Friday, October 7, 2011

მთას შეწირულების ამბავი

ეს ტრაგედია 2005 წელში დატრიალდა. მახსოვს, რომ ბევრი ვიწვალე, ვიდრე ერთადერთ გადარჩენილს დავუკავშირდებოდი. გაზეთი სტამბაში უნდა გაგზავნილიყო წუთი წუთზე, როდესაც დამირეკეს და მითხრეს, რომ გელა თანახმა იყო ტელეფონით ესაუბრა ჩემთან. ღმერთმა გაანათლოს დაღუპულების სულები. ახლა ისინი ოჯახის წევრების და მეგობრების გარდა აღარავის ახსოვს, მაშინ კი... იმ დღეებიდან კიდევ უფრო მეტად მიზიდავს მთა...


ევროპაში ერთ-ერთ ურთულეს მწვერვალზე, უშბაზე ბოლო 21 წლის განმავლობაში მესამედ დატრიალდა ტრაგედია. 1984 წელს უშბიდან დაშვებისას ექვსი ვაჟკაცი იმსხვერპლა ზვავმა: დევი თარხნიშვილი, ირაკლი გელდიაშვილი, გოგი ზუმბაძე, გია თუშური, დათო კომახიძე და მურად ჭიჭინაძე. მოგვიანებით, 2001 წელს, უშბაზე გაბრიელ ხერგიანის გზით ამავალი ვანო გულედანი დავკარგეთ. ამჯერად კი მერაბ ხაბაზითა და ზაალ ქიქოძით ტრაგედია გასამდა. დატრიალებულმა უბედურებამ უამრავი კითხვა გააჩინა, რადგან ქართულ-ჰოლანდიური ჯგუფიდან გადარჩენილი ჰოლანდიელების ნაამბობი ტრაგედიის მიზეზებისა და შედეგების შესახებ ზუსტ სურათს ვერ იძლეოდა. ერთადერთი, სასწაულებრივად გადარჩენილი გელა ოთარაშვილი კი თითქმის სამი დღის განმავლობაში საავადმყოფოში იყო და ექიმები მასთან საუბარს ოჯახის წევრებსაც კი უკრძალავდნენ.

გელა ოთარაშვილმა ხუთი საშინელი დღე გარდაცვლილი მეგობრის, მერაბ ხაბაზის ცხედრის გვერდით მიწოლილმა შიმშილში, აუტანელ სიცივესა და სულიერ ტკივილში გაატარა. ამ ხნის განმავლობაში კლდეზე თოკით ეკიდა მისი უფროსი მეგობრის, ზაალ ქიქოძის ცხედარი და მარტო დარჩენილ გელა ოთარაშვილს არანაირი ძალა არ შესწევდა საიმისოდ, რომ ცხედარი ზევით აეწია და ე.წ. თაროზე დაესვენებინა. გელასთან ერთად მარშრუტის გარჩევამდე ალპინისტთა უმრავლესობა ვარაუდებით მსჯელობს თუმცა, იმას ერთხმად ამბობენ, რომ ქართულ-ჰოლანდიური ჯგუფის უშბაზე ასვლისას შეცდომები იქნა დაშვებული. მთა კი, მათი თქმით, შეცდომებს არ გვპატიობს. თანაც ყველაზე რთულ, მიშლიაევის გზაზე (ეს სახელი რუსი ალპინისტის პატივსაცემად დაერქვა) ყველაზე დიდი შეცდომა ჯგუფის გაყოფა იყო. არა მარტო ალპინისტთა, არამედ საქმეში მეტ-ნაკლებად ჩახედულთა აზრი ასეთია - ჰოლანდიელებს ქართველები არ უნდა მიეტოვებინათ. მათ ქართველებთან დაშორების შემდეგ მაშველს უხმეს, თანაც ისიც თქვეს, რომ ქართველებთან ერთად ლაშქრობდნენ, მასპინძლები ჩამორჩნენ და მათ ბედზე არაფერი იციან. ალპინისტების ამბავს ჰოლანდიაში ქალბატონ სანდრა რულოვსს ატყობინებენ. თავის მხრივ, იგი თავის დაცვის უფროსს უკავშირდება თბილისში, რომელიც ცდილობს ყველა საქმის კურსში ჩააყენოს. საქართველოში ყველა ფეხზე დგება და იმედოვნებენ, რომ ბიჭებს გადაარჩენენ. როგორც ამბობენ, კარგი ამინდი რომ ყოფილიყო, მაშველები რომ დროულად მიშველებოდნენ, ასეთ სიტუაციებში საჭირო შვეულმფრენი რომ ჰყოლოდათ, ყველაფერი უკეთ დამთავრდებოდაო. ვინ იცის, ეგებ ასეც ყოფილიყო.

