Tuesday, September 27, 2011

გზა ხევსურეთისკენ (გაგრძელება)

შატილი



ეს გზა ისეთი შორია...”

“წინათ იარაღით მომხდურთ ვაჟკაცურად ვუსწორდებოდით, ჩვენი მიწა არასდროს დაგვითმია სხვისთვის. ახლა ფულით შეიარაღებულებს სურთ აქაურობის აღება, თანაც, სანამ მოგვხდომიან, ლაჩრულად ჩვენს სისუსტეზე ლაპარაკობენ, - შატილიონებს მემკვიდრეობის შენახვის თავი აღარ აქვთ, ცოტანი დარჩნენ, ციხე-კოშკებს ვეღარ უვლიანო. სიცრუეა ეს! ვიღაც ქართველების მოტყუებას ცდილობს. მერე რა, თუ ცოტანი დავრჩით. სიმცირის გამო ბევრჯერ ვყოფილვართ ბეწვის ხიდზე, მაგრამ...” - მეუბნება შატილელი მეგზური დავით ჯალაბაური და ციხე-კოშკებისკენ მიმიძღვება.

ხევსურეთში მოსახლეობის სიმცირეს ობიექტური მიზეზი აქვს. გასული საუკუნის 50-იან წლებში კომუნისტებმა ამ რეგიონში კოლექტივიზაცია რომ ვერაფრით დაამკვიდრეს, ხელი მოუსვეს ხევსურებს და ბარში, ნახევრად უდაბნოში ჩაასახლეს. ასე დააცარიელეს და ხერხემალი გადაუმტვრიეს პირიქითა ხევსურეთს. სიცოცხლის ბოლომდე ამ მთებსა და ციხე-კოშკებზე ოცნებობდნენ ხევსურები, ბევრიც ბარის ჰაერს ვერ შეეგუა და დასნეულდა. მათი შთამომავლებიდან დღეს ბევრს წარმოდგენაც კი არ აქვს ხევსურეთის ულამაზეს სანახებსა და მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობაზე. ახლა მათთვის მშობლიური ის მხარეა, სადაც დაიბადნენ და გაიზარდნენ. ხევსურეთში შემორჩენილებს რომ ჰკითხოთ, ასე წინაპართა სისხლით მორწყულ მიწასთან კავშირი გაწყდა და ამიტომაც დარჩა ზოგიერთი კოშკი უპატრონოდ (დღეს მათ თემი პატრონობს). მოგვიანებით იძულებით გადასახლებულთაგან ბევრმა არა, მაგრამ შატილიონთა ერთმა ნაწილმა მაინც შეძლო დაბრუნება, მაგრამ ბარში შედარებით იოლ ცხოვრებას მიჩვეულმა ზოგმა ხევსურმა ვერ გაუძლო მთის მკაცრ პირობებს და ამჯერად ნებით აქცია პირი მთებს. მაგრამ არა სამუდამოდ, - ზაფხულობით შატილში ისევ ხმაურობენ ხევსურები. ახლა აქ თანამედროვე დიზაინით აგებულ სახლებსაც ნახავთ, ძველებურ ქვის საცხოვრებლებსაც, ბინებად გადაკეთებულ ვაგონებსაც და ხის კოტეჯებსაც. ზოგიერთს ტურისტების დასაბინავებლად იყენებენ, აქირავებენ.

მართლაც, ყველამ ერთად უნდა იფიქროს ამ მხარის აღორძინებაზე, თორემ შატილში მხოლოდ ზაფხულობით ასვლა აქაურობას ვერაფერში წაადგება. აი, ჩემი მეგზური, დავით ჯალაბაური არსად აპირებს წასვლას და ხევსურისთვის ჩვეული სიდინჯით მეუბნება: “მეც იმავე ხერხით დავიცავ აქაურობას, რითაც დღევანდელი მტერი აპირებს ბრძოლას. ჩვენ ვიცით, როგორ ავაღორძინოთ ხევსურეთის ერთადერთი გადამრჩენი ტურისტული ბიზნესი. ვისაც ეჭვი ეპარება, ამოვიდეს, ნახოს, რას ვაკეთებთ და თუ არ დაგვეხმარება, ხელს მაინც ნუ შეგვიშლის”.

საუკუნეთა განმავლობაში საქართველოს მეციხოვნე შატილიონებს დღეს ყველაზე საშიშად ქვეყნის ხელისუფლების ის წარმომადგენლები მიაჩნიათ, ვისი აზრითაც საქართველოს გადარჩენის ერთადერთი გზა მიწებისა და უძრავი ქონების ნაკუწ-ნაკუწ გაყიდვა-გაიჯარებაა. სახელმწიფომ პირიქითა ხევსურეთის დასახმარებლად ხელიც რომ არ გაანძრიოს, რთული ეკონომიკური მდგომარეობიდან ხევსურებს თავადაც შეუძლიათ თავის დაძვრენა. იქნებ შატილიონების ოპტიმიზმი სასაცილოდაც არ ეყოს მას, ვინც მხოლოდ ტურისტად ესტუმრება ამ მხარეს. არადა, საქმე ცუდად ნამდვილად არ მიდის. მართალია, შატილში დღეს თითზე ჩამოსათვლელი ოჯახებიღა ცხოვრობენ, მაგრამ თითქმის ყველა ძალ-ღონეს არ იშურებს ტურისტული ბიზნესის განსავითარებლად. ამაში დასარწმუნებლად კი სასტუმროებად გადაკეთებული კოშკების დათვალიერება და საქმიან შატილიონებთან გასაუბრებაც კმარა. დასანანია, რომ ხელისუფლების ზოგიერთ წევრსა და საზოგადოების ერთ ნაწილსაც დრომოჭმულ აზროვნებად მიაჩნიათ ხევსურების განცხადება, ჩვენს მხარეში ინვესტორის ადგილი არ არისო. არც კი ცდილობენ ხევსურებს მოუსმინონ და მათი “ახირების” მიზეზი გაიგონ. არადა, მიზეზი მართლაც რომ საგულისხმოა. თუმცა, მის ახსნამდე მცირე ექსკურსს გავაკეთებ.

გერმანიაში, მიუნხენის შემოგარენში, ნოიშვანშტაინში, ბავარიის მეფე ლუდვიგ მეორის ულამაზესი და გრანდიოზული, ახლა მუზეუმად გადაკეთებული კოშკი დგას, სადაც ტურისტთა ნაკადი არ წყდება. მათ მასპინძლობს გიდი, რომელსაც არასდროს ავიწყდება იმის თქმა, რომ ბავარიის მეფე ცოცხალი რომ ყოფილიყო, არ მოეწონებოდა მის კოშკში ამდენი ხალხის ტრიალი, რადგან სახლის სიწმინდეს ბღალავს დაუპატიჟებელი სტუმართმრავლობა. ამიტომაც არა მარტო გერმანიაში, ევროპის სხვა ქვეყნებშიც, ტურისტს ცხვირსაც არავინ შეაყოფინებს იმ უძველეს სასახლეებსა და ციხე-კოშკებში, რომლებიც დღევანდელ მათ პატრონებს მემკვიდრეობით ერგოთ. ტურისტს ამ ღირსშესანიშნაობათა დათვალიერების პატივი მხოლოდ მასპინძლის ნებართვით შეიძლება ერგოს. შატილიონებიც სწორედ ისევე ფიქრობენ, როგორც უძველესი ევროპელი არისტოკრატები. მათი აზრით, მიუღებელია სტუმრის ყველგან და ყოველთვის შეშვება. მით უფრო მიუღებელია ინვესტორის პარპაში იმ მიწაზე, სადაც ყოველ ნაბიჯზე უძველესი სალოცავებია და ხალხისთვის სავალად ორი გზა არსებობს, - სადიაცო და სამამაკაცო. აქ ქალი თავის სავალ გზაზე, სადიაცოზე დადის და არასდროს ავიწყდება, რომ წესი წესია. იქნებ მავანს სწორედ ეს ადათ-წესები ეჩვენება დრომოჭმულად, მაგრამ სწორედ მისმა დამცველმა საზოგადოებამ შექმნა უნიკალური ხევსურული კულტურა.

