Friday, October 7, 2011

მთას შეწირულების ამბავი

ეს ტრაგედია 2005 წელში დატრიალდა. მახსოვს, რომ ბევრი ვიწვალე, ვიდრე ერთადერთ გადარჩენილს დავუკავშირდებოდი. გაზეთი სტამბაში უნდა გაგზავნილიყო წუთი წუთზე, როდესაც დამირეკეს და მითხრეს, რომ გელა თანახმა იყო ტელეფონით ესაუბრა ჩემთან. ღმერთმა გაანათლოს დაღუპულების სულები. ახლა ისინი ოჯახის წევრების და მეგობრების გარდა აღარავის ახსოვს, მაშინ კი... იმ დღეებიდან კიდევ უფრო მეტად მიზიდავს მთა...


ევროპაში ერთ-ერთ ურთულეს მწვერვალზე, უშბაზე ბოლო 21 წლის განმავლობაში მესამედ დატრიალდა ტრაგედია. 1984 წელს უშბიდან დაშვებისას ექვსი ვაჟკაცი იმსხვერპლა ზვავმა: დევი თარხნიშვილი, ირაკლი გელდიაშვილი, გოგი ზუმბაძე, გია თუშური, დათო კომახიძე და მურად ჭიჭინაძე. მოგვიანებით, 2001 წელს, უშბაზე გაბრიელ ხერგიანის გზით ამავალი ვანო გულედანი დავკარგეთ. ამჯერად კი მერაბ ხაბაზითა და ზაალ ქიქოძით ტრაგედია გასამდა. დატრიალებულმა უბედურებამ უამრავი კითხვა გააჩინა, რადგან ქართულ-ჰოლანდიური ჯგუფიდან გადარჩენილი ჰოლანდიელების ნაამბობი ტრაგედიის მიზეზებისა და შედეგების შესახებ ზუსტ სურათს ვერ იძლეოდა. ერთადერთი, სასწაულებრივად გადარჩენილი გელა ოთარაშვილი კი თითქმის სამი დღის განმავლობაში საავადმყოფოში იყო და ექიმები მასთან საუბარს ოჯახის წევრებსაც კი უკრძალავდნენ.

გელა ოთარაშვილმა ხუთი საშინელი დღე გარდაცვლილი მეგობრის, მერაბ ხაბაზის ცხედრის გვერდით მიწოლილმა შიმშილში, აუტანელ სიცივესა და სულიერ ტკივილში გაატარა. ამ ხნის განმავლობაში კლდეზე თოკით ეკიდა მისი უფროსი მეგობრის, ზაალ ქიქოძის ცხედარი და მარტო დარჩენილ გელა ოთარაშვილს არანაირი ძალა არ შესწევდა საიმისოდ, რომ ცხედარი ზევით აეწია და ე.წ. თაროზე დაესვენებინა. გელასთან ერთად მარშრუტის გარჩევამდე ალპინისტთა უმრავლესობა ვარაუდებით მსჯელობს თუმცა, იმას ერთხმად ამბობენ, რომ ქართულ-ჰოლანდიური ჯგუფის უშბაზე ასვლისას შეცდომები იქნა დაშვებული. მთა კი, მათი თქმით, შეცდომებს არ გვპატიობს. თანაც ყველაზე რთულ, მიშლიაევის გზაზე (ეს სახელი რუსი ალპინისტის პატივსაცემად დაერქვა) ყველაზე დიდი შეცდომა ჯგუფის გაყოფა იყო. არა მარტო ალპინისტთა, არამედ საქმეში მეტ-ნაკლებად ჩახედულთა აზრი ასეთია - ჰოლანდიელებს ქართველები არ უნდა მიეტოვებინათ. მათ ქართველებთან დაშორების შემდეგ მაშველს უხმეს, თანაც ისიც თქვეს, რომ ქართველებთან ერთად ლაშქრობდნენ, მასპინძლები ჩამორჩნენ და მათ ბედზე არაფერი იციან. ალპინისტების ამბავს ჰოლანდიაში ქალბატონ სანდრა რულოვსს ატყობინებენ. თავის მხრივ, იგი თავის დაცვის უფროსს უკავშირდება თბილისში, რომელიც ცდილობს ყველა საქმის კურსში ჩააყენოს. საქართველოში ყველა ფეხზე დგება და იმედოვნებენ, რომ ბიჭებს გადაარჩენენ. როგორც ამბობენ, კარგი ამინდი რომ ყოფილიყო, მაშველები რომ დროულად მიშველებოდნენ, ასეთ სიტუაციებში საჭირო შვეულმფრენი რომ ჰყოლოდათ, ყველაფერი უკეთ დამთავრდებოდაო. ვინ იცის, ეგებ ასეც ყოფილიყო.

“კვირის პალიტრა” ტრაგედიის დეტალებზე გელა ოთარაშვილს ესაუბრა:

- მოხდა ის, რასაც არც ერთი ჩვენგანი არ ელოდა. შემთხვევითობათა გრიგალი დატრიალდა. წლევანდელი ზამთარი უხვთოვლიანი იყო და ამიტომ იმ ადგილას, სადაც ჩვენ ავდიოდით, დიდი წყალი მოდიოდა, თორემ სხვა დროს მწვერვალზე ჩვეულებრივად ადიოდა ხალხი.

- მიშლიაევის გზით ადიოდნენ?

- არა. მიშლიაევით კარგა ხანია არავინ ასულა, მაგრამ ვიცოდით, რომ გზა ნორმალური უნდა ყოფილიყო. ჩვენ დაბრკოლებას დამამთავრებელ ეტაპზე წავაწყდით. ვერტიკალურ კედელზე არის ღარი და მის ბოლოს 250 მეტრია გასავლელი. ზედა ნაწილი მშრალი იყო, მაგრამ ბოლო 30 მეტრზე მოდიოდა დამდნარი თოვლის შედეგად დაგროვილი წყალი, რომელიც დღის მეორე ნახევარში, მზის მიდგომის შედეგად დნებოდა.

ჰოლანდიელებმა ჩამოსვლისთანავე გვთხოვეს, წინ ჩვენ ვივლითო, მაღალი კვალიფიკაციის მთამსვლელები არიან და ჩვენც უარი არ გვითქვამს, დამოუკიდებლად შეეძლოთ მუშაობა. ღარში მშრალად გავიდნენ. უკან მე, ზალიკო და ბოლოს მერაბი მივყვებოდით. სამივე დავსველდით, განსაკუთრებით მერაბი. წყალი სამი საათიდან დაღამებამდე მოდიოდა. მერაბი გადაცივდა.

- რამდენ ხანს გაუძლო მერაბმა გასაჭირს?

- მთელი ღამე ნორმალურად იყო, მაგრამ დილისთვის ძალიან ცუდად გახდა. როგორც ჩანს, ფილტვების ანთება დაემართა. მისი სიმპტომების აღწერის შემდეგ ბიჭებმა მითხრეს, ფილტვები შეშუპებიაო. როცა ცივდება კაცი, მთაში ძალიან სწრაფად ვითარდება დამამძიმებელი პროცესები. პირველად მერაბი გარდაიცვალა, ეს იყო 16 ივლისის დღის პირველ ნახევარში, დაახლოებით 12 საათამდე.

- როგორ ფიქრობთ, იყო მისი გადარჩენის შანსი?

- შანსი? რა გითხრათ... ჩვენი უცხოელი მეგობრები დასარეკად წავიდნენ, მათ მობილური კავშირის საშუალებები ჰქონდათ, ჩვენ კი არა. ერთ-ერთი პრეზიდენტ სააკაშვილის მეუღლის ახლობელი იყო. სწორედ მან დარეკა ჰოლანდიაში და იქიდან ატყდა მთელი ამბავი - მაშველები მოითხოვეს და ა.შ. მათ დაგვტოვეს, დარეკვის შემდეგ კი სამხრეთის მიმართულებით დაიწყეს დაშვება. რამდენიმე ხანში მაშველი გამოჩნდა, მაგრამ ამინდი ხელს უშლიდა მთასთან მისვლაში.

- მედიკამენტები რომ გქონოდათ, მერაბს ვერ უშველიდით მაშველის გამოჩენამდე?

- მედიკამენტები გვქონდა, მაგრამ მერაბს რომ გაუჭირდა, მივეხმარე და ამ დროს ერთი ზურგჩანთა, რომელშიც მედიკამენტები გვქონდა, გადაგვივარდა. უცხოელებსაც ჰქონდათ მედიკამენტები, მაგრამ მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო მერაბის გადაცივების გამო, რომ არა მგონია, რამე შველებოდა.

- უცხოელებმა დახმარება არ შემოგთავაზეს?

