - სიცოცხლის ბოლომდე ყოველი ახალი წლის დადგომას ულოცავდა ქართველებს ტელევიზიით. თურმე უზომოდ უხაროდა, ყველა ქართველის ოჯახში შევდივარ და ფუძე-კარს ვულოცავო. ბაგრატ დევნოსაძე 1999 წელს ასი წლისა გარდაიცვალა. ანდერძად დაიბარა, - ვინც ტკბილად მომიგონოს, ჩემი ხნის მოიყაროსო. ტკბილად მომგონებელი კი ძალიან ბევრი ჰყავს...

«ჯარისკაცის მამა» გადაღებული რომ არ მქონოდა, ბერლინის აღების მონაწილე ბაგრატ დევნოსაძის გაცნობის შემდეგ მაინც გადავიღებდი. ეს კაცი საოცრად მდიდარი ბიოგრაფიის მქონე, უნიკალური პიროვნება იყო», - იხსენებს რეჟისორი რეზო ჩხეიძე, ფილმის «მშობლიურო ჩემო მიწავ» («რაიკომის მდივანი») ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელს. თუმც ბაგრატ დევნოსაძე არავის თამაშობს, ფილმშიც თავისი ცხოვრებით ცხოვრობს - ეს არის ქართველი გლეხი, ვისთვისაც მიწა დედა იყო, ვაზი კი - შვილი და რაც არასდროს არ უნდა მიეტოვებინა ქართველს.

რეზო ჩხეიძე: - ფილმის გადაღება უნდა დამეწყო. ვეძებდი და ვერ ვპოულობდი კაცს, რომელსაც დარბაისელი გლეხის სახე ექნებოდა. ვეძებდი კაცს, გამსჭვალულს უფლისა და ვაზის სიყვარულით, რომლის ყოველი სიტყვა ღვთისგან ნაჩუქარი სიბრძნეა. საბედნიეროდ, განგებამ Bმასთან შემახვედრა და ეს გახდა კიდეც ფილმის სახელწოდების განმსაზღვრელი. ჩემი გმირი სწორედ იმ დროს ვიპოვე, როცა ვენახში იდგა და აკანკალებული დასტიროდა ბოროტი კაცისგან აჩეხილ ვაზს. არასოდეს დამავიწყდება, როგორ მოთქვამდა ეს მთასავით კაცი. ის მიწას დასტიროდა, მშობლიურ მიწას... როდესაც ვკითხე, ვინ ბრძანდებით, ან ასე რა გაგჭირვებიათ, რომ ამ ხნის კაცი მოთქვამთ-მეთქი, მითხრა, მშვიდობა მოგცეს ღმერთმა, მგზავრო. როგორც ჩანს, სალოცავად მიდიხარ (სოფლის თავში უძველესი ეკლესია იყო, სადაც ახლა მონასტერია), წადი შენს გზაზე და მეც მოვალ ღვთის სახლში, მანამდე კი მატირე ჩემი მიწაო. გამიკვირდა, ჯერ კიდევ კომუნიზმში ვცხოვრობდით და ღვთისა და ეკლესიის ასე თამამ ხსენებას არ მოველოდი. მივხვდი, ვიპოვე, ვისაც ვეძებდი. როგორღა მოვეშვებოდი... იმ დღეს არა, მაგრამ ახალციხეში რომ ჩამოვიდა, შევთავაზე ფილმში თამაში. ჯერ შეკრთა, მაგრამ რომ ვუთხარი, შენი სატკივრის თქმას შეძლებ ხალხისთვის-მეთქი, დამთანხმდა. რაღაცნაირი, მხატვრული და ბრძნული ლაპარაკი იცოდა... ბაგრატ დევნოსაძე სამცხეში, ნასოფლარებში ქართველი კაცის დაბრუნებაზე, ვაზის გაშენებაზე, მევენახეობის აღდგენაზე ოცნებობდა. ეს მიაჩნდა სამხრეთ საქართველოს გაუდაბურებისგან გადარჩენის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად. დასანანია, რომ ხელისუფალთაგან არავინ უსმენდა. აჭარის სოფლებში კარდაკარ დადიოდა და იქაურებს სთხოვდა, აქ ამდენი რომ ხართ, წამოდით, იმ მიწას დაუბრუნდით, საიდანაც ოდესღაც წასულხართ და კერია გააცოცხლეთ, ქვეყანა გააძლიერეთო. ვაზსაც თვითონვე ახარებდა, რომ მერე სხვებისთვის დაერიგებინა ნერგი და მშობლიური მიწა გადაერჩინა».

ბაგრატა პაპას ვაჟები მამისეულ დანატოვართან


სამწუხაროდ, კაცი, რომლის შვილიშვილობასაც ბევრი იბრალებდა, რომ ამით ფასი დასდებოდა საზოგადოებაში, დღეს ბევრს აღარ ახსოვს. არადა, მისი ცხოვრება მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა გაუმკლავდე განსაცდელს.

ერთმა ახალგაზრდა მევენახემ, იშვიათი ვაზის ჯიშების მომძიებელმა გიორგი ბარისაშვილმა მიამბო კლდეში გამოკვეთილი, რამდენიმესაუკუნოვანი საწნახელის და ქართული ვაზის გადარჩენაში პაპა ბაგრატას დიდი ღვაწლის შესახებ.

გიორგი ბარისაშვილი: «ისე მხნედ იყო, ვერც კი დაიჯერებდი, იმ ფართოდ გაშლილი მხრებით ასი წლის ტვირთს თუ ზიდავდა. ამბობდა, ვაზის თითოეულ ჯიშს თავისი ისტორია აქვს, მისი გადაშენებითა და დაკნინებით საქართველოს ისტორია გაღარიბდებაო. განიცდიდა, რომ მესხეთში ვაზის ბევრი ჯიში გაველურებულიყო, მათი სახელწოდებებიც კი აღარ ახსოვდათ. ხომ გახსოვთ, რაიკომის მდივანი რას აკეთებს რეზო ჩხეიძის ფილმში, ცხოვრებაში სწორედ ამას აკეთებდა ბაგრატა პაპა.G ამბობდა, ჯერ გაველურებული ქართველი უნდა დაუბრუნდეს მიწას და მერე ვაზიც მოშინაურდებაო.

ძველისძველ ვაზისჯიშებს ხანძთასა და სხვა ეკლესიებთან ნახავთ მრავლად. ნაეკლესიარებიდან წამოუღია პაპა ბაგრატას ვაზისა და ხილის ჯიშები და გაუმრავლებია. მერე ღიმილით იგონებდა, მესაზღვრეებს მარტო რომ გადავეშვი თურქეთში, ამდენ ნერგს ვერ წამოვიღებდი. ისინიც მომეხმარნენ ჩვენი ისტორიის გადარჩენაშიო.

ბაგრატ დევნოსაძის საფლავი


ერთ კაცს რისი გაკეთებაც შეეძლო, იმაზე მეტი გააკეთა. რომ მოსწრებოდა, როგორ გაჩეხა კახელმა ვაზი, ალბათ, გული გაუსკდებოდა. მახსოვს, წუხდა, ქართველისთვის ვაზი მხოლოდ ვაჭრობის საგნად თუ იქცევა, თითო-ოროლა ჯიშიღა რომ შემოგვრჩა, ისიც გავერანდება და მერე მხოლოდ წიგნებში მოვიწონებთ თავს, ოდესღაც ექვსასამდე ძვირფასი ვაზის ჯიშის სამშობლო ვიყავითო.

ბრაზობდა, როგორ შეიძლება ქართველმა მშობლიური მიწა მიატოვოსო. ამბობდა, მერცხალიც კი უბრუნდება ბუდეს. მოშლილი რომ დახვდეს, ახალს ააშენებს. ქართველი კაციც ასე იწყებდა მტრისგან აოხრებული ეკლესიისა და ვენახის აღდგენასო.

პაპა ბაგრატას დანატოვარი პატარა სამოთხის სანახავად აფნიაში წავედი. მეგზურობას ბაგრატ დევნოსაძის ვაჟები შალვა და გიორგი და შვილიშვილი ბაკური მიწევდნენ.

სოფელი აფნია მთაში მდებარეობს. აქ ტყე არ არის, მაგრამ საოცარი ჰაერია. ხრიოკ გორებზე, აქა-იქ ნახევრად უდაბნოს მცენარეებს დაინახავთ. ყოველ ნაბიჯზე მაცოცხლებელი წყარო გადმოდის. ასე გგონია, მოტიტვლებული მთები მხოლოდ ნიღაბია, რომ მტერმა მის მიღმა წალკოტი ვერ იპოვოს. დევნოსაძეები ამბობენ, რომ მიწას აქაური სალოცავებისა და წმინდანების მადლი მფარველობს, ამიტომაც არის აქ ყველაფერი მადლიანი...

უცებ თითქოს ჯადოსნური სამყაროს კარი გაიღო და თვალწინ წალკოტი გადაგვეშალა. ეს პაპა ბაგრატას გაშენებული ბაღია. Dდიდრონი კაკლის ხეები ცას სწვდებიან, უკვე დაზნექიათ ტოტები ნაყოფის სიმრავლით.ყველგან ვაზი და ხეხილია გაშენებული. მთელ მამულს სიგრძეზე გასდევს სკების რიგი... წვიმდა და უფრო მეტად ხასხასა ჩანდა ბაღები და ხეებს აყოლებული ვაზი...



კლდეში გამოკვეთილმა პატარა ოთახმა მიიქცია ჩემი ყურადღება. აქ კლდეშივე გამოკვეთილი ძველისძველი საწნახელია. თურმე სანამ გვერდით ახალ ოთახს მიაშენებდნენ, პაპას აქ ეძინა, ამ საწნახელთან, და ამბობდა, აქ თითქოს ბავშვობაში ვბრუნდებიო.

წვიმამ გადაიღო. ცისარტყელა გადაიჭიმა ცაზე. ბაღში გავედით. იქაურობა მართლა სამოთხეს ჰგავდა.

უფლის სიყვარულის გამო დევნიდნენ

ბაგრატ დევნოსაძე 1898 წელს დაიბადა მეფის რუსეთის არმიის ოფიცრის ოჯახში. ნიკოლოზ დევნოსაძე მესაზღვრე პოლიციელი ყოფილა. რუსეთ-თურქეთის საზღვრის ჯავახეთის მონაკვეთს იცავდა თურქებისგან. რუსეთის ელჩის მოვალეობასაც ასრულებდა თურქეთში, ხუთი უცხო ენა იცოდა ბრწყინვალედ. თურქეთის შემოტევის დროს თავისი საჯარისო ნაწილით მტერს გზას უკეტავდა და ქართველებს გახიზვნის საშუალებას აძლევდა წალკაში. ერთ-ერთი შემოტევისას მძიმედ დაჭრილა და წალკაში გარდაცვლილა. იქ დაუკრძალავთ. ასე დაობლებულა პაპა ბაგრატა.



შალვა დევნოსაძე: - მამა განათლებული, წიგნიერი კაცი იყო. სასულიერო გიმნაზია დაუმთავრებია და რევოლუციამდე აფნიის ეკლესიის დიაკვანი იყო. ბოლშევიკებმა ამისთვის დააპატიმრეს, უნდა გაეციმბირებინათ როგორც სასულიერო პირი, მაგრამ გაუმართლა, - იმ დროს ახალციხეში დაბრუნდა მისი ძმა, რომელმაც საოფიცრო სასწავლებელი რუსეთში დაამთავრა. ბოლშევიკებს თანაუგრძნობდა და ახალციხის ციხის უფროსად დანიშნეს. ასე რომ,M მამა გაათავისუფლეს, ოღონდ ერთი პირობით - უარი უნდა ეთქვა დიაკვნობაზე. ვიცოდი, თავს არ დამანებებდნენ, ოჯახს ამიწიოკებდნენ და ვიცრუე, დიაკვანიც არ ვყოფილვარ, წერა-კითხვა არ ვიცი, ეკლესიაში ისე, გალობის მოსასმენად დავდიოდიო, - გვიამბობდა მამა. მას შემდეგ ცდილობდა, ტყუილი არ გამჟღავნებულიყო. ომში რომ იყო, სხვას აწერინებდა წერილებს, ვითომ როგორც წერა-კითხვის უცოდინარი, არადა სიცოცხლის ბოლომდე წიგნი და გაზეთი არ გაუგდია ხელიდან. არც ეკლესიაში სიარული მოუშლია.

მეორე მსოფლიო ომი რომ დაიწყო, ჯერ კიდევ პირტიტველა ოთხ ვაჟთან ერთად გაიწვიეს ჯარში. უმცროსი მაშინ 17 წლის იყო, არასრულწლოვანი, მაგრამ მაინც წაიყვანეს. სამღვდელო პირების ოჯახები არ დაინდოთო, ვიღაცები თურმე თვითნებურად გასცემდნენ განკარგულებებს.

ჯარისკაცის მამა



- მამა 1943 წელს მძიმედ დაიჭრა, ამიტომ ომისთვის გამოუსადეგრად ჩათვალეს და შინ გამოისტუმრეს. ჩამოვიდა თუ არა, ფრონტიდან წერილი მოგვივიდა ჩემი ორი ძმის დასახიჩრებისა და დაინვალიდების შესახებ, ორივესთვის ფეხები მოეკვეთათ. მამა კინაღამ გაგიჟდა, ვინ იცის, მათ როგორ უჭირთ, მე სახლში როგორ უნდა ვიყოო.მაშინვე კომისარიატში წავიდა, მაგრამ არ გაუშვეს, ერთი მხარი თითქმის გაშეშებული ჰქონდა. არ დაიშალა და წავიდა. თურმე გზადაგზა იჭერდნენ, მერე ათავისუფლებდნენ, მაგრამ შინ მაინც არ დაბრუნდა. იბრძოდა და თან შვილებს ეძებდა, მაგრამ ომში ერთმანეთს ვერ შეხვდნენ. საბედნიეროდ, ყველა ცოცხალი დაბრუნდა.

მამა რაიხსტაგის აღების მონაწილე იყო.

ეს ნახევრად ინვალიდი კაცი ძალზე ყოჩაღი ყოფილა ბრძოლის დროს. მეომრებს აფრთხილებდა თურმე, სანგრების ამოთხრას სჯობია, ბომბი რომ ჩამოვარდება და დიდ ორმოს ამოთხრის, იქ ჩავწვეთ. მტერი სანგრებზე მიიტანს იერიშს, ჩვენ კი ამ დროს სხვა მხრიდან შევუტევთო.A ასეც იქცეოდნენ თურმე მეომრები და არაერთი საფრთხისგან უხსნიათ თავი. ბომბების აფეთქებით ამოთხრილ ორმოებს «ჩორნი გრუზინის» სახლს ეძახდნენ რუსები. რადგან მხარი ჰქონდა დაზიანებული, ტყვიამფრქვევთან იდგა.M მხოლოდ ერთი საბრძოლო ოპერაციის დროს მტრის ორასი ჯარისკაცი გაუნადგურებია.

შინ დაბრუნებული წუხდა, რატომ ვხოცავთ ერთმანეთს. ნუთუ დედამიწა იმდენად პატარაა, რომ ვერ დავეტევითო.

ბაგრატა პაპას «თამარის ვაზი»...

«იქნებ მესხეთის მიწასაც დაუბრუნდეს ქართველი კაცი. აქ ხომ ჰაერს, წყალსა და საჭმელს ღმერთი არიგებს...»


ბაგრატ დევნოსაძის შთამომავლობა კარგა ხანია ასორმოცდაათ კაცს გადასცდა, - ვეღარ ვითვლით, რამდენი ვართო. ცხრა შვილს უმრავლია და ავსებულა ეზო-სახლი, ერთმანეთთან მტკიცედ აკავშირებთ დიდი წინაპარი - ბაგრატა პაპა. შვილიშვილებსა და შვილთაშვილებს ყოველდღე შეაგონებდა თურმე, ერთმანეთი გიყვარდეთ, სხვა არ გიერთგულებთ ისე, როგორც თქვენი ჯიშის და მოდგმისა გიერთგულებთო.A არც ერთმანეთს ეპირფეროთ და სხვასაც ნუ შეხედავთ გამორჩენის მიზნით, პირფერი კაცი გაცვეთილ ქალამანს ჰგავს, ნაკლი მალე გამოაჩნდება და ყველა თვალს აარიდებს, მაშინ კი მის სიცოცხლეს ფასი აღარ აქვსო.

(გაგრძელება, დასაწყისი «კვირის პალიტრა» ¹25)

ოცა ომგადახდილი შინ დაბრუნებულა, დიდხანს ვერ ინელებდა გერმანელი, უდედმამოდ დარჩენილი ბავშვების ბედს.

შალვა დევნოსაძე: - ბერლინის აღების შემდეგ მამას ერთ დანგრეულ შენობაში უპატრონოდ დარჩენილი ბავშვები უნახავს, ბერლინიდან წამოსვლამდე თავის წილ ჯარისკაცურ ულუფას უყოფდა. როცა შინ დაბრუნდა, დედაჩემმა უთხრა, - თქვენი თავი ღვთისმშობელმა დამიბრუნა, ვევედრებოდი, ოღონდ ქმარ-შვილი დამიბრუნე და ფეხშიშველა ჩავალ ტაძარში-მეთქი (ის ტაძარი აქვეა, ზემო ვარძიაში, ჩვენ კი მაშინ სოფელ კლდეში ვცხოვრობდით. ღვთისმშობლის ტაძარი ჩვენს საგვარეულო ტაძრად ითვლება. აშენების დღიდანვე ჩვენი გვარი დამდგარა მის მცველად. ყოველ მარიამობას იქ ვხვდებით დევნოსაძეები). მე კი მგონია, იმ ბავშვების დახოცილი მშობლების ლოცვამ დაგვაბრუნა და არა შენმა ვედრებამო, უთხრა მამამ და ცრემლი ჩამოუგორდა თვალზე.

ადამიდან დღემდე რამხელა ტვირთს ვზიდავთ, ნეტავ როგორ არ ვიჭყლიტებითო, - იტყოდა ხოლმე.

ომში გამოჩენილი მამაცობის მიუხედავად, ნადიაკვნარს მაინც ვერ მოუგია კომუნისტების გული. მედლებით მკერდდამშვენებული რომ დაბრუნებულა, მყისვე გამოუცხადებია, ომის მონაწილის პენსიაზე უარს ვამბობ, ღმერთი ჩემი შრომით მომცემს სარჩო-საბადებელს, ეგღა მაკლია, სახელმწიფოს ფული გამოვართვა და ისედაც გაჭირვებულ სამშობლოს კისერზე ჩამოვეკიდოო. არადა, ომში მიღებული ჭრილობის გამო, ცალი მხარი გაჩერებული ჰქონდა, სანამ ხანდაზმულობის პენსიამ არ მოუწია, სახელმწიფოსგან დახმარებაზე უარს ამბობდა.

