Monday, February 28, 2011

დამაბრუნე ბავშვობაში


წამო, ავქანავდეთ ბონდის ხიდზე,
წამოდი, გამახსენე ბავშვობა,
წამო ვიწუწაოთ გუბეებში,
ნაწვიმარს არ ვაცალოთ დაშრობა.
დამღალა ბეწვის ხიდზე ყოფნამ და
სიკვდილის ჟინით ცქერამ თვალებში,
წამო, დამაბრუნე ბავშვობაში,
მომწყურდა ანცობა და თარეში.
მომინდა თუთის ხეზე გაწოლა
და წვალება სისინა გველების,
ტუჩზე დაწურული ალუბლები
და შენი დათხუპნული ხელები.
მოდი, შემომძახე ადრიანად,
ციცინათელებთან გავიპაროთ,
ცეტი ოცნებების ბარგიანად
გავქრეთ და არაფერი დავიბაროთ...
წამო, დამაბრუნე ბავშვობაში,
ნაწნავით მიმაკონე ასკილებს,
მერე კოცონთან გვიპოვნიან
დაღლილს და ძილთან ტკბილად ჩაფსკვნილებს.
წამო ავქანავდეთ ბონდის ხიდზე,
თვალებში დამიბრუნე ბავშვობა,
წამოდი, არ აცალო ჩვენს სიყვარულს
ნაწვიმარ გუბესავით დაშრობა.
ერთხელ, ჩემმა მეგობარმა კობა ჭუმბურიძემ ქართულ ენაში წვიმის აღმნიშვნელი სიტყვები შეკრიბა და აღმოჩნდა, რომ სამოცზე მეტი ”სახის” წვიმა გვქონია. სიტყვებს განმარტებების თანხლებით ვკითხულობდი და ეს ლექსი მოვიდა. 


სიყვარულის ახსნა წვიმის ენაზე


შენზე ფიქრების ვერ ვძლევ არაზანს,
მალ-მალ მადგება ცრემლის გერილი,
ხანდახან თმებით გთქორავ ლამაზად,
ვიქცევი ღვაფად დელგმად დენილი.

ნეტავ რად ვერ გრძნობ ამ გულში მერეხს,
სიყვარულის თქეშს, ლეზღას და ისხარს,
რად ჩამიყენე გულში ქაშანი,
ან დაჭრილ სულში ჟიჟმატს რად მისხამ?

შენი თვალების ვნებიან ფრუტით,
დაფანტული ვარ ლეშხივით, ჟვავად,
ქუჩებს აღელვებ, როგორც ქაშანი,
მეჟიჟმატები, თუ გინდა მნამავ...

ვინა ხარ, ტრფობით ასე რომ მრეშავ?
რად დამიშინე ვნების სკარხალი?
მინდა, რომ გავხდე ჩემი შხაპუნა,
თქორი ვიყო ან ცვარი დამფრთხალი.

თუკი მოიშლი ქირსლას გრძნობების,
სულში დაცხრება ჩუღუმის თქეშიც
და სიყვარულის თბილი მანანა
დაგვედინება ნიჟიან ტევრში.


ესეც კობას ”საგანძურიდან” ”მოვიპარე.”

სრული ჩამონათვალის ნაწილია:

არაზანი – თავსხმა
გერილი – მალე გადამღები
დელგმა – კოკისპირული
თქეში – მსხვილი წვიმა
თქორი – წვრილი წვიმა
ისხარი – ჩქარი წვიმა
ლეზღმა – დიდი წვიმა
ლელეხი – გადაუღებელი წვიმა
ლეშხი – ჟვავი, ფოთოლთაგან დადენილი
მანანა – რბილი წვიმა
მერეხი – თავსხმა
ნიჟი – ცვართ უმცირესი
ჟიჟმატი – ძალიან წვრილი
რეში – დიდი წვიმა
სკარხალი – სეტყვა (სვან.)
ფრუტი – ნისლოვანი თქორი
ქაშანი – ქარიანი თქეში
ქირსლა – წვრილთოვლნარევი
ღვაფი – ცვართ უმსხვილეს
ჩუღუმი – ქარწვიმა



Friday, February 25, 2011

”სისხლის ბანკი”

ჩემო უნიკალურო და საყვარელო მეგობრებო, გთხოვთ დამეხმაროთ ”სისხლის ბანკის” შექმნაში. ძალიან ხშირად ადამიანები მთხოვენ დახმარებას, ხომ არ იცნობ ვინმეს, რომ ესა და ეს ჯგუფის სისხლი ჰქონდესო. სამწუხაროდ ძალიან მწირი ინფორმაცია მაქვს. იქნებ აქ დაწეროთ ვის რომელი ჯგუფი გაქვთ, რეზუსიანი, ურეზუსო? ასე შევძლებთ სწრაფად დავეხმაროთ განსაცდელში მყოფთ.



ცნობისთვის, რას ნიშნავს რეზუსიანი და ურეზუსო, კი გეცოდინებათ, მაგრამ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ: (ესეც მკურნალი.გე-დან)

ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ქალბატონი ცისანა ჩაგიაშვილი.


-სისხლის ჯგუფისა და რეზუსის შესახებ საუბრისას უპირველეს ყოვლისა ის სიტუაციები გვახსენდება, როცა სისხლის გადასხმაა საჭირო. ოთხი განსხვავებული სისხლის ჯგუფის პაციენტთაგან რომელი ჯგუფის სისხლი შეიძლება გადაესხას თითოეულს?

-როგორც თავად ბრძანეთ, განასხვავებენ სისხლის ოთხ ჯგუფს -0 (I), A (II), B (III), AB (IV). ეს ოთხი ჯგუფი ერთმანეთისგან განსხვავდება ერითროციტებზე არსებული A და B ანტიგენებით და პლაზმაში არსებული ანტი-A და ანტი-B ანტისხეულებით. 0 (I) ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებს ერითროციტებზე არ გააჩნიათ არც A და არც B ანტიგენები, სამაგიეროდ პლაზმაში აქვთ ანტი-A და ანტი-B ანტისხეულები. A (II) ჯგუფის მქონე პირებს ერითროციტებზე აქვთ A ანტიგენი, ხოლო პლაზმაში ანტი-B ანტისხეულები, B (III) ჯგუფის შემთხვევაში ერითროციტებზე B ანტიგენია, ხოლო პლაზმაში ანტი-A ანტისხეულები. AB (IV) ჯგუფის ადამიანებს ერითროციტებზე აქვთ A და B ანტიგენი, ხოლო პლაზმაში ანტისხეულები არა აქვთ. სისხლის გადასხმის დროს დაცული უნდა იყოს პრინციპი -არ უნდა მოხდეს თანამოსახელე ანტიგენისა და ანტისხეულის შეხვედრა. გამომდინარე აქედან 0 (I) ჯგუფის პაციენტებისათვის მხოლოდ 0 (I) ჯგუფის სისხლის გადასხმა ანუ ტრანსფუზიაა დასაშვები, A (II) ჯგუფის ადამიანებს შეიძლება გადაესხათ 0 (I) და A (II) ჯგუფის სისხლი, B (III) ჯგუფის შემთხვევაში დასაშვებია მხოლოდ 0 (I) და B (III) ჯგუფის სისხლის გადასხმა, ხოლო AB (IV) ჯგუფის ადამიანებისათვის ყველა ჯგუფის სისხლის გადასხმაა მისაღები. მაგრამ ეს მხოლოდ ერითროციტების გადასხმის დროს არის გამართლებული. მთლიანი სისხლის გადასხმისას დონორისა და რეციპიენტის სისხლის ჯგუფი თანამოსახელე უნდა იყოს.

-თითქმის ყველას გვსმენია გამოთქმა "იდეალური დონორი", "იდეალური რეციპიენტი". პირველი I ჯგუფის სისხლის მქონე პირთა მიმართ გამოიყენებოდა, ხოლო მეორე -IV ჯგუფის შემთხვევაში. თქვენი ნათქვამიდან გამომდინარე, შეხედულება, რომ I ჯგუფის სისხლი შეიძლება ნებისმიერი ჯგუფის მქონე პირს გადაესხას, როგორც ჩანს, შეიცვალა.

