ჩემი პლანეტა

ეს ჩემი, საკუთარი სამყაროა.
აქ ის არის, რაც სულში მაქვს.
თუ აქ მოსვლას მიეჩვიე, ე.ი. მოგწონს ყოფნა ჩემს სულთან ახლოს, ჩემიანი ხარ. მეც  ბედნიერი ვარ ჩემიანო, რადგან პლანეტაზე თავს მარტო აღარ ვგრძნობ. შენი ნაბიჯების მოლოდინში უამრავ ფიქრს ვაზავებ ერთმანეთში და გიმზადებ იმას, რაც ჩემგან წასულს საგზალივით უნდა გაგყვეს და უკან მობრუნებამდე გეკმაროს.

------------------------------------------------------


ავაზის საცოლე 

 ავაზის ტორებში ვათენებ ღამეებს,
ლომივით გული მაქვს მოტრფე და მოწყალე,
ნილოსის ტალღებზე გვექნება ქორწილი,
მაყრები ყანწებით ლოტოსებს მორწყავენ.

უდაბნოს დედოფალს შემრთავენ ავაზას,

არადა, კლდის ვეფხვის მიჯნური ვიყავი,
ბეჩავო სადა ხარ, ნუთუ ფხა გაგიცვდა,
გეგონა გულიდან რომ გამოგრიყავდი?

ავაზის ტორებში ცრემლებად თენდება,

სასიძოს არ ეთქმის წუნი ან აუგი,
გულს კი შორეული აფეთქებს ტრფობა და
კლდის ვეფხვის ლოდინში გუგუნი გაუდის.

ხვალ დილით მზის ღმერთი გვიკურთხებს სარეცელს ,

გული მაქვს ლომური უდაბნოს დედოფალს.
მორჩება იარა კლდის ვეფხვის ნატორის,
ავაზას ექნება ჩემს გულში მეფობა.



 არაკი



თავლაში ჭიხვინებს ამაყი ულაყი,
ხვალ ავყრით მდელოზე თავნებად მალაყებს,
ახლა ღამე მიპყრობს უშენოდ შებინდულს,
უნიჭოდ მიყვება შენეულ არაკებს.

მსურს შემოვიცალო ვნება და ნისლიანს,
გრილ სულში ჩაგხედო მზიანი თვალებით,
ხელებით ხელისგულზე დაგასვა დაღი
და ტრფობას მივეხარჯოთ ალერსით მთვრალები.

მე არ ვარ იმ ჯიშის ცრემლით რომ დანამოს
ბალიში საღამოს უშენოდ შთენილი,
მერე რა, თუ მარტო დავრჩი და ღამეებს
ვემალვი ფარდებში, დამფრთხალი შველივით.

არა ვარ პოეტი, არც ვნებით შეშლილი,
უბრალოდ ფიქრები მუსიკად ერთვიან,
გონებას გაფანტულს იისფერ ღრუბლებში,
თვით ღრუბლებს მზიანს და გედივით თეთრთმიანს.


 
შენ?
თვითონ სადა ხარ? გულში?
ან გონების თუ მოგეც პაწია და თბილი ნაწილი?
პასუხი? პასუხი ნუთუ ვერ იგრძენი,
სადღა მაქვს გონება ან გული უმწეო,
ტრფობის ჩაფრენია მამაცი არწივი.

თავლაში გაგიჟდა ამაყი ულაყი,
ისიც ტრფობისგან ყრის თავნება მალაყებს
და როცა წლები მოქსოვენ სიბერეს,
შვილიშვილს მოვუთხრობ ამ ტრფობის არაკებს

 


დალისებური

**********


ცხენს შევკაზმავ,
მთა-მთა ავალ ჭიუხებში,
საჯიხვეში ფიქრს გავანდობ ნიამორებს,
გაგიმხელ,
რომ დალი მინდა ვიყო დღესაც,
კლდეზე დავფენ,
თმებზე ისევ მეამბორე.
ჩამოვრეკავ ნადირ-ფრინველს ნისლიანში,
დაგიხვდები ჩანჩქერებში სანადიმოდ,
ოღონდ ერთხელ
კიდევ სცადე მთებში მოსვლა,
ჯიხვზე არა,
ისევ ჩემზე სანადიროდ.



 დალის მუქარა 
 


კოცონივით მომეკიდე სიზმრებიდან, 
წყაროს წყალს ვსვამ, ყელში მაინც ალი ქარობს,
კლდეებს ვეკვრი ნაკვერჩხალა თმების ფენით,
უნდა გნახო წყურვილი რომ გამიქარვო.

არ გეგონოს აგარიდებ მეხს და გრიგალს,
ანდა ხიდად გავფენ დალალს ხრამის პირზე,
თუ ჩემს ნაცვლად ჩაეკვრები წყრაშმაფას და
ჩემს ჯიხვებსაც ტყვიას ურცხვად დაუმიზნებ.

გეფიცები, ბედს განატრებ ბეთქილისას,
შენთვისაც მყავს საბედისწროდ იერსკენი,
გაგიტყუებ წარაფისკენ სულწასულს და
დალის კლდეებს სამუდამოდ მიესკვნები.

დამიჯერე, ჩემთვის შეგქმნა მამაღმერთმა,
ანგელოზმა მოგატარა ჩემი არე.
ამიტომაც დავთმე ჩემი ქალღმერთობა
და უბრალო დიაცივით შეგიყვარე.


დამიჯერე, სიზმრებიდან ვერ გიცილებ,
ჩემს წინაშე სიყვარული გაწევს ბრალად,
რას მერჩოდა დალოცვილი მამაღმერთი,
შენისთანა ქვის კაცი რომ შემაყვარა?