- არა, მე კი ვთხოვე დარჩენილიყვნენ, იყო იმის შესაძლებლობა, რომ მერაბი უკეთეს ადგილზე გადაგვეყვანა, მაგრამ ჩათვალეს, რომ არ ღირდა. ალბათ, იმიტომ, რომ თვითონაც ძალიან დაღლილები იყვნენ(?!).

რა გვექნა, ჩვენ ხომ ვერ ვთხოვდით, დარჩით და დაგვეხმარეთ, შველა გვჭირდება-თქო. ამ დროს თვითონ უნდა მოიფიქრო და გადაწყვიტო როგორ მოიქცე. რაღა თქმა უნდა, მერაბის გადარჩენის შანსი იყო, თავისთავად ზალიკოც გადარჩებოდა.

- ზაალ ქიქოძეს რაღა დაემართა?

- მერაბი რომ გარდაიცვალა, ზალიკომ თქვა, როგორმე უნდა დავეშვათ, თორემ ჩვენც იგივე დაგვემართებაო. ერთიანად სველები და გათოშილები ვიყავით. ზალიკო პირველი დაეშვა, მე ზევიდან დაცვას ვუკეთებდი. იმ ღარიდან არ უნდა გადმოვარდე, თორემ ვერტიკალურ კედელზე დაეკიდები. როგორც ჩანს, წონასწორობა ვერ დაიცვა ზალიკომ, გადაეკიდა და პირდაპირ ჩანჩქერის ქვეშ მოექცა. ვეძახდი, მაგრამ ვერ გავაგონე. მერე ჩავედი, მოვხსენი ზურგჩანთა, ამოვიტანე, ჩავუტანე ჟუმარები, მაგრამ უკვე ძალიან მძიმედ, უგონოდ იყო და ვეღარ შევძლებდი აყვანას.

- როგორ გაძელით გათოშილმა ხუთი დღე ყინვაში, ამბობენ, პრიმუსიც არ დაუტოვებიათ ჰოლანდიელებსო.

- ჰოლანდიელებზე ლაპარაკი აღარ მინდა... მე როგორ გავძელი? ყველაფერი სველი მქონდა, თან წვიმდა და თოვდა. ვიწექი და ველოდებოდი მაშველს, იმედი წამითაც არ დამიკარგავს. თუმცა გაძლება, რა თქმა უნდა, ძნელი იყო. სასწაულმა გადამარჩინა. ახლა ვაანალიზებ ყველაფერს და მიკვირს, რომ მოყინულიც კი არ მაქვს არაფერი. ვერ გამიგია, ეს როგორ მოხდა.

- თქვენი მეგობრებისგან გავიგე, რომ თურმე ლოცულობდით.

- კი. გამუდმებით. მართლა საოცარია ღვთის განგება, რომ არა მისი წყალობა, ვერაფერი მიხსნიდა. მხოლოდ გამოფიტული ვარ, სხვა არაფერი მიჭირს.

- მერაბი თუ გესაუბრებოდათ გონების დაკარგვამდე?

- კი. ძალიან გადაღლილი იყო, შეიძლება ავადაც ყოფილიყო მანამდე, სანამ გზაზე გავიდოდით.

- წინათ ასეთ რთულ მარშრუტებზე გასვლისას სამედიცინო შემოწმებას არ გადიოდით?

- რა თქმა უნდა, აწყობილი სისტემა იყო ალპინიზმში. სპეციალური დისპანსერი გვქონდა, სადაც მთამსვლელების შემოწმება სავალდებულო იყო. ახლა სამედიცინო შემოწმება სავალდებულო აღარ არის, თანხის გადახდაა სავალდებულო. წინათ კი სამედიცინო შემოწმების გარეშე არც ბანაკი მიგიღებდა და, რა თქმა უნდა, ჯგუფშიც არ აგიყვანდნენ.

ახლა კი...

- ანუ ალპინიზმი კვდება საქართველოში?

- სამწუხაროდ, ასეა. უმძიმესი ვითარებაა. მე კლდიდან მფრინავმა დათო აბალოიძემ მომხსნა, ძალიან დიდი რისკის ფასად. სულ სამი კაცია ასეთი მფრინავი. გმირები არიან. ასეთ სიტუაციაში ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში იყენებენ სამაშველო სამსახურებს, მათ სპეციალური ვერტმფრენები ჰყავთ, ისეთი კი არა, რომლითაც ჩვენ მოგვხსნეს. საკმარისი იყო, ერთი კუდი მოექნია და უბედურება დატრიალდებოდა. რომ არა ის ბიჭები, დღეს ისევ იქ ვიქნებოდი.

- როცა მთაში მიდიოდით, ვისი დახმარების იმედი გქონდათ, ვის უნდა დაკავშირებოდით საჭიროების შემთხვევაში?

- ერთადერთი კავშირის საშუალება ღარის გავლის შემდეგ 400 მეტრის სავალზე იყო. აღმოსავლეთ მხარეს, “მაგთის” დაჭერის ზონაში მოვხვდებოდით და იქიდან შევძლებდით კონტაქტს ბართან.

- ეს სახიფათო არ იყო?

- რა გვექნა. არც რაციები გვაქვს და არც სატელიტური ტელეფონები. კავშირი რომ გვქონოდა და სპეციალური ვერტმფრენიც გვყოლოდა, არაფერიც არ მოხდებოდა. რაც ჩვენ დაგვემართა, ხშირად ხდება სხვაგანაც. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ ხალხი არ იღუპება, თუ ქვეყანა მზად არის ხსნისთვის. ჩვენ დიდი ხანია, ასე, კავშირის გარეშე დავდივართ. ახლაც გვთხოვეს ჰოლანდიელებმა და წავედით.

- რას ეტყვით დღეს თქვენს კოლეგებს, ღირს ისე გარისკვა, როგორც თქვენ გარისკეთ?

- მაშველების საკითხს სერიოზულად დავსვამთ. სხვანაირად სამთო ტურიზმის განვითარებაზე ლაპარაკი ფუჭი იქნება. წარმოიდგინეთ, მთელ მსოფლიოში რომ გავრცელდება ცნობა, უშბის მწვერვალზე, გაგანია ზაფხულში ორი კაცი დაიღუპაო, ვინ ჩამოვა აქ? აღარავინ.

მერაბ ხაბაზი 44 წლის იყო, ზაალ ქიქოძეს ოქტომბერში შეუსრულდებოდა 58 წელი. მისი მეგობარი, ასევე პროფესიონალი მთამსვლელი შალვა ლეჟავა “კვირის პალიტრასთან” საუბრისას ზუსტად იხსენებს საბედისწერო მარშრუტის დაგეგმვის დეტალებს: - ეს კომერციული მარშრუტი კი არა, მეგობრული ჟესტი იყო ჰოლანდიელების პატივსაცემად. მათ ზაალი კარგად იცნობდა. მარშრუტი 8 ივლისს უნდა დაწყებულიყო, თუმცა 14-მდე გადაიდო.

ჩვენ შევეცადეთ ბატონ შალვა ლეჟავასთან ერთად ვარაუდების საფუძველზე გაგვეანალიზებინა მომხდარი.

- წინათ, საბჭოთა კავშირის დროს, ალპინისტები სპეციალურ ბანაკებში გადიოდნენ საგანგებო მომზადებას. იწყებდნენ იოლი მარშრუტებით. სავალდებულო იყო ნორმატივების ჩაბარება. შესაბამისად, ალპინისტი რთულ მარშრუტს მაქსიმალურად მობილიზებულად ადგებოდა, რაც უზრუნველყოფდა მის უსაფრთხოებას. ამას ემატებოდა კარგად ორგანიზებული სამაშველო სამსახურის დაცვა, რაც დღეს ფაქტობრივად აღარ არსებობს. ამასთან, თითქმის სავალდებულო იყო ჯგუფის წევრების ფსიქოლოგიური შეთავსებადობა. რთულ მარშრუტზე მიმავალთ მთაში ერთად სიარულის გამოცდილება უნდა ჰქონოდათ. მთამსვლელობა ფილოსოფიური საქმიანობაა. მთაში პიროვნული მარტოობა კიდევ უფრო აშკარა ხდება და თუ იქ ვინმესთან ურთიერთობის სურვილი გაგიჩნდება, ის შენი სულის თანაზიარი უნდა იყოს. ამიტომ მარშრუტებში თანამგზავრებად ახლობლებს ვარჩევდით. ახლა მარშრუტის დაგეგმვის იდეალიზების პროცესი დაკნინდა. უფრო პრაგმატულად უდგებიან ჯგუფის შერჩევას.