შალვა დევნოსაძე: - პენსიაში გასვლის შემდეგ გადაწყვიტა, ვაზი მოეშენებინა, მაგრამ სოფელ კლდეში სამყოფი მიწა არ მისცეს და 1980 წელს აფნიაში გადავიდა საცხოვრებლად. აქ რომ დავბრუნდით, ყველაფერი გაპარტახებული, აჩეხილ-გადამწვარი დაგვხვდა. კლდეში ნაკვეთი მამისეული სახლი მიწაში დაფლულიყო. გამოვასუფთავეთ და მამას ბინა მოვუწყვეთ. შემდეგ ასპინძის რაიონის ხელმძღვანელობას სთხოვა, აფნიაში მამაპაპისეული მიწა მაქვს, ის მაინც დამიმტკიცეთ, ბაღნარი იყო, ახლა კი ცარიელი კლდე არის და ბაღს გავაშენებ. საიქიოში ხომ ვერ წავიღებ, ამ ქვეყანას დარჩება ჩემი შრომის ნაყოფიო. დაუბრუნეს თუ არა მიწა, 400 ძირი ვაზი ჩაყარა. სოფელ-სოფელ დადიოდა, იკვლევდა, სად რა ვაზი და ხილი ხარობდა. 15-20 ვაზისა და ამდენივე იშვიათი სახეობის ხეხილი მოამრავლა. ერთ დღეს კი თურქეთში გადაიპარა და იქიდან წამოიღო იშვიათი სანერგე მასალა.E ეს ამბავი სიცოცხლის ბოლომდე ტკბილ მოსაგონრად ჰქონდა. გარდაცვალებამდე სამი დღით ადრეც იხსენებდა, ამბობდა, სიცოცხლეში ორჯერ დავარღვიე სახელმწიფო საზღვარი, ერთხელ გერმანიაში რომ შევედი და მეორედ, ვაზის მოსაპარავად თურქეთში რომ გადავედიო.

თითქოს მცენარეებიც კი გრძნობდნენ მამაჩემის ზრუნვას, მის სითბოს და ამიტომაც მსხმოიარობდნენ ადრიანად.



ხელის შემშლელი ბევრი ჰყავდა. ერთხელ მამა რამდენიმე დღით წავიდა სოფლიდან, უკან დაბრუნებულს ოთხასივე ძირი ვაზი აჩეხილ-აოხრებული დახვდა. სწორედ მაშინ წაადგა თავს ვენახში ბატონი რეზო ჩხეიძე.

ეს ბოროტება იმან ჩაიდინა, ვისაც ამ სოფლების ქართველებისგან დაცარიელება სურდა. მაინც ვერ გატეხეს. დიდი მანქანის საბარგული იყიდა, ნავენახარზე დადგა და მეუღლესთან ერთად იქ გადავიდა საცხოვრებლად. თავიდან შეუდგა საქმეს.ფუტკრის ათიოდე სკაც ვუყიდეთ.

ერთ დღეს საშინელი სეტყვა მოვიდა, მაგრამ ერთი ძირი ვაზიც კი არ ჩატეხილა.თურმე იმ დროს მამა უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ნაჩუქარ იერუსალიმიდან ჩამობრძანებულ ხატთან ლოცულობდა.

გიორგი დევნოსაძე: - ფილმის დასრულების შემდეგ მამამ უარი თქვა ჰონორარზე. ეგ ფული კინოსტუდიას მოახმარეთ, მე კი ჩემი შრომით მოწეულიც მეყოფაო.

ქალაქი, სადაც ათი წმინდანი არ ჰყავთ, განწირულია, სოფელი, სადაც ათი პატიოსანი გლეხი არ ჰყავთ, განწირულია. აქაურობა დაცარიელებულია. ქართველს სხვაგან ცხოვრების და სიკვდილის უფლება არ აქვსო, - ამბობდა პაპა ბაგრატა და კერას მოწყვეტილ ხალხს დაეძებდა. ტაო-კლარჯეთში დარჩენილ ან ოდესღაც გადახვეწილ ქართველებს რომ ვერ მისწვდა, აჭარაში სოფელ-სოფელ დადიოდა და ხალხს ეხვეწებოდა, დაბრუნდით მესხეთში, ნუ დაუთმობთ იმ მიწას გადამთიელსა და ნადირს ასაოხრებლადო. არც ის მოსწონდა, ქართველი რომ უცხოელზე დაქორწინდებოდა. «ვოლგას» რომ «მოსკვიჩის» ცხვირი დაუგო, მისგან ხომ არაფერი გამოვა, ეგრე არაფერი არ გამოვა ქართველისა და უცხოელის ნაჯვარისგანაც. გაორებული იქნება თვითონაც და მისი შთამომავლობაცო.

გიორგი დევნოსაძე: - გული სწყდებოდა, ქართული ხორბლის ჯიშების პატრონები უცხოეთში ნაყიდი ფქვილით გამომცხვარ პურს როგორ ვჭამთო. დიკის პური როგორ დავივიწყეთო, იტყოდა დანანებით და მუხლზე დაირტყამდა ხელს. დიკა საგაზაფხულო ხორბლის ჯიშია. ხომ გაგიგონიათ, «გენაცვალე ქერის პურო, ანაცერო დიკისაო»... აქ კარგი დიკა მოდიოდა. ახლა პურს მაღაზიაში ყიდულობენ, ხორბალი აღარ მოჰყავთ, ძვირი გვიჯდებაო. დიკის პურს საფუარი არ სჭირდება, ბუნებრივად ფაფუკია. პატარა გუნდისგან დიდი პური ცხვება. დიკა კომუნისტებმა გადააჯიშეს, დიდ მოსავალს არ იძლევაო. მამა იტყოდა, პატრონი რომ ჰყავდეს აქაურობას, ნაილას მიწებზე ზღვა წიწიბურა მოვაო.

მესხეთის მიწაზე რამდენიმე ჯიშის ვაზი ხარობს. ჩვენ კი მხოლოდ ერთის სახელი ვიცით, - «თამარის ვაზი», ეგეც მამამ დაარქვა. საუცხოო მტევნებს ისხამს. ვარდისფერი დაჰკრავს მარცვლებს. აქ არის ვაზის ის სახეობები, რომლებიც გადაშენების პირას იყო. ახლა ვნანობ, რომ თავის დროზე მამას არ გამოვკითხე მათი სახელები.

შალვა დევნოსაძე: - სოფლის მეურნეობის ინსტიტუტიდან მეცნიერები იყვნენ ჩამოსული, ფოთლის მიხედვით უნდა დაედგინათ, რომელი რა ჯიშის იყო, მაგრამ ვერც ერთი ვერ იცნეს.

ერთი სახეობა ვერც ერთ ჯიშს რომ ვერ მიამსგავსეს, მეცნიერმა წიქვაძემ»დევნოსაძისა» დაარქვა. აუჯანყდნენ კოლეგები, მაგას ხომ არ გამოუყვანია ეგ ჯიშიო. კი, მაგრამ უპატრონო ბავშვს რომ ვიღაც გაზრდის, განა გამზრდელის გვარს არ აძლევენო, ეს ვაზი ბაგრატმა იხსნა განადგურებისგან, ამიტომაც მისი გვარი უნდა ჰქონდესო.

დასევდიანებული წამოვედი აფნიიდან. გზად დიდი ნახირი შემომეყარა. გამიხარდა, რამდენი ხალხი დაბრუნებულა სოფელში, საქონელი ასე რომ უმრავლებიათ-მეთქი. ერთი კაცისააო, მითხრეს დევნოსაძეებმა. აფერუმ მის მარჯვენას, ერთ კაცს თუ ამდენი შეუძლია, ნეტავ რას უზის ხალხი ქალაქში და სოფელს რად არ მიუბრუნდება.

პაპა ბაგრატა ამბობდა, ქართველი ხალხი უნდა დაუბრუნდეს ამ მიწას, მის მადლს რომ იგრძნობს, მერე კეტი რომ ურტყა, არსად წავა. აქ ჰაერს, წყალსა და საჭმელს ღმერთი არიგებსო. ეეჰ, ბაგრატა პაპა, ნეტავ შეისმენდეს ქართველი შენს სატკივარს, ალბათ, იმ ქვეყნადაც რომ არ გასვენებს.

P.S. ბაგრატა პაპას დაკრძალვაზე ასპინძელებს დევნოსაძეების ვენახში ნასხლავი ლერწისგან გაუკეთებიათ ჯვარი, ისე გაუცილებიათ ყველას პაპა და დაუტირებიათ, - შენმა სიკვდილმა ვაზსაც კი ცრემლი გაუშროო, პაპავ...

http://www.youtube.com/watch?v=YmYUru7Dzh0&feature=related


Wednesday, November 23, 2011

ერთი ღამის ოთახი ანუ სიყვარულის სასახლის ისტორია


თურმე ღამღამობით ქალის ლანდს ხედავდნენ და მისი მომხიბლავი კისკისი ესმოდათ

თბილისში ჭორები დადიოდა, ოლდენბურგი დადიანს ევაჭრება, ცოლი დამითმეო...


თბილისში, კარგარეთელის ქუჩაზე უზარმაზარი, მართლაც ზღაპრული სასახლე დგას. დროის კვალი კი დასტყობია, მაგრამ დიდებულ იერს მაინც ინარჩუნებს. აშენებიდან დღემდე მას ზოგი სიყვარულის, ზოგიც ერთი ღამის სასახლეს ეძახის. ისლამური გოთიკის სტილის ნაგებობაში ჰარმონიულად არის შერწყმული ისლამური, ქართული და ევროპული არქიტექტურის დეტალები. სასახლე 1895 წელს აუშენებია პაულ შტერნს, თბილისის მერიის და ოპერის თეატრის ძველი შენობის არქიტექტორს. შტერნს დაკვეთა მიუღია შეყვარებული პრინცის, კონსტანტინ ოლდენბურგისგან. ყველაფერი კი, ერთი შეხედვით უბრალოდ დაწყებულა:

მე-19 საუკუნეში გრაფ ალექსანდრე ოლდენბურგს თბილისსა და ფოთს შორის რკინიგზა გაჰყავდა. მასთან ხშირად ჩამოდიოდა ძმა, პრინცი კონსტანტინი. ოლდენბურგები ქართველ საზოგადოებაზე შეყვარებული ყოფილან და თითქმის არასოდეს აკლდებოდნენ მაღალი წრის არც ერთ შეხვედრას ან წვეულებას. იმის გამო, რომ რკინიგზას ქუთაისში უნდა გაევლო, ოლდენბურგებს ხშირად უწევდათ სტუმრობა საქართველოს უძველეს სატახტო ქალაქში. 1882 წლის მაისში ქუთაისში გრაფების ვიზიტი დაემთხვა ერთ-ერთ ისტორიულ მოვლენას. სწორედ იმ დროს ცნობილი მხატვარი მიხაი ზიჩი «ვეფხისტყაოსნის» ილუსტრაციებს ქუთაისში ხატავდა. რიონის პირას, «საზოგადო საკრებულოს» ეზოში საგანგებოდ მოწყობილ ფიცრულში იდგმებოდა სცენები ილუსტრაციებისთვის. ამ წარმოდგენის მოთავე ყოფილა ნინო წერეთელი, გენერალ ბიძინა ჩოლოყაშვილის მეუღლე. პროცესის მონაწილეთა შორის იყვნენ თვით ბიძინა ჩოლოყაშვილი, მარიამ დადიანი, აკაკი წერეთელი, მამია გურიელი, გიორგი შარვაშიძე და სხვები. ზიჩი ულამაზეს ქართველ ქალ-ვაჟებს ხატავდა. ამ სანახაობის თვალის შესავლებად თურმე უამრავი მნახველი მიდიოდა. ნესტან-დარეჯანის როლს საილუსტრაციო სცენებში ასრულებდა ულამაზესი აგრაფინა ჯაფარიძე, თავად ტარიელ დადიანის მეუღლე. კონსტანტინ ოლდენბურგს აგრაფინას პირველივე დანახვაზე შეჰყრია ტარიელის «ჭირი» და თავდავიწყებით შეჰყვარებია ქართველი ქალი. გრაფს ტარიელ დადიანთან კაციც კი გაუგზავნია მოსალაპარაკებლად, ცოლს გაეყარე, რათა მასზე დაქორწინება შევძლოო. გადარეულა თავადი, ვინ არის ეს შერეკილი, ცოლის ხელს რომ მთხოვსო. ჭორების თანახმად, ოლდენბურგს მოუხერხებია ჯერ ქალისთვის თავის შეყვარება, მერე კი დადიანის დაყოლიება და საყვარელი ოქროთი გამოუსყიდია ქმრისგან. ამბობდნენ, პრინცმა თავადს მილიონი ოქროს თუმანი გადასცაო. არავინ იცის, მართალია თუ არა ეს ამბავი, თბილისსა და ქუთაისში კი მაშინ ბევრი შაირობდა, - დადიანმა გრაფს დაუთმო აგრაფინა კისკისაო... ასეა თუ ისე, ერთი რამ ფაქტია, აგრაფინა და თავადი დასცილდნენ ერთმანეთს და ქალი ოლდენბურგთან ერთად თბილისში გადმოსახლდა. გრაფს იმდენად ჰყვარებია ქალი, რომ მისთვის მუდმივად რაღაც განსაკუთრებულს სჩადიოდა... ასე გადაუწყვეტია სიყვარულის სასახლის აშენება, რისთვისაც მაშინდელი თბილისელი შეძლებული ვაჭრის, ტიტელის მამული უყიდია. ვიდრე ოლდენბურგი დადიანის ცოლთან გაყრაზე დაყოლიებას შეძლებდა, წყვილი იძულებული იყო ანგარიში გაეწია მაშინდელი საზოგადოებისთვის და დაქორწინებამდე საიდუმლოდ სასახლის კოშკში ხვდებოდნენ ერთმანეთს.

შენობა ციხე-დარბაზის სტილისაა. აქვს მთავარი კორპუსი, ტრიუმფალური შესასვლელი და კოშკი. გადმოცემებით, ეს კოშკი ყოფილა შეყვარებულთა ყველა საიდუმლო შეხვედრის მოწმე.

თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია: «როდესაც აქ სამუშაოდ მოვედი, ვერ გავიგე, რატომ ერქვა კოშკს სიყვარულისა, რადგან მხოლოდ და მხოლოდ მრგვალი კიბეები იყო ამ კოშკში და მეტი არაფერი. ვიფიქრე, ალბათ კიბეებზე ხვდებოდნენ ერთმანეთს და ამიტომაც დაერქვა ასე-მეთქი. ერთ დღესაც, ჩემი და ჩემი მოადგილის ირაკლი ზამბახიძის ყურადღება მიიქცია სხვენზე, ზედ კოშკის მხარეს, კედელზე ფიცრულმა ანაჭედმა. კარი გავხსენით, ოთახში აღმოვჩნდით. ამ აღმოჩენის შემდეგ მივხვდი, რატომ ეწოდებოდა სასახლეს ერთი ღამის და კოშკს - სიყვარულისა. აქ ხვდებოდნენ ქორწინებამდე გრაფი და გრაფინია ერთმანეთს. მოგეხსენებათ, ბევრი რამ არის ცნობილი ევროპაში ძველ ციხესიმაგრეებში მოჩვენებათა არსებობის შესახებ. გასული საუკუნის 30-იან წლებში თბილისში ხმები დადიოდა ამ სასახლეში მობინადრე მოჩვენების შესახებაც. ხალხი ღამღამობით ქალის ლანდს ხედავდა და მისი მომხიბლავი სიცილი ესმოდათ. შესაძლოა, ეს ამბავი ვიღაცების ფანტაზიის ნაყოფი იყო, მაგრამ იმდენად საინტერესო და დამაინტრიგებელია, რომ სულაც არ ვეწინააღმდეგები მოჩვენების არსებობას».

სამწუხაროდ, აღარაფერია ცნობილი ოლდენბურგისა და მისი სატრფოს შემდგომი ცხოვრების შესახებ. სიყვარულის სასახლის ისტორია კი კიდევ ერთ ქართულ-ევროპულ მიჯნურობას უკავშირდება.

ერთხანს აქ უცხოვრია პრინც მიურატს, სალომე დადიანის მეუღლეს. რომელსაც გადმოცემით ძალიან შეჰყვარებია იქვე, მოპირდაპირე მხარეს ახლაც მდგარი მოზაიკიანი სახლის ქალბატონი, ვინმე ციციშვილის ქალი. მიურატი თურმე საათობით იდგა სიყვარულის სასახლის აივანზე სატრფოს დასანახავად. ერთ დღესაც ბაღში შეხვედრიან ერთმანეთს. სწორედ იმ ადგილზე პრინცს ფანჩატური გაუკეთებია, რომელიც მოგვიანებით დანგრეულა, მაგრამ კომუნისტებს ეს ლამაზი ისტორია მოსწონებიათ და ახალი, ბამბუკის ფანჩატური აუშენებიათ. ახლა ისიც ინგრევა და ამჯერად სასახლეში განთავსებული მუზეუმის ხელმძღვანელობა აპირებს მის განახლებას.

შენობის ისტორია არც მიურატების ამბით მთავრდება. სტალინის განკარგულებით აქ განუთავსებიათ ყრუ-მუნჯთა სასწავლებელი. ბავშვების სიმრავლის გამო სასახლისთვის ერთი იმდენი კიდევ მიუშენებიათ. ძველსა და ახალ ნაწილს შორის ფაქტობრივად არანაირი განსხვავება არ არის. გიორგი კალანდია ვარაუდობს, რომ შენობის დაუმახინჯებლად გაფართოება ლავრენტი ბერიას დამსახურება უნდა იყოს. «სწორედ აქ განთავსებულ სკოლაში სწავლობდა მისი ყრუ-მუნჯი და. ამიტომაც ვეჭვობ, ბერიას ჩარევის შედეგად შეინარჩუნა სასახლემ ძველი იერი. გარდა ამისა, ამოუხსნელი რჩება კიდევ ერთი დეტალი. ეს საგვარეულო გერბის გამოსახულებიანი ერთადერთი შენობა არის თბილისში. გერბზე გამოსახულია ცალრქა, მითური ცხენი, რომლის სისხლიც ჯვაროსნების აზრით, დაჭრილ ადამიანს არჩენდა. დიდხანს ვეძებდით ამ გერბის პატრონებს. იგი უკავშირდება ტიტელებსა და ოლდენბურგებს. გაირკვა, რომ რუსული საგვარეულოს, ვერიგინების გერბი ყოფილა. ცნობილია, რომ თავადი ვერიგინი კანადაში გადასახლებამდე თბილისში «გამოაციმბირეს». იგი მეგობრობდა ალექსანდრე ტოლსტოისთან, რომელიც ასევე ცხოვრობდა თბილისში. ვერიგინების და სიყვარულის სასახლის დანარჩენი ისტორია ჯერ უცნობია. თუმცა, გერბი ცხადყოფს, რომ მას აქაურობასთან მჭიდრო კავშირი ჰქონდა, რომელიც შესაძლოა ოლდენბურგისა და მიურატის მსგავსად, ქალს უკავშირდებოდა».

ახლა სიყვარულის სასახლე იდუმალებით მოცულ ბევრ ამბავთან ერთად საქართველოს უზარმაზარ კულტურულ ისტორიასაც ინახავს. 1989 წელს აქ შემოუსახლებიათ საქართველოს კინოს, თეატრის, მუსიკისა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი. სამწუხაროდ, 20 წლის განმავლობაში მუზეუმში ერთხელაც კი არ გამართულა არათუ მუდმივმოქმედი, ხანმოკლე გამოფენაც კი. ურემონტობის გამო შენობა თითქმის კატასტროფულ მდგომარეობამდეა მიყვანილი. იოლი წარმოსადგენია, ასეთი ტიპისა და ისტორიის მქონე ნაგებობას როგორ გაუფრთხილდებოდნენ ევროპულ სახელმწიფოებში. ჩვენთან კი...