ტურისტებს წარმოდგენაც არ აქვთ ამ გზებისა და წმინდა მიწების მნიშვნელობაზე და ქალი თუ კაცი თავის ჭკუაზე დახეტიალებს. აქ ტურისტულ ბიზნესს ხომ ჯერჯერობით არაორგანიზებული ხასიათი აქვს. კოშკების დასათვალიერებლად მისულ ტურისტს მცველიც აღარ ხვდება, ათეული წლების განმავლობაში არსებული ეს შტატი სახელმწიფოს მხოლოდ იმიტომ გაუუქმებია, რომ თურმე დიდი ხარჯი სჭირდებოდა. არადა, კოშკების მცველის თვიური ხელფასი მხოლოდ 12 ლარს შეადგენდა. რა ისეთ ხარჯში ჩავარდებოდა ქვეყანა, ამ სიმბოლური თანხის საფასურად მეთვალყურე და აქაური ადათ-წესების გამცნობი რომ ჰყოლოდათ ტურისტებს. ეს რომ ნამდვილად საჭიროა, თავად დავრწმუნდი. ტურისტები, რომელთაც ვინმე ადგილობრივი მასპინძლობს, მოკრძალებულად ათვალიერებენ ყველაფერს და შატილიონების ისტორიის მოსმენით აღფრთოვანებულები აქაურობის დატოვებამდე უკვე იმაზე ფიქრობენ, ისევ ეწვიონ ხევსურეთს. ის ტურისტები კი, რომელთაც არავინ უძღვება, უნიკალურ ციხე-კოშკებს ისე ათვალიერებენ, როგორც უბრალო ქვის კედლებს და შინაც ზედაპირული შთაბეჭდილებებით ბრუნდებიან.

სამწუხაროდ, პირიქითა ხევსურეთში სახელმწიფოს ზრუნვის კვალი თითქმის არსად ჩანს. ამაში მხარის მუნიციპალურ რწმუნებულთან, ნოდარ ჯალაბაურთან საუბრისასაც დავრწმუნდი.




მეუღლესა და ვაჟთან ერთად საცხოვრებლად გადაკეთებულ ვაგონში ცხოვრობს. მასთან რომ მიხვალთ, ვერაფრით დაიჯერებთ, რომ სახელმწიფო ჩინოსნის ოჯახში ხართ.

ნოდარ ჯალაბაური: - აქაურობას და ჩვენს ყოფას რომ გადახედავთ, დარწმუნდებით, რომ მთა ზედმეტი ბარგია სახელმწიფოსთვის. გინდა იყავი მთაში, გინდა ნუ იქნებიო. ერთ თეთრსაც არავინ ხარჯავს მიღმა ხევში გზების გასაკეთებლად. თავის დროზეც მხოლოდ შატილამდე ჩამოიყვანეს გზა. ელექტროენერგიაც შატილის გარდა არავის აქვს, სხვა სოფლები ჩაბნელებულია.

უგზოდ, უკვალოდ (ზამთარში სწორედ ასე ვცხოვრობთ), უტელეფონოდ შეიძლება ცხოვრება? 2005 წელს ორი დღით გვესტუმრა მიხეილ სააკაშვილი. შეგვპირდა, დაგეხმარებითო, მაგრამ სატელეფონო კავშირი და შვეულმფრენების რეისები დღემდე არ აღდგენილა. პრეზიდენტზე მეტს ვის ვთხოვოთ დახმარება? მეტიც, მას მერე უფრო გაგვიუარესდა ყოფა. სახელმწიფოს დახმარება მხოლოდ ის იყო, რომ მხარის გუბერნატორმა ვასილ მაღლაფერიძემ სოფლებში თითო სატელიტური ანტენა დააყენა. ათასში ერთხელ თავდაცვის სამინისტროს შვეულმფრენები გვეხმარებოდნენ ბარგის ამოტანაში.

თითქოს ვიღაც განგებ ცდილობს გაუსაძლისი გახადოს ჩვენი ცხოვრება, იძულებულს გვხდიან, მთა დავტოვოთ. რატომ არავინ ფიქრობს იმაზე, რა მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს მთაში და თანაც საზღვრისპირა რეგიონში ხალხის ყოფნას, ჩვენ ხომ ყოველთვის საზღვარს ვამაგრებდით? ვითომ აღარ სჭირდება მიწასა და საზღვარს დაცვა? მოსახლეობის გარეშე დარჩენილი მიწა ხომ მოშიშვლებულ ქანს ჰგავს, ვერანაირი მცენარე რომ ვეღარ ამაგრებს და ერთ დღესაც მომეწყრილი წყალში ან უფსკრულში ჩაინთქმება. ასე დაემართება ხევსურეთსაც, ხევსურების გარეშე დარჩენილი ეშმაკსა და გადამთიელს დარჩება.

- ხევსურეთში ინვესტორების შემოყვანას გეგმავს სახელმწიფო, ამაზე რას ფიქრობთ?

- როგორ დავუჯერო ხელისუფლებას ან ინვესტორს, რომ წიხლს არ მკრავს და აქედან ჩემს გაგდებას არ შეეცდება? მეტყვის, აქაურობა მე ვიყიდე, საქმეში ჩემი ფული ჩავდე და შენ ვინ ხარო. მერე რა გამოდის? - ამის მთქმელი უნდა შემომაკვდეს ან შევაკვდე. ჩემს კოშკს თვითონაც მოვუვლი, არავის ინვესტიცია და ინვესტორი არ მჭირდება. შეხედეთ, თვითონ გავარემონტე და სასტუმრო მოვაწყვე. ინვესტორმა რა უნდა გამიკეთოს ამაზე მეტი?

აქ ყველაზე დიდი პრობლემა უგზოობაა, უამისოდ არც ტურისტი ამოვა და არც ინვესტორი. გარე სამყაროსთან დასაკავშირებლად ტელეფონი მაინც უნდა ჰქონდეს, ინტერნეტი თუ არა. აქაური სატელიტური ტელეფონით რომ ისარგებლო, სპეციალურ ბარათში 70-80 დოლარი უნდა გადაიხადო. გააქტიურებიდან თვე-ნახევარში გეთიშება. გლეხმა კაცმა 80 დოლარის რა უნდა ილაპარაკო, თანაც ერთი წუთი ერთი დოლარი ღირს. თუ ლიმიტურ დროში თანხას ვერ ამოწურავ, კავშირი ჯერ ცალმხრივად გეთიშება, 15 დღეში კი ვეღარც შენთან დარეკავენ. ყველა სოფელში დგას ეს ტელეფონი, მაგრამ გამორთულია უკვე ორი წელია. წინათ თბილისსა და დუშეთთან გვქონდა პირდაპირი კავშირი. რაცია “კოდანით” ვუკავშირდებოდით თბილისს, იქიდან კი კომუტატორი გვაერთებდა სასურველ ნომერთან. კავშირგაბმულობის სისტემის პრივატიზაციის შემდეგ შტატები გააუქმეს და გაგვითიშეს კავშირი.

