Friday, September 23, 2011

ჩემი მოგზაურობა ხევსურეთში




ეს იყო 2007 წლის ზაფხულში. მე პირველად ვიმოგზაურე ხევსურეთში. ამ ბოლო ხანს არ ვყოფილვარ იქ, მაგრამ როგორც ვიცი, ბევრი რამ არ შეცვლილა.

 გადავწყვიტე ახლოს გავცნობოდი პირიქითა ხევსურეთის სატკივარს. თუმცა კინაღამ მოგზაურობა გადავიფიქრე, როდესაც გავიგე, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მხოლოდ ბარისახომდე შევძლებდი მგზავრობას. იმის იქით გზა არ მიდის-მეთქი, - გაოცებულმა ვიკითხე. გზა კი მიდის, მაგრამ ტრანსპორტი არ დადის. თუ ვინმე ალალბედზე შატილისკენ ან პირიქითა ხევსურეთის დანარჩენი სოფლებისკენ მიმავალი წამოგეწია, ხომ კარგი, თუ არა და, ფეხით სიარული მოგიწევსო. ისევ ხევსურების დახმარებითა და თანხლებით გადაწყდა, რომ შატილამდე ტრანსპორტით ამიყვანდნენ.

გზა ხევსურეთამდე შორი არა, მაგრამ ძნელი ნამდვილად არის. ბარისახომდე არა უშავს რა, არც ტურისტი დაფრთხება და საქართველოს სხვა კუთხის მცხოვრებსაც არ ათქმევინებს, ეს რა გზას დავადექიო. იმას კი, რასაც შატილამდე მიჰყვები, სამანქანო გზას ნამდვილად ვერ დაარქმევ. ქარაფებზე გაჭრილ ოღროჩოღროში, რაც უნდა ნელა იარო, ისე დახტუნაობს ავტომობილი, რომ თუ მაგარი გული არ გაქვს, შესაძლოა, ნაპრალებში გადაფრენის შიშით გაგისკდეს.

ხევსურები გზადაგზა სალოცავებთან ჩერდებიან, ილოცებიან, ისვენებენ და გზას აგრძელებენ. არაფერი სჯობია მათთან ერთად მგზავრობას, ყველა ხევსური მითოლოგიის საუკეთესო მცოდნეა. მგზავრობას მათი მონათხრობი აიოლებს.

ხევსურეთისა და ფშავის საზღვარზე მდებარე შუაფხოს რომ გავცდით, ერთმანეთის პირისპირ მაცქერალი შურის ციხე და ხმალაის ხევი გამოჩნდა. მეგზურმა მითხრა, აქ წინათ ხევში ერთი ხე იყო, რომლიდანაც შურის ციხემდე შიბი, ანუ წმინდა ვერცხლის ძაფი იყო გაბმული და ზედ ანგელოზები დადიოდნენო. უცხოელ ტურისტებს განსაკუთრებით მოსწონთ ასეთი ამბები. ერთი ჰოლანდიელი თურმე მთელი კვირა იყო დაბანაკებული შურის ციხესთან იმ იმედით, რომ ღამით მაინც შენიშნავდა ვერცხლის ძაფზე მოსიარულე ანგელოზს.

ბარისახოც გავიარეთ, სოფელ კორშასთან ხელმარცხნივ გვირაბია, რომლის მშენებლობაც გასული საუკუნის 80-იან წლებში დაუწყიათ. კომუნისტებს გზა პირდაპირ ვლადიკავკაზისკენ უნდა გაეჭრათ, მაგრამ 1989 წელს ეროვნული მოძრაობის ძალისხმევით შეწყვეტილა მშენებლობა. გზასთან ერთად საერთო საცხოვრებლების მშენებლობაც დაუწყიათ. აქ უცხო ეროვნების ხალხის ჩასახლება იგეგმებოდა, ამას კი ყოველთვის კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ხევსური. შუაგულ ხევსურეთში უცხოთა ჩასახლება და რუსეთიდან საქართველომდე მოკლე გზის გაჭრა მოსკოვისთვის კიდევ ერთი ბერკეტი იქნებოდა საქართველოს სამართავად. საბედნიეროდ, რუსეთს იდეის ხორცშესხმა არ დასცალდა. გვირაბს ხევსურეთისთვის არანაირი სარგებლის მოტანა არ შეეძლო. გზა მხოლოდ ბარისახოდან გვირაბამდე იქნებოდა კეთილმოწყობილი, მაგრამ შატილი და პირიქითა ხევსურეთი ისევ გარე სამყაროს მოწყვეტილი დარჩებოდა. ბარისახოდან ხახმატამდე მოასფალტებული გზა სტალინის დროს გაუკეთებიათ, თანაც ისე მკვიდრად, რომ დღემდე გაუძლია გასამაგრებელი სამუშაოების გარეშე. მაშინდელი გზის ნაშთი მოგვიანებით დათვისჯვრის უღელტეხილზეც კი ვნახე, იქ, სადაც ყველაზე მეტად და ხშირად სჭირდება პატრონობა გზას.