გიორგი კალანდია: «ამჯერად, მოკლე დროში კულტურის სამინისტროს დაფინანსებით მოვახერხეთ პირველი სართული გაგვერემონტებინა და გაგვეხსნა საგამოფენო დარბაზი, რომელიც მუზეუმის დამაარსებლის, დავით არსენიშვილის სახელობის იქნება. სამწუხაროდ, დარწმუნებული ვარ, რომ ბევრმა არაფერი იცის როგორც ამ უნიკალური მუზეუმის (სადაც სამასი ათასი უნიკალური ექსპონატი ინახება), ისე დავით არსენიშვილის შესახებ. იგი იყო მოსკოვში, მე-15 საუკუნის რუსი მხატვრის ანდრეი რუბლიოვის მუზეუმის დამაარსებელი და დირექტორიც. რუსები მას დღემდე უფასებენ ამ ამაგს. ანდრეი რუბლიოვის უნიკალური ფრესკების გადარჩენა სწორედ მისი დამსახურებაა. ჩვენს მუზეუმში დაცულია ლადო გუდიაშვილის, ელენე ახვლედიანის, ირაკლი ფარჯიანის, სერგო ფარაჯანოვის, დავით კაკაბაძის უცნობი ნამუშევრები, - ძველი თბილისის ყოფის ამსახველი ისეთ ნახატები, მაშინდელ ისტორიას რომ გიამბობენ. აქ ინახება პეტრე ჩაიკოვსკის, თეოდორ შალიაპინის ხელნაწერები, რომელიც არ გამოფენილა, მაია პლისეცკაიას პუანტები, დავით არაყიშვილის ოქროს საათი, რომელსაც პირად კოლექციაში ინახავდა. ჩვენს საცავებში ასევე ინახება ვანში აღმოჩენილი ანტიკური ხანის უნიკალური თეატრალური ნიღაბი».

სიყვარულის სასახლეში მუზეუმმა პირველი გამოფენა მოაწყო სახელწოდებით «მრავალსახეობა მუზეუმისა». უნიკალური ფოტომასალის გარდა აქ წარმოდგენილი იყო თეატრალური ესკიზები და სცენოგრაფია, გამოჩენილი ადამიანების, ხელოვნების მოღვაწეთა არქივები, მემორიალური ნივთები, ფოტოები, აფიშები, თეატრალური კოსტიუმები, მე-20 საუკუნის დასაწყისიდან 40-50-იან წლებამდე შეგროვებული ექსპონატები, ნივთები, რომელთაგან თითოეულს ეპოქალური მნიშვნელობა აქვს. თუნდაც მხოლოდ თეატრალური აფიშები რად ღირს.

ახლა სიყვარულის სასახლე ორი ისტორიით ცხოვრობს - ძველით დ ახლით. ახალი უკვე მუზეუმს ეკუთვნის. მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია ამბობს, რომ სურთ ძველი ისტორიაც როგორმე აღადგინონ, გააცოცხლონ და სიყვარულის კოშკს ტურისტებისთვის მიმზიდველი ფუნქცია შესძინონ.


Tuesday, November 1, 2011

სანამ თქვენი მისამართიც არევიათ…


მთელი თბილისი რომ მოიარო, ძნელად ნახავ ქუჩას, სადაც თითოეულ შენობას მისამართი და ნომერი აწერია. დედაქალაქი უმისამართო ქუჩებით არის სავსე. მართალია სახელი ყველა მათგანს ჰქვია, მაგრამ დროთა განმავლობაში მისამართის აბრები შემოძარცვიათ. ამიტომაც უცხოსთვის ამ ქუჩებში გზის გაგნება ძნელია. მეტიც, უმისამართო სახლების გამო ხშირად კურიოზებიც ხდება...
ახალგაზრდა მამაკაცმა გადაწყვიტა კიდევ უფრო ახალგაზრდა ქალის გული ძვირადღირებული მეთოდით მოენადირებინა, ყოველ დილით ვარდების ლამაზ თაიგულს უგზავნიდა მისამართზე, რომელიც ერთკვირიანი ნაცნობობის შემდეგ როგორც იქნა თვითონ ქალისგან შეიტყო. ყვავილებით მოვაჭრე კომპანიის კურიერმა კი იმის გამო, რომ იმ ქალის ქუჩაზე ნომრიანი აბრა ვერსად ნახა, კითხვა-კითხვით მიიკვლია მითითებული მისამართი და ასე მოხდა  მარტოხელა მოხუცის ბინაზე. თითქმის ერთი თვის განმავლობაში მოხუცი ქალი ყოველ დილით ერთსა და იმავე დროს იღებდა თაიგულს და ღიმილით, გაოცებული ათვალიერებდა ხოლმე ბარათს წარწერით, `ესენი დაჭკნებიან, შენ კი არასოდეს, რადგან ჩემი სიყვარული დაგიფარავს.~ მოხუცი საგონებელში ჩავარდა, კურიერი კი ჯიუტად განაგრძობდა ვარდების მირთმევას. როგორც კი მოხუცი დაიჟინებდა, რომ რაღაც გეშლებათო, კურიერი მყისვე ფურცელზე ჩაწერილ მისამართს აჩვენებდა და ქალი კიდევ უფრო საგონებელში ვარდებოდა. მისი იდუმალი `თაყვანისმცემლის~ ყურადღება მეზობლებმაც შენიშნეს და ერთმანეთში დაიწყეს ირონიული ჩურჩული, _ ამ სიბერეში ვინ ეპრანჭება, თანაც ასეთი მდიდარი, რომ მურტალოსავით ყოველ დილით ვარდებს უგზავნის, ნახა ეგეც კუკარაჩას შეყვარებული ინგაო. მოკლედ, ერთ დღესაც მოხუცმა დამჭკნარი ვარდები ნაგვის ურნაში ჩასაგდებად რომ გამოიტანა, მეზობლების ცნობისმოყვარეობამ მოთმინების საზღვარი გადალახა და ერთხმად ჰკითხეს, ვინ გიგზავნის ნატალია ამ მწიფე-მწიფე ვარდებსო? ქალმაც აღიარა, ვიღაც კურიერი მოდის და ფურცელზე ჩაწერილ ჩემს მისამართს მაჩვენებსო. ერთ ახალგაზრდა მეზობელს გულმა რეჩხი უყო და ბებოს ჩაეძია, მერედა რა წერია იმ მისამართში, ნამდვილად შენიაო? ბებომაც ღიმილით გაიმეორა მისამართი, რომელზეც ოდესღაც მართლა ცხოვრობდა. მოხუცის კორპუსს ათზე მეტი წლის წინ შეუცვალეს მისამართი, მისი ძველი ნომერი კი სრულიად სხვა კორპუსს მიანიჭეს. თუმცა, ამ დროისთვის არცერთ სახლს აბრა არ ჰქონდა,. ამიტომაც ბედიის ირონიით, კურიერი მოხუცთან მოხვდა, რომელსაც უკვე ერთმანეთში არეოდა ძველი და ახალი მისამართები. რომ არა მოხუცის ჭორიკანა მეზობლების მოუთმენლობა, ვინ იცის კიდევ რამდენ ხანს გააგრძელებდა ის ახალგაზრდა კაცი მოხუცისადმი ინკოგნიტოდ `ტრფობას~.ამბობენ, ისე გაბრაზებულა, ყვავილების კომპანიისთვის დაუპირებია ჩივილიო...
ეს რაა, უმისამართო სახლის გამო ოჯახი კინაღამ დაინგრა. გვარიანად ნაქეიფარი რეზო საჭესთან აღარ დასვეს მეგობრებმა, ტაქსი გამოუძახეს და ისე გაუშვეს შინ. რეზომ მძღოლს უთხრა, მთვრალს მანქანაში მეძინება და ამიტომაც, ჩემი მისამართი ჩაინიშნე. თუ ჩამეძინება, ჩემი ცოლის გარდა, ვერავინ ვერ მაღვიძებს, ახვალ ამ მისამართზე და ეტყვი, რომ ამიყვანოსო. მგზავრმა მართლაც მალე ამოუშვა ხვრინვა. მძღოლიც დარიგებისამებრ მოიქცა, კითხვა-კითხვით მიგნებულ მისამართზე დააკაკუნა. კარი სიმპათიურმა 40 წელს გადაცილებულმა  ქალმა გაუღო, მძღოლმა მოკრძალებით უთხრა, თქვენი ქმარი გელოდებათ ტაქსიში, იქნებ გააღვიძოთო, იმ ქალის ნამდვილი ქმარი ამ დროს სახლში ყოფილა და ...


სანამ თბილისის ქუჩებში ამდენი უმისამართო სახლია, ალბათ კიდევ ბევრჯერ მოხდება ასეთი გაუგებრობა. ამიტომაც თბილისის მერიაში შევეცადე დამედგინა კიდევ რამდენ ხანს მოგვიწევს თბილისში ახლობელ-მეგობრების ან სულაც უცნობების ზუსტი მისამართის ძიება. მერიის პრესამსახურში გვიპასუხეს, რომ პირველ ეტაპზე ახალმონათლული ქუჩების `შეიარაღება~ მიდის, ასევე დაუყოვნებლივ ამარაგებენ აბრებით იმათაც, ვინც განცხადებით მიმართავს მერიას და საკუთარი სახლისთვის მისამართიანი აბრის დამზადებას სთხოვს. ხოდა, სანამ თქვენთან მომსვლელს გზები არ არევია და სხვასთან წასულა, მოითხოვეთ დაკარგული მისამართის აღდგენა.

Friday, October 7, 2011

მთას შეწირულების ამბავი

ეს ტრაგედია 2005 წელში დატრიალდა. მახსოვს, რომ ბევრი ვიწვალე, ვიდრე ერთადერთ გადარჩენილს დავუკავშირდებოდი. გაზეთი სტამბაში უნდა გაგზავნილიყო წუთი წუთზე, როდესაც დამირეკეს და მითხრეს, რომ გელა თანახმა იყო ტელეფონით ესაუბრა ჩემთან. ღმერთმა გაანათლოს დაღუპულების სულები. ახლა ისინი ოჯახის წევრების და მეგობრების გარდა აღარავის ახსოვს, მაშინ კი... იმ დღეებიდან კიდევ უფრო მეტად მიზიდავს მთა...


ევროპაში ერთ-ერთ ურთულეს მწვერვალზე, უშბაზე ბოლო 21 წლის განმავლობაში მესამედ დატრიალდა ტრაგედია. 1984 წელს უშბიდან დაშვებისას ექვსი ვაჟკაცი იმსხვერპლა ზვავმა: დევი თარხნიშვილი, ირაკლი გელდიაშვილი, გოგი ზუმბაძე, გია თუშური, დათო კომახიძე და მურად ჭიჭინაძე. მოგვიანებით, 2001 წელს, უშბაზე გაბრიელ ხერგიანის გზით ამავალი ვანო გულედანი დავკარგეთ. ამჯერად კი მერაბ ხაბაზითა და ზაალ ქიქოძით ტრაგედია გასამდა. დატრიალებულმა უბედურებამ უამრავი კითხვა გააჩინა, რადგან ქართულ-ჰოლანდიური ჯგუფიდან გადარჩენილი ჰოლანდიელების ნაამბობი ტრაგედიის მიზეზებისა და შედეგების შესახებ ზუსტ სურათს ვერ იძლეოდა. ერთადერთი, სასწაულებრივად გადარჩენილი გელა ოთარაშვილი კი თითქმის სამი დღის განმავლობაში საავადმყოფოში იყო და ექიმები მასთან საუბარს ოჯახის წევრებსაც კი უკრძალავდნენ.

გელა ოთარაშვილმა ხუთი საშინელი დღე გარდაცვლილი მეგობრის, მერაბ ხაბაზის ცხედრის გვერდით მიწოლილმა შიმშილში, აუტანელ სიცივესა და სულიერ ტკივილში გაატარა. ამ ხნის განმავლობაში კლდეზე თოკით ეკიდა მისი უფროსი მეგობრის, ზაალ ქიქოძის ცხედარი და მარტო დარჩენილ გელა ოთარაშვილს არანაირი ძალა არ შესწევდა საიმისოდ, რომ ცხედარი ზევით აეწია და ე.წ. თაროზე დაესვენებინა. გელასთან ერთად მარშრუტის გარჩევამდე ალპინისტთა უმრავლესობა ვარაუდებით მსჯელობს თუმცა, იმას ერთხმად ამბობენ, რომ ქართულ-ჰოლანდიური ჯგუფის უშბაზე ასვლისას შეცდომები იქნა დაშვებული. მთა კი, მათი თქმით, შეცდომებს არ გვპატიობს. თანაც ყველაზე რთულ, მიშლიაევის გზაზე (ეს სახელი რუსი ალპინისტის პატივსაცემად დაერქვა) ყველაზე დიდი შეცდომა ჯგუფის გაყოფა იყო. არა მარტო ალპინისტთა, არამედ საქმეში მეტ-ნაკლებად ჩახედულთა აზრი ასეთია - ჰოლანდიელებს ქართველები არ უნდა მიეტოვებინათ. მათ ქართველებთან დაშორების შემდეგ მაშველს უხმეს, თანაც ისიც თქვეს, რომ ქართველებთან ერთად ლაშქრობდნენ, მასპინძლები ჩამორჩნენ და მათ ბედზე არაფერი იციან. ალპინისტების ამბავს ჰოლანდიაში ქალბატონ სანდრა რულოვსს ატყობინებენ. თავის მხრივ, იგი თავის დაცვის უფროსს უკავშირდება თბილისში, რომელიც ცდილობს ყველა საქმის კურსში ჩააყენოს. საქართველოში ყველა ფეხზე დგება და იმედოვნებენ, რომ ბიჭებს გადაარჩენენ. როგორც ამბობენ, კარგი ამინდი რომ ყოფილიყო, მაშველები რომ დროულად მიშველებოდნენ, ასეთ სიტუაციებში საჭირო შვეულმფრენი რომ ჰყოლოდათ, ყველაფერი უკეთ დამთავრდებოდაო. ვინ იცის, ეგებ ასეც ყოფილიყო.

“კვირის პალიტრა” ტრაგედიის დეტალებზე გელა ოთარაშვილს ესაუბრა:

- მოხდა ის, რასაც არც ერთი ჩვენგანი არ ელოდა. შემთხვევითობათა გრიგალი დატრიალდა. წლევანდელი ზამთარი უხვთოვლიანი იყო და ამიტომ იმ ადგილას, სადაც ჩვენ ავდიოდით, დიდი წყალი მოდიოდა, თორემ სხვა დროს მწვერვალზე ჩვეულებრივად ადიოდა ხალხი.

- მიშლიაევის გზით ადიოდნენ?

- არა. მიშლიაევით კარგა ხანია არავინ ასულა, მაგრამ ვიცოდით, რომ გზა ნორმალური უნდა ყოფილიყო. ჩვენ დაბრკოლებას დამამთავრებელ ეტაპზე წავაწყდით. ვერტიკალურ კედელზე არის ღარი და მის ბოლოს 250 მეტრია გასავლელი. ზედა ნაწილი მშრალი იყო, მაგრამ ბოლო 30 მეტრზე მოდიოდა დამდნარი თოვლის შედეგად დაგროვილი წყალი, რომელიც დღის მეორე ნახევარში, მზის მიდგომის შედეგად დნებოდა.

ჰოლანდიელებმა ჩამოსვლისთანავე გვთხოვეს, წინ ჩვენ ვივლითო, მაღალი კვალიფიკაციის მთამსვლელები არიან და ჩვენც უარი არ გვითქვამს, დამოუკიდებლად შეეძლოთ მუშაობა. ღარში მშრალად გავიდნენ. უკან მე, ზალიკო და ბოლოს მერაბი მივყვებოდით. სამივე დავსველდით, განსაკუთრებით მერაბი. წყალი სამი საათიდან დაღამებამდე მოდიოდა. მერაბი გადაცივდა.

- რამდენ ხანს გაუძლო მერაბმა გასაჭირს?

- მთელი ღამე ნორმალურად იყო, მაგრამ დილისთვის ძალიან ცუდად გახდა. როგორც ჩანს, ფილტვების ანთება დაემართა. მისი სიმპტომების აღწერის შემდეგ ბიჭებმა მითხრეს, ფილტვები შეშუპებიაო. როცა ცივდება კაცი, მთაში ძალიან სწრაფად ვითარდება დამამძიმებელი პროცესები. პირველად მერაბი გარდაიცვალა, ეს იყო 16 ივლისის დღის პირველ ნახევარში, დაახლოებით 12 საათამდე.

- როგორ ფიქრობთ, იყო მისი გადარჩენის შანსი?

- შანსი? რა გითხრათ... ჩვენი უცხოელი მეგობრები დასარეკად წავიდნენ, მათ მობილური კავშირის საშუალებები ჰქონდათ, ჩვენ კი არა. ერთ-ერთი პრეზიდენტ სააკაშვილის მეუღლის ახლობელი იყო. სწორედ მან დარეკა ჰოლანდიაში და იქიდან ატყდა მთელი ამბავი - მაშველები მოითხოვეს და ა.შ. მათ დაგვტოვეს, დარეკვის შემდეგ კი სამხრეთის მიმართულებით დაიწყეს დაშვება. რამდენიმე ხანში მაშველი გამოჩნდა, მაგრამ ამინდი ხელს უშლიდა მთასთან მისვლაში.

- მედიკამენტები რომ გქონოდათ, მერაბს ვერ უშველიდით მაშველის გამოჩენამდე?

- მედიკამენტები გვქონდა, მაგრამ მერაბს რომ გაუჭირდა, მივეხმარე და ამ დროს ერთი ზურგჩანთა, რომელშიც მედიკამენტები გვქონდა, გადაგვივარდა. უცხოელებსაც ჰქონდათ მედიკამენტები, მაგრამ მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო მერაბის გადაცივების გამო, რომ არა მგონია, რამე შველებოდა.

- უცხოელებმა დახმარება არ შემოგთავაზეს?

- არა, მე კი ვთხოვე დარჩენილიყვნენ, იყო იმის შესაძლებლობა, რომ მერაბი უკეთეს ადგილზე გადაგვეყვანა, მაგრამ ჩათვალეს, რომ არ ღირდა. ალბათ, იმიტომ, რომ თვითონაც ძალიან დაღლილები იყვნენ(?!).

რა გვექნა, ჩვენ ხომ ვერ ვთხოვდით, დარჩით და დაგვეხმარეთ, შველა გვჭირდება-თქო. ამ დროს თვითონ უნდა მოიფიქრო და გადაწყვიტო როგორ მოიქცე. რაღა თქმა უნდა, მერაბის გადარჩენის შანსი იყო, თავისთავად ზალიკოც გადარჩებოდა.

- ზაალ ქიქოძეს რაღა დაემართა?