ჰიდროელექტროსადგურზე ხომ ერთდროულად სასაცილო და სატირალი სიტუაცია გვაქვს. მას ჩვენი ხარჯებით ვარემონტებთ, რადგან არავის ბალანსზე არ ირიცხება. 11 წლის წინ ეკონომიკური განვითარების სამინისტროში ვიღაც ჭკვიანს ჰესი საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში ჩაუსვამს, მაგრამ დღემდე ვერ გაყიდეს. რას გაყიდდნენ, ამ თითქმის უკაცრიელ რეგიონში ჰესს ვინ იყიდდა? სამინისტროში კი არავინ ფიქრობს მისი ძველი პატრონისთვის, რაიონისთვის დაბრუნებას. აუჩემებიათ, მანდ ვიღაცას რაღაც ინტერესები აქვსო. ვის რა ინტერესები უნდა ჰქონდეს, ჩემი შვილი წლების განმავლობაში უსასყიდლოდ უვლის ამ ურთულეს მექანიზმს. ზამთარში, ზოგჯერ დღეში რამდენჯერმე სჭირდება მიხედვა. შარშან ზაფხულს, ყოველ ოთხშაბათს, თბილისში კანცელარიის მისაღებში ვიჯექი იმის მოლოდინში, რომ მთავრობის სხდომაზე გაიტანდნენ ჰესის საკითხს. მაგრამ რაიონის ბალანსზე მისი გადმოტანა და საპატრონოდ თანხების გამოყოფაც ვერ მოვახერხეთ.

- აქაურმა, ინვესტორის გარეშე, თვითონ რომ ააწყოს ბიზნესი, უხეში გაანგარიშებით, რა თანხა ეყოფა?

- ათი ათასი ლარი მაინც დასჭირდება ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. გარედან კოშკს ვერაფერს შეუცვლი, შიგნით უნდა გაიყვანო კანალიზაცია, სველი წერტილები, ცხელი წყალი. მოაწყო საძინებლები. ნოდარ გრიგალაშვილი რომ გაიძახის, ხევსურები კრედიტებს ვერ დაფარავენ, ნული პროცენტითაც რომ მისცეო, ცდება. არ გვინდა ნული პროცენტი, ერთი იყოს, სახელმწიფომაც იხეიროს თუნდაც მიზერულად. მოგვცენ გრძელვადიანი სესხი ისეთი ვადით, რომ მცირე მეწარმემ იოლად, ნელ-ნელა დაფაროს. რამდენი გრანტი და დახმარება მოდის საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მცირე ბიზნესის განსავითარებლად. რა ბევრი კი ვართ კოშკების მფლობელები, რომ დიდ ტვირთად დააწვეს ვინმეს ჩვენთვის მოცემული თანხა. მე არ მინდა არაფერი, სხვას დაეხმარონ. 




1998 წელს საბოლოოდ რომ დავბრუნდით შატილში, სახელმწიფო კოტეჯს დამპირდა, მანამდე ეს ვაგონი მომცა საცხოვრებლად. დაპირება დაპირებად დარჩა, მაგრამ ჯანდაბას... რაც კი შემოსავალი გვაქვს, ყველაფერს კოშკს ვახმართ, რომ ეს საქმე გავმართოთ. თუმცა დღევანდელ პირობებში ძნელია მოგების მიღება, - უგზოობა-უტრანსპორტობის გამო ტურისტული სეზონი მხოლოდ სამ თვეს გრძელდება, ტურისტიც ცოტაა და ბიზნესიც კუს ნაბიჯით მიდის წინ. 12 თვე რომ იყოს სეზონი, სახელმწიფო რომ რეკლამით გვეხმარებოდეს, სულ სხვა შედეგი იქნებოდა. ისე, გონიერ კაცს არ უნდა მოსვლოდა კოშკების გასხვისების თუნდაც სავარაუდო გეგმა თავში. 


ჯალაბაურების კოშკი შატილში



P.S. შატილში, ერთ კოშკში მოწყობილ კომფორტულ სასტუმროში ორი ლამაზი ღამე გავათიე. კარგი იქნება, სანამ გზებზე თოვლი ჩამოწვება, პირიქითა ხევსურეთს ხელისუფლების წარმომადგენლებიც ეწვიონ. აქ გატარებული თუნდაც ორი დღის შემდეგ ჩინოსნები უეჭველად მიხვდებიან, რატომ არ სჭირდება საუკუნეების მანძილზე მტერთან მებრძოლი და უნიკალური კულტურის შემოქმედი შატილიონების მემკვიდრეებს ინვესტორი და თანაც... უცხოელი

Monday, September 26, 2011

მოგზაურობა ხევსურეთში

ცოტა ხნით შატილს გვერდს ავუვლი და გზას პირიქითა ხევსურეთის განაპირა სოფლისკენ, ანდაქისკენ გავაგრძელებ. აქეთკენ განსაკუთრებით მიმეჩქარება, რადგან სწორედ აქ ცხოვრობს სოფლის ერთადერთი მკვიდრის, ოთხშვილიანი ქვრივის, 24 წლის შორენა ზვიადაურის ოჯახი. თურმე ეკონომიურად ძალიან უჭირს. მაგრამ ამბობენ, რომ ისევე როგორც ძველი ხევსურები, შორენაც გაუტეხელია. მინდა ჩემი თვალით ვნახო ახალგაზრდა ქალი, რომელსაც თუნდაც მხოლოდ იმიტომ უნდა მოეფერო, რომ ოთხ ქართველს უზრდის სამშობლოს.

არდოტამდე მეგზურებთან ერთად მანქანით მივდივართ. ეს სოფელიც ცარიელია. კლდეებზე ქანდაკებებივით დგანან ძველი ხევსურების სახლები. უკაცური, მიტოვებული და პატრონის ხმას მონატრებული პირქუშად იმზირებიან. აქაც ერთადერთი, ნიკო არდოტელის ოჯახია დარჩენილი, შვილები წამოჩიტულან, უკვე სასკოლო ასაკისანი გამხდარან და რადგან პირიქითა ხევსურეთში შატილის გარდა სკოლა არსად არის, ამიტომაც შემოდგომის პირზე ალბათ ნიკოც აიყრება დედაწულიანად და მერე მართლა ღვთის ანაბარად დარჩება არდოტი. მთაზე გაბნეული სოფლის ქვემოთ, ჭალაში ტურისტები დაბანაკებულან. ზაფხულობით ტურისტული ბანაკების სიმრავლე ამ ადგილებში ჩვეულებრივი მოვლენაა. მაცოცხლებელი ჰაერი, ულამაზესი, ხელუხლები ბუნება, სუფთა მდინარეები და უგემრიელესი თევზი ანდამატივით იზიდავს ქართველ და უცხოელ დამსვენებელს. აქედან ანდაქამდე ათი კილომეტრია ფეხით გასავლელი. თავიდან საცალფეხო ბილიკს მივყვებით. ბილიკზეც ბალახებია გადაფენილი, თავისუფლად მხოლოდ აქაური თუ გაიგნებს გზას. ვცდილობ, მეგზურს ფეხდაფეხ მივყვე. სისწრაფეს შიშიც მაიძულებს. შატილში მითხრეს, ჭალებში გიურზა ბინადრობსო. ამ შხამიანი საფრთხობელისა რა მოგახსენოთ, მაგრამ წამიერად თვალი მართლა ვკიდე მეგზურის ფეხქვეშ გაკლაკნილ გველის წიწილას, ხშირ ჯაგნარში გასრიალდა წელნატკენი. აქ ძირს არავინ იხედება. რადგან ქვეწარმავლის თვალთვალში დრო იკარგება. საცალფეხო ბილიკი დროდადრო წყდება. ზოგჯერ გზა დიდი ხნით ქრება. იძულებული ვარ, მეგზურების მსგავსად მდინარის თავზე გადმოკიდებულ კლდეებზე ავფორთხდე. ძირითადად ისეთი ადგილებია გასავლელი, რომ თავბრუ დაგეხვევა და ვერაფრით წარმოიდგენ, მცირეწლოვანი ბავშვების თანხლებით როგორ შეიძლება გაიაროს ამ გზაზე შორენამ. მეგზურებს უხმოდ მივყვები. ათი კილომეტრი ქალაქში შეიძლება სეირნობითაც კი სიამოვნებით გაიარო. აქ კი კილომეტრები იწელება. მსუსხავი დიყა, ჭინჭარი და ეკალი კიდევ უფრო საგრძნობს ხდის გზის სირთულეს. არადა, ისეთი ლამაზია ირგვლივ ყველაფერი...



