Wednesday, October 5, 2011

რეპორტაჟი სამშობიარო ბლოკიდან

კანი კანთან!..


დიდი ხანია მინდოდა რეპორტაჟი მომემზადებინა რომელიმე დახურულ კარს მიღმა. არ ვიცი, მეორედ რატომ ან სად გადავწყვეტ შეღწევას, ამჯერად კი არჩევანი სამშობიარო ბლოკზე გავაკეთე. ვიფიქრე, ურიგო არ უნდა ყოფილიყო თუ მკითხველის ყურადღებას ცოტა ხნით მაინც როგორმე მოვწყვეტდი აქტუალურ პოლიტიკურ პრობლემებს. ბებიამ იცოდა ხოლმე თქმა, - საქმეს ცოტა ხნით გულს თუ არ მოსწყვეტ, მიგიჩვევს და გონებას აგირევს, საღად განსჯისა და ქმედების უნარს დაგაკარგვინებს, თუნდაც ცოტა ხნით საფიქრალისგან დასვენებული კი მერე უცებ მოძებნი გამოსავალსო. ვფიქრობ, ურიგო არ უნდა იყოს მკითხველის ყურადღების იქ გადატანა, სადაც ახალი სიცოცხლე იბადება.

კარგა ხანი დამჭირდა, სამშობიარო ბლოკში რეპორტაჟის ჩასაწერად თანხმობა რომ მიმეღო. ბოლოს დ. უზნაძის ქუჩაზე მდებარე მეორე სამშობიარო სახლის ხელმძღვანელმა გიორგი თევდორაშვილმა მომცა უფლება, სამშობიარო ბლოკში შევსულიყავი.

მაშ ასე, 15 მაისი, პარასკევი, 13:05 საათია. მე უკვე სამშობიარო ბლოკის წინა ოთახში ვარ. მთავარი ბებიაქალი მანანა ხვედიაშვილი თეთრ ხალათს, ქუდს, პირბადეს და ფაჩუჩებს მაძლევს, რომ ბლოკში ქუჩის მტვერი არ შემყვეს. იქვე მოთავსებულ პალატაში ოთხი ქალი ყოველ წუთს ელოდება გადამწყვეტ მომენტს. მათგან ორი პირველად ხდება დედა, ორსაც უკვე გამოცდილი აქვს ჩვილთან პირველი შეხების ბედნიერება. მეხსიერებაში მრჩება დაღლილი სახეები და მუცელზე მიჭერილი მთრთოლავი ხელები. ბებიაქალი კითხულობს, - სად არიან თქვენი მეუღლეებიო... - ეშინია და მშობიარობას ვერ დაესწრება, ამბობს ერთი. - ჩემმაც ასე თქვა, შენს მშობიარობას ვერ გადავიტანო, - ეღიმება მეორეს. ირკვევა, რომ ცოლის განსაცდელის გაზიარებას მხოლოდ ქეთი ბოჭორიშვილის მეუღლე, ირაკლი ბენიძე აპირებს. ბებიაქალი განკარგულებას იძლევა, რომ ირაკლი ზემოთ ამოუშვან, ოღონდ მანამდე ქეთი საოპერაციო ბლოკში მიჰყავთ, საკეისრო კვეთა უნდა გაუკეთონ. უკვე ორი შვილი ჰყავს. ქეთი თავს მშვიდად გრძნობს, - «აქ მოსვლის წინ ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსმა მეუფე დანიელმა დაგვლოცა და მჯერა, ყველაფერი კარგად იქნება. თანაც, დღეს დედაჩემის დაბადების დღეც არის. მჯერა, რომ ახლა ის იმ ქვეყნიდან ლოცულობს ჩვენთვის», - გვეუბნება ქეთი და პალატიდან გასვლისას ხელს ღიმილით გვიქნევს.