-სისხლის გადასხმის დროს დაცული ზემოთ მოყვანილი პრინციპიდან გამომდინარე, 0 (I) ჯგუფის ადამიანები თეორიულად მართლაც უნივერსალური დონორები, ხოლო AB (IV) ჯგუფის პირები უნივერსალური რეციპიენტები არიან, თუმცა დღეს გამართლებულად მიიჩნევა მხოლოდ თანამოსახელე ჯგუფის სისხლის გადასხმა. ამ შეხედულებას სათანადო საფუძველიც აქვს -აღმოჩენილია სისხლის ქვეჯგუფები. მაგალითად, A (II) ჯგუფს აქვს ქვეჯგუფები A1, A2, ხოლო AB(IV) ჯგუფს -A2B. სწორედ მათი არსებობა განაპირობებს, რომ სხვა სისხლის ჯგუფის მქონე პირისთვის უნივერსალურად მიჩნეული 0 (I) ჯგუფის სისხლის გადასხმისას შესაძლოა მოხდეს ერითროციტების აგლუტინაცია ანუ შეწებება. ამის გათვალისწინებით, უნივე-რსალური დონორისა და რეციპიენტის ცნებები ადრინდელ დატვირთვას აღარ ატარებს. დღეს ისინი, როგორც გითხარით, გამართლებულია მხოლოდ ერითროციტული მასის გადასხმისას, ხოლო მთლიანი სისხლის გადასხმის შემთხვევაში დონორი და რეციპიენტი აუცილებლად თანამოსახელე სისხლის უნდა იყვნენ. მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაშია დასაშვები 0 (I) ჯგუფის სისხლის გადასხმა ნებისმიერი სისხლის ჯგუფის მქონე პირისთვის და ისიც მცირე დოზით -დაახლოებით 400 მილილიტრამდე. გარდა ამისა, დღეს აღიარებულია პრინციპი "ერთი დონორი -ერთი რეციპიენტი". მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ უმჯობესია, პაციენტს ყოველთვის ერთი და იმავე, უკიდურეს შემთხვევაში, ორი ადამიანის სისხლი გადაესხას. რა თქმა უნდა, ასეთი პრინციპი შემთხვევითი არ არის. საქმე ის გახლავთ, რომ სისხლის გადასხმა, რომელსაც მოსახლეობა შეიძლება სრულიად უბრალო, მარტივ პროცედურად მიიჩნევდეს, ფაქტობრივად ქსოვილის ტრანსპლანტაციაა. სისხლის გადასხმის შედეგად შესაძლოა მოხდეს ორგანიზმის სენსიბილიზაცია, რასაც თან სდევს პოსტტრანსფუზიული (გადასხმის შემდგომი) გართულება. სწორედ ამ გართულებებს აგვაცილებს თავიდან პრინციპი "ერთი დონორი -ერთი რეციპიენტი". მისი დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა პაციენტის დაავადებიდან და მდგომარეობიდან გამომდინარე აუცილებელია სისხლის მრავალჯერადი გადასხმა ანუ განმეორებითი ჰემოტრანსფუზია.

-გარდა სისხლის ჯგუფისა და რეზუსისა, რომელი ფაქტორების გათვალისწინებაა საჭირო დონორთა შერჩევისას?

-დონორთა შერჩევისას მრავალ ფაქტორს იღებენ მხედველობაში. უპირველეს ყოვლისა, პირი, რომელსაც სურს სისხლი გაიღოს, არ უნდა იყოს 18 წელზე ნაკლები და 65 წელზე მეტი ასაკის. მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც, რომლის შესახებაც ელემენტარული წარმოდგენა რომ შეგვექმნას, დონორობის მსურველს უსინჯავენ პულსს, არტერიულ წნევას, სისხლში ჰემოგლობინის შემცველობას. დონორებად არ დაიშვება პირი, რომელსაც აქვს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია, მძიმედ მიმდინარე ქრონიკული ბრონქიტი, შაქრიანი დიაბეტი. სისხლს არ იბარებენ, თუ ადამიანს გრიპისათვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნება. გარდა ამისა, როგორც წესი, მოწმდება სისხლის ინფი-ცირება შიდსის, C და B ჰეპატიტის ვირუსებით, ტარდება ვასერმანის რეაქცია, რათა გამოირიცხოს სიფილისი. საქართვე-ლოში მოქმედებს უსაფრთხო სისხლის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს სისხლის შემოწმებას ამ ვირუსებით ინფიცირების გამოსარიცხად. ამ კვლევებს პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო აფინანსებს. ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსზე, C ან B ჰეპატიტის ვირუსებსა და სიფილისზე დადებითი პირის დონორობა დაუშვებელია. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ეს არის მინიმალური, აუცილებელი გამოკვლევები. მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში მათი სპექტრი გაცილებით ფართოა. ამ საყოველთაოდ მიღებული კვლევების გარდა ჩვენს ინსტიტუტში ტარდება სისხლის შემოწმება Kel-1 ანტიგენზე. ეს ანტიგენი მოსახლეობის 6-7%-ში გვხვდება. საკმარისია, რეციპიენტს გადაესხას Kel-1 დადებითი ანტიგენის მქონე ერითროციტები, რომ მოხდეს სენსიბილიზაცია და ანტი-Kel-1 ანტისხეულების გამომუშავება. მეორედ ასეთი ანტიგენის მოხვედრა ორგანიზმში პოსტტრანსფუზიულ გართულებას გამოიწვევს.

-როგორ ხდება გადასასხმელი სისხლის ან დონორის შერჩევა ექსტრემალურ სიტუაციებში?


-ექსტრემალურ სიტუაციებში დონორის შერჩევის მიზნით აუცილებლად ტარდება სისხლის ჯგუფისა და რეზუსის განსაზღვრა, სისხლის შემოწმება შიდსის, B და ჩ ჰეპატიტის ვირუსებზე, ვასერმანის რეაქცია (შემოწმება სიფილისზე). როგორი სასიცოცხლო აუცილებლობითაც არ უნდა იყოს განპირობებული ჰემოტრანსფუზიის საჭიროება, ამ გამოკვლევების გარეშე მისი ჩატარება დაუშვებელია. გამოუკვლეველი სისხლის გადასხმას დღეს არავითარი გამართლება არ აქვს.

-როგორ გადაეცემა გენეტიკურად რეზუსფაქტორი? შესაძლებელია თუ არა, რეზუსდადებითი მშობლების შვილი რეზუსუარყოფითი იყოს?

-მშობლებისგან შვილებისთვის რეზუს-ფაქტორის გადაცემას განსაზღვრული გენეტიკური კანონზომიერებები ახასიათებს. მათი დეტალური განხილვა, რაც გენეტიკის შესწავლის საგანია, შორს წაგვიყვანს. უბრალოდ მოგახსენებთ, რომ ორ რეზუსუარყოფით მშობელს აუცილებლად რეზუსუარყოფითი შვილები ეყოლება, ხოლო თუ ორივე მშობელი რეზუსდა-დებითია, მათ შეიძლება ეყოლოთ როგორც რეზუსდადებითი, ასევე რეზუსუარყოფითი შვილები. ეს თავისებურება დამოკიდებულია მშობელთა გენოტიპზე.

-გარდა ორსულობის პერიოდში აღმოცენებული პრობლემებისა შეიძლება თუ არა, რეზუსუარყოფითი პირი ჯანმრთელად მივიჩნიოთ?

-რასაკვირველია, რეზუსუარყოფითი ადამიანი ჯანმრთელია, უბრალოდ, მის ერითროციტებზე არ არის რეზუს (D) ანტიგენი.

-როგორ გადაეცემა გენეტიკურად სისხლის ჯგუფი? შეიძლება თუ არა, სისხლის ჯგუფის საფუძველზე ვამტკიცოთ, ვინ არის ბავშვის ჭეშმარიტი დედა ან მამა?


-მშობლებისგან შვილებისთვის სისხლის ჯგუფის მემკვიდრეობითი გადაცემის თავისებურებები ცნობილი გახდა გენეტიკის კანონზომიერებათა წყალობით. მათ დეტალურ განხილვას აქ არ შევუდგებით, მხოლოდ რამდენიმე კერძო მაგალითს მოვიყვანთ. თუ ორივე მშობელს აქვს 0 (I) ჯგუფის სისხლი, მათ შეიძლება ეყოლოთ მხოლოდ 0 (I) ჯგუფის სისხლის მქონე შვილი. თუ ერთ-ერთ მშობელს აქვს 0 (I) ჯგუფის სისხლი, ხოლო მეორეს A (II) ჯგუფისა, მათი შვილები ან 0 (I) ჯგუფისანი იქნებიან, ან A (II) ჯგუფისანი. ანალოგიურად, თუ ერთი მშობელი 0 (I) ჯგუფის სისხლის მქონეა, ხოლო მეორე -B (III)-სი, შვილებს შეიძლება ჰქონდეთ ან 0 (I), ან B (III) ჯგუფი. თუ მშობლები A (II) და B (III) ჯგუფისანი არიან, შვილებში შეიძლება გამოვლინდეს არსებული ოთხი ჯგუფიდან ნებისმიერი -0 (I), A (II), B (III), AB (IV). მტკიცება, არის თუ არა პირი ჭეშმარიტი მშობელი, სისხლის ჯგუფის საფუძველზე მხოლოდ ნაწილობრივ შეიძლება. მაგალითად, თუ შვილი A (II) ან B (III) ჯგუფისაა, ხოლო ორივე მშობელი -0(I) ჯგუფის, ამ შემთხვევაში 100%-ით სარწმუნოა, რომ შვილი მათი არ არის, მაგრამ თუ მშობლები A (II) და B (III) ჯგუფისანი არიან, როგორც აღვნიშნეთ, შვილს შეიძლება არსებული ოთხი ჯგუფიდან ნებისმიერი ჰქონდეს. ამ შემთხვევაში რამის მტკიცება გაგვიჭირდება. სისხლის ჯგუფი გარკვეულწილად დაგვეხმარება ამ საკითხზე მსჯელობისას, მაგრამ არც შემთხვევითი დამთხვევაა გამორიცხული. გენეტიკური კუთვნილების შესახებ ჭეშმარიტი დასკვნა დღეს პოლიმერიზაციულ-ჯაჭვური რეაქციის მეშვეობით შეიძლება გამოვიტანოთ.