ანდაქსაც მივადექით. სოფლის დასაწყისში სოსო და ლევან ზვიადაურების მამაპაპისეული სახლია. ზაფხულობით ოჯახი ბარიდან მთაში ამოდის. ბავშვების ჟრიამული მთის მდინარის ხმას ფარავს. მესაზღვრე სოსო გვეგებება. გაგახარათ ღმერთმა, ამდენი ხალხი ანდაქში კარგა ხანია არ შევკრებილვართო. ზვიადაური წუხს სოფლის დაცარიელების გამო. თუ ასე გაგრძელდა, მალე ხევსურეთში მხოლოდ მესაზღვრეები დარჩებიან, არადა სოფლებში ერთი კომლის ყოფნაც კი ერთი სასაზღვრო სექტორის ყოლას უდრისო.

რადგან ანდაქში ლუდის მომდუღებელი ხალხი არ დარჩენილა, მასპინძლის ოჯახს თბილისიდან ჩამოტანილი ლუდით ვლოცავთ. ადგილობრივ მაწონს, ერბოს და ყველს ვაჭაშნიკებ. ყველაფერი ძალიან გემრიელია. ასეთ გემოს ქალაქის სუპერმარკეტებში ნაყიდ პროდუქტში ნამდვილად ვერ იგრძნობთ. დიასახლისი ბოსტანს მაჩვენებს. ნახე, რა მადლიანი მიწაა, კიტრი, პამიდორი, კარტოფილი, მწვანილი რა ბარაქიანად მოდის. აქაურ მიწას კაცის გამრჯე ხელი ენატრება, თუ მოეფერები, ამაგს გულუხვად გადაგიხდისო. უკვე დაგროვილ შთაბეჭდილებებს მიტოვებული მიწის ტკივილიც დაემატა. შეუძლებელია ასეთ გარემოში, ამდენი პრობლემის გამო ხასიათი არ გაგიფუჭდეს.

გზას ისევ შორენასკენ ვაგრძელებთ. ჭალაში შეჭრილი მთის ქედის გადაღმა მისი სახლი დგას. საკვამურიდან ცისფრად მიიკლაკნება კვამლი, თაკარა სიცხეში მისი გამოჩენა იმაზე მეტყველებს, რომ ამ სახლის პატრონს არც გაზი აქვს და არც ელექტროენერგია. ამ მხარეში ელექტროენერგია მხოლოდ შატილში აქვთ. სიცხის მიუხედავად, კვამლი ხვატშიც უხდება ანდაქს, რადგან იგი სოფელში სიცოცხლის არსებობაზეც მიგვანიშნებს. სახლი ტრადიციულად, თლილი ქვითა და ხით ხევსურულ სტილში არის ნაგები. თუმცა, გარედანვე ეტყობა სიდუხჭირის კვალი. ამასთან, ეს ნაგებობა შორენას ოჯახის საზაფხულო სადგომი ყოფილა. ზვავებს და სხვა საფრთხეებს რომ გაექცნენ, ზამთრის პირზე ზვიადაურები მთაზე, საკმაოდ მაღლა ადიან გამოსაზამთრებლად, სადაც თითქმის რვა თვის განმავლობაში რჩებიან თოვლის ტყვეობაში. ღმერთმა ნუ ქნას და რამე გაუჭირდეთ, მხსნელსაც კი ვერ უხმობენ. დროდადრო მესაზღვრეების ვერტმფრენის გამოჩენაზე თოვლში გამოეფინებიან თურმე და ხელებს იქნევენ იმის ნიშნად, რომ ანდაქში სიცოცხლე გრძელდება. ხათუნა, ხატია, მინდია და ყველაზე პატარა, წლინახევრის ალუდა აივანზე დგანან. ღრმა, ცისფერ თვალებში სევდა ჩასდგომიათ. რომელიც მყისიერად გაქრა ბარიდან წაღებული კანფეტების და სხვა ნუგბარის დანახვაზე. ბავშვებს გასართობი მიეცათ. მათი დედა და ბებია თამარი შინ მეპატიჟებიან. ღმერთო ჩემო, ბავშვებით ამ მიწურში როგორ ცხოვრობთ, გაოგნებული ვეკითხები შორენას და ნესტიანი კედლების და მიწის იატაკის თვალიერებაში თავბრუ მეხვევა. შორენა კი ძალიან მშვიდია და სათნო. რა ვქნა, ღვთის მადლით ვცხოვრობთ, - მპასუხობს ღიმილით. მაოცებს მისი სიმშვიდე. დიდ ცისფერ თვალებში წამითაც კი ვერ ამოიკითხავ სამდურავს დუხჭირი ცხოვრების გამო. ..

შორენას ქმარი არდოტელი ჰყავდა. ორი წლის წინ, დეკემბერში დაქვრივებულა. ამბობენ, რომ იმ დროს რუსული ვერტმფრენებიდან გადმოყრილი ჭურვების აფეთქებას შეეწირნენ სანადიროდ მთაში მყოფი სიძე-ცოლისძმა. თოვლში გათოშილ ცხედრებს უამრავი მომაკვდინებელი ნაჭრილობები აჩნდაო. მაშინ შორენამ ერთდროულად დაკარგა ძმა და ქმარი. დაქვრივებიდან მალევე კი აღმოაჩინა, რომ მეოთხე ბავშვის დედა უნდა გამხდარიყო. ამიტომაც მამის მოსახელე ალუდა ობლად მოვლენია ქვეყანას.

წლების წინ 16 წლის შეყვარებული გოგონა უსახლკარო ხევსურს გაჰყოლია ცოლად და მშობლიური ოჯახისთვის უთხოვია თავშესაფარი... მაშინაც უჭირდათ, მაგრამ ოჯახი მაინც ბედნიერი იყო. ახლა კი ზვიადაურების ოჯახში ორი ქვრივი, დედა-შვილი და ოთხი მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობს, რომელთაც ქალები ცრემლს არ ანახვებენ, მტკიცე ხასიათისა და გამძლენი რომ გაიზარდონო. ოჯახის ერთადერთი იმედი შორენას ძმაა, რომელიც მარჩენალ პირუტყვს მწყემსავს. იგი ჩვენთან საუბარს გაურბის, - რა უნდა ვთქვა. ამ გაჭირვებიდან თავის დაღწევაზე კი ვფიქრობ, მაგრამ როგორ მივატოვო ჩემი მიწა, დედა და ასეთ განსაცდელში მყოფი დაო. მართლაც, რომ დასჭირდეთ, კაცის გარეშე ქალები ბავშვების თანხლებით მეზობელ სოფელშიც კი ვერ გადავლენ.