- მერაბი რომ გარდაიცვალა, ზალიკომ თქვა, როგორმე უნდა დავეშვათ, თორემ ჩვენც იგივე დაგვემართებაო. ერთიანად სველები და გათოშილები ვიყავით. ზალიკო პირველი დაეშვა, მე ზევიდან დაცვას ვუკეთებდი. იმ ღარიდან არ უნდა გადმოვარდე, თორემ ვერტიკალურ კედელზე დაეკიდები. როგორც ჩანს, წონასწორობა ვერ დაიცვა ზალიკომ, გადაეკიდა და პირდაპირ ჩანჩქერის ქვეშ მოექცა. ვეძახდი, მაგრამ ვერ გავაგონე. მერე ჩავედი, მოვხსენი ზურგჩანთა, ამოვიტანე, ჩავუტანე ჟუმარები, მაგრამ უკვე ძალიან მძიმედ, უგონოდ იყო და ვეღარ შევძლებდი აყვანას.

- როგორ გაძელით გათოშილმა ხუთი დღე ყინვაში, ამბობენ, პრიმუსიც არ დაუტოვებიათ ჰოლანდიელებსო.

- ჰოლანდიელებზე ლაპარაკი აღარ მინდა... მე როგორ გავძელი? ყველაფერი სველი მქონდა, თან წვიმდა და თოვდა. ვიწექი და ველოდებოდი მაშველს, იმედი წამითაც არ დამიკარგავს. თუმცა გაძლება, რა თქმა უნდა, ძნელი იყო. სასწაულმა გადამარჩინა. ახლა ვაანალიზებ ყველაფერს და მიკვირს, რომ მოყინულიც კი არ მაქვს არაფერი. ვერ გამიგია, ეს როგორ მოხდა.

- თქვენი მეგობრებისგან გავიგე, რომ თურმე ლოცულობდით.

- კი. გამუდმებით. მართლა საოცარია ღვთის განგება, რომ არა მისი წყალობა, ვერაფერი მიხსნიდა. მხოლოდ გამოფიტული ვარ, სხვა არაფერი მიჭირს.

- მერაბი თუ გესაუბრებოდათ გონების დაკარგვამდე?

- კი. ძალიან გადაღლილი იყო, შეიძლება ავადაც ყოფილიყო მანამდე, სანამ გზაზე გავიდოდით.

- წინათ ასეთ რთულ მარშრუტებზე გასვლისას სამედიცინო შემოწმებას არ გადიოდით?

- რა თქმა უნდა, აწყობილი სისტემა იყო ალპინიზმში. სპეციალური დისპანსერი გვქონდა, სადაც მთამსვლელების შემოწმება სავალდებულო იყო. ახლა სამედიცინო შემოწმება სავალდებულო აღარ არის, თანხის გადახდაა სავალდებულო. წინათ კი სამედიცინო შემოწმების გარეშე არც ბანაკი მიგიღებდა და, რა თქმა უნდა, ჯგუფშიც არ აგიყვანდნენ.

ახლა კი...

- ანუ ალპინიზმი კვდება საქართველოში?

- სამწუხაროდ, ასეა. უმძიმესი ვითარებაა. მე კლდიდან მფრინავმა დათო აბალოიძემ მომხსნა, ძალიან დიდი რისკის ფასად. სულ სამი კაცია ასეთი მფრინავი. გმირები არიან. ასეთ სიტუაციაში ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში იყენებენ სამაშველო სამსახურებს, მათ სპეციალური ვერტმფრენები ჰყავთ, ისეთი კი არა, რომლითაც ჩვენ მოგვხსნეს. საკმარისი იყო, ერთი კუდი მოექნია და უბედურება დატრიალდებოდა. რომ არა ის ბიჭები, დღეს ისევ იქ ვიქნებოდი.

- როცა მთაში მიდიოდით, ვისი დახმარების იმედი გქონდათ, ვის უნდა დაკავშირებოდით საჭიროების შემთხვევაში?

- ერთადერთი კავშირის საშუალება ღარის გავლის შემდეგ 400 მეტრის სავალზე იყო. აღმოსავლეთ მხარეს, “მაგთის” დაჭერის ზონაში მოვხვდებოდით და იქიდან შევძლებდით კონტაქტს ბართან.

- ეს სახიფათო არ იყო?

- რა გვექნა. არც რაციები გვაქვს და არც სატელიტური ტელეფონები. კავშირი რომ გვქონოდა და სპეციალური ვერტმფრენიც გვყოლოდა, არაფერიც არ მოხდებოდა. რაც ჩვენ დაგვემართა, ხშირად ხდება სხვაგანაც. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ ხალხი არ იღუპება, თუ ქვეყანა მზად არის ხსნისთვის. ჩვენ დიდი ხანია, ასე, კავშირის გარეშე დავდივართ. ახლაც გვთხოვეს ჰოლანდიელებმა და წავედით.

- რას ეტყვით დღეს თქვენს კოლეგებს, ღირს ისე გარისკვა, როგორც თქვენ გარისკეთ?

- მაშველების საკითხს სერიოზულად დავსვამთ. სხვანაირად სამთო ტურიზმის განვითარებაზე ლაპარაკი ფუჭი იქნება. წარმოიდგინეთ, მთელ მსოფლიოში რომ გავრცელდება ცნობა, უშბის მწვერვალზე, გაგანია ზაფხულში ორი კაცი დაიღუპაო, ვინ ჩამოვა აქ? აღარავინ.

მერაბ ხაბაზი 44 წლის იყო, ზაალ ქიქოძეს ოქტომბერში შეუსრულდებოდა 58 წელი. მისი მეგობარი, ასევე პროფესიონალი მთამსვლელი შალვა ლეჟავა “კვირის პალიტრასთან” საუბრისას ზუსტად იხსენებს საბედისწერო მარშრუტის დაგეგმვის დეტალებს: - ეს კომერციული მარშრუტი კი არა, მეგობრული ჟესტი იყო ჰოლანდიელების პატივსაცემად. მათ ზაალი კარგად იცნობდა. მარშრუტი 8 ივლისს უნდა დაწყებულიყო, თუმცა 14-მდე გადაიდო.

ჩვენ შევეცადეთ ბატონ შალვა ლეჟავასთან ერთად ვარაუდების საფუძველზე გაგვეანალიზებინა მომხდარი.

- წინათ, საბჭოთა კავშირის დროს, ალპინისტები სპეციალურ ბანაკებში გადიოდნენ საგანგებო მომზადებას. იწყებდნენ იოლი მარშრუტებით. სავალდებულო იყო ნორმატივების ჩაბარება. შესაბამისად, ალპინისტი რთულ მარშრუტს მაქსიმალურად მობილიზებულად ადგებოდა, რაც უზრუნველყოფდა მის უსაფრთხოებას. ამას ემატებოდა კარგად ორგანიზებული სამაშველო სამსახურის დაცვა, რაც დღეს ფაქტობრივად აღარ არსებობს. ამასთან, თითქმის სავალდებულო იყო ჯგუფის წევრების ფსიქოლოგიური შეთავსებადობა. რთულ მარშრუტზე მიმავალთ მთაში ერთად სიარულის გამოცდილება უნდა ჰქონოდათ. მთამსვლელობა ფილოსოფიური საქმიანობაა. მთაში პიროვნული მარტოობა კიდევ უფრო აშკარა ხდება და თუ იქ ვინმესთან ურთიერთობის სურვილი გაგიჩნდება, ის შენი სულის თანაზიარი უნდა იყოს. ამიტომ მარშრუტებში თანამგზავრებად ახლობლებს ვარჩევდით. ახლა მარშრუტის დაგეგმვის იდეალიზების პროცესი დაკნინდა. უფრო პრაგმატულად უდგებიან ჯგუფის შერჩევას.

დღეს, 21-ე საუკუნეში ჩვენს სამაშველო სამსახურს არ აქვს ნორმალური კავშირის საშუალებები. მეტიც, ცალ-ცალკე უნდა არსებობდეს მთაში, წყალში და ა.შ. მომხდარი შემთხვევებისთვის სამაშველო ჯგუფები, რომ მთაში მყვინთავი კი არა, მთამსვლელი მაშველი წავიდეს. არც მუდმივი ტრანსპორტი, საწვავი აქვთ მაშველებს. ამ სამსახურის ენთუზიაზმით მუშაობა არ შეიძლება. ბიძინა გუჯაბიძე 15 თუ 20 წთ-ის ასული იყო მყინვარზე, ბიჭების ამბავი რომ გაიგო, იმავე ღამეს ჩამოვიდა მთიდან, მეგობრის ვაჟი დახვდა მანქანით და იმან ჩამოიყვანა თბილისში, აქ უცებ დავტრიალდით, მაგრამ... მაშველები მეგობრებისა და ძმაკაცების იმედზე არ უნდა იყვნენ. ჰოლანდიელებს ვერ წარმოედგინათ, რომ ქვეყანაში, სადაც ამდენი მთაა, არ არსებობს სამაშველო სამსახური. არადა, შესანიშნავი კადრები გვყავს - ბიძინა გუჯაბიძე, აფი გიგანი, გია აფაქიძე, შოთა კომახიძე, ნიკა ერქომაიშვილი და სხვები, ყველანი პროფესიონალი ალპინისტები არიან. ნიკამ შვეულმფრენიდან გადახტომისას ფეხი იტკინა, მაგრამ მაინც აგრძელებდა მუშაობას. თუნდაც მფრინავები რად ღირს: შამილ ქორთოშიძე და დათო აბალოიძე, რომლებმაც უშბის ოპერაცია ჩაატარეს, უმაღლესი კლასის მფრინავები არიან.

მთას, თანაც უშბას, მთის მცოდნე კაცი სჭირდება, მაღალი კვალიფიკაციის ალპინისტები კი დაქსაქსული არიან. მათი სასწრაფო მოძებნა და ჯგუფის ორგანიზება შეუძლებელია. ესეც იმაზეა დამოკიდებული, მანქანა გყავს თუ არა, საწვავი თუ გაქვს. საგანგებო სიტუაციათა სამსახურს უნდა ჰქონდეს ეს საკითხი მოწესრიგებული. ელემენტარული ინფორმაცია მაინც უნდა ჰქონდეს პროფესიონალების ადგილსამყოფლის შესახებ, რომ მათთან დროულად დაკავშირება შევძლოთ.

- ბატონო შალვა, რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ ქართულ-ჰოლანდიური ჯგუფის მიერ დაგეგმილი ლაშქრობა?

- თუ ძალზე პრაგმატულად მივუდგებით ამ საკითხს, ჯგუფის მთაზე ასე ასვლა არ არის გამართლებული. მაგრამ მერაბის, ზაალისა და გელას მსგავს, მაღალი კვალიფიკაციის ალპინისტებს ხომ ვერ უბრძანებ სასათბურე პირობებში ყოფნას. ამ საკითხს ყველა თავად წყვეტს. შეიძლება სუბიექტური ვარ, მაგრამ რა ვქნა, მე მაინც ვერ ვამტყუნებ მათ. აქ გაიბა დამთხვევათა ჯაჭვი, რისგანაც საუკეთესოდ აღჭურვილი და დაცული ალპინისტებიც არ არიან დაზღვეული. მთაში ექსტრემალურ სიტუაციათა ალბათობა ძალზე დიდია. მერაბი რომ ჩანჩქერში არ მოხვედრილიყო...

ჰოლანდიელებს შეეძლოთ მეტი ეაქტიურათ. მათი წასვლა გამართლებულია მარტო ერთი მიზეზით - კავშირი რომ დაემყარებინათ ბართან. მაგრამ შემდეგ შეეძლოთ ისევ დაბრუნებულიყვნენ ბიჭებთან და დახმარებოდნენ მათ.

სამწუხაროდ, ჰოლანდიელები სხვა მენტალიტეტით აზროვნებენ ან კიდევ ეგონათ, რომ სამაშველო სამსახური მიხედავდა ბიჭებს.

ახლა მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, მერაბი და ზაალი გავიხსენოთ. მერაბი ჩვენი მომდევნო თაობა იყო, შესანიშნავი ქართველი, რომელიც მარტო ალპინისტებს კი არა, მთელ ერს დააკლდა. მე და ზაალი სიცოცხლის ბოლომდე ვმეგობრობდით. მრავალმხრივ განათლებული და საინტერესო პიროვნება იყო, რომელსაც უჩვეულო აზროვნებითა და ცხოვრების წესით ყველგან გამოარჩევდი. ერთ დროს, როდესაც ქუჩებში ნაგვის ურნები იშვიათობა გახდა, საფერფლით დადიოდა, სიგარეტის ნამწვავი ძირს რომ არ დაეგდო. ჩვენ ერთად ვიყავით სამაშველო სამსახურში “სანთელი”. ეს ერთადერთი ასეთი სამსახური იყო მაშინ. როდესაც სოხუმში ტრაგედია დატრიალდა და ხალხის ტალღა ჭუბერზე წამოვიდა, ჩვენ კარვები გვქონდა გაშლილი, სადაც ქალებსა და ბავშვებს ვაპურებდით. ახლაც თვალწინ მიდგას მოხუცი, დავარდნილი ქალი, რომელიც უმწეო ჩვილივით დაჰყავდა ზალიკოს. ჭუბერიდან დაბრუნების შემდეგ დიდხანს ცუდად იყო, უძილობა სჭირდა, ვერ ივიწყებდა ნანახს. მას ცხოვრების წესად ჰქონდა საზოგადო მოღვაწეობა.

დათო ჩანტლაძე: - ზაალი და მერაბი ძალიან ჰგავდნენ ერთმანეთს ხასიათით. ზალიკო მოწოდებით გმირი იყო, მერაბი მთასავით მშვიდი და ჯიუტი, უზომოდ მოსიყვარულე. მყინვარწვერზე ავდიოდით ხშირად. 1999 წელს ევერესტზეც ერთად ვიყავით. მთა ფანატიკურად უყვარდა. არც მიკვირს. მთა კაცური სიყვარულის აპოგეაა, კაცურ სიყვარულს ბარში ისე ვერ გამოხატავ, როგორც მთაში. იქ ერთი სიტყვით მოფერება კოშკების დადგმის ტოლფასია. იქ რომ მეგობარი გეტყვის, ღილი შეიკარი, არ გაცივდეო, ე. ი. გულით გეუბნება, გეფერება. მიგრძნია, დამინახავს, ღამით კარავში ბიძინა ან სხვები როგორ წამომდგარან, საბანი გაუსწორებიათ ჩვენთვის. ან ცდილობდნენ, უკეთეს ადგილზე დავეწვინეთ. თვითონ კი მთელი ღამე ცივ ლოდს ყოფილან მიყრდნობილი. რასაც ჩვენ, ალპინისტები, მთაში ვნახულობთ, იმას ვერასოდეს ნახავთ ბარში. სიყვარული დაგვატარებს მთებზე.

Wednesday, October 5, 2011

რეპორტაჟი სამშობიარო ბლოკიდან

კანი კანთან!..


დიდი ხანია მინდოდა რეპორტაჟი მომემზადებინა რომელიმე დახურულ კარს მიღმა. არ ვიცი, მეორედ რატომ ან სად გადავწყვეტ შეღწევას, ამჯერად კი არჩევანი სამშობიარო ბლოკზე გავაკეთე. ვიფიქრე, ურიგო არ უნდა ყოფილიყო თუ მკითხველის ყურადღებას ცოტა ხნით მაინც როგორმე მოვწყვეტდი აქტუალურ პოლიტიკურ პრობლემებს. ბებიამ იცოდა ხოლმე თქმა, - საქმეს ცოტა ხნით გულს თუ არ მოსწყვეტ, მიგიჩვევს და გონებას აგირევს, საღად განსჯისა და ქმედების უნარს დაგაკარგვინებს, თუნდაც ცოტა ხნით საფიქრალისგან დასვენებული კი მერე უცებ მოძებნი გამოსავალსო. ვფიქრობ, ურიგო არ უნდა იყოს მკითხველის ყურადღების იქ გადატანა, სადაც ახალი სიცოცხლე იბადება.

კარგა ხანი დამჭირდა, სამშობიარო ბლოკში რეპორტაჟის ჩასაწერად თანხმობა რომ მიმეღო. ბოლოს დ. უზნაძის ქუჩაზე მდებარე მეორე სამშობიარო სახლის ხელმძღვანელმა გიორგი თევდორაშვილმა მომცა უფლება, სამშობიარო ბლოკში შევსულიყავი.

მაშ ასე, 15 მაისი, პარასკევი, 13:05 საათია. მე უკვე სამშობიარო ბლოკის წინა ოთახში ვარ. მთავარი ბებიაქალი მანანა ხვედიაშვილი თეთრ ხალათს, ქუდს, პირბადეს და ფაჩუჩებს მაძლევს, რომ ბლოკში ქუჩის მტვერი არ შემყვეს. იქვე მოთავსებულ პალატაში ოთხი ქალი ყოველ წუთს ელოდება გადამწყვეტ მომენტს. მათგან ორი პირველად ხდება დედა, ორსაც უკვე გამოცდილი აქვს ჩვილთან პირველი შეხების ბედნიერება. მეხსიერებაში მრჩება დაღლილი სახეები და მუცელზე მიჭერილი მთრთოლავი ხელები. ბებიაქალი კითხულობს, - სად არიან თქვენი მეუღლეებიო... - ეშინია და მშობიარობას ვერ დაესწრება, ამბობს ერთი. - ჩემმაც ასე თქვა, შენს მშობიარობას ვერ გადავიტანო, - ეღიმება მეორეს. ირკვევა, რომ ცოლის განსაცდელის გაზიარებას მხოლოდ ქეთი ბოჭორიშვილის მეუღლე, ირაკლი ბენიძე აპირებს. ბებიაქალი განკარგულებას იძლევა, რომ ირაკლი ზემოთ ამოუშვან, ოღონდ მანამდე ქეთი საოპერაციო ბლოკში მიჰყავთ, საკეისრო კვეთა უნდა გაუკეთონ. უკვე ორი შვილი ჰყავს. ქეთი თავს მშვიდად გრძნობს, - «აქ მოსვლის წინ ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსმა მეუფე დანიელმა დაგვლოცა და მჯერა, ყველაფერი კარგად იქნება. თანაც, დღეს დედაჩემის დაბადების დღეც არის. მჯერა, რომ ახლა ის იმ ქვეყნიდან ლოცულობს ჩვენთვის», - გვეუბნება ქეთი და პალატიდან გასვლისას ხელს ღიმილით გვიქნევს.

ცოტა ხანში ბლოკიდან მეძახიან. - ოპერაციას წუთი წუთზე დავიწყებთ, - ამბობს ექიმი თამარ გელაძე და მალე სკალპელიც მუცელს ეხება. ჭრილობა პატარაა და მიკვირს, ბავშვი როგორ უნდა ამოიყვანონ, მაგრამ აზრზე მოსვლას ძლივს ვასწრებ, ისე სწრაფად ხდება ყველაფერი... ისმის უჩვეულოდ «საყვარელი» ხმა, დამოუკიდებლად ჰაერის ჩასუნთქვისთანავე ჩვილი გაბმით ტირის. პატარა ვაჟკაცი დაიბადა. ექიმი ამბობს, რომ ბიჭი ბომბორაა. ჩვილი უკვე ბებიაქალის ხელშია, ასუფთავებენ, ამშრალებენ და მყისვე ქუდს აფარებენ, ფაჩუჩებს და ხელთათმანებს აცმევენ, მერე თბილ სახვევში ახვევენ და სადღაც ელვის სისწრაფით მიჰყავთ, თან მეუბნებიან, რომ გავყვე. თუმცა, მანამდე მოულოდნელობისგან ვიბნევი და აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე. ბლოკის კარი იღება და ორსული თამარ შუკვანი თავისი ფეხით შემოდის. ძლივს ითქვამს სულს. მგონი იწყება, - თქვა თამარმა და ექიმის ხელებს მიენდო. ვიღაც მირჩევს, რომ აჯობებს, ახალშობილს და ბებიაქალს გავყვე, რათა დროულად მოვუსწრო მორიგი პატარის დაბადებას.