დღეს, 21-ე საუკუნეში ჩვენს სამაშველო სამსახურს არ აქვს ნორმალური კავშირის საშუალებები. მეტიც, ცალ-ცალკე უნდა არსებობდეს მთაში, წყალში და ა.შ. მომხდარი შემთხვევებისთვის სამაშველო ჯგუფები, რომ მთაში მყვინთავი კი არა, მთამსვლელი მაშველი წავიდეს. არც მუდმივი ტრანსპორტი, საწვავი აქვთ მაშველებს. ამ სამსახურის ენთუზიაზმით მუშაობა არ შეიძლება. ბიძინა გუჯაბიძე 15 თუ 20 წთ-ის ასული იყო მყინვარზე, ბიჭების ამბავი რომ გაიგო, იმავე ღამეს ჩამოვიდა მთიდან, მეგობრის ვაჟი დახვდა მანქანით და იმან ჩამოიყვანა თბილისში, აქ უცებ დავტრიალდით, მაგრამ... მაშველები მეგობრებისა და ძმაკაცების იმედზე არ უნდა იყვნენ. ჰოლანდიელებს ვერ წარმოედგინათ, რომ ქვეყანაში, სადაც ამდენი მთაა, არ არსებობს სამაშველო სამსახური. არადა, შესანიშნავი კადრები გვყავს - ბიძინა გუჯაბიძე, აფი გიგანი, გია აფაქიძე, შოთა კომახიძე, ნიკა ერქომაიშვილი და სხვები, ყველანი პროფესიონალი ალპინისტები არიან. ნიკამ შვეულმფრენიდან გადახტომისას ფეხი იტკინა, მაგრამ მაინც აგრძელებდა მუშაობას. თუნდაც მფრინავები რად ღირს: შამილ ქორთოშიძე და დათო აბალოიძე, რომლებმაც უშბის ოპერაცია ჩაატარეს, უმაღლესი კლასის მფრინავები არიან.

მთას, თანაც უშბას, მთის მცოდნე კაცი სჭირდება, მაღალი კვალიფიკაციის ალპინისტები კი დაქსაქსული არიან. მათი სასწრაფო მოძებნა და ჯგუფის ორგანიზება შეუძლებელია. ესეც იმაზეა დამოკიდებული, მანქანა გყავს თუ არა, საწვავი თუ გაქვს. საგანგებო სიტუაციათა სამსახურს უნდა ჰქონდეს ეს საკითხი მოწესრიგებული. ელემენტარული ინფორმაცია მაინც უნდა ჰქონდეს პროფესიონალების ადგილსამყოფლის შესახებ, რომ მათთან დროულად დაკავშირება შევძლოთ.

- ბატონო შალვა, რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ ქართულ-ჰოლანდიური ჯგუფის მიერ დაგეგმილი ლაშქრობა?

- თუ ძალზე პრაგმატულად მივუდგებით ამ საკითხს, ჯგუფის მთაზე ასე ასვლა არ არის გამართლებული. მაგრამ მერაბის, ზაალისა და გელას მსგავს, მაღალი კვალიფიკაციის ალპინისტებს ხომ ვერ უბრძანებ სასათბურე პირობებში ყოფნას. ამ საკითხს ყველა თავად წყვეტს. შეიძლება სუბიექტური ვარ, მაგრამ რა ვქნა, მე მაინც ვერ ვამტყუნებ მათ. აქ გაიბა დამთხვევათა ჯაჭვი, რისგანაც საუკეთესოდ აღჭურვილი და დაცული ალპინისტებიც არ არიან დაზღვეული. მთაში ექსტრემალურ სიტუაციათა ალბათობა ძალზე დიდია. მერაბი რომ ჩანჩქერში არ მოხვედრილიყო...

ჰოლანდიელებს შეეძლოთ მეტი ეაქტიურათ. მათი წასვლა გამართლებულია მარტო ერთი მიზეზით - კავშირი რომ დაემყარებინათ ბართან. მაგრამ შემდეგ შეეძლოთ ისევ დაბრუნებულიყვნენ ბიჭებთან და დახმარებოდნენ მათ.

სამწუხაროდ, ჰოლანდიელები სხვა მენტალიტეტით აზროვნებენ ან კიდევ ეგონათ, რომ სამაშველო სამსახური მიხედავდა ბიჭებს.

ახლა მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, მერაბი და ზაალი გავიხსენოთ. მერაბი ჩვენი მომდევნო თაობა იყო, შესანიშნავი ქართველი, რომელიც მარტო ალპინისტებს კი არა, მთელ ერს დააკლდა. მე და ზაალი სიცოცხლის ბოლომდე ვმეგობრობდით. მრავალმხრივ განათლებული და საინტერესო პიროვნება იყო, რომელსაც უჩვეულო აზროვნებითა და ცხოვრების წესით ყველგან გამოარჩევდი. ერთ დროს, როდესაც ქუჩებში ნაგვის ურნები იშვიათობა გახდა, საფერფლით დადიოდა, სიგარეტის ნამწვავი ძირს რომ არ დაეგდო. ჩვენ ერთად ვიყავით სამაშველო სამსახურში “სანთელი”. ეს ერთადერთი ასეთი სამსახური იყო მაშინ. როდესაც სოხუმში ტრაგედია დატრიალდა და ხალხის ტალღა ჭუბერზე წამოვიდა, ჩვენ კარვები გვქონდა გაშლილი, სადაც ქალებსა და ბავშვებს ვაპურებდით. ახლაც თვალწინ მიდგას მოხუცი, დავარდნილი ქალი, რომელიც უმწეო ჩვილივით დაჰყავდა ზალიკოს. ჭუბერიდან დაბრუნების შემდეგ დიდხანს ცუდად იყო, უძილობა სჭირდა, ვერ ივიწყებდა ნანახს. მას ცხოვრების წესად ჰქონდა საზოგადო მოღვაწეობა.

დათო ჩანტლაძე: - ზაალი და მერაბი ძალიან ჰგავდნენ ერთმანეთს ხასიათით. ზალიკო მოწოდებით გმირი იყო, მერაბი მთასავით მშვიდი და ჯიუტი, უზომოდ მოსიყვარულე. მყინვარწვერზე ავდიოდით ხშირად. 1999 წელს ევერესტზეც ერთად ვიყავით. მთა ფანატიკურად უყვარდა. არც მიკვირს. მთა კაცური სიყვარულის აპოგეაა, კაცურ სიყვარულს ბარში ისე ვერ გამოხატავ, როგორც მთაში. იქ ერთი სიტყვით მოფერება კოშკების დადგმის ტოლფასია. იქ რომ მეგობარი გეტყვის, ღილი შეიკარი, არ გაცივდეო, ე. ი. გულით გეუბნება, გეფერება. მიგრძნია, დამინახავს, ღამით კარავში ბიძინა ან სხვები როგორ წამომდგარან, საბანი გაუსწორებიათ ჩვენთვის. ან ცდილობდნენ, უკეთეს ადგილზე დავეწვინეთ. თვითონ კი მთელი ღამე ცივ ლოდს ყოფილან მიყრდნობილი. რასაც ჩვენ, ალპინისტები, მთაში ვნახულობთ, იმას ვერასოდეს ნახავთ ბარში. სიყვარული დაგვატარებს მთებზე.

Wednesday, October 5, 2011

რეპორტაჟი სამშობიარო ბლოკიდან

კანი კანთან!..


დიდი ხანია მინდოდა რეპორტაჟი მომემზადებინა რომელიმე დახურულ კარს მიღმა. არ ვიცი, მეორედ რატომ ან სად გადავწყვეტ შეღწევას, ამჯერად კი არჩევანი სამშობიარო ბლოკზე გავაკეთე. ვიფიქრე, ურიგო არ უნდა ყოფილიყო თუ მკითხველის ყურადღებას ცოტა ხნით მაინც როგორმე მოვწყვეტდი აქტუალურ პოლიტიკურ პრობლემებს. ბებიამ იცოდა ხოლმე თქმა, - საქმეს ცოტა ხნით გულს თუ არ მოსწყვეტ, მიგიჩვევს და გონებას აგირევს, საღად განსჯისა და ქმედების უნარს დაგაკარგვინებს, თუნდაც ცოტა ხნით საფიქრალისგან დასვენებული კი მერე უცებ მოძებნი გამოსავალსო. ვფიქრობ, ურიგო არ უნდა იყოს მკითხველის ყურადღების იქ გადატანა, სადაც ახალი სიცოცხლე იბადება.

კარგა ხანი დამჭირდა, სამშობიარო ბლოკში რეპორტაჟის ჩასაწერად თანხმობა რომ მიმეღო. ბოლოს დ. უზნაძის ქუჩაზე მდებარე მეორე სამშობიარო სახლის ხელმძღვანელმა გიორგი თევდორაშვილმა მომცა უფლება, სამშობიარო ბლოკში შევსულიყავი.