-რა შეიძლება მოჰყვეს შეუთავსებელი სისხლის გადასხმას? როგორი კლინიკური სურათი ვითარდება ამ დროს? რა ღონისძიებები ტარდება პაციენტის გადასარჩენად?

-შეუთავსებელი სისხლის გადასხმა შეიძლება პოსტტრანსფუზიული გართულებების მიზეზად იქცეს. ადამიანმა, რომელსაც შეუთავსებელი სისხლი გადაუსხეს, შესაძლოა მიიღოს ისეთი ერითროციტული, ლეიკოციტური და თრომბოციტული ანტიგენები, რომ მათ წინააღმდეგ გამომუშავებულმა ანტისხეულებმა აღნიშნული უჯრედების დაშლა ანუ ლიზისი გამო-იწვიონ. მსგავს შემთხვევაში პაციენტს ეწყება აგზნება, ტაქიკარდია, სახე ეფარება ცივი ოფლით, უვითარდება ტკივილი მკერდის ძვლის, წელის არეში, უქვეითდება არტერიული წნევა. მოგვიანებით შეიძლება განვითარდეს თირკმელების უკმარისობა, სიყვითლე, შარდის გამუქება. ასეთYდროს სასწრაფოდ უნდა შეწყდეს სისხლის გადასხმა და ჩატარდეს შოკის საწინააღმდეგო მკურნალობა.

-რამდენად არის მოსალოდნელი გართულებები სისხლის გადასხმისას, თუ გათვალისწინებული იქნება დონორისა და რეციპიენტის სისხლის ჯგუფი და რეზუსი?

-სისხლის გადასხმის ანუ ტრანსფუზიის დროს მხოლოდ ჯგუფისა და რეზუსის გათვალისწინება საკმარისი არ არის. ჰემოტრანსფუზიის წინ ტარდება ინდივიდუალური შეთავსების სინჯი. ის შეიძლება არ ჩატარდეს, თუ ადამიანს სისხლი სიცოცხლეში პირველად უნდა გადაესხას, მაგრამ მეორედ გადასხმისას და შემდგომშიც ასეთი სინჯის ჩატარება აუცილებელია, რათა განისაზღვროს დონორისა და რეციპიენტის შეთავსება და გამოირიცხოს სისხლის გადასხმის შემდგომი გართულებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, გარდა ტრანსფუზიის შემდგომი გართულებებისა, მომავალში გაძნელდება შესაფერისი დონორის შერჩევა.

-გარდა სისხლისა, რა შეიძლება გადაესხას პაციენტს? რას გულისხმობს ტერმინი "სისხლის პრეპარატები", "სისხლის შემცვლელები"? როგორ მოქმედებენ ისინი ადამიანის ორგანიზმზე?


-ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ სისხლის გადასხმა ანუ ჰემოტრანსფუზია ქსოვილის ტრანსპლანტაციაა. მას შეიძლება გართულებებიც მოჰყვეს. ამ გარემოებამ ხელი შეუწყო ახალი მიმართულების -კომპონენტური თერაპიის განვითარებას. მისი პრინციპი მარტივია -პაციენტმა უნდა მიიღოს სისხლის ის კომპონენტი, რომელიც სჭირდება. დღეს მთლიანი სისხლის გადასხმა გამართლებულია მხოლოდ სისხლის მასიური დაკარგვის შემთხვევაში. კომპლექსური მოქმედების სისხლის პრეპა-რატებია ალბუმინი, რომელიც ფართოდ გამოიყენება ტრავმული და ოპერაციული შოკის, დამწვრობის დროს, სისხლის შედედების სისტემის კორექტორები -კრიოპრეციპიტატები, ფიბრინოგენი, თრომბინი; იმუნური მოქმედების პრეპარატები -გამა-გლობულინი, ანტირეზუს-გამაგლობულინი, გრიპის, სტაფილოკოკის საწინააღმდეგო გამაგლობულინები. სისხლის შემცვლელთაგან შოკის საწინააღმდეგო მოქმედებით გამოირჩევა პოლიგლუკინი, რეოპოლიგლუკინი. ეს უკანასკნელი სისხლის მიკროცირკულაციასაც აწესრიგებს. წნევის მატების ეფექტი აქვს და დიდხანს რჩება სისხლში ჟელატინოლი, დეზინტოქსიკაცი-ური ეფექტი აქვს ჰემოდეზსა და პოლიდეზს, პოტენციურად სისხლის მკვებავია ცილის ჰიდროლიზატები, გლუკოზისა და ელექტროლიტების ხსნარები. მართალია, ორგანიზმზე ზოგიერთი სისხლის შემცვლელის ზემოქმედების თავისებურებების შესახებ მოგახსენეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პაციენტმა თავად დაიწყოს მათი შერჩევა. ყოველ კერძო შემთხვევაში სისხლის შემცვლელების გადასხმის აუცილებლობისა და რეკომენდებული პრეპარატის განსაზღვრა მხოლოდ ექიმს შეუძლია პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით.

-ბევრი მიიჩნევს, რომ გადასხმულ სისხლთან ერთად შესაძლოა დონორის ხასიათის თავისებურებები, ჰიპერტონია, სიმსუქნისადმი მიდრეკილება თუ სახსრების დაავადებები გადაეცეს. როგორია მედიცინის შეხედულება ამის თაობაზე?

-სისხლი სამკურნალო საშუალებაა და არა გენეტიკური მასალა. ხასიათის თავისებურებების გადაცემა ჰემოტრანსფუზიის შედეგად წარმოუდგენელია. მსგავს ფენომენს მედიცინა არ ცნობს და, შესაბამისად, ამ კუთხით კვლევებიც არ ტარდება, მათ მიზანშეწონილობას არავინ აღიარებს. რაც შეეხება დაავადებების გადაცემას სისხლის გადასხმის შედეგად, როგორც აღვნიშნეთ, ამ თვალსაზრისით საყურადღებო შიდსი, B და ჩ ჰეპატიტი და სიფილისია. გულ-სისხლძარღვთა, სახსრების და შინაგან ორგანოთა სხვა დაავადებების გადაცემა ჰემოტრანსფუზიის შედეგად არ ხდება. მით უფრო, რომ, როგორც მოგახსენეთ, მსგავსი პათოლოგიების შემთხვევაში ადამიანს დონორობის ნებას არ რთავენ.

-აქვს თუ არა მნიშვნელობა დონორის სქესს, წონას ან კანის ფერს? ხომ არ ამცირებს სისხლის ან მისი კომპონენტების სამკურნალო ღირსებას რომელიმე ჩამოთვლილი ფაქტორი?


-არც ერთ ამ ფაქტორს ყურადღება არ ექცევა, ვინაიდან ისინი არ მოქმედებენ გადასასხმელი სისხლის თვისებებზე, არ ამცირებენ მის ეფექტურობას.


-ნიშნავს თუ არა გარკვეული ჯგუფის სისხლი მიდრეკილებას ამა თუ იმ პათოლოგიისადმი, აღიარებს თუ არა მედიცინა სისხლის რომელიმე ჯგუფის უპირატესობას?