ბებიაქალი ერთ-ერთ პალატაში შედის და გაოცებისგან ვმუნჯდები. არავის უთქვამს, რომ მთელ ამ ბუნებრივ სცენარში მსგავსი ეპიზოდი უნდა ყოფილიყო. საწოლზე წელს ზევით შიშველი მამაკაცი წევს, ბებიაქალი სახვევს ხსნის და შიშველ ბავშვს მის მკერდზე აგორებს. მერე რაც მოხდა, იმ სცენის ზედმიწევნით გადმოცემა შეუძლებელია. ეს ახალგაზრდა კაცი ირაკლია, ქეთის მეუღლე. პალატაში ამოსვლამდე მისთვისაც სიურპრიზი ყოფილა, რომ შვილს გაჩენისთანავე ჩაახუტებდნენ. როგორც ბებიაქალი მიხსნის, «უსაფრთხო მშობიარობის» მეთოდიდან გამომდინარე, ეს პროცესი უკვე მთელ საქართველოში მკვიდრდება, - კანი კანთან, - ასე ჰქვია ახალშობილისა და მშობლების კონტაქტის ამ ფორმას. ეს არის არაჩვეულებრივი პროცედურა, ახალშობილს დაბადებისთანავე დედის ან მამის შიშველ კანზე ვაწვენთ, რომ მყისიერად შეეგუოს იმ ბაქტერიულ ფლორას, რომელსაც მისი მომავალი საცხოვრებელი გარემო ატარებს. შედეგად სწრაფად მუშავდება იმუნიტეტი ახალი გარემოსადმი და გამოირიცხება ინფექციები ახალშობილებში. ამასთან, ახალშობილები ცნობენ მშობლების სუნს, მათ მკერდზე უფრო მშვიდად არიან და თამამად ეგუებიან ახალ სამყაროს. როგორც კი დედის ან მამის სხეულს ვაშორებთ, ტირილს იწყებენ».

ახლა ირაკლი და პატარა ვაჟა, ორი საათი, სანამ დედიკო გამოფხიზლდება, ერთმანეთთან ჩახუტებულები იქნებიან.

ირაკლი ბენიძე: - უკვე მესამე შვილის მამა ვარ, მაგრამ დავიბენი. ახალშობილთან ასე ახლოს პირველად აღმოვჩნდი. როცა მკერდზე დამიწვინეს და ვიგრძენი მისი სითბო, შემეშინდა, რამე არ ვატკინო-მეთქი. წესიერად ვერც კი დავათვალიერე, ნეტავ ვის ჰგავს, მგონი ჩემი ცხვირი აქვს. როცა ტირის, რატომ ცახცახებს ნეტავ?

მე ისევ ბლოკში ვბრუნდები და კვლავ ვერ ვფარავ გაოცებას. ჩვილის დაბადებას სამედიცინო ბრიგადა ისე ელოდება, თითქოს პატარა უბრალოდ კულისებიდან უნდა გამოვიდეს. ქალი თვითონ მშობიარობს, ყოველგვარი დახმარებისა და წარსულში ცნობილი მაშებისა და სხვა იარაღების გარეშე. პატარა ანანო უდესიანიც იბადება... ძალიან უშინაარსო და მარტივი მეჩვენება საკეისრო კვეთა ფიზიოლოგიურ მშობიარობასთან შედარებით და მიკვირს, რატომ მოითხოვენ ქალები ოპერაციას, როდესაც ამის არანაირი აუცილებლობა არა აქვთ. მით უფრო დღეს, როდესაც უმტკივნეულო მშობიარობისთვის ყველა პირობა იქმნება. ექიმები ამბობენ, რომ ფიზიოლოგიური მშობიარობა კარგია ჩვილისთვისაც, რადგან იგი დაბადებისას სწავლობს ბრძოლას ცხოვრებასთან, საკეისრო კვეთით გაჩენილი კი სრულიად მოუმზადებელია ახალი სამყაროსთვის. სამწუხაროა, რომ ზოგჯერ დედებს საკუთარი ტკივილები უფრო აღელვებთ, ვიდრე თავიანთი პატარების ფსიქოლოგიური მდგომარეობა.

თამარს და ანანოს მალე მამამ მოაკითხა ბლოკში. ღელავს, სიტყვებს ძლივს უყრის თავს. თითქმის პატარა ბავშვივით ლუღლუღებს, არ იცის, სად წაიღოს ხელები, რომელიც ციცქნა ანანოსკენ მოსაფერებლად გაურბის. ესეც შენი ძლიერი სქესი, ვფიქრობ გულში.

სამშობიაროს დატოვებამდე ბენიძე-ბოჭორიშვილის წყვილს შევუარე. უკვე ქეთიც აწოვებდა ძუძუს თავის პატარას.

გარეთ ცხელოდა, თუმცა, სიცივე რომ ყოფილიყო, მე მაინც ვერ ვიგრძნობდი. მთელი ჩემი არსება დიდი სიყვარულით იყო გამთბარი, სიყვარულით ახალი სიცოცხლისადმი ან უბრალოდ, ახალი სიცოცხლის დაბადების გამო.

სანამ რეპორტაჟს მოვამზადებდი, ვფიქრობდი, რომ მასში მნიშვნელოვან ადგილს დემოგრაფიულ პრობლემებს და მის გამომწვევ მიზეზებსაც დავუთმობდი, მაგრამ გადავიფიქრე. აღარ მინდა, ლამაზი განწყობა პრობლემების დეტალიზაციით გავაუფერულო. ერთს კი ვიტყვი, უკრაინაში მცხოვრები ჩემი ერთ-ერთი ნათესავი (უკრაინის მოქალაქეა და ქმარი ეროვნებით უკრაინელი ჰყავს) ახლა მესამე ბავშვს აჩენს. პირველი შვილის გაჩენის შემდეგ სახელმწიფომ 5.000 დოლარი გადასცა, მეორე ბავშვის დაბადებისას - 8.000 დოლარი, მესამეზე 12.000 დოლარს გადასცემს. ამბობენ, რომ უკრაინის ხელისუფლების ასეთ ეროვნულ პოლიტიკას შობადობის ბუმი გამოუწვევია ქვეყანაში. როგორც ჩანს, ქართველებს ჯერ კიდევ კარგად არ გვაქვს გააზრებული საფრთხე. თუ არ გავმრავლდებით და ერი დაბერდება, ვისთვის გვინდა ეს ქვეყანა, ვისთვის ვქმნით მომავალს?!

“უკაცურ ეზოში ღმერთი იდგა და კოშკებში არ უშვებდა უცხოს”



შატილში ლამაზი დილა თენდება. ჯალაბაურების კოშკში კიდევ ერთი ღამე გავატარე. სარკმლებად გადაკეთებული სათოფურებიდან მზის სხივები იჭრებიან. ცა ლურჯი, კამკამა და თვალისმომჭრელია. ოთახში ხის სასიამოვნო სუნი დგას. აქ ყველაფერი ქვის ან ხისაა. ჭერი მორებით გაუმართავთ, იატაკიც ხის არის. მეორე და მესამე სართულების იატაკზე დაახლოებით 50 სმ-ის დიამეტრის ნახვრეტია დატოვებული შუაცეცხლის დასანთებად. აქ ყველაფერი კოშკის პატრონის ხელით არის გაკეთებული. მოგვიანებით, დავით ჯალაბაური მაჩვენებს სახელოსნოს, სადაც მთიდან ჩამოტანილ ხესა და ქვას ამუშავებს და კოშკს პირვანდელ და ამასთან, კომფორტულ სახეს აძლევს. ტურისტისთვის აქ ყველა პირობაა შექმნილი. ერთადერთი, რაც ვერ ესადაგება ძველებურ სტილს, კაფელიანი აბაზანა და ტუალეტია, მაგრამ ისეა შენიღბული, ტურისტს ეგზოტიკურობის განცდას ვერ უნელებს. სასტუმროდ გადაკეთებული კოშკები, ძირითადად, ერთნაირადაა მოწყობილი, მაგრამ თითოეულს მაინც თავისი პატრონის ხელწერა ეტყობა. დასანანია, რომ უსახსრობის გამო ზოგიერთი ჯერაც მოუწყობელია და მასპინძლის ნაცვლად იქ ჭინჭარი გეგებება. ჭინჭრის სიმრავლეზე ხუმრობენ ჭინჭარაულები, ეგ ჩვენი საგვარეულო მცენარეა და ხელშეუხებელიაო.

მინდა მცირეოდენი ინფორმაცია შევაგროვო იმ დიდ საგანძურზე, რითაც ასე მდიდარი და მიმზიდველია პირიქითა ხევსურეთი. რადგან უმეტესად ფეხით სიარული გვიწევს, მოკლე მარშრუტს ვადგენთ. ძირითადი დანიშნულების პუნქტებია ანატორის აკლდამები და მუცოს ციხესიმაგრეები.

პირველად ანატორისკენ ვიღებთ გეზს. შატილიდან სამ კილომეტრში უზარმაზარი კლდეები ისეა დაღარული, თითქოს ვეფხვს დაუტორია. აქედან იწყება მიღმა ხევის ხეობა. ხევსურეთში ლეგენდას ვეღარ იხსენებენ, მაგრამ ამბობენ, რომ სწორედ ვეფხვსა და მის ტორთან დაკავშირებული ამბის გამო დაერქვა ამ ადგილს ანატორი. ზოგის თქმით, წარმართულ ომის ღმერთს რქმევია ანატორი, მისი სამფლობელო ყოფილა ეს ადგილები.

უწინ აქ სიცოცხლე დუღდა. ახლა აკლდამები ჰყვებიან გარდასულ ამბებს. ოდესღაც უზარმაზარ სოფელში თურმე მხოლოდ სისაურები ცხოვრობდნენ. ძლიერი გვარი ყოფილა, მაგრამ ყოველთა მძლეს, სიკვდილს, ქოლერით კინაღამ გაუწყვეტია სისაურები.

მეგზურ გელა დაიაურთან ერთად უზარმაზარი ხევის პირზე, აკლდამებთან ჩავდივარ. სამი ქვის პირქუში შენობა ერთმანეთის გვერდით დგას. არც ერთ მათგანს არ აქვს კარი, მხოლოდ ცხაურიანი სარკმლიდან შეგიძლიათ თვალი შეავლოთ აკლდამების შიგთავსს. ყველგან ძვლებია, იატაკზეც და უზარმაზარ თაროებზეც, ადამიანთა ძვლები... მეგზური გულისმომკვლელ ამბავს მიყვება:




- სოფელს ჭირი რომ მოსდებია, ერთბაშად ბევრი ხალხი დაუხოცავს. შეშინებული მოსახლეობა თურმე გამოსავალს ეძებდა. მოუძებნიათ კიდეც, - როგორც კი დაავადების სიმპტომები გამოაჩნდებოდათ, უსიტყვოდ მიდიოდნენ აკლდამაში (განურჩევლად სქესისა და ასაკისა), კარს ქოლავდნენ, თაროზე წვებოდნენ და ასე ელოდნენ სიკვდილს. ამ აკლდამების, როგორც დაწყევლილი ადგილის ახლოს გავლას დიდი ხნის განმავლობაში ერიდებოდა ხალხი. მხოლოდ მეოცე საუკუნეში გაუბედავთ შიგ შესვლა გადამთიელ მძარცველებს. ისინი იმ სამკაულებსა და იარაღს ეძებდნენ, სიკვდილთან მებრძოლებს რომ ჰქონდათ თან. მერე ხევსურებსაც შეუხედავთ აკლდამების საფარველჩამოხსნილ სარკმლებში, “ქოლერის სამეფოში”. ერთ-ერთ აკლდამაში აკვანი და ზედ დაკიდებული ხელის ჩონჩხი უნახავთ. გადმოცემის თანახმად, საღ-სალამათი დედა ქოლერიანი ჩვილის აკვნიანად ჩაკეტილა აკლდამაში და დალოდებია ყოველთა მსახვრალს. ჩვენამდე ვეღარც მთელმა აკვანმა მოაღწია და ვერც ზედ დამკვდარი დედის ჩონჩხმა. მტვრად და ძვლების გროვად აქცია ყველაფერი ცხაურებიდან აკლდამებში მოთარეშე ქარმა.

ერთი ჩონჩხი სარკმელთან ყოფილა მიყუდებული, მისი ხელის მტევანი კარგა ხანს ყოფილა ცხაურზე შემოჭდობილი, ვინ იცის, როგორ ენანებოდა საწუთროსთან გამოთხოვება...
     
გულისმომკვლელია მეომრების ამბავიც. ერთ დღეს 60 ფარ-აბჯარასხმული მეომარი გასულა სოფლიდან. არა მომხდურთან შესახვედრად, არამედ სიკვდილთან ნებით ქედის მოსადრეკად. თურმე სიკვდილს ევედრებოდნენ, - ჩვენ გვიკმარე და ქალ-ბავშვს შეეშვიო. თურმე სოფლის გოდება ცას სწვდებოდა, როდესაც 60 დასნებოვნებულ ვაჟკაცს აკლდამაში ცოცხლად მარხავდნენ. სწორედ ეს აკლდამებია უტყვი მოწმე იმისა, რომ ხევსურს სიკვდილის არ ეშინია. ჩვენი წინაპრები შვილებს ასწავლიდნენ: ის კი არ არის მთავარი, რამდენ ხანს იცოცხლებ და როდის მოკვდები, არამედ იმაზე უნდა იფიქრო, როგორ მოკვდები, შენი სიკვდილიც კი სასარგებლო უნდა იყოს სხვებისთვისო. ალბათ, ამ შეგონებამ გააბედვინა ანატორელებსაც სიკვდილისთვის უშიშრად ჩაეხედათ თვალებში.

ახლა აღარც სისაურები ცხოვრობენ აქ და აღარც სოფელი არსებობს. ქოლერას გადარჩენილებს მიუტოვებიათ აქაურობა. სხვა კი აბა ვინ დასახლდებოდა იქ, სადაც მხოლოდ სიკვდილი ბატონობდა. არადა, ეს იყო სოფელი, რომელიც პირველ დარტყმას იღებდა ხეობაში შემოსული ჩეჩნებისგან. სისაურები მამაცი მებრძოლები ყოფილან. მტერს მუდამ ვაჟკაცურად ხვდებოდნენ და ხშირად დამხმარე ძალის მოშველიებამდე უკუაგდებდნენ ხოლმე.


ტურისტებს აინტერესებთ ანატორის ამბები, ამიტომაც ამ ადგილებში მრავლად ნახავთ მათ. კარგი იქნებოდა, ტრაფარეტი დაედგათ აკლდამებთან, რომელზეც მოკლედ იქნებოდა მოთხრობილი ანატორელების ტრაგედია. უცხოელები გაკვირვებული ათვალიერებენ აკლდამებს და კითხვით სავსე თვალებით ხმის გამცემს ეძებენ, მაგრამ...

სხვათა შორის, ხევსურეთში ასეთი აკლდამები გიორგწმინდასთანაც არის, საგინას ციხის ზედა მხარეს. ასეთივე ნაგებობები გვხვდება არდოტსა და მუცოშიც...

მუცოსკენ მივდივართ. გზად თორღვას ციხე გვხვდება, მუცოს ციხესიმაგრეთა შემადგენელი ნაწილი. კლდის ქარაფზე დგას ცისკენ ამაყად აღმართული. ასე გგონია, ღრუბლებს დაჰყურებს ზემოდან. მუცოც გამოჩნდა, დაუმარცხებელი ციხესიმაგრე. კონსტანტინე გამსახურდიას უთქვამს, თუ შეიძლებოდა სინამდვილეში ეარსება ქაჯეთის ციხეს, იგი აუცილებლად მუცო იქნებოდაო. საუკუნეთა განმავლობაში დაუმარცხებელი ციხესიმაგრე ახლა მხოლოდ შორიდან მოჩანს ზვიადი და ულამაზესი. ახლოდან შესაბრალისი სანახავია სახურავგადახდილი და კედლებმორღვეული 30-ამდე კოშკი. მხოლოდ ერთი ციხეა შედარებით უკეთ შემონახული. ჩემი მეგზური მიხსნის, რომ ეს დაიაურების საგვარეულო კოშკია. უკეთ არის შემონახული თორღვას ციხეც. ფაქტობრივად, მხოლოდ გადახურვა სჭირდება. სხვა კოშკები კი საფუძვლიანად შესაკეთებელია.

“ოთხი წლის წინ “TBC ბანკისა” და სამშენებლო კომპანია “არსის” ინიციატივით კოშკები დაათვალიერეს და გაზომეს კიდეც. გვეგონა, დაიწყებოდა რესტავრაციაც, მაგრამ მუცო ისევ მიავიწყდა ყველას. არადა, ყოველ წელს ინგრევა და ქრება ის, რითაც ნებისმიერი ერი იამაყებდა”, - დანანებით ამბობს გელა დაიაური.

კიდევ უფრო გულდამძიმებულები ვეშვებით დაბლა, მუცოს ჭალაში. როგორც გელა მიხსნის, ეს ადგილები ახლა შატილიონების საკუთრებაა, აქ საქონელს აძოვებენ. მუცოელები სიშორის გამო ვერ სარგებლობდნენ თურმე ჭალით და ოდესღაც ერთ საქალამნე ტყავში გაუცვლიათ მეზობლებისთვის უზარმაზარი ტერიტორია. აქ მიწების გაცვლა-გამოცვლა მხოლოდ ერთმანეთში მოდის. სხვას, თუნდაც ქართველს, მიწას არავინ მისცემს. აღარაფერს ვამბობთ კოშკებზე.

გელა ხუმრობის ხასიათზე დგება: “ჩემს შატილიონ ძმადნაფიც დავით ჯალაბაურს კარგა ხანია ვეხვეწები, ხუთ საქალამნე ტყავს მოგცემ, ოღონდ მიწა დამიბრუნე-მეთქი. ორი ვაჩუქე კიდეც, მაგრამ რად გინდა, ჭალას არ თმობს”. გვეცინება. ასე ვცდილობთ ავი ფიქრების გაფანტვას.

ახლომახლო სოფლებში თითქმის აღარავინ ცხოვრობს. სოფელ ხანიის ძირშიღა შემორჩენილა სამი ოჯახი.