მაშ ასე, 15 მაისი, პარასკევი, 13:05 საათია. მე უკვე სამშობიარო ბლოკის წინა ოთახში ვარ. მთავარი ბებიაქალი მანანა ხვედიაშვილი თეთრ ხალათს, ქუდს, პირბადეს და ფაჩუჩებს მაძლევს, რომ ბლოკში ქუჩის მტვერი არ შემყვეს. იქვე მოთავსებულ პალატაში ოთხი ქალი ყოველ წუთს ელოდება გადამწყვეტ მომენტს. მათგან ორი პირველად ხდება დედა, ორსაც უკვე გამოცდილი აქვს ჩვილთან პირველი შეხების ბედნიერება. მეხსიერებაში მრჩება დაღლილი სახეები და მუცელზე მიჭერილი მთრთოლავი ხელები. ბებიაქალი კითხულობს, - სად არიან თქვენი მეუღლეებიო... - ეშინია და მშობიარობას ვერ დაესწრება, ამბობს ერთი. - ჩემმაც ასე თქვა, შენს მშობიარობას ვერ გადავიტანო, - ეღიმება მეორეს. ირკვევა, რომ ცოლის განსაცდელის გაზიარებას მხოლოდ ქეთი ბოჭორიშვილის მეუღლე, ირაკლი ბენიძე აპირებს. ბებიაქალი განკარგულებას იძლევა, რომ ირაკლი ზემოთ ამოუშვან, ოღონდ მანამდე ქეთი საოპერაციო ბლოკში მიჰყავთ, საკეისრო კვეთა უნდა გაუკეთონ. უკვე ორი შვილი ჰყავს. ქეთი თავს მშვიდად გრძნობს, - «აქ მოსვლის წინ ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსმა მეუფე დანიელმა დაგვლოცა და მჯერა, ყველაფერი კარგად იქნება. თანაც, დღეს დედაჩემის დაბადების დღეც არის. მჯერა, რომ ახლა ის იმ ქვეყნიდან ლოცულობს ჩვენთვის», - გვეუბნება ქეთი და პალატიდან გასვლისას ხელს ღიმილით გვიქნევს.

ცოტა ხანში ბლოკიდან მეძახიან. - ოპერაციას წუთი წუთზე დავიწყებთ, - ამბობს ექიმი თამარ გელაძე და მალე სკალპელიც მუცელს ეხება. ჭრილობა პატარაა და მიკვირს, ბავშვი როგორ უნდა ამოიყვანონ, მაგრამ აზრზე მოსვლას ძლივს ვასწრებ, ისე სწრაფად ხდება ყველაფერი... ისმის უჩვეულოდ «საყვარელი» ხმა, დამოუკიდებლად ჰაერის ჩასუნთქვისთანავე ჩვილი გაბმით ტირის. პატარა ვაჟკაცი დაიბადა. ექიმი ამბობს, რომ ბიჭი ბომბორაა. ჩვილი უკვე ბებიაქალის ხელშია, ასუფთავებენ, ამშრალებენ და მყისვე ქუდს აფარებენ, ფაჩუჩებს და ხელთათმანებს აცმევენ, მერე თბილ სახვევში ახვევენ და სადღაც ელვის სისწრაფით მიჰყავთ, თან მეუბნებიან, რომ გავყვე. თუმცა, მანამდე მოულოდნელობისგან ვიბნევი და აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე. ბლოკის კარი იღება და ორსული თამარ შუკვანი თავისი ფეხით შემოდის. ძლივს ითქვამს სულს. მგონი იწყება, - თქვა თამარმა და ექიმის ხელებს მიენდო. ვიღაც მირჩევს, რომ აჯობებს, ახალშობილს და ბებიაქალს გავყვე, რათა დროულად მოვუსწრო მორიგი პატარის დაბადებას.

ბებიაქალი ერთ-ერთ პალატაში შედის და გაოცებისგან ვმუნჯდები. არავის უთქვამს, რომ მთელ ამ ბუნებრივ სცენარში მსგავსი ეპიზოდი უნდა ყოფილიყო. საწოლზე წელს ზევით შიშველი მამაკაცი წევს, ბებიაქალი სახვევს ხსნის და შიშველ ბავშვს მის მკერდზე აგორებს. მერე რაც მოხდა, იმ სცენის ზედმიწევნით გადმოცემა შეუძლებელია. ეს ახალგაზრდა კაცი ირაკლია, ქეთის მეუღლე. პალატაში ამოსვლამდე მისთვისაც სიურპრიზი ყოფილა, რომ შვილს გაჩენისთანავე ჩაახუტებდნენ. როგორც ბებიაქალი მიხსნის, «უსაფრთხო მშობიარობის» მეთოდიდან გამომდინარე, ეს პროცესი უკვე მთელ საქართველოში მკვიდრდება, - კანი კანთან, - ასე ჰქვია ახალშობილისა და მშობლების კონტაქტის ამ ფორმას. ეს არის არაჩვეულებრივი პროცედურა, ახალშობილს დაბადებისთანავე დედის ან მამის შიშველ კანზე ვაწვენთ, რომ მყისიერად შეეგუოს იმ ბაქტერიულ ფლორას, რომელსაც მისი მომავალი საცხოვრებელი გარემო ატარებს. შედეგად სწრაფად მუშავდება იმუნიტეტი ახალი გარემოსადმი და გამოირიცხება ინფექციები ახალშობილებში. ამასთან, ახალშობილები ცნობენ მშობლების სუნს, მათ მკერდზე უფრო მშვიდად არიან და თამამად ეგუებიან ახალ სამყაროს. როგორც კი დედის ან მამის სხეულს ვაშორებთ, ტირილს იწყებენ».

ახლა ირაკლი და პატარა ვაჟა, ორი საათი, სანამ დედიკო გამოფხიზლდება, ერთმანეთთან ჩახუტებულები იქნებიან.

ირაკლი ბენიძე: - უკვე მესამე შვილის მამა ვარ, მაგრამ დავიბენი. ახალშობილთან ასე ახლოს პირველად აღმოვჩნდი. როცა მკერდზე დამიწვინეს და ვიგრძენი მისი სითბო, შემეშინდა, რამე არ ვატკინო-მეთქი. წესიერად ვერც კი დავათვალიერე, ნეტავ ვის ჰგავს, მგონი ჩემი ცხვირი აქვს. როცა ტირის, რატომ ცახცახებს ნეტავ?

მე ისევ ბლოკში ვბრუნდები და კვლავ ვერ ვფარავ გაოცებას. ჩვილის დაბადებას სამედიცინო ბრიგადა ისე ელოდება, თითქოს პატარა უბრალოდ კულისებიდან უნდა გამოვიდეს. ქალი თვითონ მშობიარობს, ყოველგვარი დახმარებისა და წარსულში ცნობილი მაშებისა და სხვა იარაღების გარეშე. პატარა ანანო უდესიანიც იბადება... ძალიან უშინაარსო და მარტივი მეჩვენება საკეისრო კვეთა ფიზიოლოგიურ მშობიარობასთან შედარებით და მიკვირს, რატომ მოითხოვენ ქალები ოპერაციას, როდესაც ამის არანაირი აუცილებლობა არა აქვთ. მით უფრო დღეს, როდესაც უმტკივნეულო მშობიარობისთვის ყველა პირობა იქმნება. ექიმები ამბობენ, რომ ფიზიოლოგიური მშობიარობა კარგია ჩვილისთვისაც, რადგან იგი დაბადებისას სწავლობს ბრძოლას ცხოვრებასთან, საკეისრო კვეთით გაჩენილი კი სრულიად მოუმზადებელია ახალი სამყაროსთვის. სამწუხაროა, რომ ზოგჯერ დედებს საკუთარი ტკივილები უფრო აღელვებთ, ვიდრე თავიანთი პატარების ფსიქოლოგიური მდგომარეობა.

თამარს და ანანოს მალე მამამ მოაკითხა ბლოკში. ღელავს, სიტყვებს ძლივს უყრის თავს. თითქმის პატარა ბავშვივით ლუღლუღებს, არ იცის, სად წაიღოს ხელები, რომელიც ციცქნა ანანოსკენ მოსაფერებლად გაურბის. ესეც შენი ძლიერი სქესი, ვფიქრობ გულში.

სამშობიაროს დატოვებამდე ბენიძე-ბოჭორიშვილის წყვილს შევუარე. უკვე ქეთიც აწოვებდა ძუძუს თავის პატარას.