ზვიადაურები თავს რძის ნაწარმით და კარტოფილით ირჩენენ. ფქვილი და სხვა საკვები პროდუქტი მათ ოჯახში იშვიათობაა. ერთფეროვანი საკვების და ვიტამინების ნაკლებობის კვალი დასტყობიათ ბავშვებს. რომლებიც მათი ბარელი თანატოლებისგან განსხვავებით ექიმის ყურადღებასაც მოკლებული არიან. შორენასთვის უფასო სამედიცინო დაზღვევის პოლისი არავის მიუცია, თუმცა, რომც მიეცათ, უგზოობის გამო მაინც ვერ გამოიყენებდნენ. ოჯახს ავადმყოფობის გამო თუ ძალიან გაუჭირდება, უფროსები ბავშვებს ხურჯინში ჩასვამენ, ცხენს აჰკიდებენ და ასე ჩაჰყავთ შატილამდე, სადაც ექიმი ადგილობრივი მკვიდრია და საბედნიეროდ, ხევსურეთის დატოვებას არ აპირებს. შატილელი ექიმი კი სადაზღვევო პოლისების და გასამრჯელოს გარეშეც მზად არის შორენას ოჯახის დასახმარებლად. თუ, რა თქმა უნდა, სამედიცინო დახმარება მის შესაძლებლობებს არ აღემატება.

შორენა ზვიადაურ-არდოტელს დღემდე თვალით არ უნახავს სოციალური აგენტი, რომელიც მის ოჯახურ მდგომარეობას და იქ გამეფებულ უმძიმეს პირობებს შეისწავლიდა. ამიტომაც იგი არც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრებთა კატეგორიისთვის არ მიუკუთვნებია არავის. მეტიც, კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანიზაციებში შორენას ოჯახის არსებობის შესახებ საერთოდ არაფერი იციან. ეს ამბავი არც გამკვირვებია, რადგან ხევსურეთში წასვლამდე ცოტა ხნით ადრე სოციალური სუბსიდიების სააგენტოში მითხრეს, ხევსურეთში რატომ გავგზავნიდით სოციალურ აგენტებს, იქ ხომ ხალხი აღარ ცხოვრობსო(?Q!)... არადა, ცხოვრობს. მერე რა, რომ თითო-ოროლა გლეხი შემორჩენია სოფლებს. შორენა სახელმწიფოსგან ერთადერთს, ბავშვების ობლობის დახმარებას, 35-35 ლარს იღებს.

ყველაფერს ვუძლებთ და გავუძლებთ, მაგრამ ის მიკლავს გულს, რომ ხათუნა უკვე 8 წლის არის და დღემდე სკოლაში არ უვლიაო, - წუხს შორენა. დაწყებითი და საშუალო განათლების მიღების ერთადერთი გზა შატილისკენ მიდის, მაგრამ ეს გზა ისეთი შორია... ხათუნამ სკოლაში მისასვლელად 18 კილომეტრი უნდა გაიაროს ფეხით, რაც ბავშვისთვის ზაფხულშიც შეუძლებელია და ზამთარშიც. ამიტომაც მთელი სასწავლო წლის განმავლობაში ინტერნატში უნდა იცხოვროს, ან საერთოდ უარი თქვას სწავლაზე. სწორედ ბავშვების განათლება აიძულებს ქვრივ დედას, სოფელი დატოვოს. მაგრამ ასეც რომ მოიქცეს, წასასვლელი სხვაგან არსად აქვს. ბარში თავშესაფარი არ გააჩნია. ან კიდევ რით შეინახავს თავს მარტოდ დარჩენილი დედა, რომელსაც ბარის ცხოვრებისა არაფერი გაეგება. ამიტომაც შორენას სევდიანი ცხოვრება მის სახლს ჰგავს, რომლის უფარდო ფანჯრებშიც კი არ შემოდის მზის სხივი. ქვრივი ამბობს, არც ჩემს ცხოვრებაში ჩანს მდგომარეობის გაუმჯობესების იმედიო, მაგრამ ღვთის წყალობისა მაინც სჯერა. ბებია თამარიც იმავეს ამბობს და ღვთის წყალობას ეძახის მესაზღვრე მეზობლებს - ლევან და სოსო ზვიადაურებს. სოფელში ჩამოსულები აქედან ისე არ წავლენ, რომ არ დაგვხედონ, ფულით ან სხვა საშუალებით გვეხმარებიანო.

ანდაქში სტუმრობისას იმაშიც დავრწმუნდი, რომ არა მარტო დღეს, ეს სოფელი წინათაც არ ადარდებდა სახელმწიფოს. შორენას დედას, თამარს 13 შვილი გაუზრდია, მაგრამ მაშინაც და დღესაც ზვიადაურების ოჯახი ერთნაირ სიდუხჭირეში ცხოვრობს. არც მაშინ მოუძიებია სახელმწიფოს მრავალშვილიანი დედა, როგორც ჩანს, კომუნისტების დროსაც ეეჭვებოდათ, რომ ამ მხარეში ვინმე ცხოვრობდა. არადა, ქალი რომ 13 შვილს გაგიზრდის... აქედან ხუთი გარდაცვლილია, ვაჟებიდან ერთადერთიღა შერჩენია. სამწუხაროდ, არავინ უმადლის მრავალშვილიან დედას სამშობლოს წინაშე ღირსეულად ვალის მოხდას. თამარ ზვიადაური არც არავისგან ითხოვს სათავისოდ არაფერს. სოფელში გზა გამოიყვანონ, ხალხი დააბრუნონ და დანარჩენს ყველაფერს ეშველებაო. ხევსურეთიდან გამოქცეულთაგან ბევრს აღარ სჯერა, რომ ამ მხარეს რამე ეშველება, მაგრამ შეუძლებელია ამ კლდესავით გაუტეხელი ქალისა არ ირწმუნო. ამასთან, პირიქითა ხევსურეთს მართლაც აქვს გადარჩენის და ეკონომიკურად გაძლიერების რეალური შესაძლებლობები, რის შესახებაც საინტერესო გეგმები მოვისმინე შატილში. აქაურები არა მარტო ამტანობით და სხვა უამრავი ღირსებით, გამჭრიახი გონებითაც დაუჯილდოებია გამჩენს. ამაში ფაქტებიც დაგარწმუნებთ. უკან გზად მომავალი ერთ რამეს დავაკვირდი, პირიქითა ხევსურეთი მთელი საქართველოს ტკივილი თუ გახდება და ხეობებში თითო-თითო კვირით იმუშავებს მოხალისეთა რაზმი, წერაქვებითა და ნიჩბებითაც შეიძლება გაკეთდეს სამანქანო თუ არა, საურმე გზა მაინც. ჰოდა, ასე მივცემთ მაგალითს სახელმწიფოს, ხელისუფლებას, რომელიც ბოლო დროს ინვესტორების და საქართველოს ნაკუწ-ნაკუწ გაყიდვის გარდა ქვეყნის მოვლის სხვა გზას ვერ ხედავს. ან კიდევ, იქნებ ამ მხარეშიც გაეხსნათ პატრიოტთა ბანაკები და სხვა თუ არაფერი, ლამის დაკარგულ, მიტოვებულ მშობლიურ მიწას გაიცნობდა ახალი თაობა. მათ კი ვინ იცის, რა აზრები გაუჩნდებოდათ მიტოვებული მხარის ასაღორძინებლად. შატილელი ირაკლი ჭინჭარაულის თქმისა არ იყოს, ხევსურეთის გადარჩენის მართლაც ბევრი გზა არსებობს, მაგრამ გადაბრუნებულ ურემს უნდა წამოყენება და გზებიც გამოჩნდება.