სოფელ გუდანში ვჩერდებით სალოცავთან. გუდანის ჯვარს შემწეობას ვთხოვთ და ვისვენებთ. თანდათან ვეცნობი მგზავრებს. ათენგენობაზე მიმავალ 65 წლის მუცოელ რაჟდენ დაიაურს გამოველაპარაკე. მას სამი წლის წინ დაუტოვებია წინაპართა მიწა და კახეთში გადასახლებულა. “ამ ხნის განმავლობაში ყოველდღე უკან დაბრუნებაზე ვფიქრობ, მაგრამ ნაბიჯს ვერ ვდგამ წინ, არ მინდა ჭინჭრით გაბუნდრული სახლ-კარი დავინახო, რა თვალებით შევხედო კერას. ამიტომაც ჩემს თავს ვეუბნები, ხატში მივალ, სახლში კი არა-მეთქი. ხევსურეთიდან არ წამოვიდოდი, რომ არა უკიდურესად გაჭირვებული ცხოვრება. არა გზა, არა შუქი. ერთხანს ხევსურეთში ავტობუსიც ამოდიოდა, შვეულმფრენიც დაფრინავდა, ტელეფონიც მუშაობდა. ეს ყველაფერი მოხსნეს. ფქვილი ვეღარ ამოგვქონდა ბარიდან. ყველას ვეუბნებოდი, არ წახვიდეთ-მეთქი, მაგრამ წავიდნენ და მეც ვერ გავუძელ მარტოობას. კაცი რომ არ გეყოლება დამლაპარაკებელი, ძნელია. რამდენიმე წლის წინ, ზამთარში, ბავშვი გაგვიხდა ავად. ბარში რომ ჩამოგვეყვანა, იძულებული გავხდი მდინარეს გამოვყოლოდი და მის ნაპირებში მევლო. ყველაფერი თოვლითა და ზვავით იყო ჩახერგილი. ბარში ჩაყვანამდე ბავშვი გაგვიცივდა და უარესად გახდა. ძნელია მთაში ცხოვრება, მაგრამ ბარშიც მეძნელება. სიზმრებსაც კი მთისას ვნახულობ. მუდამ აქაურობაზე ვფიქრობ. სიზმრიან წარსულში ვცხოვრობ...”, - ხანში შესულ ხევსურს ცრემლი უდგება თვალებში. მეც თვალს ვარიდებ... გზას ვაგრძელებთ.


სიცხითა და ჯაყჯაყით დაქანცულებმა ხახმატში მჟავე წყლებთან შევისვენეთ. ვიცოდი, სოფლები დაცარიელებული რომ დამხვდებოდა, თითო-ოროლა მოსახლის სალაპარაკოდ ნახვაც რომ გამიჭირდებოდა, ამიტომ გზაშივე ვცადე გამერკვია, რით ცხოვრობს ხევსური.

“ხევსურმა საქონელს, ცხვარ-ძროხას უნდა მაუაროს. წინათ მდიდრად ის ითვლებოდა, ვისაც ბევრი ცხვარ-ძროხა ჰყავდა. ხორბალსა და კარტოფილს ვთესავთ. თუ ოჯახს ხარი, გუთანი და მომხვნელი კაცი ჰყავს, წლიდან წლამდე პური არ მოაკლდება. წინათ ხალხი ბევრი იყო, მიწა კი ცოტა ჰქონდათ. ახლა მიწა ბევრია, რადგან სოფლები დაიცალა ხალხისგან, მათი სიმცირის გამო კი ყანების დამუშავება ჭირს”, - მიამბობს რაჟდენ დაიაური. ამასობაში დათვისჯვრის უღელტეხილზე აღმართულ ჯვართანაც დავილოცეთ. მერე მგზავრების ნაწილი გზის შესამოკლებლად ფეხით დავეშვით მთის ფერდობზე. დაბლა ხევში სოფელი ლებაისკარი და მისი ციხე გამოჩნდა. სოფელი დაცლილია. მხოლოდ უზადოდ შემონახული ციხე გაგრძნობინებს, რომ აქ ოდესღაც სიცოცხლე დუღდა. წინათ ლებაისკარში ჭინჭარაულები ცხოვრობდნენ. ახლა მათი მონაგარიდან ზოგიერთი მხოლოდ ზაფხულობით ამოდის ბარიდან და საქონელს აძოვებს.