გარეთ ცხელოდა, თუმცა, სიცივე რომ ყოფილიყო, მე მაინც ვერ ვიგრძნობდი. მთელი ჩემი არსება დიდი სიყვარულით იყო გამთბარი, სიყვარულით ახალი სიცოცხლისადმი ან უბრალოდ, ახალი სიცოცხლის დაბადების გამო.

სანამ რეპორტაჟს მოვამზადებდი, ვფიქრობდი, რომ მასში მნიშვნელოვან ადგილს დემოგრაფიულ პრობლემებს და მის გამომწვევ მიზეზებსაც დავუთმობდი, მაგრამ გადავიფიქრე. აღარ მინდა, ლამაზი განწყობა პრობლემების დეტალიზაციით გავაუფერულო. ერთს კი ვიტყვი, უკრაინაში მცხოვრები ჩემი ერთ-ერთი ნათესავი (უკრაინის მოქალაქეა და ქმარი ეროვნებით უკრაინელი ჰყავს) ახლა მესამე ბავშვს აჩენს. პირველი შვილის გაჩენის შემდეგ სახელმწიფომ 5.000 დოლარი გადასცა, მეორე ბავშვის დაბადებისას - 8.000 დოლარი, მესამეზე 12.000 დოლარს გადასცემს. ამბობენ, რომ უკრაინის ხელისუფლების ასეთ ეროვნულ პოლიტიკას შობადობის ბუმი გამოუწვევია ქვეყანაში. როგორც ჩანს, ქართველებს ჯერ კიდევ კარგად არ გვაქვს გააზრებული საფრთხე. თუ არ გავმრავლდებით და ერი დაბერდება, ვისთვის გვინდა ეს ქვეყანა, ვისთვის ვქმნით მომავალს?!

“უკაცურ ეზოში ღმერთი იდგა და კოშკებში არ უშვებდა უცხოს”



შატილში ლამაზი დილა თენდება. ჯალაბაურების კოშკში კიდევ ერთი ღამე გავატარე. სარკმლებად გადაკეთებული სათოფურებიდან მზის სხივები იჭრებიან. ცა ლურჯი, კამკამა და თვალისმომჭრელია. ოთახში ხის სასიამოვნო სუნი დგას. აქ ყველაფერი ქვის ან ხისაა. ჭერი მორებით გაუმართავთ, იატაკიც ხის არის. მეორე და მესამე სართულების იატაკზე დაახლოებით 50 სმ-ის დიამეტრის ნახვრეტია დატოვებული შუაცეცხლის დასანთებად. აქ ყველაფერი კოშკის პატრონის ხელით არის გაკეთებული. მოგვიანებით, დავით ჯალაბაური მაჩვენებს სახელოსნოს, სადაც მთიდან ჩამოტანილ ხესა და ქვას ამუშავებს და კოშკს პირვანდელ და ამასთან, კომფორტულ სახეს აძლევს. ტურისტისთვის აქ ყველა პირობაა შექმნილი. ერთადერთი, რაც ვერ ესადაგება ძველებურ სტილს, კაფელიანი აბაზანა და ტუალეტია, მაგრამ ისეა შენიღბული, ტურისტს ეგზოტიკურობის განცდას ვერ უნელებს. სასტუმროდ გადაკეთებული კოშკები, ძირითადად, ერთნაირადაა მოწყობილი, მაგრამ თითოეულს მაინც თავისი პატრონის ხელწერა ეტყობა. დასანანია, რომ უსახსრობის გამო ზოგიერთი ჯერაც მოუწყობელია და მასპინძლის ნაცვლად იქ ჭინჭარი გეგებება. ჭინჭრის სიმრავლეზე ხუმრობენ ჭინჭარაულები, ეგ ჩვენი საგვარეულო მცენარეა და ხელშეუხებელიაო.

მინდა მცირეოდენი ინფორმაცია შევაგროვო იმ დიდ საგანძურზე, რითაც ასე მდიდარი და მიმზიდველია პირიქითა ხევსურეთი. რადგან უმეტესად ფეხით სიარული გვიწევს, მოკლე მარშრუტს ვადგენთ. ძირითადი დანიშნულების პუნქტებია ანატორის აკლდამები და მუცოს ციხესიმაგრეები.

პირველად ანატორისკენ ვიღებთ გეზს. შატილიდან სამ კილომეტრში უზარმაზარი კლდეები ისეა დაღარული, თითქოს ვეფხვს დაუტორია. აქედან იწყება მიღმა ხევის ხეობა. ხევსურეთში ლეგენდას ვეღარ იხსენებენ, მაგრამ ამბობენ, რომ სწორედ ვეფხვსა და მის ტორთან დაკავშირებული ამბის გამო დაერქვა ამ ადგილს ანატორი. ზოგის თქმით, წარმართულ ომის ღმერთს რქმევია ანატორი, მისი სამფლობელო ყოფილა ეს ადგილები.

უწინ აქ სიცოცხლე დუღდა. ახლა აკლდამები ჰყვებიან გარდასულ ამბებს. ოდესღაც უზარმაზარ სოფელში თურმე მხოლოდ სისაურები ცხოვრობდნენ. ძლიერი გვარი ყოფილა, მაგრამ ყოველთა მძლეს, სიკვდილს, ქოლერით კინაღამ გაუწყვეტია სისაურები.

მეგზურ გელა დაიაურთან ერთად უზარმაზარი ხევის პირზე, აკლდამებთან ჩავდივარ. სამი ქვის პირქუში შენობა ერთმანეთის გვერდით დგას. არც ერთ მათგანს არ აქვს კარი, მხოლოდ ცხაურიანი სარკმლიდან შეგიძლიათ თვალი შეავლოთ აკლდამების შიგთავსს. ყველგან ძვლებია, იატაკზეც და უზარმაზარ თაროებზეც, ადამიანთა ძვლები... მეგზური გულისმომკვლელ ამბავს მიყვება:




- სოფელს ჭირი რომ მოსდებია, ერთბაშად ბევრი ხალხი დაუხოცავს. შეშინებული მოსახლეობა თურმე გამოსავალს ეძებდა. მოუძებნიათ კიდეც, - როგორც კი დაავადების სიმპტომები გამოაჩნდებოდათ, უსიტყვოდ მიდიოდნენ აკლდამაში (განურჩევლად სქესისა და ასაკისა), კარს ქოლავდნენ, თაროზე წვებოდნენ და ასე ელოდნენ სიკვდილს. ამ აკლდამების, როგორც დაწყევლილი ადგილის ახლოს გავლას დიდი ხნის განმავლობაში ერიდებოდა ხალხი. მხოლოდ მეოცე საუკუნეში გაუბედავთ შიგ შესვლა გადამთიელ მძარცველებს. ისინი იმ სამკაულებსა და იარაღს ეძებდნენ, სიკვდილთან მებრძოლებს რომ ჰქონდათ თან. მერე ხევსურებსაც შეუხედავთ აკლდამების საფარველჩამოხსნილ სარკმლებში, “ქოლერის სამეფოში”. ერთ-ერთ აკლდამაში აკვანი და ზედ დაკიდებული ხელის ჩონჩხი უნახავთ. გადმოცემის თანახმად, საღ-სალამათი დედა ქოლერიანი ჩვილის აკვნიანად ჩაკეტილა აკლდამაში და დალოდებია ყოველთა მსახვრალს. ჩვენამდე ვეღარც მთელმა აკვანმა მოაღწია და ვერც ზედ დამკვდარი დედის ჩონჩხმა. მტვრად და ძვლების გროვად აქცია ყველაფერი ცხაურებიდან აკლდამებში მოთარეშე ქარმა.

ერთი ჩონჩხი სარკმელთან ყოფილა მიყუდებული, მისი ხელის მტევანი კარგა ხანს ყოფილა ცხაურზე შემოჭდობილი, ვინ იცის, როგორ ენანებოდა საწუთროსთან გამოთხოვება...
     
გულისმომკვლელია მეომრების ამბავიც. ერთ დღეს 60 ფარ-აბჯარასხმული მეომარი გასულა სოფლიდან. არა მომხდურთან შესახვედრად, არამედ სიკვდილთან ნებით ქედის მოსადრეკად. თურმე სიკვდილს ევედრებოდნენ, - ჩვენ გვიკმარე და ქალ-ბავშვს შეეშვიო. თურმე სოფლის გოდება ცას სწვდებოდა, როდესაც 60 დასნებოვნებულ ვაჟკაცს აკლდამაში ცოცხლად მარხავდნენ. სწორედ ეს აკლდამებია უტყვი მოწმე იმისა, რომ ხევსურს სიკვდილის არ ეშინია. ჩვენი წინაპრები შვილებს ასწავლიდნენ: ის კი არ არის მთავარი, რამდენ ხანს იცოცხლებ და როდის მოკვდები, არამედ იმაზე უნდა იფიქრო, როგორ მოკვდები, შენი სიკვდილიც კი სასარგებლო უნდა იყოს სხვებისთვისო. ალბათ, ამ შეგონებამ გააბედვინა ანატორელებსაც სიკვდილისთვის უშიშრად ჩაეხედათ თვალებში.