Friday, September 23, 2011

ჩემი მოგზაურობა ხევსურეთში




ეს იყო 2007 წლის ზაფხულში. მე პირველად ვიმოგზაურე ხევსურეთში. ამ ბოლო ხანს არ ვყოფილვარ იქ, მაგრამ როგორც ვიცი, ბევრი რამ არ შეცვლილა.

 გადავწყვიტე ახლოს გავცნობოდი პირიქითა ხევსურეთის სატკივარს. თუმცა კინაღამ მოგზაურობა გადავიფიქრე, როდესაც გავიგე, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მხოლოდ ბარისახომდე შევძლებდი მგზავრობას. იმის იქით გზა არ მიდის-მეთქი, - გაოცებულმა ვიკითხე. გზა კი მიდის, მაგრამ ტრანსპორტი არ დადის. თუ ვინმე ალალბედზე შატილისკენ ან პირიქითა ხევსურეთის დანარჩენი სოფლებისკენ მიმავალი წამოგეწია, ხომ კარგი, თუ არა და, ფეხით სიარული მოგიწევსო. ისევ ხევსურების დახმარებითა და თანხლებით გადაწყდა, რომ შატილამდე ტრანსპორტით ამიყვანდნენ.

გზა ხევსურეთამდე შორი არა, მაგრამ ძნელი ნამდვილად არის. ბარისახომდე არა უშავს რა, არც ტურისტი დაფრთხება და საქართველოს სხვა კუთხის მცხოვრებსაც არ ათქმევინებს, ეს რა გზას დავადექიო. იმას კი, რასაც შატილამდე მიჰყვები, სამანქანო გზას ნამდვილად ვერ დაარქმევ. ქარაფებზე გაჭრილ ოღროჩოღროში, რაც უნდა ნელა იარო, ისე დახტუნაობს ავტომობილი, რომ თუ მაგარი გული არ გაქვს, შესაძლოა, ნაპრალებში გადაფრენის შიშით გაგისკდეს.

ხევსურები გზადაგზა სალოცავებთან ჩერდებიან, ილოცებიან, ისვენებენ და გზას აგრძელებენ. არაფერი სჯობია მათთან ერთად მგზავრობას, ყველა ხევსური მითოლოგიის საუკეთესო მცოდნეა. მგზავრობას მათი მონათხრობი აიოლებს.

ხევსურეთისა და ფშავის საზღვარზე მდებარე შუაფხოს რომ გავცდით, ერთმანეთის პირისპირ მაცქერალი შურის ციხე და ხმალაის ხევი გამოჩნდა. მეგზურმა მითხრა, აქ წინათ ხევში ერთი ხე იყო, რომლიდანაც შურის ციხემდე შიბი, ანუ წმინდა ვერცხლის ძაფი იყო გაბმული და ზედ ანგელოზები დადიოდნენო. უცხოელ ტურისტებს განსაკუთრებით მოსწონთ ასეთი ამბები. ერთი ჰოლანდიელი თურმე მთელი კვირა იყო დაბანაკებული შურის ციხესთან იმ იმედით, რომ ღამით მაინც შენიშნავდა ვერცხლის ძაფზე მოსიარულე ანგელოზს.

ბარისახოც გავიარეთ, სოფელ კორშასთან ხელმარცხნივ გვირაბია, რომლის მშენებლობაც გასული საუკუნის 80-იან წლებში დაუწყიათ. კომუნისტებს გზა პირდაპირ ვლადიკავკაზისკენ უნდა გაეჭრათ, მაგრამ 1989 წელს ეროვნული მოძრაობის ძალისხმევით შეწყვეტილა მშენებლობა. გზასთან ერთად საერთო საცხოვრებლების მშენებლობაც დაუწყიათ. აქ უცხო ეროვნების ხალხის ჩასახლება იგეგმებოდა, ამას კი ყოველთვის კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ხევსური. შუაგულ ხევსურეთში უცხოთა ჩასახლება და რუსეთიდან საქართველომდე მოკლე გზის გაჭრა მოსკოვისთვის კიდევ ერთი ბერკეტი იქნებოდა საქართველოს სამართავად. საბედნიეროდ, რუსეთს იდეის ხორცშესხმა არ დასცალდა. გვირაბს ხევსურეთისთვის არანაირი სარგებლის მოტანა არ შეეძლო. გზა მხოლოდ ბარისახოდან გვირაბამდე იქნებოდა კეთილმოწყობილი, მაგრამ შატილი და პირიქითა ხევსურეთი ისევ გარე სამყაროს მოწყვეტილი დარჩებოდა. ბარისახოდან ხახმატამდე მოასფალტებული გზა სტალინის დროს გაუკეთებიათ, თანაც ისე მკვიდრად, რომ დღემდე გაუძლია გასამაგრებელი სამუშაოების გარეშე. მაშინდელი გზის ნაშთი მოგვიანებით დათვისჯვრის უღელტეხილზეც კი ვნახე, იქ, სადაც ყველაზე მეტად და ხშირად სჭირდება პატრონობა გზას.

სოფელ გუდანში ვჩერდებით სალოცავთან. გუდანის ჯვარს შემწეობას ვთხოვთ და ვისვენებთ. თანდათან ვეცნობი მგზავრებს. ათენგენობაზე მიმავალ 65 წლის მუცოელ რაჟდენ დაიაურს გამოველაპარაკე. მას სამი წლის წინ დაუტოვებია წინაპართა მიწა და კახეთში გადასახლებულა. “ამ ხნის განმავლობაში ყოველდღე უკან დაბრუნებაზე ვფიქრობ, მაგრამ ნაბიჯს ვერ ვდგამ წინ, არ მინდა ჭინჭრით გაბუნდრული სახლ-კარი დავინახო, რა თვალებით შევხედო კერას. ამიტომაც ჩემს თავს ვეუბნები, ხატში მივალ, სახლში კი არა-მეთქი. ხევსურეთიდან არ წამოვიდოდი, რომ არა უკიდურესად გაჭირვებული ცხოვრება. არა გზა, არა შუქი. ერთხანს ხევსურეთში ავტობუსიც ამოდიოდა, შვეულმფრენიც დაფრინავდა, ტელეფონიც მუშაობდა. ეს ყველაფერი მოხსნეს. ფქვილი ვეღარ ამოგვქონდა ბარიდან. ყველას ვეუბნებოდი, არ წახვიდეთ-მეთქი, მაგრამ წავიდნენ და მეც ვერ გავუძელ მარტოობას. კაცი რომ არ გეყოლება დამლაპარაკებელი, ძნელია. რამდენიმე წლის წინ, ზამთარში, ბავშვი გაგვიხდა ავად. ბარში რომ ჩამოგვეყვანა, იძულებული გავხდი მდინარეს გამოვყოლოდი და მის ნაპირებში მევლო. ყველაფერი თოვლითა და ზვავით იყო ჩახერგილი. ბარში ჩაყვანამდე ბავშვი გაგვიცივდა და უარესად გახდა. ძნელია მთაში ცხოვრება, მაგრამ ბარშიც მეძნელება. სიზმრებსაც კი მთისას ვნახულობ. მუდამ აქაურობაზე ვფიქრობ. სიზმრიან წარსულში ვცხოვრობ...”, - ხანში შესულ ხევსურს ცრემლი უდგება თვალებში. მეც თვალს ვარიდებ... გზას ვაგრძელებთ.