-კვლევების შედეგად შესწავლილია სისხლის ჯგუფების განაწილება სხვადასხვა პათოლოგიის დროს. მაგალითად, ცნობილია, რომ 0 (I) ჯგუფის შემთხვევაში ხშირია საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებები. სისხლის რომელიმე ჯგუფს კი სხვებთან შედარებით არავითარი უპირატესობა არ გააჩნია, თუმცა მართლაც ბევრი მიიჩნევს, რომ I ჯგუფის სისხლი კარგია და წუხან IV ჯგუფის სისხლის გამო. ჯანმრთელობის თვალსაზრისით არც ერთი ჯგუფის სისხლს არ გააჩნია განსაკუთრებული ღირსება ან ნაკლი. სისხლის ოთხი ჯგუფი ერთმანეთისგან მხოლოდ ერითროციტული ანტიგენებითა და პლაზმაში არსებული ანტისხეულებით განსხვავდება. თუმცა არ შეიძლება, არ აღვნიშნოთ ერთი გარემოება: ყველაზე ხშირად -შესაბამისად 41%-სა და 38%-ში -გვხვდება 0 (I) და A (II) ჯგუფის სისხლი. შედარებით იშვიათია B (III) და AB (IV) ჯგუფის სისხლი -14% და 5-7%. ამის გამო სისხლის ბანკში, როგორც წესი, ჭარბობს 0 (I) და A (II) ჯგუფის სისხლი, ხოლო B (III) და AB (IV) ჯგუფი ხშირად დეფიციტურია. მოსახლეობის 84% რეზუსდადებითია, მხოლოდ 15-16%-ია რეზუსუარყოფითი. შესაბამისად, რეზუსუარყო-ფითი სისხლის შეხვედრის სიხშირეც დაბალია. როდესაც დგება სისხლის გადასხმის აუცილებლობა, 0 (I) და A (II) ჯგუფის რეზუსდადებით პირს უფრო დიდი შანსი აქვს დონორის პოვნისა, ხოლო B (III) და AB (IV) ჯგუფის, თანაც რეზუსუარყოფით პირს შესაძლოა დონორის მოძიება გაუჭირდეს. სწორედ ეს გახლავთ გარკვეული სისხლის ჯგუფისა და რეზუსდადებითობისა თუ უარყოფითობის "ნაკლი" და "უპირატესობა".

-შეიძლება თუ არა, რომელიმე ფაქტორის ზემოქმედებით ადამიანს სისხლის ჯგუფი ან რეზუსი შეეცვალოს?

-სისხლის ჯგუფი და რეზუსი მთელი სიცოცხლის განმავლობაში უცვლელია, თუმცა ბევრი აღნიშნავს, რომ სისხლის ჯგუფი შეეცვალა. მათ წლების წინათ ჩატარებული გამოკვლევის შედეგად იცოდნენ, რომ ერთი ჯგუფის სისხლი ჰქონდათ, მაგრამ შემდგომში გამოკლევით სულ სხვა ჯგუფი აღმოაჩნდათ. 1999 წლამდე სისხლის ჯგუფისა და რეზუსის საკვლევი დიაგნოსტი-კუმები მთელ მსოფლიოში ადამიანის პლაზმისგან მზადდებოდა. ეს დიაგნოსტიკუმები მაღალი მგრძნობელობითა და სპეციფი-კურობით არ გამოირჩეოდა, რაც ნიშნავს, რომ გამორიცხული არ იყო შეცდომა. დღეს საქართველოში სისხლის ჯგუფისა და რეზუსის დადგენა წარმოებს მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში მიღებული მეთოდებით -მაღალი ხარისხის მონოკლონებით, გელ-ტექნოლოგიებით. მათი გამოყენება გამორიცხავს მცდარ პასუხს. სწორედ წარსულში მიღებული მცდარი შედეგი უქმნის ზოგიერთ ადამიანს ილუზიას, რომ მას სისხლის ჯგუფი ან რეზუსი შეეცვალა. სინამდვილეში მოხდა ამ მაჩვენებლების ზუსტი განსაზღვრა. აღნიშნულ საკითხზე საუბრისას არ შეიძლება უყურადღებოდ დავტოვოთ ერთი გარემოება: ძვლის ტვინის გადანერგვის ანუ ტრანსპლანტაციის დროს, რასაც ლეიკოზის მკურნალობისას მიმართავენ, განსხვავებული ჯგუფის ღეროვანი უჯრედების გადანერგვის შემთხვევაში ერთი ჯგუფის სისხლი შესაძლოა მართლაც შეიცვალოს მეორით. გარდა ამისა, დღეს შესაძლებელია სისხლის ჯგუფის ექსტრაკორპორალურად ანუ ორგანიზმის გარეთ ხელოვნური შეცვლა ბაქტერიებისგან მიღებული ენზიმების (ფერმენტების) ზემოქმედებით. კლინიკურ გამოცდას გადის აღნიშნული გარდაქმნისთვის შექმნილი აპარატურაც, თუმცა ეს ყველაფერი ჯერჯერობით სამეცნიერო კვლევათა სფეროა.

-რამდენი სისხლის ან მისი პრეპარატის გადასხმაა შესაძლებელი?

-სასიცოცხლო ჩვენებით, დიდი ოდენობით სისხლის დაკარგვის შემთხვევაში დასაშვებია სამ ლიტრამდე სისხლის გადასხმა, თუმცა ამ შეკითხვაზე კონკრეტული პასუხის გაცემა მაინც პაციენტის მკურნალს უნდა მივანდოთ.

-ბოლო ხანს გავრცელდა შეხედულება, რომ ადამიანს სისხლის ჯგუფიდან გამომდინარე განსაზღვრული კვება სჭირდება. საფუძვლიანია თუ არა ეს მოსაზრება?

-მსგავსი თეორია მართლაც არსებობს. მას მრავალი მიმდევარი ჰყავს, მათ შორის -ავტორიტეტულ სამედიცინო წრეებშიც. ამ მკვლევარებს აქვთ თავიანთი არგუმენტებიც, ლოგიკურად ამტკიცებენ საკუთარ შეხედულებებს. მაგალითად, მიიჩნევენ, რომ 0 (I) ჯგუფის ადამიანებს ძლერი იმუნური და საჭმლის მომნელებელი სისტემა აქვთ, რის წყალობითაც ისინი ისტორიის ქარტეხილებს ყველაზე უკეთ გადაურჩნენ. ასეთი არგუმენტი გარკვეულწილად ხსნის ჩვენ მიერ ხაზგასმულ ფაქტს, რომ 0 (I) ჯგუფის სისხლის მქონენი ყველაზე მრავალრიცხოვანნი არიან. ამ ადამიანებს ზემოთ მოყვანილი თეორიის მიმდევრები "მონადირეებს" უწოდებენ, თვლიან, რომ მათ კუჭის მაღალი მჟავიანობა აქვთ, რის წყალობითაც ხორციდან მაქსიმალურად ითვისებენ საკვებ ნივთიერებებს. A (II) ჯგუფის პირთა იმუნური სისტემა ჩამოყალიბებიდან დღემდე ინფექციურ პროცესებსა და ბაქტერიებს ებრძვის. ისინი უმეტესად მცენარეებითა და თევზით იკვებებიან. ამ ტიპს მიწათმოქმედებს უწოდებენ. B (III) ჯგუფის პირთათვის მისაღებია რძე და რძის ნაწარმი. AB (IV) ჯგუფისათვის, რომელსაც გამოცანას უწოდებენ, A(II) და B(III) სისხლის ჯგუფის მქონე პირთათვის რეკომენდებული კვებაა მისაღები. დღეს ძნელია, მსგავსი შეხედულებები ერთმნიშვნელო-ვნად ვაღიაროთ ან კატეგორიულად უარვყოთ. ამ თეორიის სიცოცხლისუნარიანობას ალბათ ყველაზე უკეთ დრო გვიჩვენებს.

-სისხლის ყველა ჯგუფის შემთხვევაში უსაფრთხოა თუ არა დონორობა? ძნელი ხომ არ არის გაცემული სისხლის აღდგენა რომელიმე ჯგუფის ან უარყოფითი რეზუსის მქონე პირისთვის?


-რომელიმე ჯგუფის სისხლი ან რეზუსუარყოფითობა დონორობის თვალსაზრისით არავითარ პრობლემას არ ქმნის. ჯანმრთე-ლი ადამიანისთვის, რომლის დონორობაც დასაშვებია, 400 მილილიტრი სისხლის აღდგენა არავითარ სირთულესთან არ არის დაკავშირებული.


-წინათ აუცილებლად მიიჩნევდნენ, ყველას განესაზღვრა სისხლის ჯგუფი და რეზუსი. პასპორტში სათანადო ოფიციალური ჩანაწერიც კი კეთდებოდა. დღესაც საჭიროდ ითვლება თუ არა ამ ინფორმაციის ფლობა?


-ბუნებრივია, ყველამ უნდა იცოდეს თავისი სისხლის ჯგუფი და რეზუსი. სასურველია, არსებობდეს მისი დამადასტურებელი ჩანაწერიც, თუმცა კრიტიკულ სიტუაციაში სტაციონარში მოხვედრისას ეს მაჩვენებლები ყველა პაციენტს აუცილებლად ხელმეორედ განესაზღვრება.






Tuesday, February 8, 2011

2005 წლის შემდეგ დრო არ გასულა

ეს ინტერვიუ   2005 წლის 4 ივლისს დაიბეჭდა  ”კვირის პალიტრაში”. ის დროა, გიორგი კალანდია და ბუბა  კუდავა ტაო-კლარჯეთის ”ათვისებას” რომ საფუძვლიანად შეუდგნენ. იგივე, რომ ცოტა ადრე საქართველოს წინა ან ახლანდელ ხელისუფლებას ეცადა, იქნებ ასევე ეგრძნოთ ჩამოთვლილი პრობლემების სიმძაფრე და უძველესი წარსულის და საგანძურის გადასარჩენად გარჯაც ადრე და მართლა დაეწყოთ. ვფიქრობ, პრობლემებს აქტუალობა არ დაუკარგავთ, მეტიც, გამძაფრდა. 