ჟაბეშს ისევ გაიგებენ დალის კივილს,
თუ შენს ქორწილს მაცნობებენ ბარის ხმები,
არ გაბედო, მიღალატო ბეთქილივით,
თორემ ისევ საბედისწროდ განვრისხდები.





 



მეთხვარ ცვადიგ (1) 

ლექსი სვანური მითოლოგიისა და ლექსიკის გამოყენებით არის დაწერილი. განმარტებები ნახეთ ბოლოში.

 

მამბერს
(2)  მგლები აუშვია,მეთხვარ ცვადიგ,
შენი ცხენის ცხელი სუნი თავგზას ურევთ,
დალაშლახვრას(3) დაგიფინე თმები კიბედ,
უშბის პირას მონატრული გადმოგყურებ.

მგლებისკერძად ქორფა შუნი
(4) გავიმეტე,
ლალცხატისას(5) გზებს გაგიხსნი ჩემსკენ სავალს,ნადირობა დაივიწყე იღბლიანო,
სიყვარულით მოეახლე დალის სამანს...

წარაფს თუკი დაეკიდე ნისლთცვენაში,

გულით მიხმე, ჯანღს გაფანტავს ჩემი კაბა...
კლდისკენ რქები მოიღერა იერსკენმა (6)
ლოდები რომ საფეხურად შეეკაფა.

ღამით კლდისპირს დაგიდგები ადიუხად,(7)
ოქროს თმებით და ხელებით ავინთები,
უხვაანში(8) შენთვის გზაა შინისაკენ,
მეთხვარ, ლოცვით გამთბარია ჩემი მთები.

მეთხვარ ცვადიგ, სანამ ფეხი შემოგიდგამს,

ნარქენალზე დაგრჩენია სანამ კვალი,
დალიშ გვი სვისტ ლი ყვავილშალ, დალიშ გვი სვისტ,(9)
სიყვარულის ტკივილისგან კვდება დალი.


მეთხვარ ცვადიგ, აუშვია მამბერს მგლები,

ცისფერთვალა, ეჭვიანობს მგლების მამა,
მეთხვარ შენ ვერ შეგაშინებს მისი ღრენა,
უმყალვალო(10) დალიმ გულით შეგიყვარა.

მამბერს მგლები აუშვია, მეთხვარ ცვადიგ,
შენი ცხენის ცხელი სუნი თავგზას ურევთ,
 დალაშლახვრას დაგიფინე თმები კიბედ,
უშბის პირას მონატრული გადმოგყურებ.


[1] მეთხვარ ცვადიგ _ მონადირე შეჩერდი (სვან.)

[2] მამბერი – მგლების მბრძნებელი (სვან.)
[3] დალაშლახვრა – დალების სამყოფელი (სვან.) 
[4] შუნი – დედალი ჯიხვი
[5] ლალცხატი – საღვთო ადგილი (სვან.)
[6] იერსკენი – დალის საბედიწერო შუნი, რომლითაც მონადირეებს ჭიუხებში სასიკვდილოდ იტყ
[7] ადიუხა – მითიური მანათობელხელებიანი ქალი, რომელიც ქმარს გზას უნათებს
[8] უხვაანი - დალის საბრძანებელია, მონადირისთვის მანამდე უნახავი ადგილი
[9] დალიშ გვი სვისტ ლი ყვავილშალ, დალიშ გვი სვისტ - დალის გული სუსტია ყვავილივით, დალის გული სუსტია…(სვან.)
[10] უმყალვალო – უშიშარი (სვან.)


 







 დამაბრუნე ბავშვობაში 




 წამო, ავქანავდეთ ბონდის ხიდზე,
წამოდი, გამახსენე ბავშვობა,
წამო ვიწუწაოთ გუბეებში,
ნაწვიმარს არ ვაცალოთ დაშრობა.



დამღალა ბეწვის ხიდზე ყოფნამ და
სიკვდილის ჟინით ცქერამ თვალებში,
წამო, დამაბრუნე ბავშვობაში,
მომწყურდა ანცობა და თარეში.


მომინდა თუთის ხეზე გაწოლა
და წვალება სისინა გველების,
ტუჩზე დაწურული ალუბლები
და შენი დათხუპნული ხელები.


მოდი, შემომძახე ადრიანად,
ციცინათელებთან გავიპაროთ,
ცეტი ოცნებების ბარგიანად
გავქრეთ და არაფერი დავიბაროთ... 


წამო, დამაბრუნე ბავშვობაში,
ნაწნავით მიმაკონე ასკილებს,
მერე კოცონთან გვიპოვნიან
დაღლილს და ძილთან ტკბილად ჩაფსკვნილებს. 


წამო ავქანავდეთ ბონდის ხიდზე,
თვალებში დამიბრუნე ბავშვობა,
წამოდი, არ აცალო ჩვენს სიყვარულს
ნაწვიმარ გუბესავით დაშრობა.

3 comments:

  1. kldis vefxvi (shiolas) rolshi...

    saintareso da grmaa tvqeni planetaa, albat xangrzlivi biletis gamowera damchirdeba qveteqstebis da grma azrebis gagebistvis...

    tqven weret imedia me xels ar shegilshit...

    P.S. kargad wert !!!

    ReplyDelete
    Replies
    1. xo Kide saxelic Umshveniersi gaqvt. albat qvenc amayobt ekaterine rom gqviat ?! :)

      sad videqii ?

      a xoo kldis vefxvii...:)

      Delete

My photo
Tbilisi, Georgia
მითხარი ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი ვინა ხარ შენ :)

თემები

მკითხველები