“კვირის პალიტრა” ტრაგედიის დეტალებზე გელა ოთარაშვილს ესაუბრა:

- მოხდა ის, რასაც არც ერთი ჩვენგანი არ ელოდა. შემთხვევითობათა გრიგალი დატრიალდა. წლევანდელი ზამთარი უხვთოვლიანი იყო და ამიტომ იმ ადგილას, სადაც ჩვენ ავდიოდით, დიდი წყალი მოდიოდა, თორემ სხვა დროს მწვერვალზე ჩვეულებრივად ადიოდა ხალხი.

- მიშლიაევის გზით ადიოდნენ?

- არა. მიშლიაევით კარგა ხანია არავინ ასულა, მაგრამ ვიცოდით, რომ გზა ნორმალური უნდა ყოფილიყო. ჩვენ დაბრკოლებას დამამთავრებელ ეტაპზე წავაწყდით. ვერტიკალურ კედელზე არის ღარი და მის ბოლოს 250 მეტრია გასავლელი. ზედა ნაწილი მშრალი იყო, მაგრამ ბოლო 30 მეტრზე მოდიოდა დამდნარი თოვლის შედეგად დაგროვილი წყალი, რომელიც დღის მეორე ნახევარში, მზის მიდგომის შედეგად დნებოდა.

ჰოლანდიელებმა ჩამოსვლისთანავე გვთხოვეს, წინ ჩვენ ვივლითო, მაღალი კვალიფიკაციის მთამსვლელები არიან და ჩვენც უარი არ გვითქვამს, დამოუკიდებლად შეეძლოთ მუშაობა. ღარში მშრალად გავიდნენ. უკან მე, ზალიკო და ბოლოს მერაბი მივყვებოდით. სამივე დავსველდით, განსაკუთრებით მერაბი. წყალი სამი საათიდან დაღამებამდე მოდიოდა. მერაბი გადაცივდა.

- რამდენ ხანს გაუძლო მერაბმა გასაჭირს?

- მთელი ღამე ნორმალურად იყო, მაგრამ დილისთვის ძალიან ცუდად გახდა. როგორც ჩანს, ფილტვების ანთება დაემართა. მისი სიმპტომების აღწერის შემდეგ ბიჭებმა მითხრეს, ფილტვები შეშუპებიაო. როცა ცივდება კაცი, მთაში ძალიან სწრაფად ვითარდება დამამძიმებელი პროცესები. პირველად მერაბი გარდაიცვალა, ეს იყო 16 ივლისის დღის პირველ ნახევარში, დაახლოებით 12 საათამდე.

- როგორ ფიქრობთ, იყო მისი გადარჩენის შანსი?

- შანსი? რა გითხრათ... ჩვენი უცხოელი მეგობრები დასარეკად წავიდნენ, მათ მობილური კავშირის საშუალებები ჰქონდათ, ჩვენ კი არა. ერთ-ერთი პრეზიდენტ სააკაშვილის მეუღლის ახლობელი იყო. სწორედ მან დარეკა ჰოლანდიაში და იქიდან ატყდა მთელი ამბავი - მაშველები მოითხოვეს და ა.შ. მათ დაგვტოვეს, დარეკვის შემდეგ კი სამხრეთის მიმართულებით დაიწყეს დაშვება. რამდენიმე ხანში მაშველი გამოჩნდა, მაგრამ ამინდი ხელს უშლიდა მთასთან მისვლაში.

- მედიკამენტები რომ გქონოდათ, მერაბს ვერ უშველიდით მაშველის გამოჩენამდე?