რატომ მიდის ჭოროხი სევდიანად

“პარხლისა და ოთხთა ტაძრებს ქართულ სოფლებთან ერთად დაძირვა ემუქრება” 




“დაკარგული საქართველოს ძიებას ვაგრძელებთ. ახლა ტაოში მივემგზავრებით”, მაცნობეს მორიგი ტელეექსპედიციის მარშრუტი ტელეჟურნალისტმა და ისტორიკოსმა გიორგი კალანდიამ და ისტორიკოსმა ბუბა კუდავამ. მოგვიანებით კი ოპერატორ ბესო გაფრინდაშვილის ტაოში გადაღებული მასალის ხილვით აღფრთოვანებული ვცდილობდი, ნანახი ცხადად წარმომედგინა და მეგრძნო ის, რაც აქეთა საქართველოდან ჩასულებმა ძველისძველ ტაოელთა შთამომავლებთან ურთიერთობისას და უნიკალური ქართული ძეგლების მოვლისას განიცადეს.

“მას შემდეგ, რაც პირველად ვიხილეთ ბანას ნანგრევებად ქცეული, მაგრამ მაინც დიდებული ტაძარი, ჩვენც იმავეს განვიცდით. ტაოდან თითქოს უსუსურობისა და დანაშაულის გრძნობა გამოგვყვა იმის გამო, რომ ვერაფრით ვშველით წაშლის პირას მყოფ ჩვენს უძველეს ისტორიას. იმასღა ვახერხებთ, რომ ფირზე ავსახოთ ის, რაც 10-15 წლის შემდეგ აღარ იქნება, რასაც ან დრო-ჟამი გაავერანებს, ან ჭოროხის წყალსაცავში დაგუბებული წყალი და აღარ იარსებებს ის, რითაც ნებისმიერი ერი იამაყებდა” - გიორგი კალანდიას ამ სიტყვებმა კიდევ უფრო გამიმძაფრა სევდა, რომელსაც თქვენც იგრძნობთ სტატიის წაკითხვისას და ტაოში მოგზაურობის შესახებ გადაღებული ფილმის ნახვის შემდეგ. რა შემოუთვალეს “ჭოროხის შვილებმა” (ასე უწოდებენ ტაოელები თავიანთ თავს) ქართველებს და საქართველოს პრეზიდენტს, ვის მზეს ფიცულობენ, როგორ იბრალებენ ქართული ტაძრების “ავტორობას” სომხები თურქეთშიც - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ექსკლუზიურად “კვირის პალიტრას” გიორგი კალანდია და ბუბა კუდავა ესაუბრებიან:

გიორგი კალანდია: - “ბებერი ტაო...” - ანა კალანდაძის ეს სიტყვები აღმომხდა, როცა დაღარული და დანაოჭებული, მაგრამ საოცრად მედიდური კლდეები დავინახე. ბანას ტაძარს საღამო ხანს მივადექით. ამ ტაძარში დაიწერა ჯვარი ბაგრატ მეოთხემ დედოფალ ელენეზე, სადღაც აქ არიან დაკრძალული ვახტანგ მეოთხე და მისი მეუღლე, ფანასკერტელის ასული.

მოგვიანებით ერთი საოცრების მოწმენი აღმოვჩნდით - ოშკის ტაძრის ერთ-ერთ კედელზე გამოსახულია ბანას ტაძრის მაკეტი, რომელიც ზუსტად ისევეა დაზიანებული, როგორც თვითონ ტაძარი. ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენს ფილმში კომპიუტერული ტექნოლოგიით რეკონსტრუირებული მისი გამოსახულება გვეჩვენებინა.

- ამას წინათ ერთმა გერმანელმა ტურისტმა მითხრა, ქართული ტაძრები ტაოში უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია. განსაკუთრებით კი ოშკია დანგრეულიო.

- დიახ, ასეა. ტაძარი დანგრევის პირასაა. ისეთი შეგრძნება გიჩნდება, ჯვარშემოძარცული გუმბათი თითქოს უფალს უჭირავს. ტაძარში შიგნითაც და გარეთაც ტყე ხარობს. კედლებთან ახლოს ხშირად ცეცხლს ანთებენ. ფრესკები კვამლმა გაანადგურა, უნიკალური ქვის ჩუქურთმები და ორნამენტები ზიანდება. დასანანია, რომ თურქეთის ხელისუფლება ქართული კულტურის ძეგლებს ყურადღებას არ აქცევს. მართალია, ეს ტაძრები ჩვენი ისტორიული საკუთრებაა, მაგრამ დღეს ხომ მათ ეკუთვნით მატერიალურად და ამით დიდი სარგებელიც შეუძლიათ ნახონ. თურქი გამცილებელი გვიამბობდა, ბოლო დროს ქართულ ტაძრებს განსაკუთრებით მეტი დამთვალიერებელი ეტანებაო.

თურქებს, რომლებიც იშხნის ტაძართან სახლობენ, ეტყობა, გაცნობიერებული აქვთ, ამ შესანიშნავი ძეგლის ისტორიული და არქიტექტურული ღირებულება. ჩვენდა გასახარად, ტაძარი კარგად მოვლილი დაგვხვდა. თითქმის მუზეუმის სტატუსი აქვს - რომ დაგვეთვალიერებინა, ფული გადავიხადეთ. თურქეთის კულტურის სამინისტროსთვის წერილობითი თხოვნითაც მიუმართავს მოსახლეობას, იშხნის ტაძარი აღადგინეთო. ვფიქრობ, ქართულმა მხარემაც მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს დაკარგულ ტაძრებს. მაშინ თურქეთის ხელისუფლებაც სხვანაირ დამოკიდებულებას გამოიჩენდა. ახლახან, საქართველოში ყოფნისას, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ნინო ბურჯანაძესთან შეხვედრისას მოითხოვა 6 სომხური ტაძრის გადაცემა. ისტორიული ძეგლების მოვლა-პატრონობის საკითხი სწორედ უმაღლეს ხელისუფალთა მოთხოვნებისა და შეთანხმებების საფუძველზე უნდა გადაწყდეს.

თურქები ხშირად გვეკითხებოდნენ, გაგვაგებინეთ, ეს ტაძრები თქვენია თუ სომხებისაო. ოშკთან მიმავალ გზაზე დგას პატარა აბრა წარწერით: “ოშკვანაქ”. “ვანაქ” სომხურად ტაძარს ნიშნავს. ე. ი. ოშკი სომხების გამოდის(!). თურმე სომხები ჩვენს ტაძრებში ლოცულობენ და ამაყად უჩვენებენ ყველას ქართულ წარწერებს, ეს სომხური წარწერებიაო. იშხანში ავსტრალიელ მეცნიერებს წავაწყდით. ტაძარს და ქართულ წარწერებს როგორც სომხურს, ისე იკვლევდნენ. აღტაცებული გაიძახოდნენ, ბრწყინვალე სომხური ტაძარიაო. ბუბა კუდავამ კი აუხსნა კომპეტენტურად თურქებს საქმის ვითარებაც და ისტორიაც, მაგრამ ფაქტია, სომხებიც ასევე “კომპეტენტურად” მუშაობენ.

ბუბა კუდავა: - სომხები ცდილობენ, დასავლელ ტურისტებს ყალბი ინფორმაციები მიაწოდონ. ქართული ტაძრების დათვალიერების გარდა, ჩვენი ექსპედიცია იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ ტაოელების ახლა უკვე მცირერიცხოვან შთამომავლებს შევხვდით. ტაო უზარმაზარი პროვინციაა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში. სამწუხაროდ, მხოლოდ სამი ქართული სოფელია დარჩენილი პარხლის ხეობაში, რომელიც თავისი გეოგრაფიული მდებარეობით დანარჩენი ტაოსაგან გამოირჩევა. აქ გაცილებით ნაყოფიერი მიწაა. ეს კი ტრადიციული ქართული მეურნეობის შენარჩუნებისა და განვითარების საშუალებას იძლევა.