სიცხითა და ჯაყჯაყით დაქანცულებმა ხახმატში მჟავე წყლებთან შევისვენეთ. ვიცოდი, სოფლები დაცარიელებული რომ დამხვდებოდა, თითო-ოროლა მოსახლის სალაპარაკოდ ნახვაც რომ გამიჭირდებოდა, ამიტომ გზაშივე ვცადე გამერკვია, რით ცხოვრობს ხევსური.

“ხევსურმა საქონელს, ცხვარ-ძროხას უნდა მაუაროს. წინათ მდიდრად ის ითვლებოდა, ვისაც ბევრი ცხვარ-ძროხა ჰყავდა. ხორბალსა და კარტოფილს ვთესავთ. თუ ოჯახს ხარი, გუთანი და მომხვნელი კაცი ჰყავს, წლიდან წლამდე პური არ მოაკლდება. წინათ ხალხი ბევრი იყო, მიწა კი ცოტა ჰქონდათ. ახლა მიწა ბევრია, რადგან სოფლები დაიცალა ხალხისგან, მათი სიმცირის გამო კი ყანების დამუშავება ჭირს”, - მიამბობს რაჟდენ დაიაური. ამასობაში დათვისჯვრის უღელტეხილზე აღმართულ ჯვართანაც დავილოცეთ. მერე მგზავრების ნაწილი გზის შესამოკლებლად ფეხით დავეშვით მთის ფერდობზე. დაბლა ხევში სოფელი ლებაისკარი და მისი ციხე გამოჩნდა. სოფელი დაცლილია. მხოლოდ უზადოდ შემონახული ციხე გაგრძნობინებს, რომ აქ ოდესღაც სიცოცხლე დუღდა. წინათ ლებაისკარში ჭინჭარაულები ცხოვრობდნენ. ახლა მათი მონაგარიდან ზოგიერთი მხოლოდ ზაფხულობით ამოდის ბარიდან და საქონელს აძოვებს.

სოფელ კისტანის ნასახლარებზე შეთეკაურებს წავაწყდით. ნახირს მწყემსავდნენ. “ხონისჭალელები ვართ, აქ სხვის მიწაზე ვდგავართ, აქედან ბარში ჩასვლა უფრო იოლია. ვერ ვუძლებთ უგზოობას, უშუქობას, უექიმობასა და ზამთარს ჩვენც ბარში ვატარებთ. სოფელში სკოლა არ იყო და ბავშვები სკოლაში ვერ დადიოდნენ, შატილის სკოლა-ინტერნატში რომ ესწავლათ, შაბათ-კვირას სახლში ამოსასვლელად 18 კილომეტრი უნდა გამოევლოთ. როგორ უნდა გაიაროს ბავშვმა ამხელა გზა? ამიტომაც გადავედით სოფელ გამარჯვებაში. ხევსურეთს პატრონი არ ჰყავს. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა არ გვაქვს, ხელით შრომა, თიბვა და თივის შინ მიტანა კი ძალიან ძნელია. ბევრ საქონელს ბევრი საკვები სჭირდება. ცოტათი კიდევ თავს ვერ გაიტან. ასი სული საქონელი მაინც უნდა გყავდეს, რომ ნორმალურად ცხოვრება შეძლო. ჩვენ კიდევ რაღაც თხუთმეტიოდე სული საქონელი გვყავს. ახლა ამბობენ, ხევსურეთის მიწებზე ინვესტორები მოვლენ და გეშველებათ, დაბრუნდითო. ნეტავ ვინ მოვა აქ ჩვენთვის სარგებლის მოსაცემად. თუ მოვა, ისევ თავისი თავისთვის, ჩვენ კი დავრჩებით ცარიელაზე. ინვესტორი თუ შემოვა, ჩემი კი არა, მისი ინტერესი გატარდება. აბა ფულს ჩვენთვის ვინ დახარჯავს?”

პირიქითა ხევსური ძალიან მშვიდია. ხმას არასდროს აუწევს. როგორც კი შეგატყობს, რომ მისი სატკივარი გულზე მოგხვდა, საფიქრალით დამძიმებას არ გაცდის და ხუმრობით გაგიფანტავს სევდას. შატილამდე ათიოდე კილომეტრში არღუნი ერთ ადგილზე უზარმაზარ თოვლის ზვავში მიიკლაკნება. ზამთარში ჩამოწოლილ ზვავს გზაც ჩაუკეტავს და მდინარეც. ივლისის თაკარა მზის მცხუნვარებას და არღუნის ტალღებს რომ აქამდე გაუძლო, იოლი წარმოსადგენია, რამხელა უნდა ყოფილიყო თოვლის გროვა.

მალე შატილიც გამოჩნდა. ერთმანეთში ჩახვეული ციხე-კოშკები ხევისბერებს ჰგვანან. შატილი უნიკალურია როგორც ციხე-ქალაქი. ოდითგანვე აქ ყველა, კაციან-ქალიანად, დიდიან-პატარიანად, საბრძოლველად მზად იყო. შატილიონებს ეამაყებათ, რომ აქედან ვერასოდეს ვერ შეძლო მტერმა ბარისკენ გაჭრა. შამილის ჯარები სამჯერ დამარცხებულან შატილის ციხე-კოშკების მისადგომებთან. შატილიონები დღესაც ამაყად აჩვენებენ ყველას რუსთ ხელმწიფის ჯილდოს - სტელას, რომლითაც გაიგებთ, რომ ხევსურებს უკუუქცევიათ შამილის ერთ-ერთი ნაიბის, აჰმედდინ მაჰმედის 5000-კაციანი ლაშქარი, თავად ნაიბი კი მოუკლავთ. თურმე ამ ბრძოლის წინ შამილის ხალხი შატილიონებს ეხვეწებოდა, ციხე-ქალაქს არ შევეხებით და გაგვატარეთო. შატილიონები კი მაგრად დამდგარან: მერე რა, რომ რუსს ერჩით, ჩვენ საქართველოზე არავის გავატარებთო.

ახლა ციხე-კოშკებში ტურისტები დახეტიალობენ. ზოგიერთი მოწიწებით ათვალიერებს შატილს, ზოგსაც დაბლა, მდინარის პირას დადგმულ საკმაოდ კომფორტულ ტუალეტში შესვლა ეზარება და თურმე კოშკებს აბინძურებენ. ამიტომაც შეურაცხყოფილი შატილიონები ფხიზლად ადევნებენ თვალს უცხოელებს.

კოშკების დათვალიერებისას ჩემს მეგზურს 16 წლის ირაკლი ჭინჭარაული შეხვდა. აღტაცებას იწვევს ხევსურების მისალმება. დიდი სიყვარული იგრძნობა თითოეულ სიტყვასა და ჟესტში. განსაკუთრებით მამახსოვრდება მისალმება - “წყალობა მაგცასთ...”


თბილისიდან გამოყოლილი ჩემი მეგზური ისვენებს. ახლა ირაკლი მმასპინძლობს. ხევსურული ადათ-წესები მახსენდება. თურმე ბიჭს ხუთი წლიდან აჩვევდნენ იმ აზრს, რომ ის სრულფასოვანი მამაკაცია. ამიტომ ბავშვი რომ ოთახში შედიოდა, მოზრდილები ფეხზე უდგებოდნენო. მგონი, ირაკლიც მიაჩვიეს იმ აზრს, რომ კაცურად უნდა იფიქროს და განსაჯოს.