ცოტა ხანში ბლოკიდან მეძახიან. - ოპერაციას წუთი წუთზე დავიწყებთ, - ამბობს ექიმი თამარ გელაძე და მალე სკალპელიც მუცელს ეხება. ჭრილობა პატარაა და მიკვირს, ბავშვი როგორ უნდა ამოიყვანონ, მაგრამ აზრზე მოსვლას ძლივს ვასწრებ, ისე სწრაფად ხდება ყველაფერი... ისმის უჩვეულოდ «საყვარელი» ხმა, დამოუკიდებლად ჰაერის ჩასუნთქვისთანავე ჩვილი გაბმით ტირის. პატარა ვაჟკაცი დაიბადა. ექიმი ამბობს, რომ ბიჭი ბომბორაა. ჩვილი უკვე ბებიაქალის ხელშია, ასუფთავებენ, ამშრალებენ და მყისვე ქუდს აფარებენ, ფაჩუჩებს და ხელთათმანებს აცმევენ, მერე თბილ სახვევში ახვევენ და სადღაც ელვის სისწრაფით მიჰყავთ, თან მეუბნებიან, რომ გავყვე. თუმცა, მანამდე მოულოდნელობისგან ვიბნევი და აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე. ბლოკის კარი იღება და ორსული თამარ შუკვანი თავისი ფეხით შემოდის. ძლივს ითქვამს სულს. მგონი იწყება, - თქვა თამარმა და ექიმის ხელებს მიენდო. ვიღაც მირჩევს, რომ აჯობებს, ახალშობილს და ბებიაქალს გავყვე, რათა დროულად მოვუსწრო მორიგი პატარის დაბადებას.

ბებიაქალი ერთ-ერთ პალატაში შედის და გაოცებისგან ვმუნჯდები. არავის უთქვამს, რომ მთელ ამ ბუნებრივ სცენარში მსგავსი ეპიზოდი უნდა ყოფილიყო. საწოლზე წელს ზევით შიშველი მამაკაცი წევს, ბებიაქალი სახვევს ხსნის და შიშველ ბავშვს მის მკერდზე აგორებს. მერე რაც მოხდა, იმ სცენის ზედმიწევნით გადმოცემა შეუძლებელია. ეს ახალგაზრდა კაცი ირაკლია, ქეთის მეუღლე. პალატაში ამოსვლამდე მისთვისაც სიურპრიზი ყოფილა, რომ შვილს გაჩენისთანავე ჩაახუტებდნენ. როგორც ბებიაქალი მიხსნის, «უსაფრთხო მშობიარობის» მეთოდიდან გამომდინარე, ეს პროცესი უკვე მთელ საქართველოში მკვიდრდება, - კანი კანთან, - ასე ჰქვია ახალშობილისა და მშობლების კონტაქტის ამ ფორმას. ეს არის არაჩვეულებრივი პროცედურა, ახალშობილს დაბადებისთანავე დედის ან მამის შიშველ კანზე ვაწვენთ, რომ მყისიერად შეეგუოს იმ ბაქტერიულ ფლორას, რომელსაც მისი მომავალი საცხოვრებელი გარემო ატარებს. შედეგად სწრაფად მუშავდება იმუნიტეტი ახალი გარემოსადმი და გამოირიცხება ინფექციები ახალშობილებში. ამასთან, ახალშობილები ცნობენ მშობლების სუნს, მათ მკერდზე უფრო მშვიდად არიან და თამამად ეგუებიან ახალ სამყაროს. როგორც კი დედის ან მამის სხეულს ვაშორებთ, ტირილს იწყებენ».

ახლა ირაკლი და პატარა ვაჟა, ორი საათი, სანამ დედიკო გამოფხიზლდება, ერთმანეთთან ჩახუტებულები იქნებიან.

ირაკლი ბენიძე: - უკვე მესამე შვილის მამა ვარ, მაგრამ დავიბენი. ახალშობილთან ასე ახლოს პირველად აღმოვჩნდი. როცა მკერდზე დამიწვინეს და ვიგრძენი მისი სითბო, შემეშინდა, რამე არ ვატკინო-მეთქი. წესიერად ვერც კი დავათვალიერე, ნეტავ ვის ჰგავს, მგონი ჩემი ცხვირი აქვს. როცა ტირის, რატომ ცახცახებს ნეტავ?