გზას ენარში მივუყვებით, მესაზღვრეებისკენ. ისე, გზა მხოლოდ ჭალამდე ეთქმის. სასაზღვრო პოსტზე საცალფეხო ბილიკით უნდა ახვიდე მთის ციცაბო ფლატეზე. აქედან კიდევ უფრო შთამბეჭდავი ჩანს მუცო. მის გვერდით კი გასაცოდავებულად გამოიყურება მესაზღვრეების კარვები (ამ დროში ნუთუ კიდევ კარვები უნდა იდგეს სასაზღვრო პოსტებზე? - ავტ.). მესაზღვრეები მანუგეშებენ, მალე კაპიტალურ შენობას აგვიშენებენ და აუცილებლად გვეწვიეთო. აქაურების იუმორი მხიბლავს. სხვათა შორის, ყველა მესაზღვრე აქაურია. ზოგიერთს ცოლ-შვილი კი ჰყავს ბარში, მაგრამ თვითონ ვერ შელევია აქაურობას და ამიტომაც დაუწყია სასაზღვრო სამსახურში მუშაობა. ამბობენ, ეგ ხომ ჩვენი მემკვიდრეობითი პროფესიაა, განა სულ მესაზღვრეები არ ვიყავითო. ბევრი მათგანი ლექსებსაც წერს. გასაკვირი არც არის. ასეთი წალკოტის მცველი რომ იქნები, მუზა როგორ მოგასვენებს. ვატყობ, ხევსური მესაზღვრეები კაფიებით შეყოლიებას მიპირებენ და ცდილობენ, პრობლემებზე არაფერი ვკითხო, არადა, ერთი სული მაქვს, გავიგო, რითი თბებიან ზამთარში. საუბარში მესაზღვრეების უფროსს ზურა ზვიადაურს “ვითრევ”:

- ეს საქართველო-რუსეთის საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთია. მას მეექვსე რეგიონული სამმართველოს პირველი სექტორი აკონტროლებს. სულ 15-კაციანი შემადგენლობა გვყავს, 12-კილომეტრიან მონაკვეთს ვაკონტროლებთ.

ზამთარში კარავში ღუმელი მუდმივად გვინთია, ღამის გუშაგი ზრუნავს ამაზე. მალე კაპიტალური შენობა გვექნება. ვერ გეტყვით, რომ ძალიან გაწვალებული ვართ საყოფაცხოვრებო პრობლემებით. წყალი გვაქვს, შეშაც, ისე კი, საყოფაცხოვრებო პრობლემებზე ფიქრი რა მესაზღვრისა და თანაც, ხევსურის საქმეა.

რაც მთავარია, ხშირად გვყავს ხოლმე კარგი სტუმრები, მათ შორის, თქვენი მეგზური გელა დაიაური. აი, ჩვენი მესაზღვრე ტრისტან არაბულიც მასავით კარგ ლექსებს წერს. პოეზიის საღამოებს ვმართავთ ხშირად (ეღიმება. მოგვიანებით ვიგებ, რომ ზვიადაური თავადაც წერს ლექსებს. - ავტ.).

- კარგია, რომ საყოფაცხოვრებო პირობებს არ უჩივით, მაგრამ იქნებ სხვა სატკივარი გაქვთ?

- სატკივარი ოცნებად გვექცა. გვინდა ამ კუთხეს მოხედონ. შეიძლება ხვალ-ზეგ აქ მხოლოდ ჯარი დარჩეს. წელიწადი ისე არ გავა, რომ ოთხი-ხუთი ოჯახი არ გადასახლდეს ბარში. ოქტომბერი დადგება თუ არა, კაციშვილი აღარ ჩანს ხეობაში. არადა, რა ქნას ხალხმაც.

ბართან ერთადერთი კავშირის საშუალებად ზამთარში ჩვენ ვრჩებით. ავად რომ გახდეს ვინმე, მისმა პატრონმა ჩვენამდე უნდა მოაღწიოს როგორმე, რომ რაციით ვუხმოთ მაშველს. აქამდე მოსვლა არ გინდა? ხალხს ზაფხულში უჭირს ამოსვლა და ზამთარში რა იქნება...

საუბარში სოსო ზვიადაური ერთვება: - სოფლები დაიცლება და მიწებსაც დავკარგავთ. ფიჭვნისში ხალხი რომ ყოფილიყო, რუსი საზღვარს ვერ გადმოსწევდა. ახლა სასაზღვრო სოფელი არჭილოც დაიცალა. ჩვენღა ვაკითხავთ ხოლმე დაცარიელებულ სახლებს. ვშიშობთ, ვაითუ მტერი ჩამოვიდეს და ჩაგვისახლდეს. გასათენებელი არ დახვდება თუ სახლი ექნება ასაშენებელი. ააგიზგიზებს ცეცხლს კერაზე და უმტკიცე მერე, რომ აქ არ უცხოვრია.

P.S.. მესაზღვრეებიდან შატილისკენ გამოვეშურეთ. იქნებ პოეტ მცველებთან სტუმრობის ბრალი იყო, რომ ლექსად ამეკვიატა ტკივილიანი ფიქრი: “ბარში ზეობდა ლამაზი ჯიში, / მარტოს მოეწყინა მთაში მუცოს, / უკაცურ ეზოში ღმერთი იდგა / და კოშკებში არ უშვებდა უცხოს”...

Tuesday, October 4, 2011

ღიმილის მომგვრელი ადამიანი


“პალიტრა ტვ” – ზე გასულ სიუჟეტს კულტურის სამინისტროს წინ მოქალაქეების დაპირისპირების შესახებ ხმაური მოჰყვა. ინციდენტის ერთ-ერთმა მონაწილემ ზაზა სვანაძემ მედიასახლ "პალიტრასთან" საპროტესტო აქცია გამართა. სვანაძე აცხადებს, რომ მისთვის მიუღებელია სიუჟეტის დასათაურება “ხელჩართული ბრძოლა კულტურის სამინისტროსთან”, ის მიიჩნევს, რომ კულტურის სამინისტროს წინ ხელჩართული ბრძოლა კი არა, მცირე ინციდენტი მოხდა. ზაზა სვანაძე ცდილობდა დაეფიქსირებინა თავისი აზრი საქართველოში რუსეთის მიმართ ქსენოფობიური გამოხდომების შესახებ. სვანაძემ კულტურის სამინისტროს შესასვლელ კარზე განცხადებები გააკრა პროტესტის მიზნით. რაც ქუჩაში შემთხვევით მიმავალმა მოქალაქე ომა მაღლაქველიძემ არ მოუწონა და ფიზიკურად დაუპირისპირდა.
სვანაძემ მედიასახლის ოფისთან იმპროვიზირებული საპროტესტო აქციის გამართვა სცადა. ვანო მერაბიშვილის, გურამ დონაძის, ერეკლე კოდუას, გიორგი თარგამაძის ფოტოებით მივიდა, რომლებზეც იყო წარწერა - "თავისუფალი მედიის სადარაჯოზე". ასევე მიიტანა გვირგვინი, რომელიც, მისი განმარტებით, გარდაცვლილი მედიის სიმბოლოს გამოხატავს.
სვანაძის აქტიურიობის დაწყებიდან ძალიან მალე მედიასახლთან გამოჩნდა კულტურის სამინისტროს ინციდენტის კიდევ ერთი მთავარი გმირი ომარ მაღლაქველიძე, მათ შორის მცირე შელაპარაკება "მედიაპალიტრის" ოფისთანაც მოხდა, თუმცა მალევე ინციდენტის მონაწილეებმა ტერიტორია ერთად, ერთი ტაქსით დატოვეს. მაღლაქველიძის წასვლამდე მოვახერხეთ მისი საკონტაქტო ტელეფონის ნომრის ჩაწერა. მოგვიანებით მას დავურეკეთ და ვთხოვეთ რედაქციაში სასაუბროდ გვწვეოდა, რათა გაგვერკვია ვინ არის ეს უცნაური, მხრებზე ამერიკის დროშა შემოხვეული ასაკოვანი მამაკაცი, რომელიც გამვლელებს ხშირად ხვდება თვალში.
თეთრ წვერიანი მოხუცი გამოგვიტყდა, რომ ოცნებობს, ყველა ქართველი მასზე ბედნიერი იყოს, “ოღონდ ერს ნუ დააგლახავებს გამჩენი და მე, რაც უნდა ის დამმართოსო.” იცის, რომ უცნაურია, ექსცენტრული და ფიცხი. ამიტომაც, თავის თავს “ჭკვიან გიჟს” ეძახის. ფიქრობს, რომ ნიჭიერიც არის. ამაში ჩვენც დავრწმუნდით, როდესაც მედიასახლის რამდენიმე წარმომადგენელს პერსონალურად უძღვნა ლექსები. თურმე დიდი ხანია პოეზიის “ჭია ხრავს”. თავისი ნიჭის შო-პროგრამა ”ნიჭიერში” გახმაურებაც უცდია, მაგრამ... მიიჩნევს, რომ იქ მასზე ნიჭიერები დახვდა.
აცხადებს, რომ საქართველოს სიყვარულში მიმბაძველი არ ჰყავს?! ამ უზომო სიყვარულის გამო კი ხშირად თურმე გაუგებრობებში ხდება. თუნდაც ისეთ გაუგებრობაში, რომელიც ახლახან გადახდა თავს კულტურის სამინისტროს შენობის წინ ზაზა სვანაძესთან დაპირისპირების დროს.
ყველა ადამიანი უყვარს, ისინიც კი, ვისაც ნებსით ან უნებლიეთ შესაძლოა დაუპირისპირდეს და ასევე უნებლიეთ პანჩურიც კი უთავაზოს.
ძალიან არ მიყვარს რუსეთი. მიზეზიც ჰქონია. თავის დროზე რუსებმა სრულიად უმიზეზოდ (როგორც თვითონ ამბობს) ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, საგიჟეთში უკრეს თავი.
წარმოშობით სოფელ კურსებიდან არის. იქ დედა ჰყავს, ას წელს მიტანებული. უკვე 97 წლის გახდაო. თვითონ 69 წლის არის.
ომარ მაღლაქველიძე _ ”დედა ძალიან მოხუცია. წესით, მეც მოხუცი ვარ, მაგრამ თავს მხნედ ვგრძნობ და სიბერეს ჯერაც არ ვაპირებ.
_ რუსები რამ შეგაძულათ?
_ ჯარში ყოფნის დროს ცუდი ამბები დამმართეს. არ მომწონდა რუსეთის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, 1964 წლის ამბებს მოგითხრობთ. რუსებს ვუკიჟინებდი, რომ მათ არასწორი დამოკიდებულება ჰქონდათ ჩვენს მიმართ და ვუმტკიცებდი, რომ დადგება დრო, როდესაც ჩვენი, ქართველების გადასარჩენი გახდებიან. ეს დრო ჯერ არ დამდგარა, მაგრამ მალე დადგება. არც იმის თქმა მავიწყდებოდა, რომ სტალინმა დააყენა ეგენი ფეხზე. ჩვენს მეტი პატრონი არ გყავთ-მეთქი. მწარდებოდნენ ჩემი ასეთი დამოკიდებულების გამო. ამიტომაც ჯერ ყაზარმაში დამაწვინეს ვითომ ფილტვების ანათებით, მერე ჰოსპიტალში და ბოლოს თავი მიკრეს კაუნასში საგიჟეთში. საბედნიეროდ, იქ დიდხანს არ მომიწია ყოფნმა, ჩემი ძალათი ”გაგიჟებიდან” ათ დღეში ხრუშოვი გადააყენეს და მეც დამასაჩუქრეს თავისუფლებით. მახსოვს, პოლკოვნიკი მოვიდა, ყვიროდა, გამოდი მაღლაქველიძე, სასწრაფოდ უნდა წაგიყვანოთ სამხედრო ნაწილშიო. ავხედ-დავხედე, შენც გაგაგიჟეს, თუ რა ხდება, აქ რა გინდა - მეთქი? ხრუშოვი გადადგა, მგონი შენმა წყევლამ უწია და ახლა საბჭოთა კავშირიც რომ არ დაანგრიო შენი წყევლა-კრულვით, გათავისუფლებთო, ან მეხუმრებოდა, ან ეშინოდა მართლა.
გარეთ, გამოსასვლელთან დამხვდა მანაქანა, რომელზეც ჯარში ვმუშაობდი მძღოლად. ხრუშოვის ფოტო გამოებათ უკან, უზარმაზარ ჩარჩოში იყო ჩასმული. როგორც ჩანს, ბოლომდე სჯეროდათ, რომ გიჟი ვიყავი და ეს ”სათამაშოც” იმიტომ დამახვედრეს. ეგონათ ვათრევდი სურათს მანქანაზე გამობმულს. მე კი გავწმინდე და იქვე მივაყუდე, ეს თქვენია, თქვენ მიხედეთ, ჩვენ რუსების არაფერი არ გვჭირდება, მით უფრო ხრუშოვისნაირები - მეთქი.
_ შემდეგ როგორ განვითარდა თქვენი ცხოვრება, ოჯახის შესახებ გვიამბეთ.
_ ვის ეცალა ოჯახისთვის. დღემდე უცოლო ვარ, მაგრამ ძალიან მიყვარს ქალები და ამერიკულად რომაა, გერლფრენდი სულ მყავდა და მყავს.
_ რით იყავით დაკავებული მთელი ცხოვრება, რატომ ვერ მოიცალეთ ოჯახისთვის?
_ საქართველო იყო ჩემი საფიქრალი, სადაც კი ვმუშაობდი, ყველგან გამოვდიოდი პარტიულ კრებებზე და მოვითხოვდი, რომ ქართული კონსტიტუცია მიგვეღო და საქართველოში ქართული ენა გამოცხადებულიყო სახელმწიფო ენად, მაგრამ მედავებოდნენ, საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენელი ნაწილია და აქ მხოლოდ რუსული უნდა იყოს სახელმწიფო ენაო.
ეჰ, მერე აღსრულდა ჩემი წინასწარმეტყველება და მართლა დაინგრა საბჭოთა კავშირი, მაგრამ კინაღამ მიჰყვა ეს ჩემი საყვარელი ქვეყნააც. გახსენებაც აღარ მინდა თბილსის ომის და სამოქალაქო დაპირისპირების. დავრბოდი ორივე მხარეს შორის და ვეხვეწებოდი ყველას, შერიგდით, რას ხოცავთ ერთმანეთს-მეთქი. ვინ მისმინა, ბევრჯერაც, შემდგომში ცნობილმა გენერლებმა მომიშვირეს თოფის ლულა, დაიკარგე აქედანო. მიმაჩნია, რომ მაშინ საზოგადოება კი არა, ზოოპარკი იყო საქართველოში, ოღონდ ვოლიერებიდან იყვნენ გამოქცეული მხეცები. 


_ აფხაზეთის ომში იყავით?
_ არა, რა მინდოდა იმ ომში. ყველას ვეხვეწებოდი, ვთქვათ, რომ რუსეთს ვებრძვით-მეთქი. არაო, აფხაზებს ვებრძვითო. ვის გაუგია აფხაზებთთან ბრძოლა, რა გვაქვს საომარი, ძმასთან ომით კი არა სიტყვით და გულით უნდა მოვაგვაროთ საქმე-მეთქი. ვინ მისმინა. ამიტომაც მე რახან ვერავის ვესროდი ტყვიას. წავედი სოფელში, ვიყიდე ძროხები და იმათ ვწყემსავდი.
_ დღეს რას საქმიანობთ?
_ არაფერს. ვერაფერს. სად არის საქმე, რომ მე დავკავდე. ღატაკთა კატეგორიაში ვირიცხები და დახმარებას ვიღებ. ჩემს სახლში თითქმის არაფერი არ დგას. ტელევიზორი მე არ მაქვს და მაცივარი. მხოლოდ წიგნები და რვეულები ყრია იატკაზე. ვარსებობ პენსიით, დიახ, კი არ ვცხოვრობ, ვარსებობ. აი, დედაჩემს კი მოუხსნა მთავრობამ სიღარიბის დახმარება. მდიდარი ხარო, ტელევიზორი გაქვსო. მეზობლებმა აჩუქეს.
_ თქვენს ბოლოდროინდელ ინციდენტს დავუბრუნდეთ. რატომ დაუპირისპირდით რამდენიმე დღის წინ კულტურის სამინისტროს წინ ზაზა სვანაძეს?
_ არ დავპიორისპირებივარ. საქმე იმაშია, რომ ძალიან მიყვარს იმ უბანში სირული, განსაკუთრებით წმინდანების, ანუ მეტეხის ხიდზე. საერთოდაც ფეხით სიარული მიყვარს. ახალი გზები რომ გააკეთეს, სულ ფეხით მაქვს შემოვლილი. მოკლედ, იმ დღესაც მივდიოდი ჩემთვის და ვხედავ ეს ზაზა აკეთებს განცხადებას, რუსოფობიაზე საქართველოს ადანაშაულებს. ამივარდა ტვინში, რუსებს ჩვენ ვჩაგრავთ თქო? გადავირიე. ამიტომაც გავჩერდი იქ, ძალიან ავღელდი.
_ როგორ ფიქრობთ, გამართლებული იქნება, თუ რუსულ სიმღერებს და ლიტერატურას აკრძლავენ?
_ ვინ კრძალავს? არავის არაფერს არ ვუკრძალვთ, სამწუხაროდ, მეტიც, ფეხქვეშ ვეგებით ყველას და მათ შორის რუსსაც. ამაზე ლექსებიც მაქვს დაწერილი.
მაგ ზაზას ხმას არ გავცემდი, მაგრამ გიჟი მიწოდა. კი ბტონო, ვიყავი საგიჟეთში, მაგრამ არ ვარ გიჟი. ცდილობდა გავეტყუებინე სადმე და ისე მომრეოდა.
_ აქ როგორ გაჩნდით ერთდროულად ჩვენს რედაქციაში?
_ დიდი ხანია ვეძებ ჟურნალისტებს “ასავალ დასავალში.” ხოდა დღეს გადავწყვიტე ძენა. არასწორად მომასწავლეს და მოვედი ”კვირის პალიტრაში”. აქაც რას ვხედავ, ეს ზაზა არ დამხვდა?! ვეუბნები, მითხარი რაზე ვებრძოლოთ ამ ხელისუფლებას, ოოღნდ აზრიანად მითხარი და ვიბრძოლოთ-მეთქი, მაგრამ მაგან არ იცის რაზე უნდა იბრძოლოს. კიდევ იბოთავებს ეგ რაღაცას და მერე არ ვიცი რას გამომტყუებს.
ხელისუფლება რომ არ ვარაგა და უკეთესი რომ მინდა, ეგ მასწავლის?!
_ თუ ასე გაბრაზებული ხართ, ტაქსით როგორღა წაყევით?
_ დამიწყო შერიგების მცდელობა, ჩვენ ერთნი ვართ, ერთი სატკივარი გვაქვსო. ასავალ-დასავლაში მივყავდი. როცა გაიგო, რომ იქ მისვლა მინდოდა. ფულიც კი შემომაძლია მერე, რომ ეთქვა, მათხოვარიაო. ასეთი იმიჯი უნდა შემიქნას, გიჟის და მათხოვრის, რახან ამერიკული დროშით დავდივარ. არადა, ამერიკელებს პურის ფული არ ჰქონდათ გუშინ და მე გადავუხადე.  
_ დროშა რატომ გაქვთ შემოხვეული?
_ დიდი დატვირთვა აქვს. კულახმეტოვს, სამშვიდობოების სარდალი რომ იყო, იმას დავპირდი, სანამ თქვენი ჯარი არ გაიძირკვება საქართველოდან ამერიკულ დროშას ვატარებ-მეთქი. ავტოგრაფი ვთხოვე ერთხელ და არ მომცა. აგვისტოს ომი რომ დაიწყო, მაშინ მუხლისჩოქა ვიდექი და ვყიროდი, ეს არის მახე და არ შეხვიდეთ სამაჩაბლოში-მეთქი. ვინ დამიჯერა. ვიხვეწებოდი, გამიშვით ფრონტის ხაზზე, ვიქნები მომრიგებელი, თუ მომკლავენ, ჯანდაბას მოხუცი ვარ და იქნებ ერთი კაცი მაინც გადავარჩინო-მეთქი. ვინ გამიშვა?!
_ კარგი, სვანაძესთან შერგებას აპირებთ თუ არა?
_ რუსეთი არ მიხსენოს და შევურიგდები. ყველგან უნდა ვიძახოთ რუსი ოკუპანტები და მაგათ არ უნდა მივეფეროთ. სადაც დავინახავ მიტინგს, ყველგან მივდივარ და გავყვირი, წავიდნენ რუსი ოკუპანტები, შეგვეშვან!