სოფელ კისტანის ნასახლარებზე შეთეკაურებს წავაწყდით. ნახირს მწყემსავდნენ. “ხონისჭალელები ვართ, აქ სხვის მიწაზე ვდგავართ, აქედან ბარში ჩასვლა უფრო იოლია. ვერ ვუძლებთ უგზოობას, უშუქობას, უექიმობასა და ზამთარს ჩვენც ბარში ვატარებთ. სოფელში სკოლა არ იყო და ბავშვები სკოლაში ვერ დადიოდნენ, შატილის სკოლა-ინტერნატში რომ ესწავლათ, შაბათ-კვირას სახლში ამოსასვლელად 18 კილომეტრი უნდა გამოევლოთ. როგორ უნდა გაიაროს ბავშვმა ამხელა გზა? ამიტომაც გადავედით სოფელ გამარჯვებაში. ხევსურეთს პატრონი არ ჰყავს. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა არ გვაქვს, ხელით შრომა, თიბვა და თივის შინ მიტანა კი ძალიან ძნელია. ბევრ საქონელს ბევრი საკვები სჭირდება. ცოტათი კიდევ თავს ვერ გაიტან. ასი სული საქონელი მაინც უნდა გყავდეს, რომ ნორმალურად ცხოვრება შეძლო. ჩვენ კიდევ რაღაც თხუთმეტიოდე სული საქონელი გვყავს. ახლა ამბობენ, ხევსურეთის მიწებზე ინვესტორები მოვლენ და გეშველებათ, დაბრუნდითო. ნეტავ ვინ მოვა აქ ჩვენთვის სარგებლის მოსაცემად. თუ მოვა, ისევ თავისი თავისთვის, ჩვენ კი დავრჩებით ცარიელაზე. ინვესტორი თუ შემოვა, ჩემი კი არა, მისი ინტერესი გატარდება. აბა ფულს ჩვენთვის ვინ დახარჯავს?”

პირიქითა ხევსური ძალიან მშვიდია. ხმას არასდროს აუწევს. როგორც კი შეგატყობს, რომ მისი სატკივარი გულზე მოგხვდა, საფიქრალით დამძიმებას არ გაცდის და ხუმრობით გაგიფანტავს სევდას. შატილამდე ათიოდე კილომეტრში არღუნი ერთ ადგილზე უზარმაზარ თოვლის ზვავში მიიკლაკნება. ზამთარში ჩამოწოლილ ზვავს გზაც ჩაუკეტავს და მდინარეც. ივლისის თაკარა მზის მცხუნვარებას და არღუნის ტალღებს რომ აქამდე გაუძლო, იოლი წარმოსადგენია, რამხელა უნდა ყოფილიყო თოვლის გროვა.

მალე შატილიც გამოჩნდა. ერთმანეთში ჩახვეული ციხე-კოშკები ხევისბერებს ჰგვანან. შატილი უნიკალურია როგორც ციხე-ქალაქი. ოდითგანვე აქ ყველა, კაციან-ქალიანად, დიდიან-პატარიანად, საბრძოლველად მზად იყო. შატილიონებს ეამაყებათ, რომ აქედან ვერასოდეს ვერ შეძლო მტერმა ბარისკენ გაჭრა. შამილის ჯარები სამჯერ დამარცხებულან შატილის ციხე-კოშკების მისადგომებთან. შატილიონები დღესაც ამაყად აჩვენებენ ყველას რუსთ ხელმწიფის ჯილდოს - სტელას, რომლითაც გაიგებთ, რომ ხევსურებს უკუუქცევიათ შამილის ერთ-ერთი ნაიბის, აჰმედდინ მაჰმედის 5000-კაციანი ლაშქარი, თავად ნაიბი კი მოუკლავთ. თურმე ამ ბრძოლის წინ შამილის ხალხი შატილიონებს ეხვეწებოდა, ციხე-ქალაქს არ შევეხებით და გაგვატარეთო. შატილიონები კი მაგრად დამდგარან: მერე რა, რომ რუსს ერჩით, ჩვენ საქართველოზე არავის გავატარებთო.