ბევრ ტაოელს მხოლოდ ის ახსოვს, რომ ოდესღაც გურჯი იყო, თორემ აღარც ენა იციან და აღარც ქართულ ადათ-წესს იცავენ. მხოლოდ ხუვეკში, ქობათსა და ბალხში აქვთ შენარჩუნებული ქართველობა. აქამდე ტაოში ექსპედიციები, ძირითადად, ხუროთმოძღვრული ძეგლების დათვალიერებითა და შესწავლით შემოიფარგლებოდა. ქართველთა ისტორიულ დასახლებებს, მათ ყოფა-ცხოვრებას, მეტყველებას და ა.შ., ნაკლები ყურადღება ექცეოდა. ეს კი საშური საქმეა. როგორც ძეგლი ნადგურდება თანდათან, ასევეა ენაც, მეტყველებაც, ფოლკლორიც. მათაც მოვლა სჭირდება. უმცროსი თაობა უკვე ვეღარ ლაპარაკობს ქართულად. ტელევიზია პირდაპირ ანადგურებს ამ პატარა სოფლების მკვიდრთა ეთნიკურ იდენტურობას. წინათ იკრიბებოდნენ და წინაპრებისაგან გადმოცემულს მომავალ თაობებს გადასცემდნენ. ახლა ტელევიზორებთან სხედან, წარსულთან კავშირს კარგავენ და მომავალიც გაურკვეველი აქვთ. ამ სოფლებში საქართველოდან მხოლოდ თითო-ოროლა ქართველია ნამყოფი ოდესღაც. აქ ისტორიული ძეგლები არ დგას და ამიტომ არავინ მიდიოდა. ამიტომ იქ ბევრისთვის საქართველო რუსეთია, წარმოდგენაც არ აქვთ, რომ მათი ისტორიული სამშობლო ცალკე სახელმწიფოა...

ტაოელები ლაპარაკობენ ტაოურ დიალექტზე (მასზე მხოლოდ სამი სოფლის მოსახლეობა ლაპარაკობს). მის შესანარჩუნებლად, ალბათ, არაერთი ექსპედიცია იქნება საჭირო. ამას კი შესაბამისი დაფინანსება უნდა, რისი საშუალებაც, სამწუხაროდ, საქართველოს ჯერ არ აქვს. ჩვენი ექსპედიციაც ვერ ჩატარდებოდა, რომ არა საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელის დახმარება...



გიორგი კალანდია: - ერთმა ტაოელმა საქართველოს პრეზიდენტთან დაგვაბარა, ამ საქმეს ხელი მოჰკიდე, აქ, ჩვენთან, მექთები (სკოლები) აგვიშენე და ქართული წერა-კითხვა გვასწავლე, ჩვენ ეს ძალიან გვინდაო. გვითხრეს, იქნებ თამარ მეფის სურათი გამოგვიგზავნოთ, კედელზე რომ გავაკრათო. ღია ბარათი ჰქონიათ თამარის გამოსახულებით, დაჰკარგვიათ და დარდობდნენ. ქართველებს შემოუთვალეს, არ დაგავიწყდეთ, ერთი ჭოროხის შვილები ვართო. მას შემდეგ, როცა კაშხლის მშენებლობა დაიწყო, თურმე ტაოელები ამბობენ, ჭოროხი იქითა ქართველებთან სევდიანად მიდისო.

- ქართული ადათ-წესებიდან და ყოფიდან რა აქვთ შემორჩენილი?

- ვაზს უვლიან, თუმცა ღვინოს არ სვამენ. ქართული სუფრა იშლება - თამარ მეფის სადიდებლებს მღერიან. ზოგს არც ქართველობა ახსოვს, არც ენა და არც ისტორია, მაგრამ თამარი ახსოვს. ზღაპრებს და ლეგენდებს ისე ჰყვებიან დიდ დედოფალზე, თითქოს გუშინ ენახოთ პარხლის ხეობაში. თამარის სახელობის არხიც აქვთ. “თამარის რუს” ეძახიან მას, მთის ფერდობზე შეფენილი ერთადერთი სოფლისთვის გაუკეთებიათ დიდი მეფის ბრძანებით. არხი დღესაც მუშაობს. საინტერესო ირიგაციული ნაგებობაა...

ერთ ლამაზ ლეგენდას ჰყვებიან: თამარს იშხანში ტაძრის აშენება გადაუწყვეტია, მამისთვის ფული გამოურთმევია, მაგრამ ტაძრის მშენებლობისთვის არ კმაროდა და ამიტომ ოქროსთმიან თამარს სამკაულები და გვირგვინი გაუყიდია. მაინც დაჰკლებია ფული და ტაძრის დასასრულებლად ოქროს თმა შეუკვეცია და ისიც გაუყიდია. ასე აუშენებია იშხანი.

ბუბა კუდავა: - ჩვენი ექსპედიციის წარმატებად ვთვლი პარხლის ხეობაში ოთხთა ეკლესიასთან მდებარე კავკასიძეების ციხის ნახვასაც. ექვთიმე თაყაიშვილის ექსპედიციის წევრის, გიორგი ჟდანევიჩის შემდეგ აქ ფეხი აღარავის დაუდგამს. სწორედ მას აქვს ჩანაწერები აქ არსებული თექალის ტაძრის შესახებ.

იქ ასასვლელი ბილიკი სამანქანო გზის გაყვანის შემდეგ დაინგრა, ამიტომ ალპინისტების დაქირავება მოგვიხდა. საბედნიეროდ, წარწერები და ფრესკები ჯერაც შენარჩუნებულია და ფირზე აღვბეჭდეთ. აღმოვაჩინეთ ნაკაწრი წარწერები, რომლებიც ჟდანევიჩს არ აქვს ნახსენები. ამ ძეგლის ფირზე გადატანა მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ შესაძლოა კაშხლის აგების შემდეგ ის წყალში მოექცეს.

გიორგი კალანდია: - სამწუხაროდ, უძველესი კულტურული ძეგლებისა და ტაოელების მხოლოდ ვიდეოფირებზე აღბეჭდვა ვერაფერი ნუგეშია. ჭოროხის აუზში მდებარე ქართული სოფლებისა და კულტურული ძეგლების მომავალი გაურკვეველია. ალბათ, არცთუ უსაფუძვლოა არა მარტო ქართველების, არამედ თურქების შიშიც, რომ პარხლისა და ოთხთა ტაძრებს ქართულ სოფლებთან ერთად დაძირვა ემუქრება. თუ ასე მოხდა, ტაოელებს თურქეთის შუაგულში გადასახლება მოუწევთ, რაც მათ ეთნიკურ გადაშენებას ნიშნავს. ტაოელების საბოლოოდ გათურქება კიდევ ერთი ქართული ტრაგედია იქნება.

Monday, February 7, 2011

ნუ მომკლავ დედა!