- მედიკამენტები გვქონდა, მაგრამ მერაბს რომ გაუჭირდა, მივეხმარე და ამ დროს ერთი ზურგჩანთა, რომელშიც მედიკამენტები გვქონდა, გადაგვივარდა. უცხოელებსაც ჰქონდათ მედიკამენტები, მაგრამ მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო მერაბის გადაცივების გამო, რომ არა მგონია, რამე შველებოდა.

- უცხოელებმა დახმარება არ შემოგთავაზეს?

- არა, მე კი ვთხოვე დარჩენილიყვნენ, იყო იმის შესაძლებლობა, რომ მერაბი უკეთეს ადგილზე გადაგვეყვანა, მაგრამ ჩათვალეს, რომ არ ღირდა. ალბათ, იმიტომ, რომ თვითონაც ძალიან დაღლილები იყვნენ(?!).

რა გვექნა, ჩვენ ხომ ვერ ვთხოვდით, დარჩით და დაგვეხმარეთ, შველა გვჭირდება-თქო. ამ დროს თვითონ უნდა მოიფიქრო და გადაწყვიტო როგორ მოიქცე. რაღა თქმა უნდა, მერაბის გადარჩენის შანსი იყო, თავისთავად ზალიკოც გადარჩებოდა.

- ზაალ ქიქოძეს რაღა დაემართა?

- მერაბი რომ გარდაიცვალა, ზალიკომ თქვა, როგორმე უნდა დავეშვათ, თორემ ჩვენც იგივე დაგვემართებაო. ერთიანად სველები და გათოშილები ვიყავით. ზალიკო პირველი დაეშვა, მე ზევიდან დაცვას ვუკეთებდი. იმ ღარიდან არ უნდა გადმოვარდე, თორემ ვერტიკალურ კედელზე დაეკიდები. როგორც ჩანს, წონასწორობა ვერ დაიცვა ზალიკომ, გადაეკიდა და პირდაპირ ჩანჩქერის ქვეშ მოექცა. ვეძახდი, მაგრამ ვერ გავაგონე. მერე ჩავედი, მოვხსენი ზურგჩანთა, ამოვიტანე, ჩავუტანე ჟუმარები, მაგრამ უკვე ძალიან მძიმედ, უგონოდ იყო და ვეღარ შევძლებდი აყვანას.

- როგორ გაძელით გათოშილმა ხუთი დღე ყინვაში, ამბობენ, პრიმუსიც არ დაუტოვებიათ ჰოლანდიელებსო.

- ჰოლანდიელებზე ლაპარაკი აღარ მინდა... მე როგორ გავძელი? ყველაფერი სველი მქონდა, თან წვიმდა და თოვდა. ვიწექი და ველოდებოდი მაშველს, იმედი წამითაც არ დამიკარგავს. თუმცა გაძლება, რა თქმა უნდა, ძნელი იყო. სასწაულმა გადამარჩინა. ახლა ვაანალიზებ ყველაფერს და მიკვირს, რომ მოყინულიც კი არ მაქვს არაფერი. ვერ გამიგია, ეს როგორ მოხდა.

- თქვენი მეგობრებისგან გავიგე, რომ თურმე ლოცულობდით.

- კი. გამუდმებით. მართლა საოცარია ღვთის განგება, რომ არა მისი წყალობა, ვერაფერი მიხსნიდა. მხოლოდ გამოფიტული ვარ, სხვა არაფერი მიჭირს.

- მერაბი თუ გესაუბრებოდათ გონების დაკარგვამდე?

- კი. ძალიან გადაღლილი იყო, შეიძლება ავადაც ყოფილიყო მანამდე, სანამ გზაზე გავიდოდით.

- წინათ ასეთ რთულ მარშრუტებზე გასვლისას სამედიცინო შემოწმებას არ გადიოდით?

- რა თქმა უნდა, აწყობილი სისტემა იყო ალპინიზმში. სპეციალური დისპანსერი გვქონდა, სადაც მთამსვლელების შემოწმება სავალდებულო იყო. ახლა სამედიცინო შემოწმება სავალდებულო აღარ არის, თანხის გადახდაა სავალდებულო. წინათ კი სამედიცინო შემოწმების გარეშე არც ბანაკი მიგიღებდა და, რა თქმა უნდა, ჯგუფშიც არ აგიყვანდნენ.