ახლა ციხე-კოშკებში ტურისტები დახეტიალობენ. ზოგიერთი მოწიწებით ათვალიერებს შატილს, ზოგსაც დაბლა, მდინარის პირას დადგმულ საკმაოდ კომფორტულ ტუალეტში შესვლა ეზარება და თურმე კოშკებს აბინძურებენ. ამიტომაც შეურაცხყოფილი შატილიონები ფხიზლად ადევნებენ თვალს უცხოელებს.

კოშკების დათვალიერებისას ჩემს მეგზურს 16 წლის ირაკლი ჭინჭარაული შეხვდა. აღტაცებას იწვევს ხევსურების მისალმება. დიდი სიყვარული იგრძნობა თითოეულ სიტყვასა და ჟესტში. განსაკუთრებით მამახსოვრდება მისალმება - “წყალობა მაგცასთ...”


თბილისიდან გამოყოლილი ჩემი მეგზური ისვენებს. ახლა ირაკლი მმასპინძლობს. ხევსურული ადათ-წესები მახსენდება. თურმე ბიჭს ხუთი წლიდან აჩვევდნენ იმ აზრს, რომ ის სრულფასოვანი მამაკაცია. ამიტომ ბავშვი რომ ოთახში შედიოდა, მოზრდილები ფეხზე უდგებოდნენო. მგონი, ირაკლიც მიაჩვიეს იმ აზრს, რომ კაცურად უნდა იფიქროს და განსაჯოს.

მისგან გავიგე, რომ პირიქითა ხევსურეთიდან მოსახლეობის ბარში გადასახლების გამო შატილის რვაბავშვიან სკოლა-ინტერნატს დახურვა ემუქრება.

“სკოლის დახურვა სოფლის დაცლას ნიშნავს. სულ ერთი საათია, რაც ჩამოხვედით და უცებ შეგიყვარდათ აქაურობა, მე კი შატილმა გამზარდა და ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ მიყვარს. ჩემთვის აქაურობის დაცლა ტრაგედია იქნება. პირიქითა ხევსურეთი ერთ-ერთი სტრატეგიული მხარეა. აქ საქართველო-რუსეთის საზღვარი გადის. ჩვენ საქართველოს მეციხოვნეები ვართ. რამდენიმე წლის წინ საზღვრის განაპირას რუსებმა ჩვენი მიწები მიითვისეს. იქ რომ ხალხს ეცხოვრა, ხომ ვერ წაგვართმევდნენ, ხომ ვერ მიითვისებდნენ?

თუ სკოლა დაიხურება, მხოლოდ მოხუცები დარჩებიან შატილში, მათაც მოუვათ თავისი დრო და დაიცლება ეს კუთხე, მიწა კი უპატრონოდ დარჩება. სკოლის დახურვა დასასრულის დასაწყისი იქნება. ინტერნატი კი არ უნდა დახურონ, ტელეფონი და ინტერნეტი უნდა ჩაგვირთონ. კომპიუტერები გვაქვს და შესანიშნავადაც ვმუშაობთ. თუ თანამედროვე კავშირის საშუალებები გვექნება, გგონიათ, რომელიმე ბავშვი ქალაქში ცხოვრებას არჩევს? მეც ახალი ტექნოლოგიებით დავუკავშირდები მთელ მსოფლიოს შატილიდან და ეგ იქნება. შვეულმფრენის რეისებიც უნდა დაინიშნოს. მე ან ჩემს ერთადერთ კლასელს რომ რაღაც დაგვემართოს, მშობლები ვერ დარეკავენ ბარში. რომც დარეკონ, უამინდობის გამო ვერავინ გამოფრინდება ჩემს საშველად, დავიხოცებით... დაA მეთერთმეტე კლასიც აღარ იარსებებს. უმაღლესი განათლების მისაღებად კი წავალ აქედან, მაგრამ აუცილებლად დავბრუნდები. ამიტომაც სულ იმაზე ვფიქრობ, რა შეიძლება გაკეთდეს ისეთი, რაც შატილსა და სხვა სოფლებს გააცოცხლებს.