ახლა აღარც სისაურები ცხოვრობენ აქ და აღარც სოფელი არსებობს. ქოლერას გადარჩენილებს მიუტოვებიათ აქაურობა. სხვა კი აბა ვინ დასახლდებოდა იქ, სადაც მხოლოდ სიკვდილი ბატონობდა. არადა, ეს იყო სოფელი, რომელიც პირველ დარტყმას იღებდა ხეობაში შემოსული ჩეჩნებისგან. სისაურები მამაცი მებრძოლები ყოფილან. მტერს მუდამ ვაჟკაცურად ხვდებოდნენ და ხშირად დამხმარე ძალის მოშველიებამდე უკუაგდებდნენ ხოლმე.


ტურისტებს აინტერესებთ ანატორის ამბები, ამიტომაც ამ ადგილებში მრავლად ნახავთ მათ. კარგი იქნებოდა, ტრაფარეტი დაედგათ აკლდამებთან, რომელზეც მოკლედ იქნებოდა მოთხრობილი ანატორელების ტრაგედია. უცხოელები გაკვირვებული ათვალიერებენ აკლდამებს და კითხვით სავსე თვალებით ხმის გამცემს ეძებენ, მაგრამ...

სხვათა შორის, ხევსურეთში ასეთი აკლდამები გიორგწმინდასთანაც არის, საგინას ციხის ზედა მხარეს. ასეთივე ნაგებობები გვხვდება არდოტსა და მუცოშიც...

მუცოსკენ მივდივართ. გზად თორღვას ციხე გვხვდება, მუცოს ციხესიმაგრეთა შემადგენელი ნაწილი. კლდის ქარაფზე დგას ცისკენ ამაყად აღმართული. ასე გგონია, ღრუბლებს დაჰყურებს ზემოდან. მუცოც გამოჩნდა, დაუმარცხებელი ციხესიმაგრე. კონსტანტინე გამსახურდიას უთქვამს, თუ შეიძლებოდა სინამდვილეში ეარსება ქაჯეთის ციხეს, იგი აუცილებლად მუცო იქნებოდაო. საუკუნეთა განმავლობაში დაუმარცხებელი ციხესიმაგრე ახლა მხოლოდ შორიდან მოჩანს ზვიადი და ულამაზესი. ახლოდან შესაბრალისი სანახავია სახურავგადახდილი და კედლებმორღვეული 30-ამდე კოშკი. მხოლოდ ერთი ციხეა შედარებით უკეთ შემონახული. ჩემი მეგზური მიხსნის, რომ ეს დაიაურების საგვარეულო კოშკია. უკეთ არის შემონახული თორღვას ციხეც. ფაქტობრივად, მხოლოდ გადახურვა სჭირდება. სხვა კოშკები კი საფუძვლიანად შესაკეთებელია.

“ოთხი წლის წინ “TBC ბანკისა” და სამშენებლო კომპანია “არსის” ინიციატივით კოშკები დაათვალიერეს და გაზომეს კიდეც. გვეგონა, დაიწყებოდა რესტავრაციაც, მაგრამ მუცო ისევ მიავიწყდა ყველას. არადა, ყოველ წელს ინგრევა და ქრება ის, რითაც ნებისმიერი ერი იამაყებდა”, - დანანებით ამბობს გელა დაიაური.

კიდევ უფრო გულდამძიმებულები ვეშვებით დაბლა, მუცოს ჭალაში. როგორც გელა მიხსნის, ეს ადგილები ახლა შატილიონების საკუთრებაა, აქ საქონელს აძოვებენ. მუცოელები სიშორის გამო ვერ სარგებლობდნენ თურმე ჭალით და ოდესღაც ერთ საქალამნე ტყავში გაუცვლიათ მეზობლებისთვის უზარმაზარი ტერიტორია. აქ მიწების გაცვლა-გამოცვლა მხოლოდ ერთმანეთში მოდის. სხვას, თუნდაც ქართველს, მიწას არავინ მისცემს. აღარაფერს ვამბობთ კოშკებზე.

გელა ხუმრობის ხასიათზე დგება: “ჩემს შატილიონ ძმადნაფიც დავით ჯალაბაურს კარგა ხანია ვეხვეწები, ხუთ საქალამნე ტყავს მოგცემ, ოღონდ მიწა დამიბრუნე-მეთქი. ორი ვაჩუქე კიდეც, მაგრამ რად გინდა, ჭალას არ თმობს”. გვეცინება. ასე ვცდილობთ ავი ფიქრების გაფანტვას.

ახლომახლო სოფლებში თითქმის აღარავინ ცხოვრობს. სოფელ ხანიის ძირშიღა შემორჩენილა სამი ოჯახი.

გზას ენარში მივუყვებით, მესაზღვრეებისკენ. ისე, გზა მხოლოდ ჭალამდე ეთქმის. სასაზღვრო პოსტზე საცალფეხო ბილიკით უნდა ახვიდე მთის ციცაბო ფლატეზე. აქედან კიდევ უფრო შთამბეჭდავი ჩანს მუცო. მის გვერდით კი გასაცოდავებულად გამოიყურება მესაზღვრეების კარვები (ამ დროში ნუთუ კიდევ კარვები უნდა იდგეს სასაზღვრო პოსტებზე? - ავტ.). მესაზღვრეები მანუგეშებენ, მალე კაპიტალურ შენობას აგვიშენებენ და აუცილებლად გვეწვიეთო. აქაურების იუმორი მხიბლავს. სხვათა შორის, ყველა მესაზღვრე აქაურია. ზოგიერთს ცოლ-შვილი კი ჰყავს ბარში, მაგრამ თვითონ ვერ შელევია აქაურობას და ამიტომაც დაუწყია სასაზღვრო სამსახურში მუშაობა. ამბობენ, ეგ ხომ ჩვენი მემკვიდრეობითი პროფესიაა, განა სულ მესაზღვრეები არ ვიყავითო. ბევრი მათგანი ლექსებსაც წერს. გასაკვირი არც არის. ასეთი წალკოტის მცველი რომ იქნები, მუზა როგორ მოგასვენებს. ვატყობ, ხევსური მესაზღვრეები კაფიებით შეყოლიებას მიპირებენ და ცდილობენ, პრობლემებზე არაფერი ვკითხო, არადა, ერთი სული მაქვს, გავიგო, რითი თბებიან ზამთარში. საუბარში მესაზღვრეების უფროსს ზურა ზვიადაურს “ვითრევ”:

- ეს საქართველო-რუსეთის საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთია. მას მეექვსე რეგიონული სამმართველოს პირველი სექტორი აკონტროლებს. სულ 15-კაციანი შემადგენლობა გვყავს, 12-კილომეტრიან მონაკვეთს ვაკონტროლებთ.

ზამთარში კარავში ღუმელი მუდმივად გვინთია, ღამის გუშაგი ზრუნავს ამაზე. მალე კაპიტალური შენობა გვექნება. ვერ გეტყვით, რომ ძალიან გაწვალებული ვართ საყოფაცხოვრებო პრობლემებით. წყალი გვაქვს, შეშაც, ისე კი, საყოფაცხოვრებო პრობლემებზე ფიქრი რა მესაზღვრისა და თანაც, ხევსურის საქმეა.

რაც მთავარია, ხშირად გვყავს ხოლმე კარგი სტუმრები, მათ შორის, თქვენი მეგზური გელა დაიაური. აი, ჩვენი მესაზღვრე ტრისტან არაბულიც მასავით კარგ ლექსებს წერს. პოეზიის საღამოებს ვმართავთ ხშირად (ეღიმება. მოგვიანებით ვიგებ, რომ ზვიადაური თავადაც წერს ლექსებს. - ავტ.).

- კარგია, რომ საყოფაცხოვრებო პირობებს არ უჩივით, მაგრამ იქნებ სხვა სატკივარი გაქვთ?

- სატკივარი ოცნებად გვექცა. გვინდა ამ კუთხეს მოხედონ. შეიძლება ხვალ-ზეგ აქ მხოლოდ ჯარი დარჩეს. წელიწადი ისე არ გავა, რომ ოთხი-ხუთი ოჯახი არ გადასახლდეს ბარში. ოქტომბერი დადგება თუ არა, კაციშვილი აღარ ჩანს ხეობაში. არადა, რა ქნას ხალხმაც.