Tuesday, September 27, 2011

გზა ხევსურეთისკენ (გაგრძელება)

შატილი



ეს გზა ისეთი შორია...”

“წინათ იარაღით მომხდურთ ვაჟკაცურად ვუსწორდებოდით, ჩვენი მიწა არასდროს დაგვითმია სხვისთვის. ახლა ფულით შეიარაღებულებს სურთ აქაურობის აღება, თანაც, სანამ მოგვხდომიან, ლაჩრულად ჩვენს სისუსტეზე ლაპარაკობენ, - შატილიონებს მემკვიდრეობის შენახვის თავი აღარ აქვთ, ცოტანი დარჩნენ, ციხე-კოშკებს ვეღარ უვლიანო. სიცრუეა ეს! ვიღაც ქართველების მოტყუებას ცდილობს. მერე რა, თუ ცოტანი დავრჩით. სიმცირის გამო ბევრჯერ ვყოფილვართ ბეწვის ხიდზე, მაგრამ...” - მეუბნება შატილელი მეგზური დავით ჯალაბაური და ციხე-კოშკებისკენ მიმიძღვება.

ხევსურეთში მოსახლეობის სიმცირეს ობიექტური მიზეზი აქვს. გასული საუკუნის 50-იან წლებში კომუნისტებმა ამ რეგიონში კოლექტივიზაცია რომ ვერაფრით დაამკვიდრეს, ხელი მოუსვეს ხევსურებს და ბარში, ნახევრად უდაბნოში ჩაასახლეს. ასე დააცარიელეს და ხერხემალი გადაუმტვრიეს პირიქითა ხევსურეთს. სიცოცხლის ბოლომდე ამ მთებსა და ციხე-კოშკებზე ოცნებობდნენ ხევსურები, ბევრიც ბარის ჰაერს ვერ შეეგუა და დასნეულდა. მათი შთამომავლებიდან დღეს ბევრს წარმოდგენაც კი არ აქვს ხევსურეთის ულამაზეს სანახებსა და მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობაზე. ახლა მათთვის მშობლიური ის მხარეა, სადაც დაიბადნენ და გაიზარდნენ. ხევსურეთში შემორჩენილებს რომ ჰკითხოთ, ასე წინაპართა სისხლით მორწყულ მიწასთან კავშირი გაწყდა და ამიტომაც დარჩა ზოგიერთი კოშკი უპატრონოდ (დღეს მათ თემი პატრონობს). მოგვიანებით იძულებით გადასახლებულთაგან ბევრმა არა, მაგრამ შატილიონთა ერთმა ნაწილმა მაინც შეძლო დაბრუნება, მაგრამ ბარში შედარებით იოლ ცხოვრებას მიჩვეულმა ზოგმა ხევსურმა ვერ გაუძლო მთის მკაცრ პირობებს და ამჯერად ნებით აქცია პირი მთებს. მაგრამ არა სამუდამოდ, - ზაფხულობით შატილში ისევ ხმაურობენ ხევსურები. ახლა აქ თანამედროვე დიზაინით აგებულ სახლებსაც ნახავთ, ძველებურ ქვის საცხოვრებლებსაც, ბინებად გადაკეთებულ ვაგონებსაც და ხის კოტეჯებსაც. ზოგიერთს ტურისტების დასაბინავებლად იყენებენ, აქირავებენ.

მართლაც, ყველამ ერთად უნდა იფიქროს ამ მხარის აღორძინებაზე, თორემ შატილში მხოლოდ ზაფხულობით ასვლა აქაურობას ვერაფერში წაადგება. აი, ჩემი მეგზური, დავით ჯალაბაური არსად აპირებს წასვლას და ხევსურისთვის ჩვეული სიდინჯით მეუბნება: “მეც იმავე ხერხით დავიცავ აქაურობას, რითაც დღევანდელი მტერი აპირებს ბრძოლას. ჩვენ ვიცით, როგორ ავაღორძინოთ ხევსურეთის ერთადერთი გადამრჩენი ტურისტული ბიზნესი. ვისაც ეჭვი ეპარება, ამოვიდეს, ნახოს, რას ვაკეთებთ და თუ არ დაგვეხმარება, ხელს მაინც ნუ შეგვიშლის”.

საუკუნეთა განმავლობაში საქართველოს მეციხოვნე შატილიონებს დღეს ყველაზე საშიშად ქვეყნის ხელისუფლების ის წარმომადგენლები მიაჩნიათ, ვისი აზრითაც საქართველოს გადარჩენის ერთადერთი გზა მიწებისა და უძრავი ქონების ნაკუწ-ნაკუწ გაყიდვა-გაიჯარებაა. სახელმწიფომ პირიქითა ხევსურეთის დასახმარებლად ხელიც რომ არ გაანძრიოს, რთული ეკონომიკური მდგომარეობიდან ხევსურებს თავადაც შეუძლიათ თავის დაძვრენა. იქნებ შატილიონების ოპტიმიზმი სასაცილოდაც არ ეყოს მას, ვინც მხოლოდ ტურისტად ესტუმრება ამ მხარეს. არადა, საქმე ცუდად ნამდვილად არ მიდის. მართალია, შატილში დღეს თითზე ჩამოსათვლელი ოჯახებიღა ცხოვრობენ, მაგრამ თითქმის ყველა ძალ-ღონეს არ იშურებს ტურისტული ბიზნესის განსავითარებლად. ამაში დასარწმუნებლად კი სასტუმროებად გადაკეთებული კოშკების დათვალიერება და საქმიან შატილიონებთან გასაუბრებაც კმარა. დასანანია, რომ ხელისუფლების ზოგიერთ წევრსა და საზოგადოების ერთ ნაწილსაც დრომოჭმულ აზროვნებად მიაჩნიათ ხევსურების განცხადება, ჩვენს მხარეში ინვესტორის ადგილი არ არისო. არც კი ცდილობენ ხევსურებს მოუსმინონ და მათი “ახირების” მიზეზი გაიგონ. არადა, მიზეზი მართლაც რომ საგულისხმოა. თუმცა, მის ახსნამდე მცირე ექსკურსს გავაკეთებ.

გერმანიაში, მიუნხენის შემოგარენში, ნოიშვანშტაინში, ბავარიის მეფე ლუდვიგ მეორის ულამაზესი და გრანდიოზული, ახლა მუზეუმად გადაკეთებული კოშკი დგას, სადაც ტურისტთა ნაკადი არ წყდება. მათ მასპინძლობს გიდი, რომელსაც არასდროს ავიწყდება იმის თქმა, რომ ბავარიის მეფე ცოცხალი რომ ყოფილიყო, არ მოეწონებოდა მის კოშკში ამდენი ხალხის ტრიალი, რადგან სახლის სიწმინდეს ბღალავს დაუპატიჟებელი სტუმართმრავლობა. ამიტომაც არა მარტო გერმანიაში, ევროპის სხვა ქვეყნებშიც, ტურისტს ცხვირსაც არავინ შეაყოფინებს იმ უძველეს სასახლეებსა და ციხე-კოშკებში, რომლებიც დღევანდელ მათ პატრონებს მემკვიდრეობით ერგოთ. ტურისტს ამ ღირსშესანიშნაობათა დათვალიერების პატივი მხოლოდ მასპინძლის ნებართვით შეიძლება ერგოს. შატილიონებიც სწორედ ისევე ფიქრობენ, როგორც უძველესი ევროპელი არისტოკრატები. მათი აზრით, მიუღებელია სტუმრის ყველგან და ყოველთვის შეშვება. მით უფრო მიუღებელია ინვესტორის პარპაში იმ მიწაზე, სადაც ყოველ ნაბიჯზე უძველესი სალოცავებია და ხალხისთვის სავალად ორი გზა არსებობს, - სადიაცო და სამამაკაცო. აქ ქალი თავის სავალ გზაზე, სადიაცოზე დადის და არასდროს ავიწყდება, რომ წესი წესია. იქნებ მავანს სწორედ ეს ადათ-წესები ეჩვენება დრომოჭმულად, მაგრამ სწორედ მისმა დამცველმა საზოგადოებამ შექმნა უნიკალური ხევსურული კულტურა.

ტურისტებს წარმოდგენაც არ აქვთ ამ გზებისა და წმინდა მიწების მნიშვნელობაზე და ქალი თუ კაცი თავის ჭკუაზე დახეტიალებს. აქ ტურისტულ ბიზნესს ხომ ჯერჯერობით არაორგანიზებული ხასიათი აქვს. კოშკების დასათვალიერებლად მისულ ტურისტს მცველიც აღარ ხვდება, ათეული წლების განმავლობაში არსებული ეს შტატი სახელმწიფოს მხოლოდ იმიტომ გაუუქმებია, რომ თურმე დიდი ხარჯი სჭირდებოდა. არადა, კოშკების მცველის თვიური ხელფასი მხოლოდ 12 ლარს შეადგენდა. რა ისეთ ხარჯში ჩავარდებოდა ქვეყანა, ამ სიმბოლური თანხის საფასურად მეთვალყურე და აქაური ადათ-წესების გამცნობი რომ ჰყოლოდათ ტურისტებს. ეს რომ ნამდვილად საჭიროა, თავად დავრწმუნდი. ტურისტები, რომელთაც ვინმე ადგილობრივი მასპინძლობს, მოკრძალებულად ათვალიერებენ ყველაფერს და შატილიონების ისტორიის მოსმენით აღფრთოვანებულები აქაურობის დატოვებამდე უკვე იმაზე ფიქრობენ, ისევ ეწვიონ ხევსურეთს. ის ტურისტები კი, რომელთაც არავინ უძღვება, უნიკალურ ციხე-კოშკებს ისე ათვალიერებენ, როგორც უბრალო ქვის კედლებს და შინაც ზედაპირული შთაბეჭდილებებით ბრუნდებიან.

სამწუხაროდ, პირიქითა ხევსურეთში სახელმწიფოს ზრუნვის კვალი თითქმის არსად ჩანს. ამაში მხარის მუნიციპალურ რწმუნებულთან, ნოდარ ჯალაბაურთან საუბრისასაც დავრწმუნდი.




მეუღლესა და ვაჟთან ერთად საცხოვრებლად გადაკეთებულ ვაგონში ცხოვრობს. მასთან რომ მიხვალთ, ვერაფრით დაიჯერებთ, რომ სახელმწიფო ჩინოსნის ოჯახში ხართ.

ნოდარ ჯალაბაური: - აქაურობას და ჩვენს ყოფას რომ გადახედავთ, დარწმუნდებით, რომ მთა ზედმეტი ბარგია სახელმწიფოსთვის. გინდა იყავი მთაში, გინდა ნუ იქნებიო. ერთ თეთრსაც არავინ ხარჯავს მიღმა ხევში გზების გასაკეთებლად. თავის დროზეც მხოლოდ შატილამდე ჩამოიყვანეს გზა. ელექტროენერგიაც შატილის გარდა არავის აქვს, სხვა სოფლები ჩაბნელებულია.

უგზოდ, უკვალოდ (ზამთარში სწორედ ასე ვცხოვრობთ), უტელეფონოდ შეიძლება ცხოვრება? 2005 წელს ორი დღით გვესტუმრა მიხეილ სააკაშვილი. შეგვპირდა, დაგეხმარებითო, მაგრამ სატელეფონო კავშირი და შვეულმფრენების რეისები დღემდე არ აღდგენილა. პრეზიდენტზე მეტს ვის ვთხოვოთ დახმარება? მეტიც, მას მერე უფრო გაგვიუარესდა ყოფა. სახელმწიფოს დახმარება მხოლოდ ის იყო, რომ მხარის გუბერნატორმა ვასილ მაღლაფერიძემ სოფლებში თითო სატელიტური ანტენა დააყენა. ათასში ერთხელ თავდაცვის სამინისტროს შვეულმფრენები გვეხმარებოდნენ ბარგის ამოტანაში.

თითქოს ვიღაც განგებ ცდილობს გაუსაძლისი გახადოს ჩვენი ცხოვრება, იძულებულს გვხდიან, მთა დავტოვოთ. რატომ არავინ ფიქრობს იმაზე, რა მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს მთაში და თანაც საზღვრისპირა რეგიონში ხალხის ყოფნას, ჩვენ ხომ ყოველთვის საზღვარს ვამაგრებდით? ვითომ აღარ სჭირდება მიწასა და საზღვარს დაცვა? მოსახლეობის გარეშე დარჩენილი მიწა ხომ მოშიშვლებულ ქანს ჰგავს, ვერანაირი მცენარე რომ ვეღარ ამაგრებს და ერთ დღესაც მომეწყრილი წყალში ან უფსკრულში ჩაინთქმება. ასე დაემართება ხევსურეთსაც, ხევსურების გარეშე დარჩენილი ეშმაკსა და გადამთიელს დარჩება.

- ხევსურეთში ინვესტორების შემოყვანას გეგმავს სახელმწიფო, ამაზე რას ფიქრობთ?

- როგორ დავუჯერო ხელისუფლებას ან ინვესტორს, რომ წიხლს არ მკრავს და აქედან ჩემს გაგდებას არ შეეცდება? მეტყვის, აქაურობა მე ვიყიდე, საქმეში ჩემი ფული ჩავდე და შენ ვინ ხარო. მერე რა გამოდის? - ამის მთქმელი უნდა შემომაკვდეს ან შევაკვდე. ჩემს კოშკს თვითონაც მოვუვლი, არავის ინვესტიცია და ინვესტორი არ მჭირდება. შეხედეთ, თვითონ გავარემონტე და სასტუმრო მოვაწყვე. ინვესტორმა რა უნდა გამიკეთოს ამაზე მეტი?

აქ ყველაზე დიდი პრობლემა უგზოობაა, უამისოდ არც ტურისტი ამოვა და არც ინვესტორი. გარე სამყაროსთან დასაკავშირებლად ტელეფონი მაინც უნდა ჰქონდეს, ინტერნეტი თუ არა. აქაური სატელიტური ტელეფონით რომ ისარგებლო, სპეციალურ ბარათში 70-80 დოლარი უნდა გადაიხადო. გააქტიურებიდან თვე-ნახევარში გეთიშება. გლეხმა კაცმა 80 დოლარის რა უნდა ილაპარაკო, თანაც ერთი წუთი ერთი დოლარი ღირს. თუ ლიმიტურ დროში თანხას ვერ ამოწურავ, კავშირი ჯერ ცალმხრივად გეთიშება, 15 დღეში კი ვეღარც შენთან დარეკავენ. ყველა სოფელში დგას ეს ტელეფონი, მაგრამ გამორთულია უკვე ორი წელია. წინათ თბილისსა და დუშეთთან გვქონდა პირდაპირი კავშირი. რაცია “კოდანით” ვუკავშირდებოდით თბილისს, იქიდან კი კომუტატორი გვაერთებდა სასურველ ნომერთან. კავშირგაბმულობის სისტემის პრივატიზაციის შემდეგ შტატები გააუქმეს და გაგვითიშეს კავშირი.

ჰიდროელექტროსადგურზე ხომ ერთდროულად სასაცილო და სატირალი სიტუაცია გვაქვს. მას ჩვენი ხარჯებით ვარემონტებთ, რადგან არავის ბალანსზე არ ირიცხება. 11 წლის წინ ეკონომიკური განვითარების სამინისტროში ვიღაც ჭკვიანს ჰესი საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში ჩაუსვამს, მაგრამ დღემდე ვერ გაყიდეს. რას გაყიდდნენ, ამ თითქმის უკაცრიელ რეგიონში ჰესს ვინ იყიდდა? სამინისტროში კი არავინ ფიქრობს მისი ძველი პატრონისთვის, რაიონისთვის დაბრუნებას. აუჩემებიათ, მანდ ვიღაცას რაღაც ინტერესები აქვსო. ვის რა ინტერესები უნდა ჰქონდეს, ჩემი შვილი წლების განმავლობაში უსასყიდლოდ უვლის ამ ურთულეს მექანიზმს. ზამთარში, ზოგჯერ დღეში რამდენჯერმე სჭირდება მიხედვა. შარშან ზაფხულს, ყოველ ოთხშაბათს, თბილისში კანცელარიის მისაღებში ვიჯექი იმის მოლოდინში, რომ მთავრობის სხდომაზე გაიტანდნენ ჰესის საკითხს. მაგრამ რაიონის ბალანსზე მისი გადმოტანა და საპატრონოდ თანხების გამოყოფაც ვერ მოვახერხეთ.

- აქაურმა, ინვესტორის გარეშე, თვითონ რომ ააწყოს ბიზნესი, უხეში გაანგარიშებით, რა თანხა ეყოფა?

- ათი ათასი ლარი მაინც დასჭირდება ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. გარედან კოშკს ვერაფერს შეუცვლი, შიგნით უნდა გაიყვანო კანალიზაცია, სველი წერტილები, ცხელი წყალი. მოაწყო საძინებლები. ნოდარ გრიგალაშვილი რომ გაიძახის, ხევსურები კრედიტებს ვერ დაფარავენ, ნული პროცენტითაც რომ მისცეო, ცდება. არ გვინდა ნული პროცენტი, ერთი იყოს, სახელმწიფომაც იხეიროს თუნდაც მიზერულად. მოგვცენ გრძელვადიანი სესხი ისეთი ვადით, რომ მცირე მეწარმემ იოლად, ნელ-ნელა დაფაროს. რამდენი გრანტი და დახმარება მოდის საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მცირე ბიზნესის განსავითარებლად. რა ბევრი კი ვართ კოშკების მფლობელები, რომ დიდ ტვირთად დააწვეს ვინმეს ჩვენთვის მოცემული თანხა. მე არ მინდა არაფერი, სხვას დაეხმარონ. 




1998 წელს საბოლოოდ რომ დავბრუნდით შატილში, სახელმწიფო კოტეჯს დამპირდა, მანამდე ეს ვაგონი მომცა საცხოვრებლად. დაპირება დაპირებად დარჩა, მაგრამ ჯანდაბას... რაც კი შემოსავალი გვაქვს, ყველაფერს კოშკს ვახმართ, რომ ეს საქმე გავმართოთ. თუმცა დღევანდელ პირობებში ძნელია მოგების მიღება, - უგზოობა-უტრანსპორტობის გამო ტურისტული სეზონი მხოლოდ სამ თვეს გრძელდება, ტურისტიც ცოტაა და ბიზნესიც კუს ნაბიჯით მიდის წინ. 12 თვე რომ იყოს სეზონი, სახელმწიფო რომ რეკლამით გვეხმარებოდეს, სულ სხვა შედეგი იქნებოდა. ისე, გონიერ კაცს არ უნდა მოსვლოდა კოშკების გასხვისების თუნდაც სავარაუდო გეგმა თავში. 