ვფიქრობ, აქ ხევსურული უძველესი კულტურის შემსწავლელი უმაღლესი კატეგორიის სასწავლებლები უნდა გაიხსნას. არა მარტო ხევსურები, სხვა კუთხის შვილებიც ისწავლიან და ასე ყველასთვის უფრო ახლობელი გახდება ხევსურეთი. წარმოიდგინეთ, თუ ხევსურული ტალავრის შესაკერი მასალის დამუშავების, შემდეგ შეკერვისა და მორთვის შემსწავლელ სახელოსნოს გახსნიან, იარაღის სამჭედლოებს ააღორძინებენ, ციხე-კოშკების მშენებლობისა და რესტავრაციის შემსწავლელ სკოლებს დააარსებენ, რა მოხდება. სასტუმროები უნდა მუშაობდეს კოშკებში, ციხეებში მუზეუმები უნდა გაიხსნას, ხევსურეთის ისტორიისა და კულტურის კარგი მცოდნე გიდები უნდა გვყავდეს და ტურისტს ზამთარ-ზაფხულ მასპინძლობდეს. ვითომ ძნელია ამის გაკეთება? არა მგონია. რად გვინდა ბარიდან ამოსული რესტავრატორი და მშენებელი, რა, ჩვენი მამა-პაპანი მეფისგან გამოგზავნილ რესტავრატორებს ელოდებოდნენ კოშკების ასაშენებლად? გვასწავლონ ბავშვებს ეს საქმე.

შატილს უნდა გრძნობდე, გტკიოდეს, მე მტკივა, ვგრძნობ, მაგრამ როგორ მოვარჩინო, სად შევაცურო გამოვარდნილი ქვა, არ ვიცი. ხევსურეთის გადარჩენის ერთი კი არა, რამდენიმე გზა არსებობს, მაგრამ ასე მგონია, გადაბრუნებული ურმის გადაგორებას არავინ ცდილობს, რომ ეგ გზები გამოჩნდეს.

უცნაური ხალხი ვართ ქართველები, გვინდა ყველაფერი კარგად გვქონდეს, მაგრამ სხვისი ხელით უნდა გაკეთდეს საქმე. მანქანით რომ მიდიოდე და გზაზე მიმავალი კაცი დაინახო, თუ გაუჩერებ, ქართველი დაჯდება, უცხოელი კი არა, ფეხით ვივლი, ჩემი თვალით მინდა ყველაფრის ნახვაო. უცხოელს სურს იგრძნოს აქაურობა, ქართველი კი აქ ცხოვრობს და ვერ გრძნობს ამ მიწისა და კოშკების მადლს. შარშან ათენგენობაზე ინგლისელმა ტურისტმა სიგარეტის ნამწვავი ჯიბეში ჩაიდო. ჩემმა ნათესავმა ჰკითხა, ეგ რად ქენიო. იმან გაკვირვებულმა უპასუხა, ამისთანა ლამაზ კუთხეს როგორ დავაბინძურებო.

ამბობენ, კოშკებში უცხოელი ბიზნესმენების შემოყვანა უნდათო. მთავრობას ურჩევნია, აქ საქმე თვითონ გააკეთოს, ფული დახარჯოს და მერე სამი იმდენი ამოიღოს, ვიდრე ინვესტორმა კაპიკები მიუგდოს და თავად კი აქედან მილიონები გაიტანოს. ამას წინათ ტელევიზორში მოვისმინე, ხელისუფლებას ოქროს საბადო გაუყიდია. გამიკვირდა, მაგ საბადოს ხომ სულ ამოაცარიელებენ და უზარმაზარ ფულსაც იშოვიან, ჩვენ კი ფუჭ მიწას დაგვიტოვებენ, რაღა თავში ვიხლით მერე მაგას. ზამთარში კაცის ნაკვალევი მენატრება ხოლმე თოვლზე, მაგრამ ის ნამდვილად არ მინდა, რომ აქ უცხოტომელებმა გაიდგან ფესვები, მე ხევსურები რომ ჩამოვიდნენ, ის მინდა”. მკითხველი დამეთანხმება, შეუძლებელია გულგრილი დარჩე 21-ე საუკუნის ამ ლელთ ღუნიასთან საუბრით. როცა ასეთი კაცი გეზრდება, იმედიც უფრო სხივიანი ხდება.
პ.ს. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უბრძანებია, პირიქითა ხევსურეთში ტაძარი უნდა ავაშენოთო. ეს ღვთის წყალობა იქნება, ეს მიწა გადარჩებაო, - ამბობენ შატილში. ხევსურებს დღეს მართლა ძალიან უჭირთ. 

1 comment:

  1. Pragmatic Play set to roll out live casino slots in Venezuela
    Pragmatic Play has revealed 울산광역 출장샵 the launch 부산광역 출장샵 of 화성 출장샵 its full-fledged live casino offering in 의정부 출장안마 Venezuela on the heels of a successful launch in June. 광주 출장샵

    ReplyDelete

My photo
Tbilisi, Georgia
მითხარი ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი ვინა ხარ შენ :)

თემები

მკითხველები