ბართან ერთადერთი კავშირის საშუალებად ზამთარში ჩვენ ვრჩებით. ავად რომ გახდეს ვინმე, მისმა პატრონმა ჩვენამდე უნდა მოაღწიოს როგორმე, რომ რაციით ვუხმოთ მაშველს. აქამდე მოსვლა არ გინდა? ხალხს ზაფხულში უჭირს ამოსვლა და ზამთარში რა იქნება...

საუბარში სოსო ზვიადაური ერთვება: - სოფლები დაიცლება და მიწებსაც დავკარგავთ. ფიჭვნისში ხალხი რომ ყოფილიყო, რუსი საზღვარს ვერ გადმოსწევდა. ახლა სასაზღვრო სოფელი არჭილოც დაიცალა. ჩვენღა ვაკითხავთ ხოლმე დაცარიელებულ სახლებს. ვშიშობთ, ვაითუ მტერი ჩამოვიდეს და ჩაგვისახლდეს. გასათენებელი არ დახვდება თუ სახლი ექნება ასაშენებელი. ააგიზგიზებს ცეცხლს კერაზე და უმტკიცე მერე, რომ აქ არ უცხოვრია.

P.S.. მესაზღვრეებიდან შატილისკენ გამოვეშურეთ. იქნებ პოეტ მცველებთან სტუმრობის ბრალი იყო, რომ ლექსად ამეკვიატა ტკივილიანი ფიქრი: “ბარში ზეობდა ლამაზი ჯიში, / მარტოს მოეწყინა მთაში მუცოს, / უკაცურ ეზოში ღმერთი იდგა / და კოშკებში არ უშვებდა უცხოს”...

Tuesday, October 4, 2011

ღიმილის მომგვრელი ადამიანი


“პალიტრა ტვ” – ზე გასულ სიუჟეტს კულტურის სამინისტროს წინ მოქალაქეების დაპირისპირების შესახებ ხმაური მოჰყვა. ინციდენტის ერთ-ერთმა მონაწილემ ზაზა სვანაძემ მედიასახლ "პალიტრასთან" საპროტესტო აქცია გამართა. სვანაძე აცხადებს, რომ მისთვის მიუღებელია სიუჟეტის დასათაურება “ხელჩართული ბრძოლა კულტურის სამინისტროსთან”, ის მიიჩნევს, რომ კულტურის სამინისტროს წინ ხელჩართული ბრძოლა კი არა, მცირე ინციდენტი მოხდა. ზაზა სვანაძე ცდილობდა დაეფიქსირებინა თავისი აზრი საქართველოში რუსეთის მიმართ ქსენოფობიური გამოხდომების შესახებ. სვანაძემ კულტურის სამინისტროს შესასვლელ კარზე განცხადებები გააკრა პროტესტის მიზნით. რაც ქუჩაში შემთხვევით მიმავალმა მოქალაქე ომა მაღლაქველიძემ არ მოუწონა და ფიზიკურად დაუპირისპირდა.
სვანაძემ მედიასახლის ოფისთან იმპროვიზირებული საპროტესტო აქციის გამართვა სცადა. ვანო მერაბიშვილის, გურამ დონაძის, ერეკლე კოდუას, გიორგი თარგამაძის ფოტოებით მივიდა, რომლებზეც იყო წარწერა - "თავისუფალი მედიის სადარაჯოზე". ასევე მიიტანა გვირგვინი, რომელიც, მისი განმარტებით, გარდაცვლილი მედიის სიმბოლოს გამოხატავს.
სვანაძის აქტიურიობის დაწყებიდან ძალიან მალე მედიასახლთან გამოჩნდა კულტურის სამინისტროს ინციდენტის კიდევ ერთი მთავარი გმირი ომარ მაღლაქველიძე, მათ შორის მცირე შელაპარაკება "მედიაპალიტრის" ოფისთანაც მოხდა, თუმცა მალევე ინციდენტის მონაწილეებმა ტერიტორია ერთად, ერთი ტაქსით დატოვეს. მაღლაქველიძის წასვლამდე მოვახერხეთ მისი საკონტაქტო ტელეფონის ნომრის ჩაწერა. მოგვიანებით მას დავურეკეთ და ვთხოვეთ რედაქციაში სასაუბროდ გვწვეოდა, რათა გაგვერკვია ვინ არის ეს უცნაური, მხრებზე ამერიკის დროშა შემოხვეული ასაკოვანი მამაკაცი, რომელიც გამვლელებს ხშირად ხვდება თვალში.
თეთრ წვერიანი მოხუცი გამოგვიტყდა, რომ ოცნებობს, ყველა ქართველი მასზე ბედნიერი იყოს, “ოღონდ ერს ნუ დააგლახავებს გამჩენი და მე, რაც უნდა ის დამმართოსო.” იცის, რომ უცნაურია, ექსცენტრული და ფიცხი. ამიტომაც, თავის თავს “ჭკვიან გიჟს” ეძახის. ფიქრობს, რომ ნიჭიერიც არის. ამაში ჩვენც დავრწმუნდით, როდესაც მედიასახლის რამდენიმე წარმომადგენელს პერსონალურად უძღვნა ლექსები. თურმე დიდი ხანია პოეზიის “ჭია ხრავს”. თავისი ნიჭის შო-პროგრამა ”ნიჭიერში” გახმაურებაც უცდია, მაგრამ... მიიჩნევს, რომ იქ მასზე ნიჭიერები დახვდა.
აცხადებს, რომ საქართველოს სიყვარულში მიმბაძველი არ ჰყავს?! ამ უზომო სიყვარულის გამო კი ხშირად თურმე გაუგებრობებში ხდება. თუნდაც ისეთ გაუგებრობაში, რომელიც ახლახან გადახდა თავს კულტურის სამინისტროს შენობის წინ ზაზა სვანაძესთან დაპირისპირების დროს.
ყველა ადამიანი უყვარს, ისინიც კი, ვისაც ნებსით ან უნებლიეთ შესაძლოა დაუპირისპირდეს და ასევე უნებლიეთ პანჩურიც კი უთავაზოს.
ძალიან არ მიყვარს რუსეთი. მიზეზიც ჰქონია. თავის დროზე რუსებმა სრულიად უმიზეზოდ (როგორც თვითონ ამბობს) ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, საგიჟეთში უკრეს თავი.
წარმოშობით სოფელ კურსებიდან არის. იქ დედა ჰყავს, ას წელს მიტანებული. უკვე 97 წლის გახდაო. თვითონ 69 წლის არის.
ომარ მაღლაქველიძე _ ”დედა ძალიან მოხუცია. წესით, მეც მოხუცი ვარ, მაგრამ თავს მხნედ ვგრძნობ და სიბერეს ჯერაც არ ვაპირებ.
_ რუსები რამ შეგაძულათ?
_ ჯარში ყოფნის დროს ცუდი ამბები დამმართეს. არ მომწონდა რუსეთის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, 1964 წლის ამბებს მოგითხრობთ. რუსებს ვუკიჟინებდი, რომ მათ არასწორი დამოკიდებულება ჰქონდათ ჩვენს მიმართ და ვუმტკიცებდი, რომ დადგება დრო, როდესაც ჩვენი, ქართველების გადასარჩენი გახდებიან. ეს დრო ჯერ არ დამდგარა, მაგრამ მალე დადგება. არც იმის თქმა მავიწყდებოდა, რომ სტალინმა დააყენა ეგენი ფეხზე. ჩვენს მეტი პატრონი არ გყავთ-მეთქი. მწარდებოდნენ ჩემი ასეთი დამოკიდებულების გამო. ამიტომაც ჯერ ყაზარმაში დამაწვინეს ვითომ ფილტვების ანათებით, მერე ჰოსპიტალში და ბოლოს თავი მიკრეს კაუნასში საგიჟეთში. საბედნიეროდ, იქ დიდხანს არ მომიწია ყოფნმა, ჩემი ძალათი ”გაგიჟებიდან” ათ დღეში ხრუშოვი გადააყენეს და მეც დამასაჩუქრეს თავისუფლებით. მახსოვს, პოლკოვნიკი მოვიდა, ყვიროდა, გამოდი მაღლაქველიძე, სასწრაფოდ უნდა წაგიყვანოთ სამხედრო ნაწილშიო. ავხედ-დავხედე, შენც გაგაგიჟეს, თუ რა ხდება, აქ რა გინდა - მეთქი? ხრუშოვი გადადგა, მგონი შენმა წყევლამ უწია და ახლა საბჭოთა კავშირიც რომ არ დაანგრიო შენი წყევლა-კრულვით, გათავისუფლებთო, ან მეხუმრებოდა, ან ეშინოდა მართლა.
გარეთ, გამოსასვლელთან დამხვდა მანაქანა, რომელზეც ჯარში ვმუშაობდი მძღოლად. ხრუშოვის ფოტო გამოებათ უკან, უზარმაზარ ჩარჩოში იყო ჩასმული. როგორც ჩანს, ბოლომდე სჯეროდათ, რომ გიჟი ვიყავი და ეს ”სათამაშოც” იმიტომ დამახვედრეს. ეგონათ ვათრევდი სურათს მანქანაზე გამობმულს. მე კი გავწმინდე და იქვე მივაყუდე, ეს თქვენია, თქვენ მიხედეთ, ჩვენ რუსების არაფერი არ გვჭირდება, მით უფრო ხრუშოვისნაირები - მეთქი.
_ შემდეგ როგორ განვითარდა თქვენი ცხოვრება, ოჯახის შესახებ გვიამბეთ.
_ ვის ეცალა ოჯახისთვის. დღემდე უცოლო ვარ, მაგრამ ძალიან მიყვარს ქალები და ამერიკულად რომაა, გერლფრენდი სულ მყავდა და მყავს.
_ რით იყავით დაკავებული მთელი ცხოვრება, რატომ ვერ მოიცალეთ ოჯახისთვის?
_ საქართველო იყო ჩემი საფიქრალი, სადაც კი ვმუშაობდი, ყველგან გამოვდიოდი პარტიულ კრებებზე და მოვითხოვდი, რომ ქართული კონსტიტუცია მიგვეღო და საქართველოში ქართული ენა გამოცხადებულიყო სახელმწიფო ენად, მაგრამ მედავებოდნენ, საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენელი ნაწილია და აქ მხოლოდ რუსული უნდა იყოს სახელმწიფო ენაო.
ეჰ, მერე აღსრულდა ჩემი წინასწარმეტყველება და მართლა დაინგრა საბჭოთა კავშირი, მაგრამ კინაღამ მიჰყვა ეს ჩემი საყვარელი ქვეყნააც. გახსენებაც აღარ მინდა თბილსის ომის და სამოქალაქო დაპირისპირების. დავრბოდი ორივე მხარეს შორის და ვეხვეწებოდი ყველას, შერიგდით, რას ხოცავთ ერთმანეთს-მეთქი. ვინ მისმინა, ბევრჯერაც, შემდგომში ცნობილმა გენერლებმა მომიშვირეს თოფის ლულა, დაიკარგე აქედანო. მიმაჩნია, რომ მაშინ საზოგადოება კი არა, ზოოპარკი იყო საქართველოში, ოღონდ ვოლიერებიდან იყვნენ გამოქცეული მხეცები. 