მე ისევ ბლოკში ვბრუნდები და კვლავ ვერ ვფარავ გაოცებას. ჩვილის დაბადებას სამედიცინო ბრიგადა ისე ელოდება, თითქოს პატარა უბრალოდ კულისებიდან უნდა გამოვიდეს. ქალი თვითონ მშობიარობს, ყოველგვარი დახმარებისა და წარსულში ცნობილი მაშებისა და სხვა იარაღების გარეშე. პატარა ანანო უდესიანიც იბადება... ძალიან უშინაარსო და მარტივი მეჩვენება საკეისრო კვეთა ფიზიოლოგიურ მშობიარობასთან შედარებით და მიკვირს, რატომ მოითხოვენ ქალები ოპერაციას, როდესაც ამის არანაირი აუცილებლობა არა აქვთ. მით უფრო დღეს, როდესაც უმტკივნეულო მშობიარობისთვის ყველა პირობა იქმნება. ექიმები ამბობენ, რომ ფიზიოლოგიური მშობიარობა კარგია ჩვილისთვისაც, რადგან იგი დაბადებისას სწავლობს ბრძოლას ცხოვრებასთან, საკეისრო კვეთით გაჩენილი კი სრულიად მოუმზადებელია ახალი სამყაროსთვის. სამწუხაროა, რომ ზოგჯერ დედებს საკუთარი ტკივილები უფრო აღელვებთ, ვიდრე თავიანთი პატარების ფსიქოლოგიური მდგომარეობა.

თამარს და ანანოს მალე მამამ მოაკითხა ბლოკში. ღელავს, სიტყვებს ძლივს უყრის თავს. თითქმის პატარა ბავშვივით ლუღლუღებს, არ იცის, სად წაიღოს ხელები, რომელიც ციცქნა ანანოსკენ მოსაფერებლად გაურბის. ესეც შენი ძლიერი სქესი, ვფიქრობ გულში.

სამშობიაროს დატოვებამდე ბენიძე-ბოჭორიშვილის წყვილს შევუარე. უკვე ქეთიც აწოვებდა ძუძუს თავის პატარას.

გარეთ ცხელოდა, თუმცა, სიცივე რომ ყოფილიყო, მე მაინც ვერ ვიგრძნობდი. მთელი ჩემი არსება დიდი სიყვარულით იყო გამთბარი, სიყვარულით ახალი სიცოცხლისადმი ან უბრალოდ, ახალი სიცოცხლის დაბადების გამო.

სანამ რეპორტაჟს მოვამზადებდი, ვფიქრობდი, რომ მასში მნიშვნელოვან ადგილს დემოგრაფიულ პრობლემებს და მის გამომწვევ მიზეზებსაც დავუთმობდი, მაგრამ გადავიფიქრე. აღარ მინდა, ლამაზი განწყობა პრობლემების დეტალიზაციით გავაუფერულო. ერთს კი ვიტყვი, უკრაინაში მცხოვრები ჩემი ერთ-ერთი ნათესავი (უკრაინის მოქალაქეა და ქმარი ეროვნებით უკრაინელი ჰყავს) ახლა მესამე ბავშვს აჩენს. პირველი შვილის გაჩენის შემდეგ სახელმწიფომ 5.000 დოლარი გადასცა, მეორე ბავშვის დაბადებისას - 8.000 დოლარი, მესამეზე 12.000 დოლარს გადასცემს. ამბობენ, რომ უკრაინის ხელისუფლების ასეთ ეროვნულ პოლიტიკას შობადობის ბუმი გამოუწვევია ქვეყანაში. როგორც ჩანს, ქართველებს ჯერ კიდევ კარგად არ გვაქვს გააზრებული საფრთხე. თუ არ გავმრავლდებით და ერი დაბერდება, ვისთვის გვინდა ეს ქვეყანა, ვისთვის ვქმნით მომავალს?!

1 comment:

  1. ძალიან ინფორმატიული და საინტერესო პოსტია.
    საკეისრო კვეთის საკითხებით დაინტერესებულ პირებს შეიძლება გამოადგეთ ეს გვერდიც
    http://www.medgeo.net/2016/06/09/sakeisros-bandaji/
    ამ გვერდის ბოლოში არის საკეისროს შესახებ
    საინტერესო პოსტების სია

    ReplyDelete

My photo
Tbilisi, Georgia
მითხარი ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი ვინა ხარ შენ :)

თემები

მკითხველები