მისგან გავიგე, რომ პირიქითა ხევსურეთიდან მოსახლეობის ბარში გადასახლების გამო შატილის რვაბავშვიან სკოლა-ინტერნატს დახურვა ემუქრება.

“სკოლის დახურვა სოფლის დაცლას ნიშნავს. სულ ერთი საათია, რაც ჩამოხვედით და უცებ შეგიყვარდათ აქაურობა, მე კი შატილმა გამზარდა და ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ მიყვარს. ჩემთვის აქაურობის დაცლა ტრაგედია იქნება. პირიქითა ხევსურეთი ერთ-ერთი სტრატეგიული მხარეა. აქ საქართველო-რუსეთის საზღვარი გადის. ჩვენ საქართველოს მეციხოვნეები ვართ. რამდენიმე წლის წინ საზღვრის განაპირას რუსებმა ჩვენი მიწები მიითვისეს. იქ რომ ხალხს ეცხოვრა, ხომ ვერ წაგვართმევდნენ, ხომ ვერ მიითვისებდნენ?

თუ სკოლა დაიხურება, მხოლოდ მოხუცები დარჩებიან შატილში, მათაც მოუვათ თავისი დრო და დაიცლება ეს კუთხე, მიწა კი უპატრონოდ დარჩება. სკოლის დახურვა დასასრულის დასაწყისი იქნება. ინტერნატი კი არ უნდა დახურონ, ტელეფონი და ინტერნეტი უნდა ჩაგვირთონ. კომპიუტერები გვაქვს და შესანიშნავადაც ვმუშაობთ. თუ თანამედროვე კავშირის საშუალებები გვექნება, გგონიათ, რომელიმე ბავშვი ქალაქში ცხოვრებას არჩევს? მეც ახალი ტექნოლოგიებით დავუკავშირდები მთელ მსოფლიოს შატილიდან და ეგ იქნება. შვეულმფრენის რეისებიც უნდა დაინიშნოს. მე ან ჩემს ერთადერთ კლასელს რომ რაღაც დაგვემართოს, მშობლები ვერ დარეკავენ ბარში. რომც დარეკონ, უამინდობის გამო ვერავინ გამოფრინდება ჩემს საშველად, დავიხოცებით... დაA მეთერთმეტე კლასიც აღარ იარსებებს. უმაღლესი განათლების მისაღებად კი წავალ აქედან, მაგრამ აუცილებლად დავბრუნდები. ამიტომაც სულ იმაზე ვფიქრობ, რა შეიძლება გაკეთდეს ისეთი, რაც შატილსა და სხვა სოფლებს გააცოცხლებს.

ვფიქრობ, აქ ხევსურული უძველესი კულტურის შემსწავლელი უმაღლესი კატეგორიის სასწავლებლები უნდა გაიხსნას. არა მარტო ხევსურები, სხვა კუთხის შვილებიც ისწავლიან და ასე ყველასთვის უფრო ახლობელი გახდება ხევსურეთი. წარმოიდგინეთ, თუ ხევსურული ტალავრის შესაკერი მასალის დამუშავების, შემდეგ შეკერვისა და მორთვის შემსწავლელ სახელოსნოს გახსნიან, იარაღის სამჭედლოებს ააღორძინებენ, ციხე-კოშკების მშენებლობისა და რესტავრაციის შემსწავლელ სკოლებს დააარსებენ, რა მოხდება. სასტუმროები უნდა მუშაობდეს კოშკებში, ციხეებში მუზეუმები უნდა გაიხსნას, ხევსურეთის ისტორიისა და კულტურის კარგი მცოდნე გიდები უნდა გვყავდეს და ტურისტს ზამთარ-ზაფხულ მასპინძლობდეს. ვითომ ძნელია ამის გაკეთება? არა მგონია. რად გვინდა ბარიდან ამოსული რესტავრატორი და მშენებელი, რა, ჩვენი მამა-პაპანი მეფისგან გამოგზავნილ რესტავრატორებს ელოდებოდნენ კოშკების ასაშენებლად? გვასწავლონ ბავშვებს ეს საქმე.

შატილს უნდა გრძნობდე, გტკიოდეს, მე მტკივა, ვგრძნობ, მაგრამ როგორ მოვარჩინო, სად შევაცურო გამოვარდნილი ქვა, არ ვიცი. ხევსურეთის გადარჩენის ერთი კი არა, რამდენიმე გზა არსებობს, მაგრამ ასე მგონია, გადაბრუნებული ურმის გადაგორებას არავინ ცდილობს, რომ ეგ გზები გამოჩნდეს.

უცნაური ხალხი ვართ ქართველები, გვინდა ყველაფერი კარგად გვქონდეს, მაგრამ სხვისი ხელით უნდა გაკეთდეს საქმე. მანქანით რომ მიდიოდე და გზაზე მიმავალი კაცი დაინახო, თუ გაუჩერებ, ქართველი დაჯდება, უცხოელი კი არა, ფეხით ვივლი, ჩემი თვალით მინდა ყველაფრის ნახვაო. უცხოელს სურს იგრძნოს აქაურობა, ქართველი კი აქ ცხოვრობს და ვერ გრძნობს ამ მიწისა და კოშკების მადლს. შარშან ათენგენობაზე ინგლისელმა ტურისტმა სიგარეტის ნამწვავი ჯიბეში ჩაიდო. ჩემმა ნათესავმა ჰკითხა, ეგ რად ქენიო. იმან გაკვირვებულმა უპასუხა, ამისთანა ლამაზ კუთხეს როგორ დავაბინძურებო.

ამბობენ, კოშკებში უცხოელი ბიზნესმენების შემოყვანა უნდათო. მთავრობას ურჩევნია, აქ საქმე თვითონ გააკეთოს, ფული დახარჯოს და მერე სამი იმდენი ამოიღოს, ვიდრე ინვესტორმა კაპიკები მიუგდოს და თავად კი აქედან მილიონები გაიტანოს. ამას წინათ ტელევიზორში მოვისმინე, ხელისუფლებას ოქროს საბადო გაუყიდია. გამიკვირდა, მაგ საბადოს ხომ სულ ამოაცარიელებენ და უზარმაზარ ფულსაც იშოვიან, ჩვენ კი ფუჭ მიწას დაგვიტოვებენ, რაღა თავში ვიხლით მერე მაგას. ზამთარში კაცის ნაკვალევი მენატრება ხოლმე თოვლზე, მაგრამ ის ნამდვილად არ მინდა, რომ აქ უცხოტომელებმა გაიდგან ფესვები, მე ხევსურები რომ ჩამოვიდნენ, ის მინდა”. მკითხველი დამეთანხმება, შეუძლებელია გულგრილი დარჩე 21-ე საუკუნის ამ ლელთ ღუნიასთან საუბრით. როცა ასეთი კაცი გეზრდება, იმედიც უფრო სხივიანი ხდება.
პ.ს. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უბრძანებია, პირიქითა ხევსურეთში ტაძარი უნდა ავაშენოთო. ეს ღვთის წყალობა იქნება, ეს მიწა გადარჩებაო, - ამბობენ შატილში. ხევსურებს დღეს მართლა ძალიან უჭირთ. 
My photo
Tbilisi, Georgia
მითხარი ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი ვინა ხარ შენ :)

თემები

მკითხველები