ახლა კი...

- ანუ ალპინიზმი კვდება საქართველოში?

- სამწუხაროდ, ასეა. უმძიმესი ვითარებაა. მე კლდიდან მფრინავმა დათო აბალოიძემ მომხსნა, ძალიან დიდი რისკის ფასად. სულ სამი კაცია ასეთი მფრინავი. გმირები არიან. ასეთ სიტუაციაში ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში იყენებენ სამაშველო სამსახურებს, მათ სპეციალური ვერტმფრენები ჰყავთ, ისეთი კი არა, რომლითაც ჩვენ მოგვხსნეს. საკმარისი იყო, ერთი კუდი მოექნია და უბედურება დატრიალდებოდა. რომ არა ის ბიჭები, დღეს ისევ იქ ვიქნებოდი.

- როცა მთაში მიდიოდით, ვისი დახმარების იმედი გქონდათ, ვის უნდა დაკავშირებოდით საჭიროების შემთხვევაში?

- ერთადერთი კავშირის საშუალება ღარის გავლის შემდეგ 400 მეტრის სავალზე იყო. აღმოსავლეთ მხარეს, “მაგთის” დაჭერის ზონაში მოვხვდებოდით და იქიდან შევძლებდით კონტაქტს ბართან.

- ეს სახიფათო არ იყო?

- რა გვექნა. არც რაციები გვაქვს და არც სატელიტური ტელეფონები. კავშირი რომ გვქონოდა და სპეციალური ვერტმფრენიც გვყოლოდა, არაფერიც არ მოხდებოდა. რაც ჩვენ დაგვემართა, ხშირად ხდება სხვაგანაც. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ ხალხი არ იღუპება, თუ ქვეყანა მზად არის ხსნისთვის. ჩვენ დიდი ხანია, ასე, კავშირის გარეშე დავდივართ. ახლაც გვთხოვეს ჰოლანდიელებმა და წავედით.

- რას ეტყვით დღეს თქვენს კოლეგებს, ღირს ისე გარისკვა, როგორც თქვენ გარისკეთ?

- მაშველების საკითხს სერიოზულად დავსვამთ. სხვანაირად სამთო ტურიზმის განვითარებაზე ლაპარაკი ფუჭი იქნება. წარმოიდგინეთ, მთელ მსოფლიოში რომ გავრცელდება ცნობა, უშბის მწვერვალზე, გაგანია ზაფხულში ორი კაცი დაიღუპაო, ვინ ჩამოვა აქ? აღარავინ.

მერაბ ხაბაზი 44 წლის იყო, ზაალ ქიქოძეს ოქტომბერში შეუსრულდებოდა 58 წელი. მისი მეგობარი, ასევე პროფესიონალი მთამსვლელი შალვა ლეჟავა “კვირის პალიტრასთან” საუბრისას ზუსტად იხსენებს საბედისწერო მარშრუტის დაგეგმვის დეტალებს: - ეს კომერციული მარშრუტი კი არა, მეგობრული ჟესტი იყო ჰოლანდიელების პატივსაცემად. მათ ზაალი კარგად იცნობდა. მარშრუტი 8 ივლისს უნდა დაწყებულიყო, თუმცა 14-მდე გადაიდო.

ჩვენ შევეცადეთ ბატონ შალვა ლეჟავასთან ერთად ვარაუდების საფუძველზე გაგვეანალიზებინა მომხდარი.