მცხეთის რაიონის სოფელ მისაქციელში რამდენიმე დღის წინ დატრიალებულმა ტრაგედიამ იმდენად შემაძრწუნა, რომ დედის მიერ შვილის მოკვლის ფაქტზე არაფრის მოსმენა არ მსურდა. არ გამიმართლა. ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე საათში რედაქტორის დავალებით დამირეკეს, მისაქციელიდან რეპორტაჟი გვინდაო. როდესაც წარმოვიდგინე რა ამაზრზენ სანახაობას ვნახავდი და რისი მოსმენა მომიწევდა, კინაღამ სტატიის მომზადებაზე უარის თქმა დავაპირე.
Add caption
როდესაც სტატიის მომზადებაზე ფიქრი დავიწყე და შევეცადე დანაშაულის არსს როგორმე ჩავწვდომოდი, ძალიანაც არ გამკვირვებია მომხდარი. იმავე დღეს ხომ თბილისში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში მიგდებული ჩვილიც ნახეს. მიმაჩნია, რომ ერი, რომელიც აბორტების რაოდენობით თითქმის ერთ-ერთი პირველია მსოფლიოში, შვილთა კვლას და მიგდებას მიეჩვია. დიახ, თუ დაუბადებელ შვილს ვკლავ ,არაფრით ვარ იმ ქალზე უკეთესი, რომელმაც 5 წლის შვილი მოკლა. ფსიქოლოგებისთვის არ მიკითხავს, მაგრამ ვფიქრობ, მათ გარეშეც არ არის ძნელი მიხვდე, რომ აბორტის ჩვეულება ერის ცნობიერებაში ავისმომასწავებელად იკირება. ვეჭვობ, ჩვენს საზოგადოებაში ზოგადად მკვლელის სინდრომის გაძლიერების მიზეზი ნაწილობრივ ისიც არის, რომ ნაყოფი ისახება და იზრდება არა უბრალოდ დედის საშოში, იქ, სადაც წესით სიკვდილის (ხელოვნურის მაინც)  ადგილი არ უნდა იყოს, არამედ სასაკლაოზე. დიახ, ვფიქრობ, რომ საშვილოსნო ინახავს ინფორმაციას ნაყოფის ხელოვნურად მოკვდინების შესახებ და ჩანასახი, რომლის დაბადებასაც ხელს არავინ უშლის, იზრდება მისი და-ძმის დახოცვის შესახებ არსებული ინფორმაციით გაჯერებულ გარემოში. გამიგია, რომ ბავშვის აღზრდა მუცლიდანვე იწყებაო, რის გამოც, თურმე ორსულმა ქალმა უნდა უსმინოს საუკეთესო მუსიკას, თვალი ლამაზი სანახებით გაართოს და იცხოვროს სრულიად მშვიდ გარემოში. რატომ არის ეს ყველაფერი საჭირო? ხომ იმიტომ, რომ ნაყოფმა დადებითი ინფორმაცია მიიღოს დედის ორგანიზმიდან, სხეულიდან, გულიდან, ტვინიდან, სისხლიდან, ყველაფრიდან, რაც მას კვებავს. ამ დროს დედის სხეულს, გონებას, სისხლს, საშვილოსნოს კუნთებს, კედლებს, თუ რაც არის, ყველაფერს ხომ ახსოვს აბორტმახერის მაშის მსახვრალი შეხება და სასიკვდილოდ განწირული ადამიანის (ნაყოფის) ყვირილი, ბღავილი და ტირილი. მას შველა სჭირდებოდა, მისი გადარჩენა მხოლოდ დედას შეეძლო, არადა, სწორედ მან გამოუტანა სასიკვდილო განაჩენი, დაიქირავა მკვლელი... და ჩვილი, რომლის გაჩენაც მოუნდა დედას, ასეთ გარემოში იზრდება და დასაბადებლად, დედასთან შესახვედრად ემზადება. ეს პროცესი მიდის შიშის თანხლებით, ვაითუ ისევ გამოჩნდეს მაშა, მეც გამწიროს დედამ. რამეს ვამეტებ? არ მგონია. თუმც, სიამოვნებით მოვისმენ ჩემი ვარაუდის გამაბათილებელ არგუმენტებს. ამასთან, არ ვამბობ, რომ ეს ერთადერთი მიზეზია, რამაც საქართველოში მკვლელობების გახშირება გამოიწვია.
მოკლედ, მისქციელში ჩასულს, წიკლაურების ოჯახში მართლაც საშინელი სურათი დამხვდა. პატარა კუბოში იწვა გაცრეცილი, დამფრთხალ სახიანი ბიჭუნა, რომელსაც წესიერ ოჯახში ალბათ უფლისწულივით გაზრდიდნენ. ამ ბიჭუნას კი სახეზე საშინელი შიში და გაოცება შეკვდომოდა, ალბათ ამ შიშის გამო ჰქონდა  თვალებიც ღიად დარჩენილი. ვერ დავუხუჭეთო, ტირილით თქვეს ნათესავებმა. ღია პირიდან ბავშვს არცერთი წინა კბილი არ მოუჩანდა. არადა, კბილები სიკვდილამდე ერთი დღით ადრე ჰქონდაო. ლოყები დასერილი ჰქონდა. ამბობენ, რომ თითქოს ასე სურდა მკვლელს გონზე მოეყვანა ბავშვი. სადიზმის ასეთი გამოვლინება მაიძულებს ვიფიქრო, რომ ქალს მანიაკალური მიდრეკილებები აქვს. სხვანაირად ვერ ვხსნი მომხდარს და ნანახს. ჩემთან ერთად იყო ჩემი მეგობარი მაკო გიგაური, რომელიც 8 წლის შვილის დედაა და ამ სადისტური ამბის გაგების პირველი წუთებიდანვე გამუდმებით კითხულობდა, რატომ გააკეთა დედამ ეს? იქნებ სულაც არ არის იმ ბავშვის დედაო. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ვიცოდით დანაშაულის დეტალები, მაკო ბოლო წუთამდე ცდილობდა რაიმე ხელჩასაჭიდი ენახა და გვეთქვა, რომ დედას საკუთარი შვილი არ მოუკლავს. მაკოს თავის არსებაში ნამდვილი დედა, სრულიად ნორმალური ადამიანი და ქალი არ აძლევდა მოსვენებას.მისთვის ძნელია 8 წლის შვილს აუხსნას ეს ფაქტი, ეჭვიც არ დაუტოვოს, რომ დედა ყოველთვის დაიცავს მას. მე კი გულწრფელად ვაღიარებ, შემეშინდა, ღმერთმა დამიფაროს, მაგრამ იქნებ სადღაც, გულის თუ გონების კუნჭულში ჩემშიც არსებობს ვირუსი, თუ ბაცილა, რომელსაც შეუძლია ტვინი ამირიოს და ასეთი საშინელება ჩამადენინოს. ნუთუ ქალები ზოგადად ვატარებთ შვილის მკვლელის გენს?
აქ თოთოეული ჩემი სიტყვა ტკივილით არის განპირობებული. ვეძებ გამოსავალს, ვეძებ პრობლემის, ავადმყოფობის საფუძველს, რეალურ მიზეზს. თუ ჩვენ ამას ვერ მივაგნებთ, ვერასოდეს ვუმკურნალებთ დაავადებას და კიდევ ხშირად ვნახავთ სანაგვეზე, ლიფტებში, ჭიშკრებთან მიგდებულ მკვდარ ან ცოცხალ-მკვდარ ჩვილებს. აბორტს კი ვერანაირი კანონი ვერ აკრძალავს, თუ ავადმყოფ ცნობიერებას არ ვუმკურნალებთ. შვილთა კვლის სინდრომი თვითგანადგურების სინდრომზე მეტყველებსო, მითხრა ერთხელ ერთმა ფსიქოლოგმა. როგორმე უნდა გამოვრთოთ ეს ნაღმი ჩვენს ცნობიერებაში, თორემ საბედისწერო აფეთქება გარდაუვალ იქნება.
იქნებ ერთად გვემსჯელა, მოგვეძია პრობლემის საფუძველი, რათა საბედისწერო ნაღმის გაუვნებელყოფა მოვახერხოთ და გადავრჩეთ.
ჰო, კიდევ ერთი, გამაოცა მამის საქციელმა. იმ დღეს კი არა, საერთოდ. დავიჯერო ბავშვზე ძალადობის კვალს ვერ ხედავდა? ეს კითხვა ტვინს მიღრღნის. ის კაცი იმ დღეს დათრგუნული ჩანდა. არადა, უამრავი კითხვა მქონდა მის მიმართ. თუნდაც რატომ ამბობდა ბავშვი, რომ დედას და მამას ის არ უყვარდა და მხოლოდ მის და-ძმას ეფერებოდნენ. თუ დედა სადისტი და გიჟი იყო, მამისთვის ხომ უნდა მიემართა ბავშვს დასახმარებლად? როცა დედა დამტუქსავდა ( და არა მცემდა, ასეთი რამ საბედნიეროდ არ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში), მხარდამჭერს მამაში ვეძებდი. რატომ არ ეძებდა პატარა შაკო მხსნელს მამაში? იქნებ მამიდის ეჭვი, რომ შესაძლოა ბიჭი მისი ძმისშვილი არ ყოფილიყო, საფუძვლიანია?

Sunday, February 6, 2011

ძალიან ახლობელი

ეს ვეკო პაპასკირია. ჩემი სულიერი და და ძალიან ღრმა ადამიანი. გზადაგზა ბევრს გეტყვით მის შესახებ:)

მეგობრის სიზმარი

დილით დავურეკე, მოვიკითხე. რაღაც საქმეზე უნდა წავსულიყავით ერთად და მე გეგმა შემეცვალა. უნდა გამეფრთხილებინა. ცოლი შემევედრა, ოღონდ სახლიდან გაიყვანე, ღრმა დეპრესიაშიაო. თურმე ბოლო სამი თვეა ცუდი სიზმრები აქვს. არა, სიზმარში კი არ ხდება უბედურება, სიზმრის მერე იწყება კოშმარი. 
ცოლმა მითხა, ჩემს ქმარს ბოლო დროს ხშირად ესიზმრება დედაჩემიო (ის ქალი ცოცხალია და საღ-სალამათი, თან ძალიან კეთილია). მერე რა - მეთქი? გულწრფელად გამიკვირდა. როგორ რა, დაესიზმრება და იმ დღეს საპატრულო პოლიციის ჯარიმას ვერ აცდებაო. გაკოტრების გზაზე ვართ დამდგარი ამის სიზმრების გადამკიდეო. სიზმარი რა შუაშია, დედაშენი შუქნიშანივით ესიზმრება შენს ქმარს, აფრთხილებს, რომ საგზაო წესები ისწავლოს და მაგანაც ისწავლოს - მეთქი.:)) ეჰ, მოძრაობის წესების რა გითხრა, მაგრამ დედაჩემის დასიზმრების შიშით ძილი გაუკრთაო, _ დაიწუწუნა ცოლმა. გადამრევს ეს ხალხი:))

Saturday, February 5, 2011

კეჭოუკა - იაპონელების რისხვა

რაჭველი მეპურის უცნაური თავგადასავალი


სადაურსა სად წაიყვანო, ნათქვამია და სპირიდონ (კეჭოუკა) გოცირიძესაც ასე დამართნია. 1905 წელს, ბედის უკუღმართობით იაპონელებთან მოხვედრილ რაჭველ მეპურეს ორი, იმ  დროისთვის ცნობილი ძიუდოისტი თვალის დახამხამებაში გაუკრავს ტატამზე. ამ ამბავს შესწრებია რუსულ გარნიზონში სამბოს დამამკვიდრებელი ანატოლი ხარლამპიევი და აღფრთოვანებულს მემუარებში ჩაუწერია: "მე გახლდით პორტ-არტურში, სადაც ქართველი მოჭიდავის ჩატარებული საოცარი ილეთები ვნახე".