ჯალაბაურების კოშკი შატილში



P.S. შატილში, ერთ კოშკში მოწყობილ კომფორტულ სასტუმროში ორი ლამაზი ღამე გავათიე. კარგი იქნება, სანამ გზებზე თოვლი ჩამოწვება, პირიქითა ხევსურეთს ხელისუფლების წარმომადგენლებიც ეწვიონ. აქ გატარებული თუნდაც ორი დღის შემდეგ ჩინოსნები უეჭველად მიხვდებიან, რატომ არ სჭირდება საუკუნეების მანძილზე მტერთან მებრძოლი და უნიკალური კულტურის შემოქმედი შატილიონების მემკვიდრეებს ინვესტორი და თანაც... უცხოელი

Monday, September 26, 2011

მოგზაურობა ხევსურეთში

ცოტა ხნით შატილს გვერდს ავუვლი და გზას პირიქითა ხევსურეთის განაპირა სოფლისკენ, ანდაქისკენ გავაგრძელებ. აქეთკენ განსაკუთრებით მიმეჩქარება, რადგან სწორედ აქ ცხოვრობს სოფლის ერთადერთი მკვიდრის, ოთხშვილიანი ქვრივის, 24 წლის შორენა ზვიადაურის ოჯახი. თურმე ეკონომიურად ძალიან უჭირს. მაგრამ ამბობენ, რომ ისევე როგორც ძველი ხევსურები, შორენაც გაუტეხელია. მინდა ჩემი თვალით ვნახო ახალგაზრდა ქალი, რომელსაც თუნდაც მხოლოდ იმიტომ უნდა მოეფერო, რომ ოთხ ქართველს უზრდის სამშობლოს.

არდოტამდე მეგზურებთან ერთად მანქანით მივდივართ. ეს სოფელიც ცარიელია. კლდეებზე ქანდაკებებივით დგანან ძველი ხევსურების სახლები. უკაცური, მიტოვებული და პატრონის ხმას მონატრებული პირქუშად იმზირებიან. აქაც ერთადერთი, ნიკო არდოტელის ოჯახია დარჩენილი, შვილები წამოჩიტულან, უკვე სასკოლო ასაკისანი გამხდარან და რადგან პირიქითა ხევსურეთში შატილის გარდა სკოლა არსად არის, ამიტომაც შემოდგომის პირზე ალბათ ნიკოც აიყრება დედაწულიანად და მერე მართლა ღვთის ანაბარად დარჩება არდოტი. მთაზე გაბნეული სოფლის ქვემოთ, ჭალაში ტურისტები დაბანაკებულან. ზაფხულობით ტურისტული ბანაკების სიმრავლე ამ ადგილებში ჩვეულებრივი მოვლენაა. მაცოცხლებელი ჰაერი, ულამაზესი, ხელუხლები ბუნება, სუფთა მდინარეები და უგემრიელესი თევზი ანდამატივით იზიდავს ქართველ და უცხოელ დამსვენებელს. აქედან ანდაქამდე ათი კილომეტრია ფეხით გასავლელი. თავიდან საცალფეხო ბილიკს მივყვებით. ბილიკზეც ბალახებია გადაფენილი, თავისუფლად მხოლოდ აქაური თუ გაიგნებს გზას. ვცდილობ, მეგზურს ფეხდაფეხ მივყვე. სისწრაფეს შიშიც მაიძულებს. შატილში მითხრეს, ჭალებში გიურზა ბინადრობსო. ამ შხამიანი საფრთხობელისა რა მოგახსენოთ, მაგრამ წამიერად თვალი მართლა ვკიდე მეგზურის ფეხქვეშ გაკლაკნილ გველის წიწილას, ხშირ ჯაგნარში გასრიალდა წელნატკენი. აქ ძირს არავინ იხედება. რადგან ქვეწარმავლის თვალთვალში დრო იკარგება. საცალფეხო ბილიკი დროდადრო წყდება. ზოგჯერ გზა დიდი ხნით ქრება. იძულებული ვარ, მეგზურების მსგავსად მდინარის თავზე გადმოკიდებულ კლდეებზე ავფორთხდე. ძირითადად ისეთი ადგილებია გასავლელი, რომ თავბრუ დაგეხვევა და ვერაფრით წარმოიდგენ, მცირეწლოვანი ბავშვების თანხლებით როგორ შეიძლება გაიაროს ამ გზაზე შორენამ. მეგზურებს უხმოდ მივყვები. ათი კილომეტრი ქალაქში შეიძლება სეირნობითაც კი სიამოვნებით გაიარო. აქ კი კილომეტრები იწელება. მსუსხავი დიყა, ჭინჭარი და ეკალი კიდევ უფრო საგრძნობს ხდის გზის სირთულეს. არადა, ისეთი ლამაზია ირგვლივ ყველაფერი...



ანდაქსაც მივადექით. სოფლის დასაწყისში სოსო და ლევან ზვიადაურების მამაპაპისეული სახლია. ზაფხულობით ოჯახი ბარიდან მთაში ამოდის. ბავშვების ჟრიამული მთის მდინარის ხმას ფარავს. მესაზღვრე სოსო გვეგებება. გაგახარათ ღმერთმა, ამდენი ხალხი ანდაქში კარგა ხანია არ შევკრებილვართო. ზვიადაური წუხს სოფლის დაცარიელების გამო. თუ ასე გაგრძელდა, მალე ხევსურეთში მხოლოდ მესაზღვრეები დარჩებიან, არადა სოფლებში ერთი კომლის ყოფნაც კი ერთი სასაზღვრო სექტორის ყოლას უდრისო.

რადგან ანდაქში ლუდის მომდუღებელი ხალხი არ დარჩენილა, მასპინძლის ოჯახს თბილისიდან ჩამოტანილი ლუდით ვლოცავთ. ადგილობრივ მაწონს, ერბოს და ყველს ვაჭაშნიკებ. ყველაფერი ძალიან გემრიელია. ასეთ გემოს ქალაქის სუპერმარკეტებში ნაყიდ პროდუქტში ნამდვილად ვერ იგრძნობთ. დიასახლისი ბოსტანს მაჩვენებს. ნახე, რა მადლიანი მიწაა, კიტრი, პამიდორი, კარტოფილი, მწვანილი რა ბარაქიანად მოდის. აქაურ მიწას კაცის გამრჯე ხელი ენატრება, თუ მოეფერები, ამაგს გულუხვად გადაგიხდისო. უკვე დაგროვილ შთაბეჭდილებებს მიტოვებული მიწის ტკივილიც დაემატა. შეუძლებელია ასეთ გარემოში, ამდენი პრობლემის გამო ხასიათი არ გაგიფუჭდეს.

გზას ისევ შორენასკენ ვაგრძელებთ. ჭალაში შეჭრილი მთის ქედის გადაღმა მისი სახლი დგას. საკვამურიდან ცისფრად მიიკლაკნება კვამლი, თაკარა სიცხეში მისი გამოჩენა იმაზე მეტყველებს, რომ ამ სახლის პატრონს არც გაზი აქვს და არც ელექტროენერგია. ამ მხარეში ელექტროენერგია მხოლოდ შატილში აქვთ. სიცხის მიუხედავად, კვამლი ხვატშიც უხდება ანდაქს, რადგან იგი სოფელში სიცოცხლის არსებობაზეც მიგვანიშნებს. სახლი ტრადიციულად, თლილი ქვითა და ხით ხევსურულ სტილში არის ნაგები. თუმცა, გარედანვე ეტყობა სიდუხჭირის კვალი. ამასთან, ეს ნაგებობა შორენას ოჯახის საზაფხულო სადგომი ყოფილა. ზვავებს და სხვა საფრთხეებს რომ გაექცნენ, ზამთრის პირზე ზვიადაურები მთაზე, საკმაოდ მაღლა ადიან გამოსაზამთრებლად, სადაც თითქმის რვა თვის განმავლობაში რჩებიან თოვლის ტყვეობაში. ღმერთმა ნუ ქნას და რამე გაუჭირდეთ, მხსნელსაც კი ვერ უხმობენ. დროდადრო მესაზღვრეების ვერტმფრენის გამოჩენაზე თოვლში გამოეფინებიან თურმე და ხელებს იქნევენ იმის ნიშნად, რომ ანდაქში სიცოცხლე გრძელდება. ხათუნა, ხატია, მინდია და ყველაზე პატარა, წლინახევრის ალუდა აივანზე დგანან. ღრმა, ცისფერ თვალებში სევდა ჩასდგომიათ. რომელიც მყისიერად გაქრა ბარიდან წაღებული კანფეტების და სხვა ნუგბარის დანახვაზე. ბავშვებს გასართობი მიეცათ. მათი დედა და ბებია თამარი შინ მეპატიჟებიან. ღმერთო ჩემო, ბავშვებით ამ მიწურში როგორ ცხოვრობთ, გაოგნებული ვეკითხები შორენას და ნესტიანი კედლების და მიწის იატაკის თვალიერებაში თავბრუ მეხვევა. შორენა კი ძალიან მშვიდია და სათნო. რა ვქნა, ღვთის მადლით ვცხოვრობთ, - მპასუხობს ღიმილით. მაოცებს მისი სიმშვიდე. დიდ ცისფერ თვალებში წამითაც კი ვერ ამოიკითხავ სამდურავს დუხჭირი ცხოვრების გამო. ..

შორენას ქმარი არდოტელი ჰყავდა. ორი წლის წინ, დეკემბერში დაქვრივებულა. ამბობენ, რომ იმ დროს რუსული ვერტმფრენებიდან გადმოყრილი ჭურვების აფეთქებას შეეწირნენ სანადიროდ მთაში მყოფი სიძე-ცოლისძმა. თოვლში გათოშილ ცხედრებს უამრავი მომაკვდინებელი ნაჭრილობები აჩნდაო. მაშინ შორენამ ერთდროულად დაკარგა ძმა და ქმარი. დაქვრივებიდან მალევე კი აღმოაჩინა, რომ მეოთხე ბავშვის დედა უნდა გამხდარიყო. ამიტომაც მამის მოსახელე ალუდა ობლად მოვლენია ქვეყანას.

წლების წინ 16 წლის შეყვარებული გოგონა უსახლკარო ხევსურს გაჰყოლია ცოლად და მშობლიური ოჯახისთვის უთხოვია თავშესაფარი... მაშინაც უჭირდათ, მაგრამ ოჯახი მაინც ბედნიერი იყო. ახლა კი ზვიადაურების ოჯახში ორი ქვრივი, დედა-შვილი და ოთხი მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობს, რომელთაც ქალები ცრემლს არ ანახვებენ, მტკიცე ხასიათისა და გამძლენი რომ გაიზარდონო. ოჯახის ერთადერთი იმედი შორენას ძმაა, რომელიც მარჩენალ პირუტყვს მწყემსავს. იგი ჩვენთან საუბარს გაურბის, - რა უნდა ვთქვა. ამ გაჭირვებიდან თავის დაღწევაზე კი ვფიქრობ, მაგრამ როგორ მივატოვო ჩემი მიწა, დედა და ასეთ განსაცდელში მყოფი დაო. მართლაც, რომ დასჭირდეთ, კაცის გარეშე ქალები ბავშვების თანხლებით მეზობელ სოფელშიც კი ვერ გადავლენ.

ზვიადაურები თავს რძის ნაწარმით და კარტოფილით ირჩენენ. ფქვილი და სხვა საკვები პროდუქტი მათ ოჯახში იშვიათობაა. ერთფეროვანი საკვების და ვიტამინების ნაკლებობის კვალი დასტყობიათ ბავშვებს. რომლებიც მათი ბარელი თანატოლებისგან განსხვავებით ექიმის ყურადღებასაც მოკლებული არიან. შორენასთვის უფასო სამედიცინო დაზღვევის პოლისი არავის მიუცია, თუმცა, რომც მიეცათ, უგზოობის გამო მაინც ვერ გამოიყენებდნენ. ოჯახს ავადმყოფობის გამო თუ ძალიან გაუჭირდება, უფროსები ბავშვებს ხურჯინში ჩასვამენ, ცხენს აჰკიდებენ და ასე ჩაჰყავთ შატილამდე, სადაც ექიმი ადგილობრივი მკვიდრია და საბედნიეროდ, ხევსურეთის დატოვებას არ აპირებს. შატილელი ექიმი კი სადაზღვევო პოლისების და გასამრჯელოს გარეშეც მზად არის შორენას ოჯახის დასახმარებლად. თუ, რა თქმა უნდა, სამედიცინო დახმარება მის შესაძლებლობებს არ აღემატება.

შორენა ზვიადაურ-არდოტელს დღემდე თვალით არ უნახავს სოციალური აგენტი, რომელიც მის ოჯახურ მდგომარეობას და იქ გამეფებულ უმძიმეს პირობებს შეისწავლიდა. ამიტომაც იგი არც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრებთა კატეგორიისთვის არ მიუკუთვნებია არავის. მეტიც, კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანიზაციებში შორენას ოჯახის არსებობის შესახებ საერთოდ არაფერი იციან. ეს ამბავი არც გამკვირვებია, რადგან ხევსურეთში წასვლამდე ცოტა ხნით ადრე სოციალური სუბსიდიების სააგენტოში მითხრეს, ხევსურეთში რატომ გავგზავნიდით სოციალურ აგენტებს, იქ ხომ ხალხი აღარ ცხოვრობსო(?Q!)... არადა, ცხოვრობს. მერე რა, რომ თითო-ოროლა გლეხი შემორჩენია სოფლებს. შორენა სახელმწიფოსგან ერთადერთს, ბავშვების ობლობის დახმარებას, 35-35 ლარს იღებს.

ყველაფერს ვუძლებთ და გავუძლებთ, მაგრამ ის მიკლავს გულს, რომ ხათუნა უკვე 8 წლის არის და დღემდე სკოლაში არ უვლიაო, - წუხს შორენა. დაწყებითი და საშუალო განათლების მიღების ერთადერთი გზა შატილისკენ მიდის, მაგრამ ეს გზა ისეთი შორია... ხათუნამ სკოლაში მისასვლელად 18 კილომეტრი უნდა გაიაროს ფეხით, რაც ბავშვისთვის ზაფხულშიც შეუძლებელია და ზამთარშიც. ამიტომაც მთელი სასწავლო წლის განმავლობაში ინტერნატში უნდა იცხოვროს, ან საერთოდ უარი თქვას სწავლაზე. სწორედ ბავშვების განათლება აიძულებს ქვრივ დედას, სოფელი დატოვოს. მაგრამ ასეც რომ მოიქცეს, წასასვლელი სხვაგან არსად აქვს. ბარში თავშესაფარი არ გააჩნია. ან კიდევ რით შეინახავს თავს მარტოდ დარჩენილი დედა, რომელსაც ბარის ცხოვრებისა არაფერი გაეგება. ამიტომაც შორენას სევდიანი ცხოვრება მის სახლს ჰგავს, რომლის უფარდო ფანჯრებშიც კი არ შემოდის მზის სხივი. ქვრივი ამბობს, არც ჩემს ცხოვრებაში ჩანს მდგომარეობის გაუმჯობესების იმედიო, მაგრამ ღვთის წყალობისა მაინც სჯერა. ბებია თამარიც იმავეს ამბობს და ღვთის წყალობას ეძახის მესაზღვრე მეზობლებს - ლევან და სოსო ზვიადაურებს. სოფელში ჩამოსულები აქედან ისე არ წავლენ, რომ არ დაგვხედონ, ფულით ან სხვა საშუალებით გვეხმარებიანო.

ანდაქში სტუმრობისას იმაშიც დავრწმუნდი, რომ არა მარტო დღეს, ეს სოფელი წინათაც არ ადარდებდა სახელმწიფოს. შორენას დედას, თამარს 13 შვილი გაუზრდია, მაგრამ მაშინაც და დღესაც ზვიადაურების ოჯახი ერთნაირ სიდუხჭირეში ცხოვრობს. არც მაშინ მოუძიებია სახელმწიფოს მრავალშვილიანი დედა, როგორც ჩანს, კომუნისტების დროსაც ეეჭვებოდათ, რომ ამ მხარეში ვინმე ცხოვრობდა. არადა, ქალი რომ 13 შვილს გაგიზრდის... აქედან ხუთი გარდაცვლილია, ვაჟებიდან ერთადერთიღა შერჩენია. სამწუხაროდ, არავინ უმადლის მრავალშვილიან დედას სამშობლოს წინაშე ღირსეულად ვალის მოხდას. თამარ ზვიადაური არც არავისგან ითხოვს სათავისოდ არაფერს. სოფელში გზა გამოიყვანონ, ხალხი დააბრუნონ და დანარჩენს ყველაფერს ეშველებაო. ხევსურეთიდან გამოქცეულთაგან ბევრს აღარ სჯერა, რომ ამ მხარეს რამე ეშველება, მაგრამ შეუძლებელია ამ კლდესავით გაუტეხელი ქალისა არ ირწმუნო. ამასთან, პირიქითა ხევსურეთს მართლაც აქვს გადარჩენის და ეკონომიკურად გაძლიერების რეალური შესაძლებლობები, რის შესახებაც საინტერესო გეგმები მოვისმინე შატილში. აქაურები არა მარტო ამტანობით და სხვა უამრავი ღირსებით, გამჭრიახი გონებითაც დაუჯილდოებია გამჩენს. ამაში ფაქტებიც დაგარწმუნებთ. უკან გზად მომავალი ერთ რამეს დავაკვირდი, პირიქითა ხევსურეთი მთელი საქართველოს ტკივილი თუ გახდება და ხეობებში თითო-თითო კვირით იმუშავებს მოხალისეთა რაზმი, წერაქვებითა და ნიჩბებითაც შეიძლება გაკეთდეს სამანქანო თუ არა, საურმე გზა მაინც. ჰოდა, ასე მივცემთ მაგალითს სახელმწიფოს, ხელისუფლებას, რომელიც ბოლო დროს ინვესტორების და საქართველოს ნაკუწ-ნაკუწ გაყიდვის გარდა ქვეყნის მოვლის სხვა გზას ვერ ხედავს. ან კიდევ, იქნებ ამ მხარეშიც გაეხსნათ პატრიოტთა ბანაკები და სხვა თუ არაფერი, ლამის დაკარგულ, მიტოვებულ მშობლიურ მიწას გაიცნობდა ახალი თაობა. მათ კი ვინ იცის, რა აზრები გაუჩნდებოდათ მიტოვებული მხარის ასაღორძინებლად. შატილელი ირაკლი ჭინჭარაულის თქმისა არ იყოს, ხევსურეთის გადარჩენის მართლაც ბევრი გზა არსებობს, მაგრამ გადაბრუნებულ ურემს უნდა წამოყენება და გზებიც გამოჩნდება.
My photo
Tbilisi, Georgia
მითხარი ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი ვინა ხარ შენ :)

თემები

მკითხველები