- წინათ, საბჭოთა კავშირის დროს, ალპინისტები სპეციალურ ბანაკებში გადიოდნენ საგანგებო მომზადებას. იწყებდნენ იოლი მარშრუტებით. სავალდებულო იყო ნორმატივების ჩაბარება. შესაბამისად, ალპინისტი რთულ მარშრუტს მაქსიმალურად მობილიზებულად ადგებოდა, რაც უზრუნველყოფდა მის უსაფრთხოებას. ამას ემატებოდა კარგად ორგანიზებული სამაშველო სამსახურის დაცვა, რაც დღეს ფაქტობრივად აღარ არსებობს. ამასთან, თითქმის სავალდებულო იყო ჯგუფის წევრების ფსიქოლოგიური შეთავსებადობა. რთულ მარშრუტზე მიმავალთ მთაში ერთად სიარულის გამოცდილება უნდა ჰქონოდათ. მთამსვლელობა ფილოსოფიური საქმიანობაა. მთაში პიროვნული მარტოობა კიდევ უფრო აშკარა ხდება და თუ იქ ვინმესთან ურთიერთობის სურვილი გაგიჩნდება, ის შენი სულის თანაზიარი უნდა იყოს. ამიტომ მარშრუტებში თანამგზავრებად ახლობლებს ვარჩევდით. ახლა მარშრუტის დაგეგმვის იდეალიზების პროცესი დაკნინდა. უფრო პრაგმატულად უდგებიან ჯგუფის შერჩევას.

დღეს, 21-ე საუკუნეში ჩვენს სამაშველო სამსახურს არ აქვს ნორმალური კავშირის საშუალებები. მეტიც, ცალ-ცალკე უნდა არსებობდეს მთაში, წყალში და ა.შ. მომხდარი შემთხვევებისთვის სამაშველო ჯგუფები, რომ მთაში მყვინთავი კი არა, მთამსვლელი მაშველი წავიდეს. არც მუდმივი ტრანსპორტი, საწვავი აქვთ მაშველებს. ამ სამსახურის ენთუზიაზმით მუშაობა არ შეიძლება. ბიძინა გუჯაბიძე 15 თუ 20 წთ-ის ასული იყო მყინვარზე, ბიჭების ამბავი რომ გაიგო, იმავე ღამეს ჩამოვიდა მთიდან, მეგობრის ვაჟი დახვდა მანქანით და იმან ჩამოიყვანა თბილისში, აქ უცებ დავტრიალდით, მაგრამ... მაშველები მეგობრებისა და ძმაკაცების იმედზე არ უნდა იყვნენ. ჰოლანდიელებს ვერ წარმოედგინათ, რომ ქვეყანაში, სადაც ამდენი მთაა, არ არსებობს სამაშველო სამსახური. არადა, შესანიშნავი კადრები გვყავს - ბიძინა გუჯაბიძე, აფი გიგანი, გია აფაქიძე, შოთა კომახიძე, ნიკა ერქომაიშვილი და სხვები, ყველანი პროფესიონალი ალპინისტები არიან. ნიკამ შვეულმფრენიდან გადახტომისას ფეხი იტკინა, მაგრამ მაინც აგრძელებდა მუშაობას. თუნდაც მფრინავები რად ღირს: შამილ ქორთოშიძე და დათო აბალოიძე, რომლებმაც უშბის ოპერაცია ჩაატარეს, უმაღლესი კლასის მფრინავები არიან.

მთას, თანაც უშბას, მთის მცოდნე კაცი სჭირდება, მაღალი კვალიფიკაციის ალპინისტები კი დაქსაქსული არიან. მათი სასწრაფო მოძებნა და ჯგუფის ორგანიზება შეუძლებელია. ესეც იმაზეა დამოკიდებული, მანქანა გყავს თუ არა, საწვავი თუ გაქვს. საგანგებო სიტუაციათა სამსახურს უნდა ჰქონდეს ეს საკითხი მოწესრიგებული. ელემენტარული ინფორმაცია მაინც უნდა ჰქონდეს პროფესიონალების ადგილსამყოფლის შესახებ, რომ მათთან დროულად დაკავშირება შევძლოთ.

- ბატონო შალვა, რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ ქართულ-ჰოლანდიური ჯგუფის მიერ დაგეგმილი ლაშქრობა?

- თუ ძალზე პრაგმატულად მივუდგებით ამ საკითხს, ჯგუფის მთაზე ასე ასვლა არ არის გამართლებული. მაგრამ მერაბის, ზაალისა და გელას მსგავს, მაღალი კვალიფიკაციის ალპინისტებს ხომ ვერ უბრძანებ სასათბურე პირობებში ყოფნას. ამ საკითხს ყველა თავად წყვეტს. შეიძლება სუბიექტური ვარ, მაგრამ რა ვქნა, მე მაინც ვერ ვამტყუნებ მათ. აქ გაიბა დამთხვევათა ჯაჭვი, რისგანაც საუკეთესოდ აღჭურვილი და დაცული ალპინისტებიც არ არიან დაზღვეული. მთაში ექსტრემალურ სიტუაციათა ალბათობა ძალზე დიდია. მერაბი რომ ჩანჩქერში არ მოხვედრილიყო...