ხარლამპიევის მემუარებში ერთი პატარა აბზაცით გადმოცემულ სპირიდონის თავგადასავალს საქართველოში ძებნას არავინ დაუწყებდა, რომ არა  ერთი შემთხვევა: ჩემს კოლეგას, მიხეილ ლაბაძეს, რამდენიმე წლის წინ ბებია გახდომია ავად და საავადმყოფოში დაუწვენიათ. მოსიყვარულე შვილიშვილი თურმე ყოველდღე აკითხავდა მოხუცს. ერთ დღესაც მიხეილს უთქვამს, წავედი ახლა, კარატეზე მაგვიანდებაო. ეგ კარატე რაღააო, - უკითხავს ბებიას და შვილიშვილსაც ორიოდე სიტყვით განუმარტავს, იაპონური საბრძოლო ხელოვნებააო. იაპონიის ხსენებაზე გვერდით საწოლიდან მოხუცს წამოუწევია თავი:  "რაო, იაპონიაო? ბოშო, ეგ იაპონელი მებრძოლები ჩემმა ძამია კეჭოუკამ რაჭული ჭიდაობით ცხვირ-პირით გააკრა მიწას და პირები დააფჩენიაო", და ქალბატონ ანეტას წვრილად უამბია სპირიდონ გოცირიძის ამბავი. 

მიხეილ ლაბაძე: - ქალბატონი ანეტა სპირიდონის ერთადერთი და ყოფილა. სპირიდონ (კეჭოუკა) გოცირიძე ზემო რაჭაში დაბადებულა. ბავშვობიდანვე ღონიერს, მაგრამ მშვიდსა და ალალს არასდროს ჰქონია პრობლემები, თუმცა, ბედს ერთ დღეს რუსის ჟანდარმთან შეუხვედრებია... 1904 წელს   ქუთაისში საქმეზე ჩამოსულა კეჭოუკა. ეს ის დრო იყო, რუსები განსაკუთრებული სიფრთხილით რომ აკვირდებოდნენ ამბოხისა და წინააღმდეგობის მოყვარულ ქართველებს, რომელთაც რუსულ ჯარში სამსახური არ სურდათ. მოკლედ, დაინახეს ჟანდარმებმა შუა ქუჩაში ზანტად მომავალი ახოვანი ბიჭი, რომელიც ერთ ჭამაზე ერთ ხარს შეჭამდა. დაუძახეს: „მოდი, ერთი ჭიქა არაყი დაგვილიეო. პირველ ჭიქას მეორე მოჰყვა, მეორეს - მესამე და დაათვრეს კეჭოუკა. როგორც ჩანს,  არაყში რაღაც  გაურიეს. რომ გამოიღვიძა, უკვე გვიანი იყო - მატარებელში იჯდა და ხელფეხშეკრული თბილისისკენ მიჰყავდათ...

მაშინ იაპონიას ექიშპებოდა რუსეთის იმპერია, ამ ომში კი არა მხოლოდ ქართველებს, კაზაკებსაც არ სურდათ წასვლა - იაპონელ სამურაებს კაციჭამიების სახელი ჰქონდათ გავარდნილი.

მიუხედავად იმისა, რომ კეჭოუკა ჟანდარმების ტყვე იყო, ჯარისკაცობაზე ვერ დაუყოლიებიათ. იმდენი მოუხერხებია, რომ პორტ-არტურში ძალით გაგდებული რუსი გენერლის - ანატოლი სტესელის პირადი მზარეული გამხდარა. 1905 წლის 5 იანვარს პორტ-არტური სწორედ სტესელმა ჩააბარა იაპონელებს და კაპიტულაციაზე მოუწერა ხელი... ამის შემდეგ იაპონელმა გენერალმა ჰეიჰატირო ტოგომ (ძიუდოისტიც იყო) სტესელს უთხრა: თუ თქვენს გარნიზონში არიან ჯარისკაცები, რომლებსაც ჭიდაობა ეხერხებათ, ჩვენებურ ძიუდოისტებს შევაჯიბროთო" (ძიუდო ახალი “ხილი” იყო იმ დროს და ყველა იაპონელი ძიგორო კანოს, ძიუდოს შემქმნელის სახელს ფიცულობდა). სტესელიც რას ეტყოდა, დაბეჩავებული და უფლებააყრილი, სული კინაღამ გაეპარა, მაგრამ დათანხმდა.

მოკლედ, გამოიყვანეს იაპონელებმა ძიუდოისტი, კოდოკანის (ძიუდოს მთავარი სკოლაა) მოსწავლე ვაკაბაიაში ტარო და კი წააქცია თორმეტი რუსის ფალავანი"... ჩამოყარა თურმე ყურები სტესელმა. ამ დროს მისი პირადი მზარეული კეჭოუკა იქვე, სახელდახელო თონეში პურს აცხობდა და დაინახა, როგორ ჭიდაობდნენ ჯარისკაცები. ჯერ ზანტად მოიჩრდილა ხელი, გახედა, მერე "წერეთელმა დაგვიბარას" ღიღინით გაემართა ჭიდაობის საყურებლად, მაგრამ ახლოს მისული დაღონდა: გოუთავებიათ უკვეო.“

უკან გაბრუნება რომ დააპირა, თვით დიდმა ჰეიჰატირომ მოჰკრა თვალი და - ეს ფალავანი ვინააო? - იკითხა თურმე. - რა ფალავანი, მზარეულია და ისეთი კაცია, თოფი ვერ ავაღებინეთ ხელშიო, - უპასუხეს კაზაკებმა. ჰეიჰატირო კეჭოუკას დაეწია და ჰკითხა: ჭიდაობა იციო?" თან ხელით ანიშნა. კიო, - თავი დაუქნია კეჭოუკამ.
ჰოდა, აბა, ამას თუ წააქცევო, -ღიმილით ტაროზე მიუთითა ჰეიჰატირომ. კეჭოუკა დინჯად შესულა წრეში, დასჭიდებია ტაროს, უცებ გამოუდვია სარმა და ძირს დაუცია.

წამომხტარა ტარო, ეგ რა გამიბედაო, - მაგრამ ჰეიჰატიროს თვალით უნიშნებია, გაჩერდიო, წრეში კი იმაზე უფრო ძლიერი ძიუდოისტი, თვით ძიგორო კანოს „უჩიდეში" (მოსწავლე, რომელიც მწვრთნელის სახლში ცხოვრობს), ჯიუნიტირო ტორიგაი შეუგდია. ახლა ტორიგაი ეკვეთა თურმე რაჭველს და კისრულის ჩატარება დაუპირა, მაგრამ კეჭოუკამ კონტრილეთით ისიც ძირს დასცა, მერე კი რაჭული სიმშვიდით თონეში  პურის საცხობად გაბრუნდა...
ჰეიჰატირო აღფრთოვანებულა ვაჟკაცი გადამთიელით, კაზაკებისთვის დამცინავად გადაუხედავს: წადით, თქვენი ასე და ისე, თქვენ მეომრები უნდა გერქვათ და ამას მზარეულიო? და კეჭოუკასთან მისულა მოწიწებით.

ეხვეწა, ემუდარა თურმე იაპონელი ქართველს, კოდოკანში შემოდი და იაპონიაში ყველაფერი გექნებაო, მაგრამ ვერაფერი გააწყო - სპირიდონს მშობლიურ რაჭაში დაბრუნებაზე მეტად არაფერი უნდოდა.

კეჭოუკა 1905 წლის ზაფხულში დაბრუნდა რაჭაში და მოგვიანებით თავგადასავალი შვილებს უამბო.
სამწუხაროდ, ქალბატონი ანეტაც 1995 წელს, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისგან მხოლოდ ეს ამბავი და კეჭოუკას ფოტო დამრჩა. სპირიდონს ვაჟები ჰყოლია - პროკოფი და ბესარიონი, თავისნაირი ვაჟკაცები; მეორე მსოფლიო ომში დაკარგულან. არ ვიცი, რომელიმეს დარჩა თუ არა მემკვიდრე. სამწუხაროდ, ვერ მივაგენი, ანეტას კი შვილები არ ჰყავდა.

ანატოლი ხარლამპიევის მემუარებში კეჭოუკა  ნამდვილი სახელით - სპირიდონით არის მოხსენიებული.

P.S. იმედი გვაქვს, თუ სპირიდონ-კეჭოუკას შთამომავლები დარჩა, ამ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ გამოგვეხმაურებიან.
My photo
Tbilisi, Georgia
მითხარი ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი ვინა ხარ შენ :)

თემები

მკითხველები