_ აფხაზეთის ომში იყავით?
_ არა, რა მინდოდა იმ ომში. ყველას ვეხვეწებოდი, ვთქვათ, რომ რუსეთს ვებრძვით-მეთქი. არაო, აფხაზებს ვებრძვითო. ვის გაუგია აფხაზებთთან ბრძოლა, რა გვაქვს საომარი, ძმასთან ომით კი არა სიტყვით და გულით უნდა მოვაგვაროთ საქმე-მეთქი. ვინ მისმინა. ამიტომაც მე რახან ვერავის ვესროდი ტყვიას. წავედი სოფელში, ვიყიდე ძროხები და იმათ ვწყემსავდი.
_ დღეს რას საქმიანობთ?
_ არაფერს. ვერაფერს. სად არის საქმე, რომ მე დავკავდე. ღატაკთა კატეგორიაში ვირიცხები და დახმარებას ვიღებ. ჩემს სახლში თითქმის არაფერი არ დგას. ტელევიზორი მე არ მაქვს და მაცივარი. მხოლოდ წიგნები და რვეულები ყრია იატკაზე. ვარსებობ პენსიით, დიახ, კი არ ვცხოვრობ, ვარსებობ. აი, დედაჩემს კი მოუხსნა მთავრობამ სიღარიბის დახმარება. მდიდარი ხარო, ტელევიზორი გაქვსო. მეზობლებმა აჩუქეს.
_ თქვენს ბოლოდროინდელ ინციდენტს დავუბრუნდეთ. რატომ დაუპირისპირდით რამდენიმე დღის წინ კულტურის სამინისტროს წინ ზაზა სვანაძეს?
_ არ დავპიორისპირებივარ. საქმე იმაშია, რომ ძალიან მიყვარს იმ უბანში სირული, განსაკუთრებით წმინდანების, ანუ მეტეხის ხიდზე. საერთოდაც ფეხით სიარული მიყვარს. ახალი გზები რომ გააკეთეს, სულ ფეხით მაქვს შემოვლილი. მოკლედ, იმ დღესაც მივდიოდი ჩემთვის და ვხედავ ეს ზაზა აკეთებს განცხადებას, რუსოფობიაზე საქართველოს ადანაშაულებს. ამივარდა ტვინში, რუსებს ჩვენ ვჩაგრავთ თქო? გადავირიე. ამიტომაც გავჩერდი იქ, ძალიან ავღელდი.
_ როგორ ფიქრობთ, გამართლებული იქნება, თუ რუსულ სიმღერებს და ლიტერატურას აკრძლავენ?
_ ვინ კრძალავს? არავის არაფერს არ ვუკრძალვთ, სამწუხაროდ, მეტიც, ფეხქვეშ ვეგებით ყველას და მათ შორის რუსსაც. ამაზე ლექსებიც მაქვს დაწერილი.
მაგ ზაზას ხმას არ გავცემდი, მაგრამ გიჟი მიწოდა. კი ბტონო, ვიყავი საგიჟეთში, მაგრამ არ ვარ გიჟი. ცდილობდა გავეტყუებინე სადმე და ისე მომრეოდა.
_ აქ როგორ გაჩნდით ერთდროულად ჩვენს რედაქციაში?
_ დიდი ხანია ვეძებ ჟურნალისტებს “ასავალ დასავალში.” ხოდა დღეს გადავწყვიტე ძენა. არასწორად მომასწავლეს და მოვედი ”კვირის პალიტრაში”. აქაც რას ვხედავ, ეს ზაზა არ დამხვდა?! ვეუბნები, მითხარი რაზე ვებრძოლოთ ამ ხელისუფლებას, ოოღნდ აზრიანად მითხარი და ვიბრძოლოთ-მეთქი, მაგრამ მაგან არ იცის რაზე უნდა იბრძოლოს. კიდევ იბოთავებს ეგ რაღაცას და მერე არ ვიცი რას გამომტყუებს.
ხელისუფლება რომ არ ვარაგა და უკეთესი რომ მინდა, ეგ მასწავლის?!
_ თუ ასე გაბრაზებული ხართ, ტაქსით როგორღა წაყევით?
_ დამიწყო შერიგების მცდელობა, ჩვენ ერთნი ვართ, ერთი სატკივარი გვაქვსო. ასავალ-დასავლაში მივყავდი. როცა გაიგო, რომ იქ მისვლა მინდოდა. ფულიც კი შემომაძლია მერე, რომ ეთქვა, მათხოვარიაო. ასეთი იმიჯი უნდა შემიქნას, გიჟის და მათხოვრის, რახან ამერიკული დროშით დავდივარ. არადა, ამერიკელებს პურის ფული არ ჰქონდათ გუშინ და მე გადავუხადე.  
_ დროშა რატომ გაქვთ შემოხვეული?
_ დიდი დატვირთვა აქვს. კულახმეტოვს, სამშვიდობოების სარდალი რომ იყო, იმას დავპირდი, სანამ თქვენი ჯარი არ გაიძირკვება საქართველოდან ამერიკულ დროშას ვატარებ-მეთქი. ავტოგრაფი ვთხოვე ერთხელ და არ მომცა. აგვისტოს ომი რომ დაიწყო, მაშინ მუხლისჩოქა ვიდექი და ვყიროდი, ეს არის მახე და არ შეხვიდეთ სამაჩაბლოში-მეთქი. ვინ დამიჯერა. ვიხვეწებოდი, გამიშვით ფრონტის ხაზზე, ვიქნები მომრიგებელი, თუ მომკლავენ, ჯანდაბას მოხუცი ვარ და იქნებ ერთი კაცი მაინც გადავარჩინო-მეთქი. ვინ გამიშვა?!
_ კარგი, სვანაძესთან შერგებას აპირებთ თუ არა?
_ რუსეთი არ მიხსენოს და შევურიგდები. ყველგან უნდა ვიძახოთ რუსი ოკუპანტები და მაგათ არ უნდა მივეფეროთ. სადაც დავინახავ მიტინგს, ყველგან მივდივარ და გავყვირი, წავიდნენ რუსი ოკუპანტები, შეგვეშვან!
My photo
Tbilisi, Georgia
მითხარი ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი ვინა ხარ შენ :)

თემები

მკითხველები