ჰოლანდიელებს შეეძლოთ მეტი ეაქტიურათ. მათი წასვლა გამართლებულია მარტო ერთი მიზეზით - კავშირი რომ დაემყარებინათ ბართან. მაგრამ შემდეგ შეეძლოთ ისევ დაბრუნებულიყვნენ ბიჭებთან და დახმარებოდნენ მათ.

სამწუხაროდ, ჰოლანდიელები სხვა მენტალიტეტით აზროვნებენ ან კიდევ ეგონათ, რომ სამაშველო სამსახური მიხედავდა ბიჭებს.

ახლა მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, მერაბი და ზაალი გავიხსენოთ. მერაბი ჩვენი მომდევნო თაობა იყო, შესანიშნავი ქართველი, რომელიც მარტო ალპინისტებს კი არა, მთელ ერს დააკლდა. მე და ზაალი სიცოცხლის ბოლომდე ვმეგობრობდით. მრავალმხრივ განათლებული და საინტერესო პიროვნება იყო, რომელსაც უჩვეულო აზროვნებითა და ცხოვრების წესით ყველგან გამოარჩევდი. ერთ დროს, როდესაც ქუჩებში ნაგვის ურნები იშვიათობა გახდა, საფერფლით დადიოდა, სიგარეტის ნამწვავი ძირს რომ არ დაეგდო. ჩვენ ერთად ვიყავით სამაშველო სამსახურში “სანთელი”. ეს ერთადერთი ასეთი სამსახური იყო მაშინ. როდესაც სოხუმში ტრაგედია დატრიალდა და ხალხის ტალღა ჭუბერზე წამოვიდა, ჩვენ კარვები გვქონდა გაშლილი, სადაც ქალებსა და ბავშვებს ვაპურებდით. ახლაც თვალწინ მიდგას მოხუცი, დავარდნილი ქალი, რომელიც უმწეო ჩვილივით დაჰყავდა ზალიკოს. ჭუბერიდან დაბრუნების შემდეგ დიდხანს ცუდად იყო, უძილობა სჭირდა, ვერ ივიწყებდა ნანახს. მას ცხოვრების წესად ჰქონდა საზოგადო მოღვაწეობა.

დათო ჩანტლაძე: - ზაალი და მერაბი ძალიან ჰგავდნენ ერთმანეთს ხასიათით. ზალიკო მოწოდებით გმირი იყო, მერაბი მთასავით მშვიდი და ჯიუტი, უზომოდ მოსიყვარულე. მყინვარწვერზე ავდიოდით ხშირად. 1999 წელს ევერესტზეც ერთად ვიყავით. მთა ფანატიკურად უყვარდა. არც მიკვირს. მთა კაცური სიყვარულის აპოგეაა, კაცურ სიყვარულს ბარში ისე ვერ გამოხატავ, როგორც მთაში. იქ ერთი სიტყვით მოფერება კოშკების დადგმის ტოლფასია. იქ რომ მეგობარი გეტყვის, ღილი შეიკარი, არ გაცივდეო, ე. ი. გულით გეუბნება, გეფერება. მიგრძნია, დამინახავს, ღამით კარავში ბიძინა ან სხვები როგორ წამომდგარან, საბანი გაუსწორებიათ ჩვენთვის. ან ცდილობდნენ, უკეთეს ადგილზე დავეწვინეთ. თვითონ კი მთელი ღამე ცივ ლოდს ყოფილან მიყრდნობილი. რასაც ჩვენ, ალპინისტები, მთაში ვნახულობთ, იმას ვერასოდეს ნახავთ ბარში. სიყვარული დაგვატარებს მთებზე.

No comments:

Post a Comment

My photo
Tbilisi, Georgia
მითხარი ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი ვინა ხარ შენ :)

თემები

მკითხველები