Thursday, May 19, 2011

მლეთა

2011 წლის 18 მაისს სოფელ მლეთაში წავედი. ჩემმა ფეისბუქელმა მეგობარმა ალექს კედელაშვილმა მითხრა თუ რა გაუსაძლის მდგომარეობაში ცხოვრობს ხალხი ამ სოფელში. გამუდმებით ეშინიათ მოვარდნილი ღვარცოფის, რომელსაც ერთბაშად შეუძლია გაანადგუროს არამარტო საცხოვრებელი სახლები, ადამიანთა სიცოცხლეც. ვიფიქრე, ამ ხალხის გასაჭირის შესახებ მომეთხრო საზოგადოებისთვის. იქნებ გამოჩნდეს ხსნა. ამჯერად ზემო მლეთის ქვემო ნაწილის მკვიდრი რამდენიმე კომლი დღეს და ღამეს მოულოდნელად მოსული სიკვდილის მოლოდინში ატარებს და ძალიან საინტერესო ის არის, რომ ეს ხალხი არ ითხოვს სადმე შორს წასვლას, მთებს ვერ მოვწყდებით, იქნებ ვინმე პატარა კოტეჯების, სადმე ცოტა მაღლობზე ჩდგმაში დაგვეხმაროსო. მთიელებს მთის დატოვება არ უნდათ. ღვარცოფმა როგორ უნდა წაშალოს კაცის კვალიო...
 სანამ ღვარცოფი წალეკავდა, ამ ადგილზე საცხოვრებელი სახლის ღია ვერანდა იყო. ქვისა და ტალახის უცებ მოვარდნილმა ტალღამ ყველაფერი გაანადგურა. ეზო თითქმის ორი მეტრის სიმაღლეზე დაფარა მთიდან მოტანილი ნაშალით. 

ერთი წელია ეს კარი აღარავის შეუღია. სახლის პატრონებს გადარჩენილი მინების ახსნაც კი არ უცდიათ. გარედან თუ შიგნით აქაურობა უმძიმესი სანახავია. უფრო ცუდი კი ის არის, რომ ამ სახლის მდგომარეობა მლეთაში სხვა ოჯახების საცხოვრებლებსაც ემუქრება.
ვფიქრობ, რა ვქნა, როგორ დავეხმარო მლეთელებს, რომ ლომისის მთიდან მოვარდნილი ღვარცოფის გამო დაგუბებული არაგვი ერთ დღესაც სიკვდილის მდინარედ არ იქცეს მათთვის.

Wednesday, May 18, 2011

იშთარ


ილოცე იშთარ,
წაგლეკავდეს სანამდე ქარი,
მტვერი ხარ შენც და
მოგონილი ჩემნაირ კაცთა.
ილოცე იშთარ, ილოცე იშთარ
ვნებები გაცვდა...

Tuesday, May 17, 2011

თხოვნა სიკვდილთან

სანამ დამცლიდე
და სხეულს ჩემსას
ჭურჭელივით მიამსხვრევ სანამ,
ერთიც მაცალე.
წავალ, დავლევ და
მერე დამცალე,
დიდი ხნით რომ გამოთვრე ჩემით
და სხვებს აცალო,
გაიარონ მშვიდად საცალო
ბილიკი მიწის.
ჯერ არ დამცალო,
ჯერ სიცოცხლის წყურვილით ვიწვი.
 

Sunday, May 15, 2011

მე ვერ დავუხევ გვირილას კაბას


მე ვერ დავუხევ გვირილას კაბას,
უამისოდაც ვიცი, გაჩნივარ.
ისიც ვიცი, რომ თეთრ სიჩუმეში
ახლა ჩემსავით სჭედავ არჩევანს.

მე ტუჩზე ვაშლის ნაკბეჩს ვისწორებ,
შენ საკინძესთან შემწყდარი ღილის
ცდილობ ჩემს თმებში სუნთქვით მოძებნას
და თვალთან კოცნით მიტოვებ ღიმილს.

გაჩნივარ? არა? თითებზე ვითვლი,
გული ბოლომდე გასვლას ვერ ითმენს,
ცხელი ტუჩებით მიხვატავ თმებს და
მკერდში ჩიტივით იხუტებ თითებს...

Thursday, May 12, 2011

ცოლი


მე ის თიხა ვარ,
შენ რომ უნდა კაცად გაქციოს,
შენს მოლოდინში, როგორც მიწა წვიმისგან ლბება
ისე ასველებს ჩემი ძუძუს კერტებს სურვილი
შენთან შერწყმის და მელეწება მკლავებზე ვნება
მე ის თიხა ვარ,
შენ რომ უნდა ძერწო ამაღამ,
მწიფე მიწა ვარ, დაპენტილი ატმის კვირტებით
და თუ ჩამაქსოვ მშიერ მკერდში სიცოცხლის ღეროს,
ცოტაც და ჩვილის სათუთი ხმით აგიტირდები.
მე ის თიხა ვარ,
შენ რომ უნდა მამად გაქციოს…
მე ის თიხა ვარ, შენ რომ უნდა ძერწო ამაღამ…

My photo
Tbilisi, Georgia
მითხარი ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი ვინა ხარ შენ :)

თემები

მკითხველები